რა სჭირს უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს

12-03-2024 06:03:46 კონფლიქტები

ბოლო თვეების განმავლობაში აფხაზეთში დიდი მღელვარებაა, განხილვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას კი აფხაზური „პარლამენტის“ მიერ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის შესაძლო მიღება წარმოადგენს.

თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ განხილვა ამ დრომდე ჭიანურდება, კანონის მიღება დიდად არც დე-ფაქტო ხელისუფლებას სურს, მაგრამ კურატორები უკიჟინებენ და მათ რაღაც პასუხი უნდა გაეცეთ. აფხაზებიც პასუხობენ - ნუ ღელავთ, ვიხილავთ, მალე მივიღებთ, თუმცა ვადებს ვერ დაგიკონკრეტებთო.

უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი - ეს ერთგვარი საყოველთაო წითელი ჩვარია, რომლის დანახვაზე თავისუფლებისმოყვარე ერებში მყისიერად იწყება ღელვა. რა წერია მასში და რა ზიანის მიყენება შეუძლია სახელმწიფოს კანონის საფუძველზე პირებისთვის, რომლებიც აგენტებად გამოცხადდებიან, დიდად არავის აინტერესებს - ყველა აპრიორი წინააღმდეგია და ხმამაღლა აპროტესტებს.

ზიანი კი კანონის მიმღებებზეა დამოკიდებული და უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის შემთხვევაში პროექტი საკმაოდ მკაცრია. ამასთან, არავინ მსჯელობს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დაგეგმილი რეპრესიული ზომების შემარბილებელი შესწორებების შეტანაზე - ყველასთვის თავად ამგვარი კანონის იდეაა მიუღებელი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საქმე მხოლოდ დოკუმენტის შინაარსში არაა.

გასულ წელს, ზუსტად ამ დროს, ანალოგიური მღელვარება იყო თბილისში: საქართველოს ხელისუფლებას ასევე სურდა, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი მიეღო, თუმცა ამას მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც მღელვარება ახალგაზრდა აქტივისტებსა და პოლიციას შორის სამდღიან ბრძოლაში გადაიზარდა, კანონი ჩააგდეს და თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა.

აფხაზეთში საქმე აქამდე ჯერ არ მისულა - შესაძლოა, იმიტომ, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება მეტ გონიერებას იჩენს და საკუთარ ხალხსაც უფრო მეტად უწევს ანგარიშს, ვიდრე ყველა ორიენტირდაკარგული „ქართული ოცნება“. თუმცა ფაქტია, რომ სოხუმში მსგავსი კანონის მიღების საფრთხე რეალურია.

მაინც რაშია საქმე? რატომ აშინებს და აბრაზებს უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის გაგონება ყველას?

ინიციატორების მთავარი არგუმენტი ასეთია: „ანალოგიური კანონი მოქმედებს აშშ-შიც (FARA) და თუკი დემოკრატიის შუქურისთვის შეიძლება, ჩვენთვის რატომ არაო?“... ვინაიდან უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი სჭირდებათ სწორედ იმ ხელისუფლებებს, რომლებიც სიცრუესა და პროპაგანდაში იძირებიან, არაფერია გასაკვირი, რომ მათი მხარდამჭერები ამაშიც ცრუობენ - უფრო სწორად, ამბობენ ნახევრადსიმართლეს, რაც კიდევ უარესია.

საქმე იმაშია, რომ აშშ-ში მსგავსი რეგულაციების ძირითად ობიექტს ლობისტური კომპანიები წარმოადგენს. მოგეხსენებათ, ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ლობიზმი ოფიციალურადაა ნებადართული და ასობით ლობისტური კომპანია სრულიად კანონიერ საფუძველზე მოქმედებს.

პრაქტიკაში ეს დაახლოებით ასე ხდება: დავუშვათ, ძაღლებისთვის კუდების საჭრელი დანების მსოფლიოში საუკეთესო მწარმოებელი ხართ, თქვენი დანები იდეალურია და ცხოველებს კუდებს ისე აჭრის, რომ ისინი არათუ ვერაფერს გრძნობენ, სიამოვნებასაც კი იღებენ; ახლა გჭირდებათ მხოლოდ მცირედი - კონგრესმა მიიღოს კანონი, რომელიც ძაღლების ყველა მფლობელს მათი ცხოველებისთვის კუდების მოჭრას დაავალდებულებს. ამისათვის მიდიხართ ლობისტურ კომპანიაში, უხდით საკმაოდ დიდ თანხას - და ისიც იწყებს საჭირო კამპანიას მედიაში, პოულობს ექსპერტებს, რომლებიც სატელევიზიო ეთერებში ირწმუნებიან, "მსგავსი კანონის მიღების გარეშე კაცობრიობას პერსპექტივა არ აქვსო", პოულობს გზებს კონგრესის წევრებამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებამდე მისაღწევად და შესაბამის სამუშაოს აწარმოებს მათთანაც.

