აშშ-მა “ღია ცის” შესახებ შეთანხმების დატოვების მიზეზებს შორის სოხუმისა და ცხინვალისკენ ფრენების ბლოკირებაც დაასახელა

22-05-2020 02:23:45 კონფლიქტები

აშშ-მა “ღია ცის” შესახებ შეთანხმებიდან გასვლის მიზეზები დაასახელა. მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სიახლოვეს ფრენების აკრძალვაც ფიგურირებს.

«რუსეთმა არ დაუშვა წვდომა სადამკვირვებლო ფრენებზე მის მიერ ოკუპირებულ ქართულ რეგიონებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მისი საზღვრების გასწრივ არსებული 10-კილომეტრიანი დერეფნის ფარგლებში, რითაც შეეცადა, «გაეტანა» ცრუ განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენს», - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრ მაიკ პომპეოს განცხადებაში.

მანამდე განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ "ღია ცის” შესახებ შეთანხმებას ტოვებს, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ხელშეკრულებიდან გასვლის კიდევ ერთ მიზეზად "რუსეთის მიერ შეთანხმების არაერთხელ დარღვევა" დასახელდა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან გასვლას 6 თვე დასჭირდება.

მოსკოვის რეაქცია

საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ისგან ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია, თუმცა შეთანხმებიდან ამერიკის შეერთებული შტატების გასვლა “ევროპაში სამხედრო უსაფრთხოების სისტემას მიაყენებს დარტყმას”. რუსეთის მიმართ ყველა ბრალდებას ოფიციალურმა მოსკოვმა ტრადიციულად, უსაფუძვლო უწოდა.

რას წარმოადგენს “ღია ცის” შესახებ შეთანხმება

1992 წელს ჰელსინკიში გაფორმებული ეს დოკუმენტი ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის ერთმანეთის ნებართვით სამხედრო-სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალური გზით მოპოვებას ითვალისწინებს.

შეთანხმება ძალაში 2002 წელს შევიდა და მას შემდეგ წევრი ქვეყნები ერთმანეთის ნებართვით ხელმომწერი სახელმწიფოების ტერიტორიებზე ე.წ. საკონტოლო ფრენებს ახორციელებდნენ.

"ღია ცის” შესახებ შეთანხმება არაწევრი ქვეყნების ტერიტორიების თავზე ფრენებს კრძალავს.

დოკუმენტს 35 ხელმომწერი ჰყავს, მათ შორის - საქართველო, რუსეთის ფედერაცია და თურქეთი.

რა შუაშია საქართველოს ოკუპირებული რეგიონები

შეთანხმების ფარგლებში საქართველო და რუსეთი დაზვერვის მიზნით პერიოდულად ახორციელებდნენ ფრენებს ერთმანეთის, ასევე სხვა ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიებზე. რუსეთის ტერიტორიის თავზე ბოლო ასეთი ფრენები საქართველომ 2008 წლის ომამდე, ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივად განახორციელა.

აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის “დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარებიდან ორი წლის შემდეგ – 2010 წელს მოსკოვმა ხელმომწერ ქვეყნებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით სადაზვერვო ფრენების შეწყვეტა მოსთხოვა და ეს შეთანხმების მეექვსე პუნქტის მეორე ქვეპუნქტით ახსნა, რომლის თანახმად, ხელმომწერ სახელმწიფოებს ხელშეკრულების არაწევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცეებში ფრენების განხორციელების უფლება არ აქვთ.

ამჟამად ფრენები 35–ივე სახელმწიფოში ბლოკირებულია და რუსეთი ამაში საქართველოს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები