21-11-2023 17:54:39 კავკასია
აზერბაიჯანული მხარე სომხეთთან პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ერევანს სახელმწიფო საზღვარზე შეხვედრას სთავაზობს.
"პროცესი სერიოზულად შეანელა იმ ფაქტმა, რომ სომხეთს ორნახევარი თვე დასჭირდა სამშვიდობო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის წინადადებებზე პასუხისთვის. მშვიდობიან მოლაპარაკებებში ამგვარი პაუზა ხელს არ უწყობს სტაბილურობას და კეთილდღეობას რეგიონში. აზერბაიჯანი მზად არის სომხეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ორმხრივ საფუძველზე სამშვიდობო შეთანხმების სწრაფი დასრულებისთვის. მიგვაჩნია, რომ ორმა ქვეყანამ ერთად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მათი მომავალი ურთიერთობების შესახებ და მხოლოდ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამშვიდობო პროცესის გაგრძელებაზე, მათ შორის ურთიერთმისაღები ადგილის შერჩევაზე ან სახელმწიფო საზღვარზე შეხვედრის გადაწყვეტილებაზე. მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, არ დაუშვან შემდგომი შეფერხებები და ვიმედოვნებთ, რომ ისინი დადებითად უპასუხებენ ამ გამოწვევას, რათა რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკებები“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამშვიდობო შეთანხმების წლის ბოლომდე გაფორმების იმედი გამოთქვა.
თბილისში ამასწინანდელი მოულოდნელი ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების საქართველოში გამართვის ინიციატივა გააჟღერა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანმა ეს წინადადება უკუაგდო.
მისი განმარტებით, "ახლა, როცა განიხილება ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის საკითხი, სადაც, არსობრივად, უკვე შექმნილია გარკვეული ჩარჩოები, აზერბაიჯანი გვთავაზობს სხვა, ახალ პლატფორმას, ამით აზერბაიჯანს უკვე შეთანხმებული პრინციპების ნეიტრალიზება სურს. მძაფრდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს ფარულ გეგმასთან და ყველაფერი ძალის გამოყენებით, ახალი ესკალაციითა და ახალი ომით შეიძლება, დასრულდეს" - განუცხადა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ოქტომბერში.
პრემიერმა დააზუსტა, რომ "სომხეთის მხარე არანაირი საუბრის წინააღმდეგი არაა, მაგრამ წინააღმდეგია უკვე შეთანხმებული პრინციპების ჩარჩოებიდან გასვლის".