სუს–ის ანგარიშის თანახმად, „გარკვეული ძალები“ ჰესების მშენებლობის საკითხზე „მოსახლეობის პოლარიზაციას“ ცდილობდნენ

16-04-2020 14:21:44 პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) 2019 წლის ანგარიშში წერს, რომ „გარკვეული ძალები“ ჰესების მშენებლობის საკითხზე „მოსახლეობის პოლარიზაციას“ ცდილობდნენ. ნახსენებია ჰესის საკითხზე პოლიციასთან დაპირისპირებას, რაც პანკისის ხეობაში მოხდა.

ანგარიშის თანახმად, „საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები ასევე ცდილობდნენ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას და საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას“. ამ ნაწილშია საუბარი ჰესებზეც:

„2019 წელს გარკვეული ძალების მიერ ადგილი ჰქონდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხის თაობაზე მოსახლეობის პოლარიზაციის მცდელობას“.

ანგარიშის თანახმად, „გასულ წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დესტრუქციული ძალების მხრიდან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების გარკვეულ ნაწილზე იდეოლოგიური ზეგავლენის და სეპარატისტული განწყობების სხვადასხვა ფორმით წახალისების მცდელობებს“.

„აღნიშნულის ფარგლებში, სხვადასხვა სოციალური, კულტურული, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული თუ ბიზნეს პროექტებისა და აქტივობების საფარქვეშ, სამიზნე ჯგუფებში ხორციელდებოდა ანტიქართული განწყობების გაღვივებისა და საქართველოს სახელმწიფოსგან მათი დისტანცირების მცდელობა“.

„ამავე დროს, პერიოდულად ვრცელდებოდა გაყალბებული ფაქტები და მიმდინარეობდა მითების შექმნა, რათა ყოფით ნიადაგზე წამოჭრილი საერთო პრობლემები ეთნიკური ნიშნით წარმოჩენილიყო“.

„საანგარიშო პერიოდში კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება. აღკვეთილი იქნა გარკვეული აქტივობები, სადაც იგეგმებოდა საქართველოს მოქალაქეებში დესტრუქციული განწყობების გაღვივება. თავიდან იქნა აცილებული ცალკეული პირების ჩართვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ მსგავს პროექტებში. ხორციელდებოდა შესაბამისი სასაზღვრო კონტროლი და განეიტრალდა ეთნიკური დაპირისპირებების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის მცდელობები“, – წერს სუსი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში პოლიცია და მოსახლეობა, რომელიც ხეობაში ხადორი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა, ერთმანეთს დაუპირისპირდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაპირისპირების შედეგად დაზიანდა პოლიციის მანქანები, ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა; დაშავდნენ სამართალდამცავებიც და ადგილობრივებიც.

მოგვიანებით იმჟამინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხეობაში ჯერ პოლიციელების, შემდეგ კი სპეცრაზმის შეყვანას შეცდომა უწოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები