რას ევაჭრება «ოცნება» საქართველოს და რას ფიქრობენ დასავლეთში

20-12-2019 17:03:29 თვალსაზრისი ,ანალიზი

როგორც ჩანს, საერთაშორისო წნეხის ფონზე მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა რამდენიმე მაჟორიტარის დათმობა გადაწყვიტა. მართალია, პროპორციული წესით არჩევნებთან დაკავშირებული ცვლილებების ჩაგდების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემის თემა „დახურულად» გამოაცხადა, - ბრძანა, „საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი არ გვაქვსო“ და ამ მოტივით არ მიიღო ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული „გერმანული მოდელი“, თუმცა „დახურული თემა» არც ისე დახურული აღმოჩნდა: დღეს მმართველმა გუნდმა «გამოსავლად» კვლავ საკონსტიტუციო ცვლილებები შემოგვთავაზა. კერძოდ, «ოცნება» გამოდის ინიციატივით, მომავალ პარლამენტში 50 მაჟორიტარი იყოს წარმოდგენილი, ხოლო 100 სადეპუტატო მანდატი პროპორციული სისტემით გადანაწილდეს. გარდა ამისა, იცვლება კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც 2024 წლისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს და ყოველი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ მიერ „კომპრომისულ მოდელად“ წოდებული – კვლავ შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს.

საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში სადღეისოდ 89 დეპუტატი ჰყავს. მათ დაემატებათ პარლამენტიდან წასული დეპუტატების მანდატები და ჯამში 93 მოიყრის თავს. თუმცა ცვლილებებისთვის მმართველ პოლიტიკურ გუნდს ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

რას ფიქრობენ ოპონენტები

ოპოზიციაში ეს მოდელი ცალსახად არ მოიწონეს და გეგმავენ პროტესტის გაგრძელებას, მათ შორის - საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებით.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ხელისუფლების ამ შეთავაზების რეალიზების პერსპექტივის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი:

„შემოთავაზებული სისტემა სჯობს დღეს არსებულ გადანაწილებას, მაგრამ არ სჯობს იმას, რაც უკვე გვიწერია კონსტიტუციაში და რაც ძალაში უნდა შევიდეს 2020 წლის არჩევნების მეორე დღიდან. ამის შებრუნება ისევ შერეულ საარჩევნო სისტემაზე, თუნდაც უკეთესი პროპორციით, ძალიან გაძნელდება. არ მგონია, რომ ეს ინიციატივა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოაგროვებს“.

რისი მიღწევა სურს მმართველ გუნდს?

როგორც კნსტიტუციონალისტი, „გერმანული მოდელის“ ერთ–ერთი ავტორი ვახტანგ ხმალაძე „აქცენტთან“ საუბრისას განმარტავს, მმართველი გუნდის მიერ დღეს შემოთავაზებული ვერსია საქართველოში 2008 წლამდე მოქმედებდა და როგორც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ადასტურებს, მას შერეული სისტემის მანკიერი მხარე არ აღმოუფხვრია:

„2008 წლამდე თანაფარდობა პროპორციულსა და მაჟორიტარულს შორის იყო დაახლოებით 2/3 1/3–ზე (რასაც ახლა გვთავაზობენ) და შედეგები ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც ახლა დგება, ანუ პარლამენტში ერთი პარტია იღებს გაცილებით მეტ ადგილს, ვიდრე პროპორციულად ამომრჩეველთა რეალური მხარდაჭერა აქვს. ეს არის ამ სისტემის მანკიერება. 50/50–ზე იქნება პროცენტულად გადანაწილება, თუ სხვა პროპორციით - სულერთია. ცხადია, რაც უფრო მეტი იქნება მაჟორიტარული მანდატი, მით იზრდება სისტემისთვის დამახასიათებელი ნაკლით მიყენებული ზიანი. შესაბამისად, სისტემის შეუცვლელად ვერანაირი შესწორება ვერ მოგვიტანს რეალურ შედეგს, რომ პარლამენტში ამომრჩეველთა ნება რეალურად აისახოს. რა თქმა უნდა, თუ არ დასთანხმდნენ, რომ აირჩინონ ორი მაჟორიტარი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან, ხოლო დანარჩენი იყოს პროპორციულად. ეს ხომ ანეკდოტი იქნება?! ამიტომ, ეს არ არის ის, რაზეც შეიძლება სერიოზული მსჯელობა“.

ხმალაძისთვის მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მოტივი ნათელია:

„მოტივატორი ერთია: მაჟორიტარულ ოლქებში სერიოზულ უპირატესობას იღებენ ისინი, ვისაც აქვს დიდი ფული და ეხმარება ადმინისტრაციული რესურსი. სწორედ ამის შენარჩუნება უნდათ. მაგრამ რატომ ვერ ხვდებიან იმას, რომ ასეთმა სისტემამ დაცემული რეიტინგის პირობებში ხელისუფლებაში მყოფ პარტიას შესაძლოა, ყველაფერი დააკარგვინოს?! ასეთი მაგალითებიც ხომ გვქონდა... პროპორციული სისტემის შემთხვევაში კი «ოცნება» მიიღებს იმდენ მანდატს, როგორი პროპორციაც აქვს. დაახლოებით იგივე შედეგს მოგვცემდა გერმანულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც ოპოზიცამ შესთავაზა“.

საერთაშორისო მედია ბიძინა ივანიშვილისთვის ქონებრივი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ალაპარაკდა

გავლენიანი ამერიკული გამოცემა «The Wall Street Journal»-ის სარედაქციო საბჭომ საქართელოს სესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყანაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენებია განხილული.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ამერიკას ყოველთვის არ შეუძლია ისეთი სახის რეგრესის შეჩერება, როგორიც საქართველოშია, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს აქვს შესაძლებლობა, მცირედის ფასად დააყენოს საქართველო დემოკრატიის გზაზე.

სტატიაში მოკლედ არის შეჯამებული საქართველოში ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მმართველობის ბოლო შვიდი წელი:

“უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში ქვეყანა ეფექტურად იმართება ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე და მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ლიდერია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ივანიშვილმა და მისმა მოკავშირეებმა შეარყიეს ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტები და ძალადობივად დაარბიეს საპროტესტო აქციები”.

სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებები იმის შესახებ, რომ ქვეყანას სურს, ითანამშრომლოს ვაშინგტონთან, ასევე გაერთიანდეს ევროკავშირსა და ნატო–ში, თუმცა აღნიშნულია, რომ “მმართველმა პარტიამ საქართველოს კვლავ მოსკოვის გავლენის ქვეშ დაბრუნებისკენ უბიძგა”.

ამერიკული გამოცემის სარედაქციო ჯგუფის სტატიაში ყურადღება საქართველოში ზაფხულში განვითარებულ მოვლენებზეც მახვილდება, როდესაც “მმართველმა პარტიამ საქართელოს პარლამენტში დაპატიჟა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები»:

«სპიკერის სავარძელში რუსი პოლიტიკოსის ჩაჯდომამ ბევრი ქართველი აღაშფოთა… დემონსტრაციების ჩასახშობად ივანიშვილის მთავრობა ხალხს საარჩევნო რეფორმას დაჰპირდა, თუმცა ოპტიმისტური მომენტი დიდხანს არ გაგრძელებულა”.

ამ კონტექსტში სტატიაში აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დაწინაურებაც.

WSJ თეთრი სახლს წარსულში დუმილისთვის აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ «საქართველოსთვის ჯერ კიდევ არ არის გვიანი»:

«ერთ დროს საქართველო უკრაინის მსგავსი სახელმწიფოებისთვის ანტიკორუფციული სისტემის მაგალითს წარმოადგენდა, მას ჯერ კიდევ აქვს თავისუფალი პრესა და ჰყავს ძლიერი, თუმცა ალყაშემორტყმული ოპოზიცია. ტრამპს ან შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ კიდევ შეუძლიათ, განცხადების გაკეთებით დაეხმარონ პროტესტანტებს და ბატონ კინზინგერს».

სარედაქციო ჯგუფის სტატიაში განხილულია ბიძინა ივანიშვილის ქონებაც, რომელიც «მან 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა და რომელსაც დიდი რაოდენობით ფასიანი ქაღალდები აქვს დასავლეთშიც» და გამოთქმულია მოსაზრება, რომ “ქონებაზე სანქციების დაწესების საფრთხე, ასევე მისთვის და მისი ახლობლებისთვის მოგზაურობის შეზღუდვა ივანიშვილს უფრო მეტად გამოაფხიზლებს, ვიდრე საჯარო განცხადებები”.

«ამერიკა ვერ უკარნახებს საქართველოს, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში მოვლენები, თუმცა მას შეუძლია, უბიძგოს მმართველ პარტიას, იმოქმედოს უფრო დემოკრატიულად და საქართელოს პოლიტიკურ მოძრაობას ახალი სიცოცხლე შესძინოს, რის შემდეგაც საქართველო მოსკოვს ვაშინგტონსა და ბრიუსელს ამჯობინებს».

ახალი ამბები

სხვა სიახლეები