
ჯარში გაწვევა სტუდენტებისა და სასულიერო პირებისთვის: „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
21/11/2023 10:25:24 თავდაცვა
ახლად დამტკიცებულ, ახალ „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად სამხედრო სავალდებულო სამსახურს და მის გადავადებას ეხება.
როგორ მკაცრდება ჯარში გაწვევა სტუდენტებისთვის
დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვერ გადაავადებს სტუდენტი, რომელიც დისტანციურად სწავლობს. ეს ცვლილება ეხებათ იმ სტუდენტებსაც, რომლებმაც უცხოეთის უნივერსიტეტში ჩააბარეს, თუმცა განათლებას არა უცხო ქვეყანაში ადგილზე, არამედ დისტანციურად, საქართველოდან იღებენ. დისტანციურ სწავლებაზე ჩანაწერი თავდაცვის კოდექსში აქამდე არ არსებობდა.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონი ასეთ სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გასავლელად მათთვის ოპტიმალურ ფორმას შესთავაზებს, მაგალითად:
- რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა;
- სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა - 4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე;
- სამხედრო სამსახურის სახეებიდან, რომელიც 6-, 8- და 11-თვიანია, ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა;
ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, მეთაური სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით ვალდებული იქნება ხელი შეუწყოს სამხედრო მოსამსახურეს სწავლაში. სტუდენტები სამხედრო ბაზაზე არსებული ბიბლიოთეკებით, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებებით, სპორტული ნაგებობებითა და ინვენტარით ისარგებლებენ. უზრუნველყოფილი იქნება დისტანციური სწავლებისთვის საჭირო გარემო, ტექნიკა, ინტერნეტი.
სტუდენტებთან დაკავშირებით ჩანაწერს დაემატა სიტყვა „აქტიური“, ანუ გადავადების უფლებით ისარგებლებენ ის სტუდენტები, რომელთა სტატუსიც სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, აქტიურია.
ბუნდოვანია, წავლენ თუ არა ჯარში ისინი, ვინც მაგისტრატურაზე მეორედ ჩააბარეს.
როგორ მკაცრდება ჯარში გაწვევა სასულიერო პირებისთვის
ახალი თავდაცვის კოდექსით, „მღვდელმსახურის“ სტატუსის ქონა სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძველი აღარაა. არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებს სამხედრო სამსახურის ალტერნატიული, არასამხედრო ფორმით გავლა უწევთ. ამ საკითხს, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს. კერძოდ, მოქმედი წესით მშვიდობიან პერიოდში არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაიწვევა:
- პირი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, მაგრამ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურის გავლაზე;
- სასულიერო პირი.
თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი) არსებობს.
მოქმედი კანონით, იმ პირებმა, რომლებიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით სამხედრო სამსახურზე უარს ამბობენ, პროცედურა უნდა დაიცვან:
- წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ დოკუმენტის მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა მიმართონ გამწვევ კომისიას განცხადებით, რომ ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა სურთ;
- განცხადებას გამწვევი კომისია განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად სახელმწიფო კომისიას უგზავნის;
- უარის შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს, საქმე სასამართლოში წაიღოს. განხილვის დასრულებამდე მისი საკითხი შეჩერებულია, ანუ ჯარში არ გაიწვევენ.
შეაჩერებს თუ არა სასამართლო სარჩელი გაწვევის პროცესს
მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებით, თუ ახალგაზრდას გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში, იგი კი მოითხოვს ალტერნატიულ შრომით სამსახურს, მას შეიძლება, უარი უთხრან და მაინც გაიწვიონ.
ახალგაზრდებს ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაცნობიდან 15 დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივრება შეეძლებათ, თუმცა მნიშვნელოვანია ის დამატება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. შესაბამისად, მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, სასამართლო სარჩელი პროცესს ვეღარ აჩერებს.
მაგალითად, თუ ახალგაზრდა რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირია, მოქმედი კანონით სამხედრო სამსახურის გავლა არ ეკუთვნის. შესაბამისად, მიმართავს სპეციალურ კომისიას, რომ არასამხედრო სამსახურში გაიწვიოს. კომისია მსჯელობს და ეუბნება უარს. ამის შემდეგ ახალგაზრდა გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს, თუმცა აღსრულებაზე გავლენას ვერ ახდენს, ანუ თავდაცვის სამინისტროს ჯარში მაინც მიჰყავს.