
16 მილიონი ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი ფულით გამოკვებილი რუსული ბიზნესი
14/08/2025 19:19:00 ანალიზი
ავტორები: მანანა ღოღობერიძე, თამუნა ქიმაძე და შორენა ლაღაძე
აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობამ დევნილებისთვის 101 კილოგრამი რუსული ტკბილეული იყიდა, რაშიც 1 746 ლარი გადაიხადა. “ოზერას”, “ზაგორსკაიას”, “იარჩეს” და “მუ-მუიკას” კანფეტები 2024 წლის იანვარში შეიძინეს შპს “კადევე საქართველოსგან”, რომელიც ციმბირში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება “კადევეს” ეკუთვნის. მისი ერთ-ერთი მფლობელი კი უკრაინის მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, დენის შტენგელოვია.
ეს არ ყოფილა არც გამონაკლისი, არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა, როცა სახელმწიფო ბიუჯეტით, ანუ ჩვენი ყველას ფულით რუსეთის მოქალაქეებმა იხეირეს.
ჩვენ გადავამოწმეთ ბოლო 10 წელში საქართველოში რეგისტრირებული 5 000-ზე მეტი რუსული კომპანია და გამოვავლინეთ, რომ სახელმწიფო შესყიდვებში 43 მათგანი იმარჯვებს.
ქართულ საჯარო უწყებებს მათგან მომსახურების შესყიდვა არც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მორიდებიათ - მხოლოდ 2022-2025 წლებში რუსებს 16 მილიონი ლარის ღირებულების 379 ხელშეკრულება გაუფორმეს.
აქედან 6 მილიონი ლარი იმ კომპანიებისაა, რომლებიც ქართულ რეესტრში 2022 წლის თებერვლის შემდეგ დარეგისტრირდნენ. ანუ, ეს ის ხალხია, საქართველოში ბიზნესსაქმიანობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რომ მოისურვეს.



ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ცდილობს, რუსულ ბიზნესს არ ასარგებლოს - არ შევიდეს რუსების კაფეებსა და ბარებში, არ გაათიოს ღამე რუსების სასტუმროში, არ იყიდოს ოკუპანტ ქვეყანაში წარმოებული სურსათი, თუნდაც, დაბალი ფასის ხათრით. მეტიც, ომის პირველივე კვირაში შეიქმნა ქართველის მიერ შექმნილი აპლიკაცია - რუსული პროდუქტის ამომცნობი სკანერი. მოქალაქეები მარკეტებში შტრიხ-კოდებს ამოწმებენ და ერთმანეთს სოციალური ქსელებითაც აფრთხილებენ, რუსების ყოფილა, არ გაეკაროთო.
“არც რუსულ პროდუქტს ვყიდულობ, არც რუსულ ტაქსს ვიძახებ და არც ბინას ვაქირავებ რუსებზე. შეიძლება ვინმემ თქვას, მაგით რას უშველიო, თუმცა ჩემს სინდისთან ვარ მართალი”;
“მარტივი არაა არჩევანის გაკეთება, რადგან უმეტესობა პროდუქტი რუსულია, თან ყველაზე დაბალ ფასში და ყველაზე დიდი აქციებით. ბევრ ჩვენთვის საყვარელ პროდუქტზე ვთქვით უარი. დაწერენ აქ - ხორბალი რუსეთიდანაა, გაზი რუსეთიდანააო. ვიცით, ბატონო, მაგრამ რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ”,- წერდნენ მოქალაქეები 2024 წლის დეკემბერში, სოციალურ ქსელში.
“რაც შეეძლო, ის გააკეთა” საქართველოს მთავრობამაც - რუსეთის მოქალაქეებს ტენდერებშიც გაამარჯვებინა და უკონკურსოდ, გამარტივებული შესყიდვითაც გაუფორმა 2,5 მილიონი ლარის ხელშეკრულებები. რუსებისგან ხან ტკბილეული იყიდეს, ხან სპორტული ინვენტარი და მანქანის ნაწილები; დაუკვეთეს სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოებიც; არ დაუკლიათ არც რუსების სასტუმროებსა და რესტორნებში ვიზიტი.

2022 წლიდან დღემდე, რუსეთის მოქალაქეების კომპანიებს ყველაზე მეტად სწყალობენ საგანმანათლებლო დაწესებულებები - ბაღები, სკოლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები. მათ ანგარიშზეა რუსებთან დადებული 155 ხელშეკრულება. შემდეგ მოდის მერიები და მათი სამსახურები, 83 ხელშეკრულებით.
რუსების კომპანიებთან საქმეს იჭერენ ის სახელმწიფო უწყებებიც, რომელთაც, წესით, განსაკუთრებით უნდა ადარდებდეთ ქვეყნის უსაფრთხოება და ოკუპანტისგან შორს ყოფნა.
მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჯამში ნახევარი მილიონი ლარის 32 ხელშეკრულება გაუფორმა რუსეთის მოქალაქეების კომპანიებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობამ, შინაგან საქმეთა, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.

სუფრა „ვერიკოში“, ბიუჯეტის ხარჯზე
2022 წლის სექტემბერში “საქართველოს რკინიგზამ” ვახშამი გამართა რესტორან “ვერიკოში”, რომელიც “ღვინის ქარხნის” ტერიტორიაზე, პეტრიაშვილის 1-ში მდებარეობს. რის აღსანიშნად შეიკრიბნენ, უცნობია, თუმცა ვიცით, რომ მენიუში ჰქონდათ - ღორის მწვადი, ხარჩო ელარჯით, წიწილა შქმერულად, ქაბაბი გურულად და 498 ლარის ღვინო - ჯამში 6 ბოთლი ქისი, საფერავი, რქაწითელი და ოცხანური საფერე.
რესტორან “ვერიკოს” შპს “ჯმტ ქარხანა” ფლობს, რომელიც ეკუთვნის როგორც ისრაელის და ბრიტანეთის, ისე რუსეთის და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს.
მათი ნაწილი ახლაც რუსეთშია, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს, მართავს მსხვილ ბიზნესს და მეტიც, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს. ერთ-ერთ მათგანს ვლადიმერ პუტინისგან საპატიო ჯილდოც აქვს მიღებული.
რესტორნის მეწილეების საქმიანობაზე ცალ-ცალკე მოგიყვებით. მაგალითად, “ჯმტ ქარხნის” 50%-ანი წილი ეკუთვნის “თეიბლ თოქს”. ამ კომპანიის ჯამში 30%-ანი წილი ეკუთვნით რუსეთის მოქალაქეებს - დმიტრი ბორისოვს და გლებ რუდენკოს. ერთი ცნობილი რესტორატორია, მეორე - მუსიკოსი. ბორისოვი არის რუსეთში მდებარე რესტორნების - “ჟან-ჟაკის”, “ჯონ დანის” და “რუბინშტეინის” დამფუძნებელი. გლებ რუდენკო ახლაც სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს, ამას მისი სოციალური ქსელი ადასტურებს.


“თეიბლ თოქის” წილების 10% ეკუთვნის რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვასილ წერეთელს. ის 2000-ანი წლებიდან რუსეთში მოღვაწეობს და თანამედროვე ხელოვნების სფეროში პოპულარულ და გავლენიან ფიგურად მიიჩნევა. წერეთელი მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორია, 2025 წლის თებერვლიდან კი რუსეთის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტია. ეს საჯარო თანამდებობად მიიჩნევა, რადგან სამხატვრო აკადემია ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და რუსეთის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
წერეთელი სახელმწიფო სტრუქტურებთან წარსულშიც თანამშრომლობდა - 2006-2010 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს კურატორი საერთაშორისო ბიენალეებზე, მათ შორის, ვენეციაში. 2012-2016 წლებში იყო რუსეთის დუმის კულტურის საბჭოს აქტიური წევრი. 2006 წლიდან მოყოლებული არის რუსული სახელმწიფო პრემიის, „ინოვაციის” კომიტეტის წევრი, 2018 წლიდან დღემდე კი მუშაობს რუსეთის კულტურის სამმართველოს პედაგოგების სერთიფიცირების კომისიაში.