თუ ვინმეს უფრო დეტალურად გაინტერესებთ, როგორ მუშაობს ლობიზმის ამერიკული სისტემა, ნახეთ ფილმი „კაზინო ჯეკი“ კევინ სპეისის მონაწილეობით - უმალვე ყველაფერს გაიგებთ.

მაგრამ ლობისტური საქმიანობა გარე ძალების ჩარევის ძალზე მაღალ რისკებსაც შეიცავს: თუ კუდების მოსაკვეთ დანებს აწარმოებ, ეს ერთია, მაგრამ თუ პუტინის ან ამხანაგი სის წარმომადგენელი ხარ - სულ სხვა რამ...

მთლიანობაში, თავად უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი სხვადასხვა სიმძიმის შეიძლება, იყოს. რუსეთში იგი რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ ბერკეტად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ გამოყენებითი დანიშნულება აქვს: თუ ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით განსხვავებული აზრის მოსპობა სურს, გამოსადეგ ინსტრუმენტს ყოველთვის იპოვის, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი კი მართალია, რეპრესიულ მანქანას საქმეს უადვილებს, მაგრამ თავად ამ მანქანას არ ქმნის.

ამასთან, პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მცდელობები ფუჭია მცირე საზოგადოებებში, სადაც ყველამ იცის, ვინ ვინაა და ვინმეს მიერ ვინმესთვის აგენტის იარლიყის მიწებება რეპუტაციას ვერავის შეულახავს. „აგენტების“ საჯარო „მხილებამ“ ჯაშუშომანიის, პარანოიისა და ქსენოფობიის მდიდარი ტრადიციების მქონე უზარმაზარ რუსეთშიც კი ვერ იმუშავა და ძნელი წარმოსადგენია, „უცხოეთის აგენტები“ საყოველთაო გაკიცხვის ობიექტად აქციოს აფხაზეთში. თუ ვინმეს ამის იმედი აქვს, აფხაზებს უბრალოდ არ იცნობს.

მაგრამ რატომ არაა სოხუმში ამ კანონპროექტის ირგვლივ არანაირი დისკუსია, თუნდაც მისი შერბილების მცდელობები მოსალოდნელი ზიანის შესამცირებლად? საქმე იმაშია, რომ არსებობენ კანონები-სიმბოლოები, რომლებიც თავისთავად პრაქტიკულად არაფერს ნიშნავენ, მაგრამ კურსის შეცვლაზე მიუთითებენ.

ერთ-ერთი ასეთია, მაგალითად, ლგბტ-პრპაგანდის ამკრძალავი კანონი. არსობრივად, ნებისმიერი მსგავსი კანონი მკვდრადშობილია, რადგან არავითარი ლგბტ-პროპაგანდა ბუნებაში არ არსებობს: გეი ვერ გახდები, გეად უნდა დაიბადო, ხოლო თუ დაიბადე, არავითარი პროპაგანდა არ გჭირდება და ბუნება, ადრე თუ გვიან, თავისას იზამს.

ის, რასაც სადღეისოდ ისევ და ისევ რუსეთში ვხედავთ - გეების დევნა - არც ერთ კანონში არ ფიგურირებს, არ არსებობს არანაირი პუნქტი, რომელიც ნებისმიერი ორიენტაციის მქონე ადამიანებს დახურულ კლუბებში და მით უფრო საკუთარ ბინებსა თუ სახლებში შეკრებას უკრძალავს. ამ შემთხვევაში პროპაგანდის ამკრძალავი კანონი უბრალოდ ფონის როლს ასრულებს, პუტინი კი თავისას აკეთებს - გინდ კანონით, გინდ მის გარეშე.

ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა - ეს სიმბოლოა. ამ კანონის მიღებით აჩვენებთ, რომ თქვენი კურსი მიმართულებას იცვლის. ეს არის დემონსტრირება განზრახვისა, სულ უფრო მეტად აკონტროლო საზოგადოება და ჩაერიო მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში. ამ კანონის მიღებით აჩვენებ, სადაა შენი ფასეულობათა სისტემა და რა მიმართულებით აპირებ სვლას მომავალში.

ასევეა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის შემთხვევაშიც. მისი ყველაზე უწყინარი ვერსიაც კი სიმბოლოა თქვენი პოლიტიკური კურსის ცვლილებისა, იმისა, რომ ახლა თქვენი ოპონენტები არა უბრალოდ მტრები არიან, არამედ უცხოეთის აგენტები, ხოლო ვინც თქვენს გვერდში არაა, ყველა მტერია.

ამჟამინდელ პირობებში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი პოლიტიკური პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის ტრიუმფია. დღეს ამ კანონის საფუძველზე შესაძლოა, არავინ დააკავონ, მაგრამ ნებისიერ შემთხვევაში, ის მტრების ძიებისა და ზეწოლის ზრდის ხილული სიმბოლოა.

აი, რატომ სძულს ყველას უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი, მათ შორის - აფხაზეთშიც.

თენგიზ აბლოთია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები