
„სამოქალაქო იდეა“: ირანის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანიებთან დაკავშირებული არიან პირები, რომლებიც იარაღის კონტრაბანდაში არიან ჩართულნი
03/07/2025 15:24:00 ანალიზი
„სამოქალაქო იდეამ“ გამოქვეყნა კვლევა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური კავშირების ინტენსიფიკაციის პარალელურად, საქართველოში ოპერირებენ კომპანიები, რომლებიც ირანის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სააგენტოსთან არიან დაკავშირებულნი.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ქართულ კომპანიებსა და მოქალაქეებს, "რომლებიც ირანელ პარტნიორებთან ერთად ჩართულნი არიან სავარაუდო იარაღის კონტრაბანდასა და საეჭვო ეკონომიკურ ოპერაციებში".
"კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ირან-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის რისკებსა და საფრთხეებს" - აცხადებენ ორგანიზაციაში.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოპულისტურ დაპირებებს შორის ერთ-ერთი ვაშინგტონთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ საკითხია. თუმცა, ჩნდება კითხვა: როგორ მოახერხებს „ოცნება“ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების „ახალი ფურცლიდან“ დაწყებას, მაშინ, როდესაც ამერიკისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან აქტიურ დიპლომატიურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს აწარმოებს? “ქართულ ოცნებასა” და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები დიპლომატიურ სპექტრს სცდება და აქტიურ სავაჭრო ურთიერთობებში გამოიხატება. ბოლო წლებში საქართველო ირანისგან სულ უფრო მზარდი რაოდენობის ნავთობპროდუქტებს იძენს. მხოლოდ 2024 წელს, საქართველოში შემოვიდა დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რაც წინა წლების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება" - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, "ირანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოს ტერიტორიის მაქინაციური სქემებისთვის გამოყენება სიახლეს არ წამოადგენს".
"როგორც აღინიშნა, საქართველოში ბოლო წლებში ირანის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რაოდენობა იზრდება. ირანულ ინტერნეტ-სივრცეში მოიძებნება ცალკეული საკონსულტაციო კომპანიების ან ირანის მოქალაქეების ბლოგები და სტატიები, სადაც ღიად არის აღწერილი, თუ როგორ შეუძლიათ ირანულ ბიზნესებს საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლა. მოცემულ ანგარიშში წარმოგიდგინეთ მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ქართული კომპანიებისა, რომლებიც, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, თანამშრომლობენ ირანის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სააგენტოსთან.
ირანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოს ტერიტორიის მაქინაციური სქემებისთვის გამოყენება სიახლეს არ წამოადგენს. გასულ ათწლეულში, ამ მიზეზით, აშშ-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული არაერთი კომპანია დასანქცირდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის განვითარებული ინტენსიური დიპლომატიური ინტერაქციები, სულ უფრო ხელსაყრელ გარემოს ქმნის იმ ინდივიდებისთვის/ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებიან" - ვკითხულობთ კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ “სამოქალაქო იდეამ” ამ კვლევის ფარგლებში გამოავლინა რამდენიმე საყურადღებო პრეცედენტი.
"გამოვლენილი პრეცედენტები მოწმობს, რომ ირანის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანიებთან დაკავშირებული არიან საქართველოს და/ან სხვა ქვეყნის მოქალაქე პირები, რომლებიც იარაღის კონტრაბანდაში არიან ჩართულნი. მაგალითისათვის, ირანის მოქალაქეების ბიზნეს პარტნიორი თამაზ ჩადუნელი თანამშრომლობს ჩეხეთის მოქალაქე დალიბორ კოპპთან, რომელიც, თავის მხრივ, წლების წინ იარაღს აწვდიდა ჰამასსა და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს. მსგავსი ფაქტები ცხადყოფს, რომ საქართველოში ბიზნეს გარემო სულ უფრო გაუმჭვირვალე და კრიმინალური სქემებისთვის ხელსაყრელი ხდება" - ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევა სრულად: https://civicidea.ge/wp-content/uploads/2025/07/irani.pdf