ცხინვალური დრამის ეპიკური განვითარება

03-04-2024 13:30:28 კონფლიქტები

სამი ოსი „დეპუტატისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებულმა დრამამ, რომელიც ცხინვალის რეგიონში მარტის დასაწყისში დატრიალდა, მოსალოდნელი, თუმცა ამით არანაკლებ ეპიკური განვითარება ჰპოვა. 27 მარტს გარი მულდაროვი, დავით სანაკოევი და ძამბოლატ მედოევი რუსეთის ფედერაციაში არ შეუშვეს. რუსეთის მოქალაქეობაჩამორთმეულებმა „საზღვრის“ გადაკვეთა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ქვედა ზარამაგის“ გავლით, ოსური „პასპორტებით“ სცადეს, მაგრამ ამჯერად ვეღარაფერი გამოუვიდათ...

არადა, რუსული კანონმდებლობის მიხედვითაც კი, სამივე ფორმალურად ჯერ კიდევ რჩება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებად, რადგან უშიშროების ფედერალური სამსახურის გადაწყვეტილება მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. კერძოდ, დავით სანაკოევმა იგი 5 მარტს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ სარჩელის მიღებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ტერიტორიულად საქმე მას არ ექვემდებარება.

ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებამდე სამივე ოსი „დეპუტატი“ რუსეთთან „საზღვარს“ უპრობლემოდ კვეთდა, მაგრამ ამჯერად გარე სამყაროში ერთადერთი კარი ცხვირწინ გამოუკეტეს და უშიშროების ფედერალური სამსახურის დასკვნის თანახმად, ეს კარი მათთვის 2049 წლამდე დარჩება ჩარაზული.

ამასთან, სანაკოევს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერიც ამძიმებს, რომელიც 2008 წლის „ხუთდღიანი ომის“ დროს სავარაუდოდ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს უკავშირდება.

ამბიციური ცხინვალელი პოლიტიკოსებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ მათი გულებისთვის ესოდენ ახლობელ მოსკოვს საპენსიო ასაკის მიღწევამდე ვეღარ იხილავენ და თავად პენსიაც ამიერიდან მხოლოდ ადგილობრივი ექნებათ, რუსული - აღარ. ეს კი უმძიმესი დარტყმაა, რადგან სამივე უკვე შეეჩვია მოსკოვურ რეალობას, ცხინვალში ჩაკეტილობა კი მათთვის პატიმრობის ტოლფასია იმ შეღავათით, რომ საკანი შედარებით ფართო იქნება.

მაინც რისთვის დასაჯა მოსკოვმა ასე ხისტად ოსი „დეპუტატები“, რომლებიც ჯერ კიდევ ახლო წარსულში მისი ფავორიტები იყვნენ? შეგახსენებთ, რომ დავით სანაკოევი არა უბრალოდ „დეპუტატია“, არამედ საგარეო საქმეთა ყოფილი დე-ფაქტო მინისტრიც, ხოლო გარი მულდაროვი - „პრეზიდენტობის“ ექს-კანდიდატიც და ორივეს მოსკოვში საკმაოდ კარგი კავშირები აქვს.

უშიშროების ფედერალური სამსახურის ფორმულირების თანახმად, მულდაროვის, სანაკოევისა და მედოევის წინააღმდეგ სანქციები „რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემქმნელი ქმედებების გამო“ ამოქმედდა. კერძოდ, როგორც მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ უწყისშია აღნიშნული, მიზეზი „რუსეთის საზღვრების სიახლოვეს დაძაბულობის ზრდისკენ მიმართული ქმედებებია“. ხოლო მარტივად რომ ვთქვათ, ეს სამეული აქტიურად მოითხოვდა „სამხრეთ ოსეთის საზღვრების“ გაფართოებას - მოსკოვის მიერ მოხაზულის ფარგლებს გაცდენას.

ცხინვალში იმასაც ამბობენ, რომ მოსკოვს ეს სამეული თავად დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა „ჩააბარა“. ანუ, მოხდა რაღაც იმის მსგავსი, რაც ამასწინათ - სოხუმში, სადაც არაოფიციალური ინფორმაციით, დე-ფაქტო ხელისუფლების რომელიღაც წარმომადგენლებმა მოსკოვს კრემლისადმი ნაკლებად ლოიალური მოქალაქეების სიები გადასცეს. იქ ამ დრომდე ცდილობენ, დაადგინონ, რა პრინციპით უქმნიან რუსი მესაზღვრეები ფსოუზე პრობლემებს რუსული პასპორტის მქონე აფხაზეთის მკვიდრთ, უმთავრესად - მათ, ვინც რუსეთის მიერ აფხაზეთის შთანთქმის მიმართ აქტიურ წინააღმდეგობაშია შემჩნეული.

კიდევ ერთი პარალელი. აფხაზეთში, როგორც ჩანს, საკმაოდ სერიოზულად შეშფოთდნენ ოს „დეპუტატთა“ სამეულის ისტორიით. «Эхо Кавказа»-ს მთელი რედაქცია გადაიქცა ანონიმებად - „ავტორებად აფხაზეთიდან“, „დეპუტატმა“ ინარ გიცბამ კი - ერთ-ერთმა იმ ორი „პარლამენტარიდან“, რომლებმაც რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის წინააღმდეგ მისცეს ხმა, მოულოდნელად დატოვა „პარლამენტი“ ისე, რომ მიზეზები ამ დრომდე არ განუმარტავს.

და კიდევ ერთი სიახლე: ოსი „დეპუტატების“ პერიპეტიების მიუხედავად, ცხინვალის მაცხოვრებლები უკვე რამდენიმე თვეა, სთხოვენ მოსკოვს, მათთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი დააჩქაროს. რუსული პასპორტის ასაღებად რიგში 1500-მდე ადგილობრივი დგას, სულ კი მის მიღებას რეგიონის 5 000-მდე მკვიდრი ისურვებდა.

მაინც რაშია ამ მოვლენის ფენომენი? რუსული პასპორტი ხომ, როგორც სამი ოსი „დეპუტატის“ მაგალითმაც დაადასტურა, ძალზე არასანდო დოკუმენტია და მოსკოვს შეუძლია, როგორც მოგცა, ისე ნებისმიერ მომენტში წაგართვას. თანაც, „წითელკანიანს“ საერთაშორისო მიმოსვლის თვალსაზრისითაც დაკარგული აქვს მიმზიდველობა, თავად რუსეთში კი ოსური „პასპორტითაც“ ივლი - მთავარია, ჩუმად იყო და ზედმეტად არავის მოხვდე თვალში, თორემ შეიძლება, არც რუსული პასპორტით შეგიშვან, არც ოსურით. აი, ქართული პასპორტი კი, რომელიც ცხინვალის რეგიონის ზოგიერთ მკვიდრთ უკვე აღებული აქვთ, თითქმის მთელი მსოფლიოსკენ ხსნის კარს.

იტყვით, პენსიაო? საქმეც იმაშია, რომ საქართველოსა და რუსეთში მინიმალური პენსია უკვე გათანაბრდა - ორივე ქვეყანაში საშუალოდ დაახლოებით 140 აშშ დოლარს უტოლდება.

მედიცინა? მაგრამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მკვიდრთათვის მოქმედებს ქართული რეფერალური პროგრამა, რომლითაც უკვე ათასობით ადამიანმა ისარგებლა, მაშინ, როცა რუსეთში უფასოდ არავის მკურნალობენ.

დოტაციები რუსული ბიუჯეტიდან? მაგრამ ისინი ძირითადად ადგლობრივი ჩინოსნების ჯიბეებში ილექება, ხალხამდე კი იშვიათად აღწევს.

არ გინდათ ქართული პასპორტი? 2011 წელს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პირადობის ნეიტრალური მოწმობა და ნეიტრალური სამგზავრო საბუთი სახელმწიფო პროგრამებსა და სოციალურ მომსახურებაზე წვდომის უზრუნველსაყოფად, ასევე თავისუფალი გადაადგიების ხელშესაწყობად. სადღეისოდ ეს დოკუმენტი 12 სახელმწიფოს (ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნრეთი, იაპონია, ისრაელი და აშშ) აქვს აღიარებული, რაც ნიშნავს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მკვიდრთ ამ სახელმწიფოებში ვიზიტების განხორციელება სტატუს-ნეიტრალურ საფუძველზე შეუძლიათ. ამასთანავე, ნეიტრალურ პასპორტს, რუსულისგან განსხავებით, ვერავინ ვერასოდეს წაგართმევთ.

რაჟდენ ქაჯაია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები