
ევროკავშირი კიდევ უფრო დაუახლოვდა საქართველოს, მაგრამ არა სოხუმს
26/11/2023 06:22:53 კონფლიქტები
2023 წლის 8 ნოემბერი საქართველოსთვის ისტორიულ დღედ იქცა. ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროპის საბჭოს მიეცეს რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს იმ პირობით, რომ ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს.
მართალია, ეს დიდ ევროპულ ოჯახში საქართველოს დაბრუნების გრძელ - ჯერ კიდევ 1996 წელს დაწყებულ გზაზე ფინალური ნაბიჯი არაა, მაგრამ უდავოდ ნიშანდობლივი მოვლენაა: ყველა მნიშვნელოვან სფეროში (დაწყებული სამოქალაქო უფლებების დაცვით, დამთავრებული საერთაშორისო პოლიტიკით) ევროკავშირთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი რეფორმების ტემპსა და ხარისხთან დაკავშირებული კრიტიკული შეფასებების მიუხედავად, შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ საქართველოსთვის გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. ევროკავშირი ხომ სადღეისოდ საუკეთესო მაგალითია თითქმის სამი ათეული ქვეყნის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირისა და ადამიანების ცხოვრების ორგანიზებისა; ეს არის ადამიანის უფლებების დაცულობა, დემოკრატიული მმართველობა, რეალური სამართალი, უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა. ამასთანავე, კანდიდატის სტატუსის მოპოვებით თბილისისთვის ევროკავშირისგან ახალი, დამატებითი პრეფერენციების მიღების შესაძლებლობა იხსნება.
სადღეისოდ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გააჩნიათ თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთს, ალბანეთს, უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს.
სტატუსის მქონე ქვეყნებს წვდომა აქვთ 14 მლრდ ევროს მოცულობის რამდენიმე თემატურ ფინანსურ ფონდთან (IPA III-2021-2027), რომელიც მოიცავს:
- ინსტიტუციური და ადმინისტრაციული პოტენციალის განმტკიცებას;
- სასოფლო, თემური დასახლებებისა და რეგიონების განვითარებას;
- ადამიანური რესურსების განვითარებას.
კანდიდატ ქვეყნებს ასევე გააჩნიათ შესაძლებლობა, დაფინანსება მიიღონ სამეზობლო განვითარების 19-მილიარდიანი ფონდიდან, რომლის სახსრები ასევე განვითარებასა და ეკონომიკურ პროგრესზეა მიმართული.
გარდა ამისა, 2027 წლამდე პერიოდზე გათვლილი ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა ასევე ებმის გაწევრიანების ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარებას ითვალისწინებს.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მდგენელი პირდაპირი ფინანსური დახმარებაა როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე კერძო სექტორის მხრიდან, სადაც დაახლოებით 30 მლრდ ევროა (9 მლრდ– გრანტები, 20 მლრდ –საფინანსო ინსტიტუტების ინვესტიციები) მობილიზებული ევროკავშირის ნორმებთან ადაპტირებისთვის.
საქართველოს წინაშე გახსნილ ეკონომიკურ პერსპექტივებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ მშპ-ის მაჩვენებლით ქვეყანა უკვე უსწრებს კანდიდატის სტატუსის მქონე ხუთ სახელმწიფოს: საქართველო – $24,6 მლრდ, ბოსნია – $24,5 მლრდ, ალბანეთი – $18,9 მლრდ, მოლდოვა – $14,4 მლრდ, მაკედონია – $13,5 მლრდ, მონტენეგრო – $6,1 მლრდ. ოქტობერში 2023 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 500 მლნ ლარით გაიზარდა საპროგნოზო მაჩვენებლის გადაჭარბებით შესრულების გამო და ჯამში 22 მლრდ 170 მლნ-ს (8 მლრდ 200 მლნ დოლარს) მიაღწია. ქართული სახელმწიფო დიდი ხანია, აღარაა დამოკიდებული უცხოურ შემოსულობებზე და თავის საჭიროებებს საკუთარი რესურსებით ფარავს – თავდაცვა იქნება ეს, მედიცინა, საჯარო სამსახურების თანამშრომელთა ხელფასები, სოციალური დახმარებები თუ პენსიები. უცხოური სახსრები საქართველოს მიმდინარე ბიუჯეტში ჯამში 2 მლრდ 160 მლნ ლარს, ანუ ბიუჯეტის 10%-ზე ნაკლებს შეადგენს. ამასთან, ეს თანხა თითქმის სრულად (1 მლრდ 880 მლნ ლარი) წარმოადგენს საერთაშორისო კრედიტებს, ანუ სკრედიტო ვალდებულებას, რომელსაც თბილისი დროულად და გამართულად ასრულებს. უცხოური „საჩუქრის“ სახით კი შეიძლება, განვიხილოთ გრანტები, რომლებზეც ბიუჯეტის მხოლოდ 1% - 280 მლნ ლარი მოდის. ასე, რომ ევროკაშირის ახალ შეღავათიან ფინანსურ რესურსებთან წვდომის გახსნა იძლევა საფუძველს, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმით შევხედოთ და ქვეყნის განვითრებას დამატებით იმპულსს შესძენს.
ამ ფონზე სოხუმი, რომელიც საბიუჯეტო კრიზისს განიცდის, თბილისთან ურთიერთობებში არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში განზე რჩება.
ცოტა ხნის წინ აფხაზურმა „პარლამენტმა“ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა: 2023 წლის შემოსავლების საერთო მოცულობა 10,4 მლრდ რუსულ რუბლს შეადგენს, ხარჯები - 12,3 მილიარდს, რაც 1,8-მილიარდიან დეფიციტს ნიშნავს. ამასთან, ესოდენ მოკრძალებულ ბიუჯეტშიც კი რუსული დოტაციები 6,2 მლრდ-ის ოდენობითაა გათვალისწინებული. ამგვარად, მიმდინარე სავალუტო კურსით მთელი აფხაზური ბიუჯეტი 102 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტურია და მის 60%-ს რუსეთის ფინანსური დახმარება შეადგენს.
სრულიად ნათელია, რომ სოხუმს ამ პირობებში არ ავნებდა დაფინანსებისა და ინვესტიციების დამატებითი წყარო, რაც სრულიად მიღწევადია იგივე დნესტრისპირეთის მაგალითზე:
დნესტრისპირეთი უკვე დიდი ხანია, სარგებლობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პრივილეგიით. ბრიუსელი რეგიონის სუვერენიტეტს არ სცნობს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარებისთვის. ტირასპოლის ადმინისტრაციის მტრული განცხადებების მიუხედავად, ჯერ კიდევ 2008 წელს გაჩნდა ევროკავშირის დადგენილება რეგიონისთვის ავტონომიური სავაჭრო პრეფერენციების შემოღების თაობაზე. ევროკავშირსა და მოლდოვას შორის ასოცირების შესახებ 2014 წლის შეთანხმების წყალობით დნესტრისპირეთის ყველა კომპანიას, რომელიც მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, შეუძლია, მოლდოვის გავლით ევროპულ ბაზარზე ექსპორტი და იმპორტი შედარებით დაბალი ტარიფებით განახორციელოს. 2015 წლიდან ევროკავშირსა და დნესტრისპირეთს შორის მოქმედებს საგზაო რუკა, რომელიც მთავარი მდგენელის სახით თავისუფალი (ექსპორტ-იმპორტის მოსაკრებლებისგან თავისუფალი) ურთიერთვაჭრობის უვადო რეჟიმის ეტაპობრივ შემოღებას ითვალისწინებს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მარტო 2022 წელს ევროკავშირში დნესტრისპირეთის ექსპორტი 64%-ით გაიზარდა. მეტიც, ევროკავშირი ტირასპოლისთვის საქონლის წამყვან მიმწოდებლად რჩება - მასზე რეგიონის იმპორტის ჯამური მოცულობის 50% მოდის, ექსპორტის დაახლოებით 70% კი სწორედ ევროკავშირის მიმართულებით ხორციელდება. დნესტრისპირეთი ვაჭრობს ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან 20-თან. რუმინეთის, იტალიის, პოლონეთის, გერმანიის ბაზრებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში დნესტრისპირული ექსპორტის 85-90% (2 მლრდ 263 მლნ დოლარის მოცულობით) შთანთქეს.
და ეს – იმ პირობებში, როცა ტირასპოლი დღემდე არ აღიარებს, რომ მის ტერიტორიაზე კიშინიოვის კონტროლისა და სერტიფიცირების ორგანოები მოქმედებს. საქმე იმაშია, რომ 2015 წელს მიღწეულ იქნა კომპრომისი (რომლის დეტალებს ბრიუსელი, კიშინიოვი და ტირასპოლი არ ასაჯაროებენ), რომელმაც დნესტრისპირული ექსპორტის შესაძლებლობა შექმნა. სწორედ ამ გარიგებამ გადაარჩინა დნესტრის მარცხენა ნაპირი უცილობელი ეკონომიკური კოლაფსისგან და როგორც ბოლო წლების პრაქტიკა აჩვენებს, ეს პრაქტიკულად არაფორალური შეთანხმება წლიდან წლამდე ხანგრძლივდება.
თუ ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით ტირასპოლის მაგალითი სოხუმზე გავრცელდებოდა, ეს ევროკავშირის განვითარების ფონდებზე გაფართოებული წვდომაც იქნებოდა, რაც ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მთლიანობაში ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ინიციატივებისა და სხვა პროგრამებისთვის ფინანსური სახსრების მიღებას გულისხმობს. ეს ყველაფერი სოხუმს დაეხმარებოდა, შეემცირებინა ფინანსური დამოკიდებულება რუსეთზე, რომელიც წლიდან წლამდე ამცირებს ფინანსურ დახმარებას სულ უფრო მკაცრი მოთხოვნების წაყენების პირობებში.
გარდა ამისა, ეს იქნებოდა შესაძლებლობა, სოხუმი ჩართულიყო ევროკავშირის სხვადასხვა საგრანტო პროგრამებში, როგორიცაა, მაგალითად, „ჰორიზონტი“ (კვლევებისა და ინოვაციების პროგრამა), «ერასმუს+» (უნივერსიტეტებს შორის სტუდენტებისა და პეფაგოგების გაცვლის პროგრამა), «კრეატიული ევროპა» (კულტურის სექტორის მხარდაჭერის პროგრამა) და მრავალი სხვა. წამყვან ევროპულ სასწავლებლებში სწავლა აფხაზი ახალგაზრდობისთვის რეალობად იქცეოდა. რომ აღარაფერი ვთქვათ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე არა მარტო ტურისტული მიზნებისთვის, არამედ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებისა და განათლების მისაღებად.
და ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილია ევროკავშირთან პარტნიორობისგან მოსალოდნელი პირდაპირი სარგებლისა და შეღავათებისა, რომლის მიღებაც სოხუმსაც შეეძლო კონსრუქციული მიდგომისა და როგორც რეალური საფრთხეების, ისე პერსპექტივების პრაგმატული შეფასების შემთხვევაში.
ძნელი მისახვედრი არაა, რომ მსგავს შესაძლებლობებზე უარის თქმა არ წარმოადგენს არჩევანს, გაკეთებულს აფხაზი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ.
რაჟდენ ქაჯაია