რის დისკრედიტებას ცდილობს რუსული პროპაგანდა: $4 334 000 000-ის ოდენობის ამერიკული ფინანსური დახმარება საქართველოს

29-10-2023 14:48:27 ანალიზი

რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია, აქტიურად იყენებს პროპაგანდას, როგორც იარაღს სხვადასხვა ქვეყნებში საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ჩვენს ქვეყანაში მის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი, შესაბამისად, ყველა ის სახელმწიფო თუ არასამთავრობო ინსტიტუტი, პოლიტიკური ძალა თუ ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ამ საგარეო პოლიტიკურ კურსს ემხრობიან და ატარებენ. ამავე კონტექსტში რუსული სადეზინფორმაციო პროპაგანდის ხშირ სამიზნეს წარმოადგენენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები და ინსტიტუტებიც, მათ შორის – ევროკავშირი, ნატო, ევროპის ქვეყნები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ. რუსული პროპაგანდა მიზანმიმართულად ეწევა დასავლური დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, თავისუფალი ბაზრის პრინციპების დისკრედიტაციას.

სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და ინტერესთა ჯგუფების გამოყენებით აშშ-ის მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება ანტიდასავლური და/ან პრორუსული პროპაგანდის აქტორების ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს. მიზნის მისაღწევად ისინი იყენებენ სხვადასხვა ნარატივებს, რათა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უკიდურესად ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინონ, საბოლოო ჯამში კი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში ღიად პრორუსული (ან, მინიმუმ, ანტიდასავლური) პოლიტიკური ძალების მოყვანით საქართველოს რუსული გავლენის სფეროში დაბრუნება უზრუნველჰყონ.

რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სადეზინფორმაციო ნარატივი ასე ჟღერს: “აშშ-ის სამსახურში მყოფი საქართველო ვერ აცნობიერებს, რომ საპასუხოდ ვაშინგტონისგან ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს – პირიქით, აშშ იყენებს საქართველოს საკუთარ ინტერესებში ქვეყნის საზიანოდ”.

ამ ცრუ ნარატივის გასაბათილებლად მკითხველს კონკრეტულ – ამჯერად ციფრებში გამოხატულ მონაცემებს ვთავაზობთ იმაში დასარწმუნებლად, რაოდენ დიდია რეალურად, საქართველოსადმი აშშ-ის ჯერ მარტო ფინანსური დახმარება, რომლის დისკრედიტაციასაც ცდილობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპანტი რუსეთი. 1992-დან დღემდე დახმარების სახით გამოყოფილი ფინანსების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია „აქცენტმა“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან გამოითხოვა.

აშშ–ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის 1992–დან 2009 წლამდე პერიოდში გამოყოფილი ფინანსური დახმარება

1990-იან წლებში (1992–დან 2000 წლის ჩათვლით) აშშ–ის მთავრობამ საქართველოსთვის საერთო ჯამში, 860 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გამოყო (წელიწადში საშუალოდ 96 მლნ აშშ დოლარი).

2000-იან წლებში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე აშშ–ის ყველაზე მეტი დახმარების მიმღები გახდა ევროპასა და ევრაზიაში. 2001-დან 2007 წლამდე აშშ–ის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილი დახმარების ოდენობამ 945 მლნ დოლარს გადააჭარბა (წელიწადში საშუალოდ 135 მლნ აშშ დოლარი).

ამასთან, 2005 წელს საქართველოს აშშ-ის "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან" (MCC) 295 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ხუთწლიანი (2006-2011) გრანტი მიენიჭა გზის, მილსადენისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, ასევე აგრობიზნესის განვითარებისთვის.

მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, შეერთებულმა შტატებმა ჩვენს ქვეყანას დახმარება მნიშვნელოვნად გაუზარდა. აშშ-ის მთავრობამ მყისიერად გამოყო ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარების სახით 38 მლნ აშშ დოლარი, რომელიც საქართველოს ამერიკული თვითმფრინავებისა და საზღვაო თუ სანაპირო დაცვის გემების გამოყენებით მიეწოდა.

2008 წლის სექტემბერში იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა საქართველოსთვის დახმარების პაკეტის გამოყოფის თაობაზე, რომლის ოდენობა, სულ მცირე, 1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. 2008–2009 წლებში აშშ–ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილმა დახმარებამ, საერთო ჯამში, 1,04 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის დამატებითი ფონდებიდან 634 მლნ აშშ დოლარი გამოიყო. კიდევ 100 მილიონი აშშ დოლარი ჩვენმა ქვეყანამ MCC–სგან მიიღო.

2008 წლის ომის შემდეგ საქართველო კვლავაც რჩებოდა ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ის საგარეო ფინანსური დახმარების მთავარ მიმღებად.

1992-დან 2009 წლამდე აშშ–ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების საერთო ოდენობა 3 მილიარდ 200 მილიონს შეადგენს.

USAID-ს მიერ საქართველოსთვის 1992–2009 წ.წ. გამოყოფილი ფინანსური დახმარება:

გარდა ამისა, 1992 წლიდან საქართველოში მუშაობა დაიწყო აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID). გასული 27 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა საქართველოს USAID–ს საშუალებით 1.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია. ამ წარმატებული პარტნიორობის საფუძველზე აშშ-ის მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარს უთმობს 50 პროგრამას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ, თავისუფალი ბაზრის მქონე, დასავლურ ორიენტაციას.

USAID–ს მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება შედის აშშ–ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების საერთო ოდენობაში.

აშშ–ის მთავრობის დახმარება 2010 წლიდან

2010-დან 2016 წლამდე აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება (მათ შორის - საგარეო სამხედრო დაფინანსება (FMF)) ყოველწლიურად საშუალოდ 77 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

გარდა ამისა, საქართველომ "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან" (MCC) 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მეორე ხუთწლიანი (2014-2019წწ.) გრანტი მიიღო, ამჯერად - საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და ტრენინგების ხელშეწყობის, ასევე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესწავლის გასაუმჯობესებლად.

2017 წლიდან აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება ყოველწლიურად საშუალოდ 123 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა (2020 წელს საქართველომ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID–სგან მიიღო 131 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება, მათ შორის, საგარეო სამხედრო დაფინანსება 40 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა).

2021 წლისთვის კონგრესმა საქართველოსთვის 132 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ორმხრივი (აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ს) დახმარება გამოყო, მათ შორის, 35 მლნ აშშ დოლარი - საგარეო სამხედრო დაფინანსებისთვის.

საერთო ჯამში, 2010-დან 2021 წლამდე აშშ–ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ოდენობა 1 მილიარდ 134 მილიონს შეადგენს.

ამასთან, 2022 წლისთვის აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი და USAID ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოსთვის 120,6 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითხოვენ.

მთლიანობაში კი, 1992 წლიდან დღემდე აშშ–ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების ოდენობა უკვე 4 მილიარდ 334 მილიონ დოლარს შეადგენს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები