ახალგორი ტყვეობაში: დღე 108-ე

20-12-2019 13:48:23 კონფლიქტები

სანამ ახალგორის ოკუპირებულ რაიონში ფიქრობენ, როგორ შეასრულონ დე ფაქტო უშიშროების საბჭოს 2 დეკემბრის გადაწყვეტილება, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგისტრირებული პენსიონერები და მძიმე ავადმყოფები ჩაკეტილ დე ფაქტო საზღვარზე გამონაკლისის სახით გადმოატარონ, სამედიცინო დახმარების დროულად მიუღებლობის მიზეზით კიდევ ერთი ადგილობრივი – ამჯერად ეთნიკურად ოსი მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც “აქცენტს” უკვე 108-ე დღეა, ფაქტობრივ ტყვეობაში მყოფი რაიონიდან აცნობეს, ოჯახი პაციენტის თბილისში გადმოყვანას დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა – დე ფაქტო ხელისუფლება არ უშვებდა. ნოემბერში მისი მდგომარეობა დამძიმდა. მამაკაცი ცხინვალში გადაიყვანეს, თუმცა იქ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო. მხოლოდ 18 დეკემბერს, როცა პაციენტი უკვე ფაქტობრივად ლპებოდა, იგი თბილისისკენ გადმოუშვეს, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო...

ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ახალგორის საავადმყოფოში შექმნილია მედიკოსების ოთხკაციანი კომისია მთავარი ექიმის ხელმძღვანელობით იმ პაციენტების განაცხადების განსახილველად, რომელთაც სამკურნალოდ თბილისში წამოსვლა სურთ. თუმცა რა დაავადებების მქონე პაციენტებზე დაუშვებენ გამონაკლისს, ჯერ უცნობია.

მისივე ინფორმაციით, 2 დეკემბრიდან დღემდე კომისიას მხოლოდ ერთმა ქალბატონმა მიმართა, რომელსაც კიბოს მე-4 სტადიის დიაგნოზი აქვს დასმული. იგი ჯერ ასევე ცხინვალში გადაამისამართეს, იქიდან კვლავ ახალგორში დააბრუნეს და მხოლოდ შემდეგ გადაუშვეს თბილისისკენ.

ახლა ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლება თავს იმტვრევს იმაზე, როგორ აღასრულოს ე.წ. “უშიშროების საბჭოს” 2 დეკემბრის გადაწყვეტილება: პრაქტიკაში ამ მხრივ მთელი რიგი სირთულეები აღმოჩნდა, მაგალითად, ტრანსპორტის კუთხით: ვინ წაიყვანს პენსიონერებს? სამარშრუტო  ტაქსების მძღოლების უმრავლესობა ხომ “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეა” და დე ფაქტო უშიშროების გადაწყვეტილებით მოცულ პირთა წრეს არ განეკუთვნება, ამდენად “რაზდახანის” (ოსური სახელწოდება) გამშვებ პუნქტს ვერ გადაკვეთს.

«როგორც მსმენია, ახლა ასეთი ვარიანტი განიხილება: პირადი ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით პენსიონერებს გადამშვებ პუნქტამდე მიიყვანენ. «რაზდახანს» ისინი ქვეითად გადაკვეთენ, იქით მხარეს კვლავ ტრანსპორტში ავლენ და წეროვანამდე ჩააღწევენ. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც იქმნება სირთულეები. რა თქმა უნდა, შეიძლება, განისაზღვროს თარიღები, ორ თვეში ერთხელ ზუსტად როდის გადაუშვებენ ამ პენსიონერებს. შეიძლება, ყველა ერთად, ან ორ-სამ ნაკადად, რომ მოხუცები რიგებში არ გაიჭყლიტონ. მაგრამ ჩნდება კითხვა: როდის დაბრუნდებიან? რაიონის ხელმძღვანელობამ უნდა განსაზღვროს, რამდენი დღე უნდა მისცეს მათ დასაბრუნებლად. მათ ხომ ტრანსპორტი უნდა დახვდეთ, ამ დღეებში კი გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეებმა უნდა იმუშავონ» - განმარტავს თამარი.

თუმცა ეს ყველაფერიც რომ გადაწყდეს, წარმოიშობა კიდევ ერთი პრობლემა, ამბობს თამარ მეარაყიშვილი:

«არიან 80 წელს გადაცილებული პენსიონერები, რომელთაც თანმხლები პირების გარეშე წასვლა და, მაგალითად, ბანკომატით სარგებლობა არ შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ზოგიერთს იქით ნათესავები ჰყავს, თუმცა ყველას არა».

“არის ამ ისტორიაში კიდევ ერთი მომენტი, ერთდროულად სევდიანიც და სასაცილოც: მოხუცებს ხელისუფლების არ სჯერათ: მეტისმეტად ხშირად ატყუებდნენ, ამბობდნენ, «რაზდახანს» ორიოდ დღით ვკეტავთო”, მერე კი თვეობით არ ხსნიდნენ. ახლა პენსიონერები შიშობენ, რომ მათ საზღვარზე გადაუშვებენ, უკან კი აღარ შეუშვებენ” - წერს ამასთან დაკავშირებით “Эхо Кавказа”-ს ადგილობრივი მიმომხილველი მურატ გუკემუხოვი.

ადგილობრივი მოხუცების მსგავს განწყობას თამარ მეარაყიშვილიც ადასტურებს: პენსიონერებისგან ხშირად მსმენია, “ჯერ სხვები წავიდნენ, შევხედოთ, რა ბედი ეწევათო”.

ამ ფონზე ყველას მიავიწყდა დე ფაქტო საზღვრის მეორე მხარეს - წეროვანში ჩარჩენილი მოქალაქეები, რომლებიც 108 დღეა, ახალგორში ვეღარ ბრუნდებიან.

“[როგორც აქაური, ისე იქაური მმართველებისთვის] ორივესთვის ვართ ტერიტორია, არც ერთისთვის - ადამიანები. დავობენ ტერიტორიისთვის და არ ადარდებთ ყველაზე ძვირფასი – ადამიანი! ესაა ჩემი პრეტენზიის არსი.

ერთნაირებია ორივე. საკუთარი უპირატესობის წარმოსაჩენად ზრუნავენ და ჩვეულებრივი უდანაშაულო ადამიანები იჩაგრებიან” - დასძენს ამასთან დაკავშირებით თამარ მეარაყიშვილი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება



ახალი ამბები

სხვა სიახლეები