
აფხაზეთში გიორგი ლუკავას საქმის ირგვლივ სკანდალის ახალი ტალღა გორდება
07/03/2019 17:53:45 კონფლიქტები
აფხაზურმა საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში დე ფაქტო პარლამენტის სარჩელი, რომლითაც დეპუტატები გიორგი ლუკავას შეწყალების შესახებ «პრეზიდენტის» ბრძანებულების კონსტიტუციურობის შესწავლას მოითხოვდნენ. ამან ოკუპირებულ რეგიონში ლუკავას ხმაურიანი საქმის ირგვლივდროებით მიძინებული ვნებათაღელვა კვლავ გამოაცოცხლა.
2013 წლის სექტემბერში აფხაზურმა უზენაესმა სასამართლომ შეიარაღებული ფორმირება „ტყის ძმების“ ერთ–ერთ ლიდერ გიორგი ლუკავას რამდენიმე, მათ შორის „ბანდის შექმნის“, მკვლელობისა და ადამიანის გატაცების მუხლებით 20–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ქართული საზოგადოებისთვის გიორგი კულავას შესახებ ფართოდ 2017 წლიდან გახდა ცნობილი: მისმამეუღლემ ლალი ბასარიამ ქართველ ჟურნალისტებს ამცნო, რომ გიორგი წამების მსხვერპლი იყო. ლუკავას ნახვა მან დრანდის ციხეში მცირე ხნით 2016 წლის ზაფხულში მოახერხა და მის სხეულზე წამების კვალი შენიშნა.
„ერთ ღამეს ერთი ფეხით ჰყავდათ ჩამოკიდებული, მეორე ღამეს - მეორეთი. ფეხები აქვს შეჭმული,ტანზე ყველა ადგილზე ეტყობა, რომ აწამებდნენ",– აცხადებდა ბასარია.
წამების ფაქტი დაადასტურა თავად ლუკავამაც, როდესაც ქართველმა ჟურნალისტებმა მასთან სატელეფონო კავშირის დამყარება შეძლეს.
2017 წლის დასაწყისში დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გიორგი ლუკავა შეიწყალა, თუმცა ქართულ მხარეს იგი მხოლოდ რამდენიმე თვეში გადმოეცა.
2017 წლის მარტში, შეწყალებიდან 55 დღეში ლუკავას მეუღლემ ენგურის ხიდთან საპროტესტო აქციები წამოიწყო და მეუღლის ქართული მხარისთვის გადმოცემის დაგვიანებას აპროტესტებდა.
„უკვე 55 დღეა, გიორგი შეწყალებულია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას შიში აქვს, გაცვლისშემთხვევაში ამას დიდი აურზაური არ მოჰყვეს. ჩემი ინფორმაციით, აფხაზური მხარე ითხოვს კადიევს,ან კიდევ მეორე ჩეჩენს, რომლებზეც უკვე გადახდილია დიდი ოდენობით თანხა, ისინი კი დევნილისსტატუსის მინიჭებას ითხოვენ“,– ამბობდა მაშინ ბასარია.
ოჯახს ლუკავა წინასაახალწლოდ, 25 დეკემბერს დაუბრუნდა.
ლუკავას შეწყალებისა და ქართული მხარისთვის გადაცემის გადაწყვეტილებამ მაშინ აფხაზური ოპოზიციისა და საზოგადოებრიობის ღრმა შეშფოთება გამოიწვია. 2018 წლის 3 და 5 იავარს სოხუმში, დე ფაქტო ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქციები გაიმართა: «გიორგი ლუკავას მსხვერპლთა» ახლობლები და ნათესავები ოპოზიციასთან ერთად დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ.
თავად რაულ ხაჯიმბა საპასუხოდ აცხადებდა, რომ გიორგი ლუკავას შეწყალების გადაწყვეტილება აფხაზურ კონსტიტუციასთან თანხვედრაში იყო. ხაჯიმბას პრეს–სამსახურმა კი განმარტება გაავრცელა იმის შესახებ, რომ ლუკავას ქართული მხარისთვის გადაცემა დაკავებულთა გაცვლის პროცესის ფარგლებში განხoრციელდა.
ლუკავას საქმის ირგვლივ ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ განცხადების გაკეთება ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერ ანატოლი ბიბილოვსაც მოუწია: „ლუკავა ქართულ მხარეს ჩვენი თხოვნით გადაეცა, რათა ქართულ ციხეებში მყოფი ოსები დაგვეხსნაო“.
2018 წლის 5 იანვარს აფხაზურმა პარლამენტმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გიორგი ლუკავას გადაცემის ფაქტის გამოსაძიებლად კომისია შექმნა. მოგვიანებით კომისიამ ამ გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესწავლის შესახებ სარჩელით ახლადჩამოყალიბებულ დე ფაქტო საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
„პრეზიდენტის ბრძანებულება არ შეიცავს მონაცემებს იმის შესახებ, რა გახდა მისი გამოცემის საფუძველი; ბრძანებულებას ხელი იმ მოთხოვნების გაუთვალისწინებლად მოეწერა, რომელიც პრეზიდენტთან მოქმედი შეწყალების კომისიის შესახებ დებულებითაა გათვალისწინებული; დადგინდა, რომ ლუკავამ პრეზიდენტს მიმართა შუამდგომლობით შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ და, გარდა ამისა, მას არ ჰქონდა მოხდილი სასჯელის ვადის ნახევარი, რათა ფორმალურად წარმოქმნილიყო მისი შეწყალების საფუძველი“,– მიუთითებდნენ სარჩელში აფხაზი დეპუტატები.
თუმცა როგორც ამ დღეებში გაირკვა, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, ჩათვალა რა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილება «მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილებების ფარგლებში იყო მიღებული».
საქმე იმაშია, რომ აფხაზური კონსტიტუციის 53–ე მუხლის 23–ე პუნქტის თანახმად, პატიმრის შეწყალება დე ფაქტო პრეზიდენტის განსაკუთრებული კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი განხორციელება არ უკავშირდება არანაირ პირობებსა და შეზღუდვებს; შეწყალების აქტი შესაძლებელია, გამოიცეს შესაბამისი სარჩელის, თანხმობისა და თავად შესაწყალებელი პირის ნების საწინააღმდეგოდაც კი.
აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო საკონსტიტუციო სასამართლოს 5 მოსამართლიდან ერთი – დიანა ფილია კოლეგებს არ დაეთანხმა. მისი აზრით, „პრეზიდენტს არ განუხილავს შეწყალების უფლებამოსილება სახელმწიფოს მეთაურის უფლებებთან და ვალდებულებებთან ერთობლიობაში“:
„საკონსტიტუციო ნორმის გარდა, სხვა მარეგლამენტირებელი ნორმებიც უნდა ყოფილიყო დაცული, მათ შორის – „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოქმედი შეწყალების კომისიის დებულებაც“. ამ შემთხვევაში ლუკავას საქმე კომისიას არ განუხილავს, ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს დეპუტატების სარჩელის წარმოებაში არმიღების საფუძველი არ ჰქონდაო“.
დე ფაქტო პარლამენტს სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. დუმილს ამჯობინებს ლუკავას ქართული მხარისთვის გადაცემის ფაქტისშემსწავლელი კომისიაც.
ერთადერთი, ვისი პოზიციაც ამ დროისთვის განსაჯაროვდა, თენგიზ ჯოპუაა – საზოგადოებრივი მოძრაობა „საერთო საქმის“ ლიდერი:
„ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ აჩვენა, რომ აფხაზეთში კანონი მას ეკუთვნის, ვისაც ძალაუფლება და ძალა გააჩნია. რაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემას ხელისუფლებამ დააკლო, იმას დამატებით ანგრევს ახლადშექმნილი საკონსტიტუციო სასამართლო. ლუკავას საქმე დაუსჯელობისა და აბსოლუტური უკანონობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ადამიანები თვლიან, რომ უფლება აქვთ, ნებისმიერი გადაწყვეტილება საკუთარი სურვილისამებრ მიიღონ. რატომ არის ჩადებული შეწყალების მექანიზმში მსგავსი შესაძლებლობა? ფლობ რა ასეთ უფლებას, გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა, სხვა იმ ადამიანების უფლებები შელახო, რომლებიც კონკრეტული დამნაშავის ქმედებებმა დააზარალა. საზოგადოებას სურს, იცოდეს, რისთვის, რა პირობებში და რა მიზეზით შეიწყალეს და გაათავისუფლეს გიორგი ლუკავა. ეს სრულიად ნორმალური მოთხოვნაა ცივილიზებული სახელმწიფოსთვის“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021