27-11-2023 18:54:08
როგორც ჩანს, საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობაში ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენიც ჩაერთო, სცადა რა ოფიციალური პეკინის მიერ თბილისისთვის გაწეულ დახმარებაზე საუბრისას ქვეყნის დასავლელი პარტნიორების ერთგვარი დემონიზება.
უნდა ითქვას, რომ გლობალური პანდემიის დროს ჩინეთის დახმარებას, ასევე თანამშრომლობას დადებითად ახასიათებენ ქართული ჯანდაცვის სპეციალისტები, მათ შორისაა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც.
„სერიოზული თანამშრომლობა გვქონდა და მხოლოდ მადლობა ეთქმით. პანდემია როდესაც დაიწყო – თებერვალში, მარტში პირდაპირი ჩართვები გვქონდა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რადგან მათ ყველაზე მეტი ინფორმაცია ჰქონდათ, როგორ ვითარდებოდა ვირუსი, რა ხდებოდა...ბევრი გამოცდილება იქნა გაზიარებული. ქვეყანა ჩინეთიდგან ყიდულობდა სხვადასხვა დამხმარე საშუალებებს, რადგან ყველაზე დიდი მწარმოებელი იყო პირბადეების, სადიაგნოსტიკო საშუალებების, მათ შორის, უკვე როდესაც ვაქცინები შეიქმნა, სერიოზული თანამშრომლობა გვქონდა“,– ამბობს გამყრელიძე.
ცხადია, მხარდაჭერის დაკნინება, რომელსაც ქართველი სპეციალისტებიც აღნიშნავენ, უმადურობა იქნებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ფაქტებს როგორი ფორმულირებით და კონტექსტით აწვდი მოსახლეობას. ჩინელმა დიპლომატმა კი საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ ნაბიჯებზე საუბრისას მსგავსი რამ ბრძანა: „კოვიდის დროს ჩინეთმა უზრუნველყო 200 000-ზე მეტი ვაქცინა საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის. ამ დროს აშშ და ევროპის ქვეყნები ვაქცინების ექსპორტს კრძალავდნენო“.
რეალურად რა ხდებოდა?
გლობალური პანდემიის პირობებში ბუნებრივია, მსოფლიოს მასშტაბით მაღალი იყო ვაქცინებისადმი მოლოდინი და როგორც ამირან გამყრელიძე „აქცენტთან“ იხსენებს ქვეყნის ვაქცინით უზრუნველყოფაზე დაიწყო მოლაპარაკებები მანამ, ვიდრე პირველი ვაქცინის სერთიფიცირება მოხდებოდა: „გვქონდა ინფორმაციები, რომელი კომპანიები ამუშავებდნენ [ვაქცინებს] და იყვნენ წინ კვლევებში“.
პარალელურად ელოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, რადგან საქართველოს ჯანდაცვის პოლიტიკის თანახმად, ქცეყანაში გამოიყენება მხოლოდ ის ვაქცინები, რომლებიც ჯანმო–ს მიერ არის სერთიფიცირებული და რეკომენდირებული. სერთიფიცირება კი პირველმა ბრიტანულმა „ასტრაზენეკამ“ გაიარა და საქართველოს COVAX–ის პლატფორმის (ხსენებული პლატფორმა მსოფლიოში ვაქცინის სამართლიანი გადანაწილებისთვის შეიქმნა) მეშვეობით, 2021 წლის მარტში წვდომა გაუჩნდა ვაქცინის პირველ დოზებზე (43 200 დოზა).
შემდეგ ავტორიზაცია გაიარეს ამერიკულმა „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“, შემდეგ – ჩინურმა „სინოფარმა“ და „სინოვაკმა“.
„პირველი დონეზე ძალიან შეზღუდული რაოდენობით შემოვიდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ე.წ. COVAX–ის პლატფორმით ("გაეროს ბავშვთა ფონდის,მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) და ვაქცინების გლობალური ალიანის (GAVI) მიერ შექმნილი), სადაც გროვდებოდა ყველა სერთიფიცირებული ვაქცინა და უნდა მისწდომოდა შედარებით განვითარებად ქვეყნებს, რადგან დასავლეთ ევროპა, ამერიკა, კანადა ... თავად ყიდულობდნენ დამოუკიდებელი არხებით). შემდეგ – „ფაიზერი“ [13 მარტს – რედ], აპრილის ბოლოს გაიარა სერთიფიცირება „სინოფარმა“ და „სინოვაკმა“ და 100 000–100 000 დოზები გვაჩუქა ჩინეთის მთავრობამ, შემდეგ სახელმწიფომ შეისყდა ჩინური ვაქცინები, ჯამში, მილიონი დოზა ერთი და ამავე რაოდენობის – მეორე, ივლისში დიდი დონაცია გაგვიკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა [ამერიკის მთავრობამ საქართველოს „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა საჩუქრად გადასცა], ივლისშივე სახელმწიფომ შეიძინა მილიონი დამატებთი დოზა „ფაიზერის“. შემოდგომაზე უკვე ევროპული ქვეყნებისგან მივიღეთ დახმარებები“,– იხსენებს 2021 წლის მოვლენებს „აქცენტთან“გამყრელიძე.
მაგალითად, პოლონეთმა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო468 000 დოზა „ფაიზერის" ვაქცინა გადასცა, ლატვიამ – ასევე „ფაიზერის“ 83 070 დოზა, ლიეტუვამ –„ასტრაზენეკას“ 15 000 დოზა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2021 წლის ივლისში ამერიკის მთავრობისგან საქართველოსთვის ნაჩუქარი „ფაიზერის” ვაქცინის 500 000 დოზა დაემატა იმ 27 მილიონი დოლარის დახმარებას, რასაც შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად უწევდა, მათ შორის იყო: