
"ხანგოშვილის გადმოცემის საკითხი სპეცსამსახურების დონეზე განიხილებოდა, ოფიციალური განაცხადი არ ყოფილა"
19/12/2019 11:37:18 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, სამართალი
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის გადაცემის საკითხი "სპეცსამსახურების დონეზე განიხილებოდა და ოფიციალური განაცხადი არ ყოფილა“.
ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე და თავად მის პიროვნებაზე მოსკოვი და ბერლინი სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ, რომელს უნდა დავუჯეროთ?“, – იკითხა „შპიგელის“ მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტმა.
„ხანგოშვილის გადმოცემის საკითხი სპეცსამსახურების დონეზე განიხილებოდა. თუმცა ოფიციალური განაცხადი არ ყოფილა“, – უპასუხა პუტინმა.
ამასთან, მან გაიმეორა ის, რაც მანამდე პარიზში გამართულ ბრიფინგზე ითქვა:
„ხანგოშვილი ცივსისხლიანი მკვლელი გახლდათ. კავკასიაში განხორციელებულ მხოლოდ ერთ აქციაში, მან 98 ადამიანის სიცოცხლე მოსპო. ასეთი ადამიანები არიან ტერორისტები, მკვლელები და ისინი თავისუფლად დათარეშობენ ერთ–ერთი ევროპული ქვეყნის დედაქალაქში“.
შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს პუტინმა ხანგოშვილი “სისხლიან და განსაკუთრებით საშიშ ბანდიტად” მოიხსენია.
მისივე თქმით, რუსულ მხარეს არაერთგზის დაუყენებია გერმანულის წინაშე ხანგოშვილის გადაცემის საკითხი, თუმცა ბერლინის მხრიდან “ურთიერთგაგება ვერ ჰპოვა”.
მალევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა უარყო პუტინის განცხადება.
როგორც ჰაიკო მაასმა გერმანიის საზოგადოებრივ ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტის მტკიცება თითქოს, ხანგოშვილის გადაცემის შესახებ არაერთი მიმართვის მიუხედავად გერმანელ კოლეგებთან ურთიერთგაგებას ვერ მიაღწიეს, "უცნაურად ჟღერს და დანაშაულის გამართლების მცდელობას ჰგავს".
ცნობისთვის: ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს მოკლეს. გერმანიის პროკურატურა მიიჩნევს, რომ მისი მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების, ან უშუალოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული მმართველის – კადიროვის მიერ შეიძლებოდა, ყოფილიყო ორგანიზებული.
The Insider, Bellingcat და Spiegel ასევე წერდნენ, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს შესაძლოა, რუსულ სპეცსამსახურებთან ჰქონოდა კავშირი.
პუტინის ბრალდებას ხანგოშვილმა 2016 წელს "აქცენტისთვის" მიცემულ ინტერვიუში უპასუხა:
არასდროს დამიმალავს, რომ რუსეთ–ჩეჩნეთის ომში ვიბრძოდი და ჩემი მეორე სამშობლოს ინტერესებს ვიცავდი. ამასთან, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დროს გავწიეთ ორგანიზება, შევკრიბეთ ქისტები და მზად ვიყავით საომრად. იქ, სადაც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ და ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად შემიძლია ბრძოლა, ამას მომავალშიც გავაკეთებ, ბუნებრივია, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მათი ინტერესების დამაბრკოლებელი ფიგურა არა, მაგრამ ჭანჭიკი მაინც ვარ. გარდა ამისა, კონკრეტული ადამიანების ლიკვიდაციისთვის გამოიყოფა თანხა და ეს მათთვის, ასე ვთქვათ, ფულის კეთების წყაროც არის. ამასთან, ქართველმა გამომძიებლებმა მითხრეს, თითქოს ბესლანის საქმესთან მქონია კავშირი. სისულელეა! დავიწყოთ იმით, რომ ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მქონია და თავად ამბის თაობაზე ტელევიზიით შევიტყვე. თუ არ ვცდები, მაშინ აზერბაიჯანში ვიყავი, ზუსტად არ მახსოვს. ამ საქმესთან ჩემს კავშირს ვერაფრით დაადასტურებენ. ამასთან, თუ რუსულ მედიას გადაავლებთ თვალს, უამრავ რამეში მადანაშაულებენ, მათ შორის - ტერაქტების განხორციელებაშიც. ეს ტყუილია. ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ჩემს მიერ განხორციელებული რომელიმე ქმედების დროს თუნდაც ერთი სამოქალაქო პირი დაშავებულიყოს, არათუ დაღუპულიყოს! რაც შეეხება რუს სამხედროებს, ვიმეორებ, ჩეჩნეთის ომში ვიბრძიოდი. თავდასხმამდე მომაწოდეს ინფორმაცია, რუსები საქართველოში ნიადაგის მომაგრებას ცდილობენ და პოტენციური მოწინააღმდეგეების გაწმენდას შეეცდებიან, ამიტომ ფრთხილად იყავიო. ამისთვისაც არ მიმიქცევია თავის დროზე ყურადღება “.
რაც შეეხება პუნის მიერ ნახსენებ ჩეჩნეთის მეორე ომს, ის 1999 წელს პუტინისვე ინიციატივით დაიწყო, რომლის საბოლოო მიზანიც ჩეჩნეთის რუსეთის ფედერაციისგან გამოყოფის აღკვეთა იყო. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს რუსეთმა ომის დანაშაულებები ჩაიდინა: Amnesty International-ის 2001 წლის ანგარიშის მიხედვით 2000 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდში რუსეთმა ჩაიდინა ისეთი ომის დანაშაულებები, როგორიცაა მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, სოფლების დაბომბვა, სამედიცინო დაწესებულებების განადგურება, სამხედრო ტყვეების წამება, მოროდიორობა, სექსუალური ძალადობა და ა.შ. ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის "მემორიალის” მონაცემებით, ჩეჩნეთის მეორე ომში მოკლული და გაუჩინარებული მშვიდობიანი ჩეჩნების რიცხვი 25 000-ს აჭარბებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნების მხრიდან ასობით სარჩელი შევიდა. 2005 წელს სასამართლომ პირველად განსაზღვრა რუსეთის სახელმწიფოს მიერ ჩეჩნების მიმართ სიცოცხლის უფლების დარღვევა, წამება და არაადამიანური მოპყრობა.
1999 წლის 21 ოქტომბერი - ჩეჩნეთის დედაქალაქი გროზნო რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით დაბომბა, რასაც HALO Trust-ის მონაცემებით მინიმუმ 137 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
2000 წლის 4 თებერვალი - რუსმა სამხედროებმა შეუტიეს სოფელ კატირ იურტს. მოსახლეობამ სამხედროებისგან მიიღო პირობა, რომ ისინი სოფელს თეთრ დროშიანი ავტობუსებით უსაფრთხოდ დატოვებდნენ. დაპირების მიუხედავად, ჩეჩენი მოსახლეობით დატვირთული კოლონა რუსი სამხედროების მიერ დაიბომბა. კატირ იურტის დაბომბვა 2 დღე გაგრძელდა, რასაც 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
2000 წლის 5 თებერვალი - გროზნოს მახლობლად, დაბა ნოვიე ალდიში რუსი სამხედროების მიერ ჩატარებულ "წმენდას” 60-ზე მეტი ჩეჩენი შეეწირა. მათგან არცერთი ყოფილა მებრძოლი. უმეტესობა ქალები და მოხუცები იყვნენ.
2000 წლის მარტი - რუსი სამხედროები თავს დაესხნენ სოფელ სამაშკიში მცხოვრებ ქალებსა და ბავშვებს. თავდაპირველი დაპირებით, სოფლის მაცხოვრებლებს ექნებოდათ 1 დღე საკვების შესაგროვებლად, თუმცა ეს დაპირება არ შესრულებულა. საარტილერიო თავდასხმას მინიმუმ 3 ქალის სიცოცხლე შეეწირა, 5 კი დაშავდა.
Amnesty-სა და Human Rights Watch-ის ინფორმაციით, 300 000-მდე ჩეჩენს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. ეს რიცხვი თითქმის თანაბრად ნაწილდება ჩეჩნეთსა და ინგუშეთზე. ინგუშეთში ჩეჩნები მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ. მათ რუსეთის ფედერაციის სხვა ტერიტორიაზე გადასვლა ეკრძალებოდათ.
2000 წლის 17 თებერვალი - რუსმა სამხედროებმა დაბომბეს სოფელი ასლანბეკ-შერიპოვო. 2013 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) რუსეთის სახელმწიფოს დაავალა 1.2 მილიონი ევროს გადახდა 13 ჩეჩენითვის, რომელთა 18 ნათესავი აღნიშნული სოფლის საარტილერიო დაბომბვას შეეწირა.
ფილტრაციის ბანაკები - მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რუსი სამხედროები აკავებდნენ ჩეჩნებს და ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში გადაჰყავდათ. ამ ბანაკებში ჩეჩნები არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლნი ხდებოდნენ. გადარჩენილების ჩვენებებით, ბანაკებში წამება სისტემატურად ხდებოდა.
2008 წლისთვის ჩეჩნეთში 57 რეგისტრირებული საერთო სამარხი იყო. Amnesty-ს ცნობით, სამარხებში ნაპოვნი ადამიანების უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021