29-03-2021 16:53:33 პოლიტიკა ,კომენტარი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, პოლიტიკის მეცნიერს, კვლევითი ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს კორნელი კაკაჩიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის მიუხედავად, პოლიტიკური აქტორების რიტორიკა ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს, რომ მედიაცია შეთანხმებით დასრულდება, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილება არა ევროკავშირის, არამედ მხარეების მისაღებია.
„ნებისმიერ შუამავალს შეუძლია, მხოლოდ პლატფორმა შექმნას, რომ ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, ეს გარემოება ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვთ ჩვენს პოლიტიკოსებს. ეს კი ნიშნავს, რომ თუ ეს შესაძლებლობაც ხელიდან გავუშვით და ეს მისიაც წარუმატებლად დასრულდა, ნაკლებ მოსალოდნელია ევროკავშირიდან მსგავსი ინიციატივების გამოჩენა, მით უფრო, თუ მათ საფუძველი არ ექნება. ეს კი ღიად ნიშნავს, რომ ორივე მხარე არ სცემს პატივს შუამავლის მცდელობებს. აქედან გამომდინარე, მათი რიტორიკა, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, ბევრს არაფერს ნიშნავს“,– ამბობს „აქცენტთან“ კაკაჩია.
წარუმატებელი მედიაცია კი მისი შეფასებით, უჩვენებს, რომ ქვეყანას მოუმწიფებელი პოლიტიკური კლასი ჰყავს, რომ ქართველი პოლიტიკოსები შორს არიან ევროპული ფასეულობებისგან:
„ევროპული ფასეულობები ბრიუსელში ვიზიტსა და მხოლოდ ხელის ჩამორთმევას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მონახონ საერთო ენა, რაც კომპრომისის კულტურის ქონას გულისხმობს. ეს კრიზისი წლების განმავლობაში გაგრძელდება, სანამ არ დავიწყებთ ფიქრს, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არ არიან მტრები. ასე ვერ მივაღწევთ პოლიტიკური სისტემის მდგრადობას და სტაბილურობას“.
მედიაციის პროცესის წარუმატებლობის შემთხვევაში კაკაჩია სანქციებს არა, მაგრამ გარკვეულ ცვლილებებს არ გამორიცხავს:
„ჯერ არ ვიცით, ჩაერევა თუ არა მაგალითად, შეერთებული შტატები. ალბათ, კიდევ რამდენიმე მცდელობა იქნება. ვფიქრობ, სანქციებზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან საქართველო ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. პარტნიორისთვის სანქციების დაწესება კი ალბათ, ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ შესაძლებელია, კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, იქნება ეს ვიზალიბერალიზაცია, თუ ფინანსური დახმარება, იყოს ცვლილებები, ყოველ შემთხვევაში, ტონი შეიცვალოს და აგრძნობინონ ხელისუფლებას, რომ საბოლოო ჯამში, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, ერთპარტიული დიქტატი დიდხანს ვერ გაგრძელდება, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ამაზე მე მგონი, ნაკლებად ფიქრობენ ხელისუფლებაში, რადგან მათ, შესაძლოა, ზოგჯერ სამართლიანადაც ჰქონიათ, რომ ოპოზიციის პოზიციაა რადიკალური. ხელისუფლებას მეტი მოეთხოვება, მით უფრო, რომ მესამე ვადით მოვიდნენ ქვეყნის სათავეში და კიდევ უფრო განამტკიცეს ერთპარტიული სისტემა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, პარტნიორებში აღტაცებას არ იწვევს“
ვინაიდან მედიაციის პროცესი ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარეობს, რესურსის ამოწურვამდე კაკაჩია მასში ამერიკელი პოლიტიკოსების ჩართვას არ ელის:
„პრობლემა არ შუამავალში, პოლიტიკოსების დღის წესრიგში, მათ შეურიგებლობაშია. არც ერთ მხარეს არ მოუხსნია „წითელი ხაზები“. ჯადოსნურ ჯოხს კი არავის ფლობს: თუ მხარეებს არ აქვთ სურვილი შეთანხმების, მათ ვერავინ აიძულებს. ოპოზიციის მოლოდინი, რომ ხელისუფლებას „ხელებს გადაუგრეხენ“ და სანქციებს დააწესებენ, ნაკლებადაა რეალისტური. სჯობს, შუალედურ ეტაპზე მოიძებნოს გამოსავალი,რადგან მაქსიმალიზმის პოლიტიკამ ჩიხამდე მიიყვანა ქვეყანა და შესაძლოა, კიდევ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს, თუ ამ შესაძლებლობასაც ხელიდან გავიშვებთ. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არაა ქვეყანა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დიდხანს დარჩეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამან შესაძლოა, პარტნიორების „გადაღლა“ გამოიწვიოს, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა: ევროპაში გარკვეული დროის განმავლობაში უკრაინის თემის გაგონებაც არ სურდათ. საქართველო არის რეგიონში სტრატეგიული მნიშვნელობის, მაგრამ ევროპული უსაფრთხოებისთვის უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია. და თუ ასე გავაგრძელებთ, ეს ნიშნული შორს არ იქნება.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და ევროპას სურს, ნახოს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, როგორ შეძლო ამ პატარა ქვეყანამ კონსენსუსზე დამყარებული დემოკრატიის შექმნა, რომ ქართული პოლიტიკური კლასი მომწიფებულია, ენერგია კი მიდის რეფორმებში“.