ვასილ წერეთელი რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის მისაღები პერსონაა, დასტურდება მისი ჯილდოებითაც. 2018 წლის 24 იანვარს პუტინის დადგენილებით მიიღო “მამულის წინაშე დამსახურების” ორდენი (орден “за заслуги перед отечеством”). ეს რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა და ამა თუ იმ სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის იღებენ ხოლმე. 2025 წლის 24 ივნისს წერეთელი პუტინმა კიდევ ერთხელ წაახალისა და დამსახურებულ არტისტად დაასახელა.
“თეიბლ თოქის” წილების ასევე 10%-ს ფლობს სოფია გუგუბერიძე. რა ვიცით მასზე? სოფია რუსეთში მოღვაწერ ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, თეიმურაზ გუგუბერიძის ქალიშვილია. თეიმურაზ გუგუბერიძე კი რუსული “გუმის” (главный универсальный магазин) გენერალური დირექტორია. ეს მოსკოვში, წითელ მოედანზე მდებარე მსხვილი სავაჭრო ცენტრია. გარდა ამისა, სოფია გუგუბერიძის მამა წლების განმავლობაში იყო ცნობილი რუსული სპორტული ბრენდის, “Bosco Di Ciliegi Group”-ის კომერციული დირექტორი. ამ ბრენდის სამოსით რუსეთის ეროვნული ნაკრებები ოლიმპიადებზე და პარაოლიმპიადებზე გამოდიოდნენ.
2014 წელს, “Bosco di ciliegi group”-ის შვილობილი, Bosco Sport-ი აცმევდა რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებებს სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზეც, რისთვისაც 100 მილიონი აშშ დოლარის კონტრაქტი გაუფორმეს და გენერალური პარტნიორის სტატუსი მიანიჭეს.
რესტორან “ვერიკოში” “საქართველოს რკინიგზის” გარდა სადილს თუ ვახშამს მართავდნენ სხვა უწყებებიც - მაგალითად, შემოსავლების სამსახური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეროვნული ბანკი და ქონების ეროვნული სააგენტო. 2022 წლის მაისის შემდეგ ქართულმა საჯარო უწყებებმა “ჯმტ-ქარხანას” 77 ხელშეკრულება გაუფორმეს და მის რესტორანში 48 000 ლარის სუფრა გაშალეს.
რესტორან “ვერიკოს” მფლობელ შპს “ჯმტ-ქარხანას” ეკუთვნის იმავე მისამართზე, პეტრიაშვილის #1-ში მდებარე კოქტეილ ბარი “ქიქოძეც”.
ვინ და რას ჭამს რუსების რესტორნებში, ჩვენი ფულით
2022 წლიდან მოყოლებული საჯარო უწყებებმა საუზმისთვის თუ ვახშმისთვის 108 ხელშეკრულება გაუფორმეს ისეთ ობიექტებს, რომელთაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ და ჯამში, ჩვენი ბიუჯეტიდან 114 000 ლარი დახარჯეს.
რუსეთის მოქალაქეებისთვის ფულის გადახდას უხერხულობა არ შეუქმნია არც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთვის. მათ 2022-2023 წლებში სამჯერ ივახშმეს რესტორან “ღუმელში” და 2 583 ლარი დახარჯეს. გაუმასპინძლდნენ დანიის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ასევე ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
“ღუმელი” სასტუმრო “იოტას” რესტორანია და მის ტერასაზე მდებარეობს. ამ ობიექტს შპს “ლერმონტი” ფლობს, რომელსაც ორი მეწილე ჰყავს - საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე დავით კუპრაშვილი და რუსეთის მოქალაქე გენადი იუფიკი.
იუფიკი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია, 13 კომპანიაში წილებს ფლობს, 3-ში კი ხელმძღვანელის პოზიციაზეა. იუფიკი, ძირითადად, მეღვინეობა-მევენახეობის სფეროში საქმიანობს. მაგალითად, მის საკუთრებაშია კრასნოდარის ოლქის ლიდერი საწარმო, აგროფირმა "Голубицкая", რომელსაც გასულ წელს 644 მლნ რუბლის შემოსავალი და 592 მლნ რუბლის სუფთა მოგება ჰქონდა.

“იოტაში” უმასპინძლა ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაციას საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც. 2023 წლის მარტში მათ ლანჩსა და სადილში 354 ლარი დახარჯეს. უსაფრთხოების საბჭოსგან განსხვავებით, ამჯერად, ალკოჰოლური სასმელებიც არ დაუკლიათ - მენიუში ჰქონდათ სუშის როლები, ჟულიენი, ქათმის მწვადი, ორი ბოთლი ქინძმარაული და ერთი ჯინ-ტონიკი.
ირონიულია ის ფაქტი, რომ საჯარო უწყებები რუსეთის მოქალაქეების რესტორნებში მასნპინძლობენ ევროპელ სტუმრებსაც - მაგალითად, ევროკავშირის ატაშეს და მის ოჯახს. 2023 წელს ალექსანდრ დარრასი და მისი მეუღლეს ბათუმში, რესტორან “პანორამაში” დაპატიჟა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ და 5-კაციან ვახშამში 634 ლარი გადაიხადა.
“პანორამა” “ორბი გინზას” პოპულარული რესტორანია. “ორბი გინზას” წილების 50% კი რუსეთის მოქალაქის, მარინა ივანენკოს მფლობელობაშია. რაც შეეხება “ორბი გინზას” დირექტორებს, ერთ-ერთი მათგანი ირაკლი კვერღელიძეა, რომელიც “ქართული ოცნების” შემწირველია და მათდამი კეთილგანწყობას არ მალავს. კვერღელიძემ “ოცნებას” 2014 წელს 60 000 ლარი შესწირა, 2025 წლის 4 ივლისს კი, “ოცნების” პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „საკმაოდ კარგი, ნაყოფიერი სამუშაო რეჟიმი იყო… მიხარია ის, რომ დღევანდელ რეალობაში ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად ზრდაზე და წახალისებაზე ვისაუბროთ”.
“ორბი გინზას” მეორე დირექტორი, რუსი ანნა შიშარინაა. მისი სოციალური ქსელებიდან ვიგებთ, რომ რუსეთთან კავშირი არ გაუწყვეტია, სამშობლოს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც სტუმრობს და არც ომის წინააღმდეგ დაუპოსტავს რაიმე კრიტიკული - თეთრი მტრედის ფოტოს გარდა, რომელიც ინსტაგრამზე 2022 წლის მარტში ატვირთა.


რუსების რესტორნებში ვახშმობს და სადილობს თბილისის მერიაც. 2023-2024 წლებში დედაქალაქის სტუმრებს სამჯერ უმასპინძლეს რესტორან “ხედში” და ჯამში 4 165 ლარი დახარჯეს. აქ დაპატიჟეს 2023 წლის ბოლოს, ნაძვის ხის ანთების ცერემონიისთვის ჩამოყვანილი იტალიური ბენდიც.
რესტორან “ხედს” შპს “ხედი” ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, რუსულ სააქციო საზოგადოება “სვეტლიცას” ეკუთვნის. “სვეტლიცა” რუსეთში 2022 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა და მალევე, 8 თვეში გამოჩნდა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებშიც.
მერიის გარდა, “ხედს” სტუმრობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოც. მათ ამ რესტორანში მხოლოდ 2023 წელს 3 600 ლარი დახარჯეს. მაგალითად, აქ ავახშმეს მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები.
რუსული ვაქცინა ქართული პირუტყვისთვის
იმ რეალობაში, როცა საქართველოს მოქალაქეების ნაწილი რუსულ პროდუქციას ცოცხალი თავით არ ყიდულობს, სახელმწიფო უწყებები პირუტყვისთვის საჭირო ვაქცინასაც კი რუსეთიდან ეზიდებიან და ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.
ამჯერად, ჩვენი ფული არც მეტი არც ნაკლები, რუსულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ეროვნულ ლაბორატორიაში წავიდა.
საქართველოში წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა შემოიტანა რუსულმა შპს “გრინბერგმა”. “გრინბერგი” რეესტრში 2023 წლის 12 ივნისს დარეგისტრირდა და ერთ წელზე ნაკლებ დროში სურსათის ეროვნული სააგენტოს 198 000-ლარიან ტენდერში გაიმარჯვა. ამ თანხით, სააგენტოს გადასცა 800 000 ამპულა ვაქცინა, რომელიც რუსულ სახელმწიფო ლაბორატორიაში, ВНИИЗЖ-ის [Федеральный центр охраны здоровья животных/ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ფედერალური ცენტრი] წარმოებულია. ლაბორატორია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება.
რუსულ ლაბორატორიას, რომელმაც ეს ვაქცინა აწარმოა, სახარბიელო რეპუტაცია არ აქვს. 2023 წელს FSB-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამ ლაბორატორიის კემეროვოს ფილიალის დირექტორის მოადგილის წინააღმდეგ. მას ბრალად ედებოდა ნიადაგის ტესტირებისას, ნიტრატების ანალიზის მონაცემების გაყალბება.


“გრინბერგის” მფლობელია მოსკოვში დაბადებული 48 წლის დენის რომანიუკი. ქართულ და რუსულ ღია წყაროებში მისი ამჟამინდელი საცხოვრებლის თუ საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, გერონტი ფრუიძეს ვკითხეთ, რატომ შეიძინეს რუსული ვაქცინა რუსული კომპანიისგან და ხედავდა თუ არა პრობლემას ამ ამბავში. ჯერ გვითხრა, არ მახსენდება ეს კონკრეტული შესყიდვა, თან შვებულებაში ვარ, კომპიუტერში უნდა ჩავიხედო რომ პასუხი გაგცეთ და ასე კომენტარს ვერ გავაკეთებო. ტენდერის დეტალები ჩვენით რომ გავაცანით, მერე თქვა:
“გვაქვს მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც ვყიდულობთ ევროპული წარმოების იმას [გულისხმობს ვაქცინას… ] ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს განსაზღვრული ევროპულის ყიდვა… პირველი ეტაპი არის, რომ ევროპული უნდა ვიყიდოთ, მეორე ეტაპი არის, რომ შეიძლება არ იყოს ევროპაში წარმოებული, მაგრამ უნდა იყოს ევროპაში გამოყენებული, მესამე ეტაპი არის, რომ რეფერალურ ლაბორატორიას უნდა ჰქონდეს დადასტურებული ამ პრეპარატის უტყუარობა. [რუსული ვაქცინის შეძენას] მაგას ექნებოდა წინაპირობები, ვთქვათ, ჩატარდა ბაზრის კვლევა, მეორედ ჩატარდა, მესამედ ჩატარდა და ვერ მოხდა ალბათ ევროპული ვაქცინის ყიდვა. თორემ, ჩვენ სერიოზული შეზღუდვა გვაქვს ამაზე”.
ფაქტია, “სერიოზულმა შეზღუდვამ” ვერ იმუშავა და ტენდერში შესული რუსული კომპანიისგან რუსული ვაქცინა მაინც იყიდეს, შესყიდვის წესების შესაბამისად, ყველაზე დაბალი ფასის გამო. არადა, მარტივად შეეძლოთ სატენდერო მოთხოვნებში მიეთითებინათ, რომ მხოლოდ ევროპული, ან ამერიკული წარმოების ვაქცინა სურდათ და “გრინბერგი” ვეღარ გაიმარჯვებდა.
ამის ნაცვლად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოთხოვნებში ჩაწერა: “ვაქცინის ფლაკონის ეტიკეტზე ქართულ ან/და ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე მითითებული უნდა იყოს, მინიმუმ შემდეგი სახის ინფორმაცია…..”
უკრაინის ომის შემდეგ აღმოცენებული რუსული ბიზნესი სახელმწიფო შესყიდვებში
“ვმოგზაურობ, დსთ-ში ბილიარდის მაღაზიების ქსელს ვხსნი”, - უწერია ინსტაგრამის აღწერაში რუს დმიტრი პრონინს, რომელსაც სპორტული ინვენტარის მაღაზიათა ქსელი “ბილიარდ-გრუპი” აქვს. მასთან ერთად “ბილიარდ გრუპს” ქართველი შალვა შარყი ფლობს.
“ბილიარდ გრუპს” ფილიალები აქვს მოსკოვში, პეტერბურგში, გროზნოში, ყირიმსა და ერევანში. 2022 წლის სექტემბრიდან პრონინის მაღაზია თბილისშიც გამოჩნდა. როგორც ჩანს, ბიზნესის გაფართოვება რუსეთის და სომხეთის შემდეგ საქართველოში გადაწყვიტა.
პრონინის მაღაზია თბილისში, “ჰუალინგ პლაზას” შენობაში გაიხსნა. 2023 წელს პრონინი ფილიალს თვითონ ესტუმრა და ინსტაგრამზე სიხარულით დაპოსტა - ეს ფილიალი გაყიდვების ლიდერი იქნებაო.
ფაქტია, პრონინის ბიზნესმა ფეხი ჩვენს ქვეყანაშიც მოიკიდა და ამაში თავისი წვლილი საჯარო საგანმანათლებო დაწესებულებებმაც შეიტანეს. 2024-2025 წლებში “ბილიარდ-გრუპს” 5 ათასი ლარი გადაუხადა სამმა საჯარო სკოლამ, სამშენებლო კოლეჯმა “კონსტრუქტორმა” და თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრმა. ამ თანხით, რუსული კომპანიისგან იყიდეს მაგიდის ჰოკეი და ჩოგბურთი, მაგიდის ფეხბურთის სათამაშოები, ჩოგნები, ბურთები და სხვა სპორტული ინვენტარი.
პრონინის სოციალური მედიიდან აშკარაა, რომ ის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც რუსეთში ცხოვრობდა და საქმიანობდა.
პრონინის მსგავსად, საქართველოში ბიზნესი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გამართა კიდევ ერთმა რუსმა, ილია გუჟინმა. 2022 წლის მაისში მან შპს “ესქეიფერ ჯორჯია” დააფუძნა და სამკერვალო საქმეს შეუდგა. ქმნიან რაგბის, ხელბურთის, ფეხბურთის თუ კალათბურთის სპორტულ ფორმებს და სახელმწიფო უწყებებსაც ამარაგებენ.
მხოლოდ 2022-2023 წლებში რუსული სამკერვალოსგან 30 000 ლარის ფორმები იყიდა სამეგრელოს, შიდა და ქვემო ქართლის და კახეთის მუნიციპალიტეტების სპორტულმა ცენტრებმა, ასევე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ და თბილისის მერიის შპს “ჰერმესმა”.
“ესქეიფერი” ცნობილი რუსული ბრენდია. ნიჟნი ნოვგოროდში მისი ქარხანა 2016 წელს გაიხსნა. ბრენდი ემსახურება მსხვილ რუსულ კომპანიებს, მათ შორის, “ლუკოილს” და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ “სბერბანკს”, “გაზპრომს” და “როსატომს”.
გუჟინის კომპანიის და რუსეთის მთავრობის მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ “ისქეიფერის” შეკერილი სამოსი აცვიათ მოსკოვობის დღესასწაულის მსახიობებს. ამ ღონისძიებას, ყოველწლიურად, მოსკოვის მერია აწყობს და აფინანსებს.
ილია გუჟინი გაწევრიანებულია რუსეთში რეგისტრირებულ პროფესიულ ასოციაციაში, „მე ლიდერი“, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერილ კონფერენციებსა და ფორუმებში მონაწილეობს.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, რუსეთში ილია გუჟინის ბიზნესი წარმატებულია - მისი სამკერვალო ქარხანა სპორტული ტანსაცმლის წარმოების 20%-ს ფარავს. ფაქტია, რომ ქართული საჯარო უწყებების წყალობით, გუჟინის საქმიანობა საქართველოშიც წარმატებულია.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში გადმობარგება დაიწყეს, რიგები გაჩნდა არა მხოლოდ ლარსის საზღვართან, არამედ თბილისში, იუსტიციის სახლთანაც. საჯარო რეესტრს დღეში ასეულობით რუსი აკითხავდა ინდ.მეწარმის თუ შპს-ს დასარეგისტრირებლად. იურიდიული მისამართების რეგისტრაციაში მათ ქართველები ეხმარებოდნენ და 100-150 ლარის სანაცვლოდ საკუთარ უძრავ ქონებას სთავაზობდნენ.

იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ერთი და იგივე მისამართზე 300-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე დარეგისტრირდა. თანაც, იქ ოფისი ან საცხოვრებელი სახლი კიარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი იყო. რუსებმა იურიდიულ მისამართებად გამოიყენეს მინდვრები, საძოვრები და სასაფლაოებიც კი.
ეს პრაქტიკა ყველაზე კარგად სამცხე-ჯავახეთში აითვისეს - ახალციხის ორ სოფელში, უნწა “ბაღებსა” და აბიში და ადიგენის სოფელ ვარხანში.
2022 წლის 30 აპრილის მონაცემებით, ვარხანის მე-7 ქუჩაზე, მე-7 საცხოვრებელი სახლი იურიდიულ მისამართად ჰქონდა გამოყენებული რუსეთის 85 მოქალაქეს. 2023 წლის ივლისში იგივე მისამართზე დარეგისტრირდა შპს “დბ ჰოლდინგი”, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს, დმიტრი ვორობიევს და სერგეი ცვეტკოვს ეკუთვნით.
აშკარაა, რომ “დბ ჰოლდინგის” უკანაც ის ხალხია, ვინც საქართველოში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გადმოსახლდა, ბიზნესი აიწყო და აგერ უკვე საქართველოს ბიუჯეტითაც სარგებლობს.
2024 წლის სექტემბერში “დბ ჰოლდინგი” ხელვაჩაურის მერიის ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერში შევიდა და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად, 3-მილიონიანი კონტრაქტიც მოიპოვა. ამ თანხით, რუსულმა კომპანიამ სოფელ ერგეში 2026 წლამდე უნდა ააშენოს საბავშვო ბაღი და ადმინისტრაციული შენობა.

ამ სტატიის კითხვისას, შესაძლოა, გაიფიქრეთ, რომ რუსულ რესტორნებში ერთ ჯერზე დახარჯული 300-400 ლარი ან რუსულ კანფეტებში გადახდილი 1000 ლარი დიდი ვერაფერი თანხაა და ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვება. თუმცა, მთავარი ამ ხარჯის ოდენობა კიარა, სახელმწიფო უწყებების დამოკიდებულებაა.
გიქმნით თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს რუსეთის მოქალაქეების კომპანიებს უხდით? ამ კითხვის დასმა გვინდოდა სტატიაში ნახსენები სახელმწიფო უწყეებებისა და საჯარო დაწესებულებებისთვის. თუმცა, არ გაგვკვირვებია, რომ მათგან პასუხი ვერ მივიღეთ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზამ და შსს-მ ზარებზე არ გვიპასუხა. ხელვაჩაურის მერიაში დაგვპირდნენ, გავერკვევით და გადმოგირეკავთო. საზოგადოებრივ მაუწყებელში, აფხაზეთის ა/რ სამინისტროსა და თბილისის მერიაში კითხვების წერილობით გაგზავნა მოგვთხოვეს. რასაკვირველია, ყველაფერი დაწვრილებით მივწერეთ, მაგრამ, ჯერჯერობით, რეაგირება აგვიანებს. თუ მათგან პასუხს მივიღებთ, ტექსტს აუცილებლად განვაახლებთ.
წყარო: https://ifact.ge/