31-07-2020 19:07:22 კონფლიქტები
«ყოველ ხალხს აქვს ის, რასაც იმსახურებს» - არ ვიცი, პირველმა ვინ თქვა, მაგრამ ეს აქსიომაა.
ძნელია, აფხაზეთის სახელისუფლებო სისტემას აქტიურ, კონსტრუქციულ საქმიანობაში დასდო ბრალი, რადგან სუვერენიტეტის თითქმის 28 წლის განმავლობაში მის მიერ ბევრი რამ არ გაკეთდა იმ პირობებიდან, რომელთა შესრულებაც აუცილებელია სახელმწიფოს განვითარების უზრუნველსაყოფად. მეტიც, ბოლო 15 წლის განმავლობაში აფხაზეთის ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც ეროვნული საფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია — და სწორედ ამის შედეგია ბოლო ორი პრეზიდენტის ჩამოგდება. ხოლო კითხვაზე — რატომ აკეთებთ ამას, მაგრამ არ აკეთებთ იმას? – ხშირად გვპასუხობენ, «რუსები გვაიძულებენ», ან «რუსები გვიკრძალავენო». და ეს — იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სახელმწიფოსთვის და ერისთვის, მაგალითად, რუსებისთვის უძრავი ქონების მიყიდვასა (რასაც რუსები «აიძულებენ») და ეროვნული ვალუტის შექმნასთან (რასაც რუსები «უკრძალავენ») დაკავშირებით.
ყველაფერი მაქსიმალურად მარტივად არის გადმოცემული, მარტივად აღქმადია. და სანამ მრავალწლიანი რუსული პროპაგანდით ზომბირებული თანამემამულეები ბრალდებებით დამესხმებოდნენ თავს, განვმარტავ — ეს ჩემი კი არა, აფხაზეთის ძალზე სერიოზული ეკონომისტისა და საზოგადო მოღვაწის ანატოლი ოტირბას სიტყვებია.
რუსეთის მიმართ შეიძლება, განსხვავებული დამოკიდებულება გვქონდეს (ამასთან, ვიღებდეთ მის პენსიას, შემწეობებს, ვსარგებლობდეთ შეღავათებით და სხვა სიკეთეებით), მაგრამ ის ფაქტი, რომ რუსეთი აფხაზეთში საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს და ამ ლობის ზეწოლა ყველა მაცხოვრებელზე გავრცელდება — უდავოა.
რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან 12 წელი გავიდა. თუ მანამდე ძლევამოსილი მეზობელი ერთ ციცქნა პარტნიორს დახმარებას უწევდა, ეს — მხოლოდ არაოფიციალურად. მაგრამ 2008 წლის აგვისტოდან ყველაფერი შეიცვალა. აფხაზეთის აღიარებამ რუსეთს უამრავი ვალდებულება დააკისრა, მათ შორის — რესპუბლიკის განვითარების მიმართულებით. გასული წლების განმავლობაში ხელი მოეწერა ათობით ხელშეკრულებასა და უწყებათაშორის შეთანხმებას, რომელთა მთავარი მიზანი, როგორც ყველამ ვიცოდით, დემოკრატიული განვითარების გზაზე აფხაზეთის მომძლავრება იყო.
ამ დოკუმენტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი «მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ» შეთანხმებაა. მრავალგვერდიან დოკუმენტს ორი ქვეყნის ხელმძღვანელობებმა 2014 წელს მოაწერეს ხელი და მასში თანამშრომლობის მრავალი სფეროა აღნიშნული. მათი უმრავლესობა მიმართულია «ორმხრივი, თანასწორუფლებიანი, კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარებაზე მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის, ასევე რეგიონული უსაფრთხოების ხარისხობრივად ახალ დონემზე ასაყვანად»… ძალზე მრავლისმომცველია და სერიოზული… თუმცა არსობრივად, ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა მუხლი ეხება სამხედრო, საბაჟო, სამართალდამცველ და საბანკო სფეროებს. განვითარებაზე იქ ერთი პუნქტიც კი არ ფიგურირებს. თანაც უფრო მეტად საუბარია რუსეთის უფლებებსა და აფხაზეთის ვალდებულებებზე. ამ, გავიმეორებ — ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაში სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ძირითად მიმართულებებად აღნიშნულია «კოორდინირებული საგარეო პოლიტიკა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცე, საერთო სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, სულიერი და ჰუმანიტარული სივრცე, აფხაზეთის სრულფასოვანი მონაწილეობა იმ საინტეგრაციო პროცესებში, რომლებიც რუსეთის ინიციატივით ან მხარდაჭერით რეალიზდება». მთავარი აქცენტი კი, უდავოდ, სამხედრო თანამშრომლობაზე კეთდება. და — გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება — არც ერთი სიტყვა დემოკრატიისა და აფხაზეთის სახელისუფლებო ინსტიტუტების განვითარებაზე.
ამ შეთანხმებას წინ უძღოდა სხვა დოკუმენტი — 2008 წელს კრემლში გაფორმებული «შეთანხმება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ». მასში, სამხედრო მიმართულებასთან ერთად, ნახსენებია «სწრაფვა აფხაზეთის ეკონომიკური ინტეგრაციის მაღალი დონის მიღწევისკენ» და «ენერგეტიკული და სატრანსპორტო სისტემების გაერთიანებისთვის ზომების მიღება», თუმცა დაკონკრეტების გარეშე. გაურკვეველია, მაინც რა უნდა ეკეთებინა ამ შეთანხმების საფუძველზე რუსეთს – შეეცვალა, განევითარებინა, თუ ფინანსურად შეენახა აფხაზეთი. და არც ამ დოკუმენტში მოიპოვება თუნდაც ერთი სიტყვა აფხაზეთის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაზე; არავითარი თუნდაც მინიშნება იმაზე, რომ რუსეთი, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო, რომელმაც უკვე დიდი ხნის წინ მოახდინა არა მარტო თავისი, არამედ მოკავშირე სახელმწიფოების განვითარების დემოკრატიული გზის დეკლარირება, დახმარებას გაუწევს თავის პატარა მეზობელს ამ მიმართულებით.
ამის ნაცვლად ორივე დოკუმენტი აჭრელებულია ისეთი ფრაზებით, როგორიცაა «არაუგვიანეს 3 წელიწადში გატარდეს ღონისძიებათა კომპლექსი აფხაზეთის საბიუჯეტო კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დასაახლოებლად»; «გატარდეს ღონისძიებათა კომპლექსი აფხაზეთის საბაჟო კანონმდებლობის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საბაჟო რეგულირების აქტებთან დასაახლოებლად» და ა.შ. და ეს ყველაფერი - «ორი ხალხის მეგობრობის განმტკიცების, მრავალმხრივი ურთიერთქმედების, მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის» სოუსში.
შეგახსენებთ, გავიდა 12 წელი. ამ ხნის განმავლობაში რუსეთი ერთგვარი მეცენატობით, აფხაზეთის «ტივტივის მდგომარობაში“ შენარჩუნებით იყო დაკავებული. ცვლილება მხოლოდ რამდენიმე მიმართულებამ განიცადა, რომელთათვისაც რუსეთი ახალგაზრდა სახელმწიფოს მრავალმილიონიან კრედიტებს აძლევდა. ლიტონ სიტყვებად რომ არ გამოგვივიდეს, გადავატრიალეთ დოკუმენტების მთელი დასტა, მაგრამ ვერ მივაგენით მათ შორის ვერც ერთ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანს, რომელშიც თუნდაც შორეულ პერსპექტივაში განვითარებაზე იქნებოდა საუბარი.
«ამჟამინდელ პირობებში კი ერი არა მარტო არ ვითარდება, არამედ დეგრადირებს და იღუპება. და ეს დიდწილად უფულობის გამო ხდება. უფულობის მთავარი მიზეზი კი, თავის მხრივ, ეროვნული ვალუტის არქონაა. ხოლო კითხვაზე, «რატომ არ ქმნით ეროვნულ ვალუტას?», პასუხია, რუსეთი გვიკრძალავსო. თუ ამ აკრძალვას პრეზიდენტ ბჟანის მიერ ამაწინათ გახმოვანებულ გაფრთხილებას მივამატებთ რუსებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის თაობაზე, რომელიც ასიმილაციის რისკს შეიცავს, გამოგვივა, რომ რუსეთი ჩვენს ხალხს შეგნებულად კლავს», - თვლის ანატოლი ოტირბა.
ამასთან, მისივე აზრით, ამ მდგომარეობაში უფრო მეტად დამნაშავე ჩვენი ხელმძღვანელობაა, ვიდრე რუსეთის. «საქმე იმაშია, რომ ჩვენს ხელმძღვანელობას ქვეყნისა და ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში უკვე დიდი ხნის წინ უნდა ჰქონოდა დაკანონებული პოზიცია, გამყარებული ამ საკითხების გადაჭრის პროგრამებით და მათი რეალიზებისთვის ჩვენი პრეზიდენტი შეძლებდა, საფუძვლიანად ეთხოვა ფული რუსი კოლეგისთვის. და, სხვათა შორის, სწორედ მასთან უნდა განიხილავდეს ჩენი პრეზიდენტი ამ დონის საკითხებს და არა (სურკოვის ტიპის) აფერისტ ჩინოსნებთან. მაგრამ ჩვენს ხელისუფლებებს არც პოზიციები ჰქონიათ, არც პროგრამები, რის შედეგადაც აფხაზეთი რუსეთის ღარიბი ნათესავის დამამცირებელ როლში აღმოჩნდა. თანაც, ეს მდგომარეობა იმდენად გაიწელა დროში, საქმე იქამდე მივიდა, რომ პარაზიტი-ქვეყნის როლი ნორმად იქცა ჩვენი არა მარტო ჩინოსნებისთვის, არამედ მოქალაქეთა უმრავლესობისთვისაც», - დარწმუნებულია ანატოლი ოტირბა.
რუსეთის მიერ რეალიზებადი ათობით პროგრამა, მათ შორის — საინვესტიციოც, თითქოს აფხაზური სახელმწიფოს ჩამოყალიბება-განვითარებაზეა მიმართული. მაგრამ რატომღაც მრავალი წლის განმავლობაში რესპუბლიკა მხოლოდ უკან მიექანება — პირველყოფილი წყობისკენ. განვითარების ლანდიც კი არ შეიმჩნევა.
მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოცდილებისა და მაგალითის არსებობის მიუხედავად, აფხაზეთი ვერა და ვერ ამოდის ორმოდან და ვერ იწყებს სრულფასოვანი პროგრესის გზას. მაგრამ საერთოდაც, შესაძლებელია კი ეს ყველაფერი? სახელმწიფო, რომლის ყველა ძალოვანი უწყება (ჯარი, მილიცია) სხვა ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება, სრულფასოვანია? და შესაძლებელია თუ არა, ვთქვათ, რომ რუსეთი ზრუნავს სხვა სახელმწიფოს განვითარებაზე, მაშინ, როცა ის (თუნდაც ყველაზე კეთილი მოტივებით) მის შიდა საქმეებში ერევა? ასეც რომ იყოს, გადამეტებულმა «ზრუნვამ», რომელიც ფინანსურ შენახვას უფრო ჰგავს, მხოლოდ შემაძრწუნებელი შედეგები მოიტანა.
«სადღეისოდ აფხაზეთში შექმნილი ვითარების შეფასებისას ნათელი ხდება, რომ ქვეყნის მართვის ხარისხის მნიშვნელოვანი ამაღლების გარეშე საზოგადოება დეგრადირებას გააგრძელებს, სახელმწიფო კი — პოლიტიკური სუვერენიტეტის ნარჩენების კარგვას. აფხაზი ხალხის ცხოვრებაში დადგა ეტაპი, როცა სასწრაფოდ, დროის კარგვის გარეშე, მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენით უნდა დაიწყოს სახელმწიფოს რეალური მშენებლობა», - თვლის ანატოლი ოტირბა.
მაგრამ შესაძლებელია კი ეს რუსეთის არსურვილისა და კოლოსალური ზეწოლის პირობებში? და აქ საქმე არ არის მხოლოდ კრემლის არსურვილში, გვერდში მომძლავრებული მეზობელი-აფხაზეთი იხილოს. პრობლემა უფრო ღრმაა. დემოკრატიის მხრივ აფხაზეთი ეტალონად რუსეთს ვერ აიღებს. და აი, რატომ. დემოკრატიული ეწოდება ქვეყანას, რომლის წყობა და საქმიანობა ხალხის ნებას, ადამიანისა და მოქალაქეების საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს შეესაბამება; ხელისუფლებისა და სახელმწიფოს ყველა ორგანოს ლეგიტიმაციის წყაროს წარმოადგენს ხალხის სუვერენიტეტი. ეს საყოველთაოდ ცნობილია. გამოაცხადო სახელმწიფო დემოკრატიულად (რასაც ტოტალიტარული ქვეყნებიც მარტივად აკეთებენ) — საკმარისი არ არის, მთავარია, უზრუნველჰყო მისი მოწყობა და საქმიანობა შესაბამისი სამართლებრივი ინსტიტუტებით, დემოკრატიზმის რეალური გარანტიებით. ამ მხრივ კი თავად რუსეთსაც დიდი პრობლემები აქვს. ყველამ ვიცით, როგორ ცხოვრობენ მისი მოქალაქეები, ცხოვრების რა წესები მოქმედებს მსხვილ ცენტრებსა და მოშორებულ ადგილებში. დემოკრატიას აქ ახლოსაც არ გაუვლია. მაშ შეუძლია კი ქვეყანას, რომელმაც თავად ვერ უზრუნველჰყო დემოკრატიული პრინციპების გამოყენება განვითარებისთვის, ამ საკითხში სხვას დაეხმაროს? - არა მგონია. და ყველამ, ვინც ამ მასალას კითხულობთ, ეს კარგად იცით.
«აფხაზეთის სახელისუფლებო სისტემისა და ეკონომიკის დეგრადირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე შექმნილი უხარისხო სამართლებრივი ბაზაა. მთავარი შეცდომა, რომელიც ძირითად კანონში — კონსტიტუციაში გაეპარათ, იყო მასში დოქტრინალური მიზნისა და სტრატეგიული ამოცანების არასახვა — მათ გარეშე ხომ არ არსებობს ის, რასაც ახალი კანონები უნდა ადარო შესაბამისობის დასადგენად. შედეგად ახალი კანონების უმრავლესობა ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება. და აი, ასე, მიზნისა და გზის არარსებობის პირობებში საზოგადოება და ხელისუფლება საუკუნის მეოთხედის განმავლობაში ერთ ადგილს ტკეპნიან, დეგრადირებენ და კარგავენ სახელმწიფოს ავტორიტეტის ნარჩენებს მთელი დანარჩენი მსოფლიოს თვალში», - თვლის ანატოლი ოტირბა.
სტრატეგიულმა პარტნიორმა კი არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. და ყველაფერი, რაც ამ დრომდე გრძელდება, მხოლოდ ერთით შეიძლება, აიხსნას — აფხაზეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი არ არის. სუსტი სტრატეგიული პარტნიორით მანიპულირება უფრო ადვილია, მით უფრო, თუ მას ათწლეულების განმავლობაში არწმუნებ, რომ რუსეთთან მეგობრობის გარდა, სხვა გამოსავალი აფხაზეთს არ აქვს.
ასტანდა ბგანბა
_________________________________________________________________________
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება
_________________________________________________________________________
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას