რუსეთთან მეგობრობის ფასი: აფხაზეთის ტერიტორიის გასხვისებამ სტარტი უკვე აიღო?

27-10-2020 17:57:04 კონფლიქტები

10 ოქტომბერს აფხაზეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას «საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის» შექმნის თაობაზე. კომისიის მთავარ მიზნად სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმირებაზე მიმართული საკონსტიტუციო შესწორებების მომზადება განისაზღვრა. კომისიას, რომლის შემადგენლობაში პატივცემული მოქალაქეები (დეპუტატები, მოსამართლეები, იურისტები, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეები) შევიდნენ, აფხაზეთის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე, პირველი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ნათელა აკაბა ხელმძღვანელობს.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კომისია სულ ახლახანს ამოქმედდა, მისმა პირველივე გადაწყვეტილებამ — რესპუბლიკაში წინმსწრები განვითარების ტერიტორიების შექმნისა და აპარტამენტების მშენებლობის თაობაზე — მთელი აფხაზეთი, შეიძლება, ითქვას, შოკში ჩააგდო. მოსახლეობა ალაპარაკდა იმაზე, რომ მსგავსი ზონების ჩამოყალიბების საფარქვეშ აფხაზური მიწა-წყლის ლეგალური გასხვისება დაიწყება.

«ჭკუანაკლულებად გვთვლიან, თუ ჰგონიათ, არ გვესმის, რომ კეთილი საქმის საფარქვეშ უცხოელებისთვის არა მარტო უძრავი ქონების, არამედ მიწის გასხვისების დაშვებას ცდილობენ. თუ ეს პროექტი განხორციელდება, ერთი გოჯი საკუთარი მიწაც აღარ შეგვრჩება», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე თემური.

კიდევ ერთი ჩვენი რესპონდენტი — საიდი მთელს ამ წამოწყებაში ყველაზე დიდ საფრთხეს ხედავს აფხაზეთის ეროვნული ინტერესებისთვის, რომელთაც რუსეთი ბოლო დროს გამუდმებით უტევს. «ჯერ იყო, რუსმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს საუბარი აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანაზე. მერე რუსეთის პოლიტიკურმა ძალებმა დაიწყეს ჩვენი ხელისუფლებისთვის პირობების წაყენება და ყოველ ჯერზე გადაჭრით გვიყენებდნენ უძრავი ქონების რუსებზე გასხვისების საკითხს. ახლა უცებ წინმსწრები განვითარების ტერიტორიების იდეა გაჩნდა, რომელიც დაეხმარება რუსებს აფხაზეთში არა მარტო უძრავი ქონების ლეგალურად შეძენაში, არამედ მთელი მიწის მიტაცებაშიც», - დარწმუნებულია საიდი.

«დღესავით ნათელია, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონების (თუ როგორც უწოდებენ მთელს ამ ზღაპარს) საფარქვეშ აფხაზეთისთვის მიწის წართმევა დაიწყება. და როგორც კი რუსები ამ პროექტს განახორციელებენ, მშვიდობით, დამოუკიდებელო აფხაზეთო, მშვიდობით, აფხაზებო! ჩვენ არასასურველ სტუმრებად გადავიქცევით საკუთარ მიწაზე», - დარწმუნებულია ჩვენი კიდევ ერთი თანამოსაუბრე არტიომი.

შემოთავაზებული პროექტის მიმართ მსგავსი დამოკიდებულების შემხედვარე, შევეცადე, გამერკვია, რას წარმოადგენს ეს წინმსწრები განვითარების ტერიტორიები. ინტერნეტში არსებული ღია წყაროებიდან https://ru.wikipedia.org, https://www.economy.gov.ru გაირკვა, რომ საუბარია ეკონომიკურ ზონებზე შეღავათიანი საგადასახადო პირობებით, გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურებითა და სხვა პრივილეგიებით. ისინი ინვესტიციების მისაზიდად, ეკონომიკის დაჩქარებული განვითარებისთვის და მოსახლეობის კეთილდღეობის ასამაღლებლად იქმნება. იქ ბიზნესის წარმოებისთვის «საკვანძო საქმიანი ცენტრების მიმართ კონკურენტული პირობები» უნდა შეიქმნას. ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოების დასაწყებად საჭირო ინფრასტრუქტურისა და შეღავათების მქონე ტერიტორიების გამოყოფა მსხვილი საწარმოების მიზიდვის ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო პრაქტიკაა.

მსოფლიოსთვის მსგავსი პროექტები ცნობილია განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების, ან თავისუფალი ეკონომიკური ზონების სახელწოდებით. წინმსწრები განვითარების ტერიტორიები კი წმინდად რუსული პროექტია, შექმნილი ზემოთ ხსენებული ზონების მაგალითზე, თუმცა გარკვეული განსხვავებებით. ეს განსხვავებები კი ისეთ დეტალებში მდგომარეობს, როგორიცაა ტერიტორიული განთავსება, განსხვავებული საგადასახადო და არასაგადასახადო შეღავათები, ბიზნესის წარმოების განსხვავებული გარემო, განსხვავებული საწყისი ბარიერები.

რუსეთმა წინმსწრები განვითარების ტერიტორიები უპირველესად, მსხვილი ჩინელი ინვესტორების მისაზიდად გამოიგონა, რის გამოც ამ პროექტებს ხალხში «ჩინურ გზას» უწოდებენ. თითქოს მშვენიერი წამოწყებაა, ასე ვთქვათ, მძლავრი სტიმული ეკონომიკის განვითარებისთვის.

თუმცა ჩვენი თანამოსაუბრე თემურის აზრით, რომელიც კარგად ერკვევა საკითხის არსში, მსგავსი ზონების შექმნა აფხაზეთს კარგს არაფერს მოუტანს. «რუსეთის ზოგიერთ რეგიონებში მსგავსი ზონები უკვე არსებობს და კარგი რა მოუტანა რუსებს, რუსეთს? გაიხსენეთ თუნდაც ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი — ისინი ხომ უკვე დიდი ხანია, რუსული აღარაა! დიახ, იურიდიულად ეს რუსეთის ტერიტორიაა, მაგრამ იქ ყველაფერს ჩინელები მართავენ. ამაში მდგომარეობდა მსგავსი ზონების შექმნის სარგებელი?! და თუ რუსები ვერ გაუმკლავდნენ, ჩვენ როგორ უნდა შევძლოთ?! ეს ხომ მიწის ჩვეულებრივი წართმევაა. ომისა და კონფლიქტის გარეშე გასხვისდება აფხაზური მიწა. აცნობიერებს ამას ჩვენი ხალხი?», - ამბობს თემური.

საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის ხელმძღვანელი ნათელა აკაბა თვლის, რომ აფხაზეთში წინმსწრები განვითარების ტერიტორიების შექმნა და აპარტამენტების მშენებლობა პოზიტიურ გავლენას იქონიებს სამუშაო ადგილების შექმნაზე და რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების აქტივიზაციაზე. «წინმსწრები განვითარების ტერიტორიები — ეს საერთაშორისო პრაქტიკაა, ეს არის განვითარება, სამუშაო ადგილები, განსაკუთრებით — დეპრესიულ რაიონებში», - ირწმუნება აკაბა.

თუმცა ათობით სპეციალისტისა და საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების რიგი კვლევების შედეგების https://carnegie.ru/commentary/81181, https://www.dp.ru/a/2019/04/21/TOR_pokitajski, https://pdsnpsr.ru/articles/10112-tory-putin-podgotovil-razval-rossii_17122019, http://www.sovross.ru/articles/1325/23194 მიხედვით, წინმსწრები განვითარების ტერიტორიები და დეპრესიული რაიონების განვითარების ყველა პროგრამა სხვა არაფერია, თუ არა «მზადება გასასხვისებლად».

ნათელა აკაბა ამ აზრს პრაქტიკულად იზიარებს, მაგრამ მიუთითებს იმაზე, რომ ამჟამინდელი აკრძალვების მოჩვენებითი სიმკაცრის მიუხედავად, უძრავი ქონების შავი ბაზარი აფხაზეთში «ყვავის» და არალეგალური შემოსავლები მოაქვს მოქალაქეთა ვიწრო წრისთვის. «ეს ხელს არ უწყობს ჩვენი ქვეყნის უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის გადაჭრას. და სწორედ ის ვიწრო წრე უწევს მოქალაქეთა პატრიორულ გრძნობებზე თამაშით წინააღმდეგობას უძრავი ქონების ბაზრის ლეგალიზებას. ამასთან, სერიოზულად ზარალდება აფხაზეთის საერთაშორისო რეპიტაცია», - თვლის აკაბა. გამოდის, რომ აფხაზეთში წინმსწრები განვითარების ტერიტორიების შექმნით სახელმწიფო უძრავი ქონების გასხვისების ლეგალიზებას ცდილობს.

«მთელს ამ პატრიოტულ ლოზუნგებს მიღმა გვიმალავენ პროექტის არსს. აფხაზეთში ცოტამ თუ იცის, რა შეღავათებს სთავაზობენ რეზიდენტებს, რომლებსაც მიწის ან უძრავი ქონების შეძენა სურთ. არადა, საშიშროება სწორედ ამ დეტალებში იმალება. მაგალითად, არ გვიმხელენ იმას, რომ რეზიდენტი შესაძლოა, გაათავისუფლონ მიწისა და ქონების გადასახადისგან, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე გადასახადი 0 %-ია 4 წლის განმავლობაში. გათვალისწინებულია ასევე მიწით სარგებლობის განსაკუთრებული პირობები, საშეღავათო საიჯარო მარჟა, ასევე სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განსაკუთრებული წესი. თუ მყიდველისთვის ამდენი შეღავათია გათვალისწინებული, მაშ რა ხეირი რესპუბლიკის მოსახლეობას, თავად აფხაზეთს?!», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე ალხასი. მისი აზრით, აფხაზეთისთვის ეს პროექტი არა მარტო უსარგებლოა, არამედ საშიშიც. «თავად დაფიქრდით, სხვა როგორ მიითვისებდა რუსეთი აფხაზეთს? თავის შემადგენლობაში შეყვანაზე ვერ წავიდოდა — ეს პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. რუსეთი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, ვალდებული იყო, არა მარტო ფინანსურად დაჰხმარებოდა აფხაზეთს, არამედ ფეხზე დადგომაშიც, ეკონომიკურ განვითარებაშიც. ასე არ გამოუცხადა მთელს მსოფლიოს, როცა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა? ჰოდა, ახლა როგორ უნდა თქვას რამე რუსეთის შემადგენლობაში შეყვანაზე? ამიტომაც მოიფიქრეს რუსებმა ლეგალური გამოსავალი. მთელი მსოფლიოსთვის აფხაზეთი თითქოსდა დამოუკიდებლად დარჩება, რეალურად კი მორიგ რუსულ პროვინციად იქცევა», - დარწმუნებულია ალხასი.

ნათელა აკაბას სურვილი, ყოველი მყიდველი გაიფილტროს და კვოტირებას დაექვემდებაროს, ამ მიზნით ჩატარდეს მკაცრი შემოწმება, «როგორც ხდება, მაგალითად, ლიხტენშტეინში და შვეიცარიაში», აფხაზეთის შემთხვევაში ვერ განხორციელდება, რადგან მოუწესრიგებელი კანონმდებლობისა და ტოტალური კორუფციის (და არა მარტო სახელისუფლებო ორგანოებში) პირობებში ეს უბრალოდ შეუძლებელია. «რეალურად, ეს ყველაფერი შირმაა ხალხისთვის თვალის ასახვევად. ყველა, ვინც სამშობლოს გაყიდვის პროექტის უკან დგას, მალავს მთავარს – ეს ყველაფერი კეთდება რუსეთისთვის, რომელიც აფხაზეთისთვის ულტიმატუმების წაყენებით დაიღალა და მუქარიდან მოქმედებაზე გადავიდა. წინმსწრები განვითარების ტერიტორიები სხვა არაფერია, თუ არა აფხაზების იძულება, საკუთარი მიწები დაყიდონ. ფაქტობრივად, ეს არის საზღაური იმ დახმარებისა, რომელსაც რუსეთი ჩვენს რესპუბლიკას უწევდა. როგორც იტყვიან, უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია და დადგა დრო, აფხაზეთის მოსახლეობამ ანგარიში გაასწოროს», - დარწმუნებულია ჩვენი თანამოსაუბრე თემური.

ყველა ჩვენი რესპონდენტის აზრით, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გასხვისებამ სტარტი უკვე აიღო. მაშასადამე, აფხაზების შფოთვა უახლოეს მომავალში სუვერენიტეტის დაკარგვის თაობაზე ფუჭი არ ყოფილა. ბრძენმა ხალხმა მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გააცნობიერა მეგობრობის ფასი რუსეთთან, რომელმაც უძველესი ერის ისტორიისა და მემკვიდრეობის პირობით რუბლად გაყიდვა განიზრახა.

ასტანდა ბგანბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები