17-02-2021 20:33:35 ანალიზი
თუ აქამდე საჯარო რიტორიკის დონეზე, საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის აღდგენის ერთგვარ ლობისტად ერევანი გვევლინებოდა, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აფხაზური მხარეც გააქტიურდა: რამდენიმე დღის წინ აფხაზურმა "პარლამენტმა" რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიმართა განცხადებით, რომლის თანახმად, აფხაზეთი "მზადაა, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე მიიღოს მონაწილეობა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის პროექტში“.
ამ ინიციატივის ავტორი - "დეპუტატი" ასტამურ ლოგუა აფხაზური ტრანზიტის რეანიმაციის იდეას სხვადასხვა მედიასაშუალებებში უკვე თვეზე მეტია, აჟღერებს. ამ მიმართულებით იგი ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ მოსკოვს, ერევანსა და ბაქოს შორის რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გააქტიურდა.
„იმედი მაქვს, რეგიონის ყველა იმ ქვეყნის ძალისხმევის შედეგად, რომელიც ამჟამად ჩართულია ურთიერთობების დარეგულირებაში, მთელი ამ სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნაში, აფხაზეთიც მოხვდება ამ პროექტში. თუკი გვსურს, განვავითაროთ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩართულები უნდა ვიყოთ ყველა პროცესში და პროექტში, მით უფრო ასეთი - რეგიონული დონის პროექტებში. აფხაზეთი არ უნდა დარჩეს დეპო-ქვეყნად, ჩიხ-ქვეყნად და ამისთვის ჩვენის მხრივ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“ - აცხადებს ლოლუა და თბილისს მოუწოდებს, "თუ თვლა იცის, დაითვალოს, რამდენს დაკარგავს ამ რეგიონულ პროცესებში არმონაწილეობით".
მე–9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი იხსენებს, რომ აფხაზური რკინიგზის აღდგენის ინიციატივა, როგორც სამშვიდობო პოლიტიკის ნაწილის, ჯერ კიდევ 2000–იან წლებში ევროკავშირის მაშინდელ ელჩს ეკუთვნოდა. 2005–2006 წლებში საქართველოსა და რუსეთის რკინიგზებს შორის გაფორმდა ოქმი, რომელშიც ე.წ. „აფხაზური რგკინიგზაც“ მონაწილეობა, რამაც ცქიტიშვილის ცნობით (იმჟამად საქართველო–რუსეთის ეკონომიკური კომისიის მდივნის პოზიციას იკავებდა, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელი), საქართველოს ხელსუფლების შეშფოთება გამოიწვია და საქართველოს მთავრობამ შეაჩრა პროცესი და რაიმე სახის ოფიციალური შეთანხმება მხარეებს შორის აღარ შემდგარა.
„ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინიციატივას 2006-2007 წლებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა როგორც საქართველოში, ასევე რეგიონიშიც. რამდენადაც მახსოვს, იდეის ძირითადი ოპონენტები, თუმცა კი განსხვავებული მიზეზებით, მაშინ იყვნენ აზერბაიჯანის ოფიციალური პირები და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. აფხაზები აცხადებდნენ, რომ ეს შესაძლოა, ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების აფხაზეთის ტერიტორიაზე გავლენის მოპოვების შესაძლებლობა. აზერბაიჯანი ამას განიხილავდა, როგორც სომხეთისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდების ერთ–ერთ შესაძლო გზად და მათთვის ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხს უკავშირდებოდა. საქართველოშიც პოზიციები არაერთგვაროვანი იყო და საბოლოო ჯამში, ამ პროექტზე უარი ითქვა“.
რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ცქიტიშვილი საკითხზე სერიოზულ მსჯელობას ვერ იხსენებს:
„შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ პარლამენტის კომიტეტში, ან უმრავლესობის შიგნით ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. სერიოზული განხილვა არ მახსენდება. თუ რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირმა სომხეთიდან ვიზიტისას რომელიმე შეხვედრაზე ახსენა საკითხი, როგორც ეს მედია საშუალებებით ვრცელდებოდა, ამაზე ბუნებრივია, ვერაფერს გეტყვით, რადგან მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს“.
რა შეიცვალა?
ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ კავკასიაში ძალთა კონფიგურაციის ცვლილების კვალდაკვალ, რუსეთისთვის შესაძლოა, აფხაზური რკინიგზის მონაკვეთის აღდგენის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა, იმისთვის, რომ სარკინიგზო კავშირი აღადგინოს სომხეთთან. თუმცა შესაძლოა, იყოს სხვა მიზეზებიც:
„რაც შეეხება აფხაზურ მხარეს, ვფიქრობ, განსაკუთრებით დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციაში რუსული პოზიციები დომინირებს, რუსებს კი არაერთგზის განუცხადებიათ, მათ შორის – საჯაროთაც, რომ ეს მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. ხოლო რაც რუსეთის სტრატეგიულ ინტერესშია, განსაკუთრებით დასაფიქრებელია საქართველოსთვის, რადგან ეს შესაძლოა, უკვე საქართველოს ეროვნულ და სტრატეგიული ინტერესებისთვის იყოს საფრთხის შემცველი.
თუ ფართოდ შევხედავთ საკითხს, საქართველოს რკინიგზა აშენდა როგორც კავკასიური რკინიგზა, და იდეაში მისი ფართო რეგიონალური ფუნქციის აღდგენა შესაძლოა, მართლაც იყოს საინტერესო სამომავლოდ, მათ შორის – ევროპასთან სარკინიგზო კავშირის დამყარების თვალსაზრისითაც, მაგრამ ამ პროცესს მნიშვნელოვანი რისკები ახლავს: დაცული იქნება თუ არა არაღიარების პრინციპი (თუ აფხაზურ მხარესთან დოკუმენტს ხელს აწერ, საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო კომპანიაა და ამან შესაძლოა, აფხაზურ მხარეს გარკვეული ლეგიტიმაცია მისცეს); რისკია რეგიონში რუსული ინტერესების გაძლიერებაც, რადგან ძირითადად მოსალოდნელია რომ რუსული შემადგენლობა იმოძრავებს ამ მონაკვეთზე; როგორ განხორციელდება მონიტორინგი სამხედრო ტვირთებზეც და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი სადავო საკითხია, ბევრი საფიქრალია და ამიტომაც, ამ გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევად არ შეძლება. ხოლო მსჯელობა საკითხზე, განსაკუთრებით კი აკადემიურ სფეროში, ბუნებრივია, საინტერესოც შეიძლება, იყოს“.
რა შემთხვევაში შეიძლება, გასცეს თბილისმა თანხმობა
ჩემი აზრით საქართველოს მხრიდან ამ იდეის მხარდაჭერა ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება – თუ ეს საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე მოხდება, სადაც ერთ–ერთი მთავარი პირობა იქნება ის, რომ პროექტი უნდა იყოს საქართველოს დეოკუპაციის საგზაო რუქის შემადგენელი ნაწილი,– ამბობს ცქიტიშვილი და იქვე დასძენს, რომ „თუ გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, საქართველოსთვის ეს შესაძლოა ძალიან ხელსაყრელიც კი გახდეს. სხვა შემთხვევაში, რისკები მაღალია“.
მას საილუსტრაციოდ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილება მოჰყავს:
„მოგეხსენებად,1990–იანი წლების ბოლოს ბალკანეთში მდგომარეობა ძალიან რთული იყო: იყო ბევრი დაპირისპირება, ბევრი სისხლი დაიღვარა, იყო მნიშვნელოვანი შიდა პრობლემები დემოკრატიული გამოწვევების თვალსაზრისით. მაშინ ევროკავშირმა ბალკანეთის ქვეყნებს ერთგვარი „საგზაო რუქა“ შესთავაზა – ენერგეტიკული კავშირი დაფუძნდა, რაც ეტაპობრივად ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირთან თანამშრომლობის და მასში გაწევრიანების პროცესად გარდაიქმნა. საბოლოო ჯამში, პროცესი ბალკანეთის ქვეყნებმა ეფექტურად გამოიყენეს და მოგვიანებით ისინი ევროკავშირის წევრებიც გახდნენ. ამდენად, თუ რკინიგზის საკითხი იქნება საერთაშორისო დიალოგის ნაწილი, რომელშიც ჩართული იქნება გაერო, ევროკავშირი, შესაძლებელია, ეკონომიკური/ინფრასტრუქტურული პროექტი გამოყენებულ იქნას სამომავლო მშვიდობის მშენებლობის საფუძვლად. კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო ფორმულებიც ამგვარია, რომ ეკონომიკური კავშირების გამონახვითაა შესაძლებელი მშვიდობის დამყარება, გახლეჩილი საზოგადოებების შერიგება. პირობითად, თუ საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთი იფუნქციონირებს, ქართველები და აფხაზები ერთად იმუშავებენ და ა.შ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმისთვის, რომ ყველა რისკი იყოს დაზღვეული, ეს საერთაშორისო გადაწყვეტილებებით უნდა იყოს გამყარებული“.
ცქიტიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ეს ძალიან რთული პროცესია და უპრიანი იქნება, ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს:
„მე, საქართველოს ხელისუფალების ადგილას, ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი. ვიტყოდი, რომ „ამ ეტაპზე საქართველო არაა მზად, ამგვარი პროექტი განიხილოს და რომ მსგავსი პროექტის განხილვა მხოლოდ ფართო პაკეტის ფარგლებშია შესაძლებელი, რომელიც იქნება გზა დეოკუპაციისა და შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის აღდგენისკენ“. ბუნებრივია, საქართველომ აფხაზეთში, საკუთარ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის სახსრები უნდა გაიღოს, მაგრამ ეს საქართველოს ინტერესს უნდა მოხმარდეს; თუ დევნილები დაბრუნდებიან, მათი უფლებების დაცვა იქნება უზრუნველყოფილი და ა.შ. აქ ძალიან ბევრ თემაა და თუ საკითხი კომპლექსურად იქნება წარმოდგენილი, მასზე სერიოზული საუბარი შესაძლებელი გახდება, თუმცა ამ ეტაპზე ეს არარეალისტური მგონია“.
რაც შეეხება რუსეთის მხრიდან ზეწოლას, ცქიტიშვილის მიაჩნია, რომ კრემლს ზეწოლის ყველა მექანიზმი უკვე აქვს გამოყენებული:
„ვფიქრობ, რუსეთს ზემოქმედების ყველა მექანიზმი ამოქმედებული აქვს. არა კონკრეტულად ამ საკითხის გადასაწყვეტად, არამედ ზოგადად. ჩვენ ოკუპაციის მიმდინარე ცოცხალი პროცესი გვაქვს და ეს ყველაზე ძლიერი ზემოქმედების ინსტრუმენტია, რასაც უკვე წლებია, რუსეთი საქართველოს მიმართ იყენებს.
ვფიქრობ, ხელისუფლებამ, საზოგადოებამ ამ საკითხს არა ემოციურად – “არ გვინდა!“, არამედ რაციონალურად უნდა უპასუხოს– ყველა საკითხის განხილვა შეიძლება, თუ ის ქართული ინტერესიდან გამომდინარეობს. მაგრამ უბრალოდ ის, რომ ვინმეს ამ პროექტის განხორციელება დღეს კიდევ ერთხელ მოუნდათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველი არ უნდა გახდეს“.