Accentnews.ge
რაში სჭირდება მოსკოვს „საკავშირო სახელმწიფოში“ აფხაზეთი, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად იღწვის?

რაში სჭირდება მოსკოვს „საკავშირო სახელმწიფოში“ აფხაზეთი, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად იღწვის?

05/12/2023 12:35:05 კონფლიქტები

2022 წელს უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ რუსული პოლიტიკის საბოლოო მიზანი მსოფლიოსთვის საბოლოოდ გაცხადდა: რუსეთი თავისი საზღვრების პერიმეტრზე ყველას და ყველაფრის ინკორპორირებას ეცდება, სანამ არ შეეჩეხება დაუძლეველ წინაღობას თანაწონადი სამხედრო და პოლიტიკური ძალის სახით.

უკრაინის ომის პარალელურად რუსეთის პოლიტიკამ უფრო კონკრეტული კონტურები შეიძინა აფხაზეთთან მიმართებაშიც. შეიძლება, ითქვას, რომ რუსეთმა ომი აქაც გააჩაღა, ოღონდ ჯერჯერობით - იარაღის გამოყენების გარეშე. ყველას ესმის, რომ სოხუმის იძულება, მიიღოს მთელი რიგი კანონები, მათ შორის - ე.წ. აპარტამენტების შესახებ, ისევე, როგორც სტრატეგიული ეკონომიკური აქტივების ხელში ჩაგდება მხოლოდ ფორმით განსხვავდება 2008 წელს საქართველოს „მშვიდობისთვის იძულების ოპერაციისა“ და უკრაინის ამჟამინდელი „დენაციფიკაციის სპეციალური სამხედრო ოპერაციისგან“.

რუსეთის ექსპანსიური ზრახვებისთვის ფარდის საბოლოოდ ახდის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ახსენებს „რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში“ გაწევრიანებას. სოხუმელი მმართველების მტკიცებით, მასში წევრობა საერთაშორისო არენაზე ნაწილობივ აღიარებული რესპუბლიკის სტატუსს გაამყარებდა, კიდევ უფრო საიმედოდ უზრუნველფობდა მის უსაფრთხოებას და ამასთანავე, აფხაზეთს რუსეთისგან მეტი პრეფერენციებისა და დოტაციების მიღების შესაძლებლობას მოუტანდა. ამასთან, ისინი ჯიუტად დუმან კრემლის ამ პროექტის ყველა მინუსის თაობაზე. მოსკოვთან ურთიერთობების გაფუჭების შიშით მაინცდამაინც აქტიურად ამ ინიციატივას არც აფხაზური ოპოზიცია აპროტესტებს. თავშეკავებული შეშფოთება მხოლოდ ადგილობრივი ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადო მოღვაწეების მხრიდან ისმის.

მაგრამ მთავარი აქ არა დებეტსა და კრედიტს შორის ბალანსის სკურპულოზური თვლაა, არამედ გაცილებით უფრო გლობალური საკითხი: რატომ არ მოახდინა კრემლმა და უპირველესად ვლადიმირ პუტინმა ამ დრომდე რეაგირება სოხუმის ამ „დაჟინებულ თხოვნაზე“?

აქ, უპირველესად, ის უნდა აღინიშნოს, რომ „საკავშირო სახელმწიფოში“ ახალი წევრის მისაღებად აუცილებელია საკითხის ფორმალური მხარის მოგვარება, კერძოდ, მისი აღიარებულობის მიღწევა არა მარტო რუსეთის, არამედ ბელარუსის მხრიდანაც, მინსკი კი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, რაც იდეას ამ ეტაპზე არარეალიზებადს ხდის.

შეგახსენებთ: ლუკაშენკო თანმიმდევრულად იკავებს თავს მსგავსი ნაბიჯისგან ჯერ კიდევ 2008 წლიდან, როცა რუსეთმა ცალმხრივად, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით აღიარა სოხუმისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობა“. ერთ-ერთ ინტერვიუში თავისი მოტივაციის განმარტებისას მან განაცხადა, რომ მოსკოვმა უარი განუცხადა მინსკს იმ ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც მას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით ამ ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში ელოდა. მას შემდეგ საერთაშორისო ვითარება მხოლოდ დამძიმდა: ამ დროისთვის რუსეთი მსოფლიო რეკორდსმენია მისთვის დაკისრებული სანქციების რაოდენობით და ამმხრივ ირანსა და ჩრდილოეთ კორეასაც კი გადაუსწრო. ასე, რომ არსობრივად, ლუკაშენკო არაა მოტივირებული, ამ საკითხში პოზიცია შეიცვალოს. მით უფრო, რომ მსგავსი „სამთა კავშირი“, უპირველესად, თავად ლუკშენკოსა და ბელარუსის სტატუსს სოხუმის დონემდე ჩამოაქვეითებდა.

გარდა ამისა, არსებულ 1+1 ფორმატში მინსკისთვის გაცილებით ადვილია მოსოვთან საკუთარი ინტერესების ლობირება, ვიდრე ფორმატის ახალი წევრით გაფართოების შემთხვევაში, რომელიც ასევე იქნება მოწადინებული, რუსეთისგან შეღავათები მიიღოს: ეს მინსკს ექსკლუზიურ წვდომას წაართმევდა რუსულ რესურსებზე, რომლებიც ისედაც აღმოჩნდა დაპირებულზე ბევრად მწირი. მინსკი უკვე დარწმუნდა, რომ ზღაპრები ბელარუსისთვის მომზადებული „ოქროს მდინარეების“ შესახებ კრემლის მორიგი ფეიქი იყო. რეალურად, მსოფლიო ბანკის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, ბელარუსი რუსეთის უმსხვილეს მოვალეს წარმოადგენდა, 2022-ის ბოლოსთვის კი მოსკოვის წინაშე ჯამური $26,54 მლრდ-იანი ვალი 38 ქვეყანას ჰქონდა და აქედან ბელარუსზე ლამის $8,5 მლრდ მოდიოდა. ამასთანავე, რუსეთის პირდაპირი დახმარება აფხაზური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით 40%-ს შეადგენს, მისით იფარება ყველა სოციალური ვალდებულება, ხელფასები და მრავალი სხვა, მაშინ, როცა ბელარუსს ფულს არავინ სჩუქნის და მოსკოვი სკურპულოზურად უბიძგებს მინსკს ვალების ხაფანგისკენ. ასე, რომ თუკი აფხაზეთში მართლაც აქვთ „საკავშირო სახელმწიფოში“ გაწევრიანების შემთხვევაში მოსკოვის ხარჯზე გამდიდრების იმედი, მაშინ ეს ძალზე მნიშვნელოვანი ნიუანსები უნდა გაითვალისწინონ.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია სიტუაცია, კრემლი ბელარუსს აფხაზეთის აღიარებას აძალებდეს, ლუკაშენკო კი პუტინს უარს ეუბნებოდეს. ეს კი მხოლოდ ერთს ნიშნავს: პუტინი რაღაც მიზეზით არაა დაინტერესებული არც მინსკის მიერ სოხუმის აღიარებით, არც მით უფრო აფხაზეთის „საკავშირო სახელმწიფოში“ მიღებით. ეს, სავარაუდოდ, იმით შეიძლება, იყოს განპირობებული, რომ ბოლო წლებში მოსკოვი კმაყოფილია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკით და დაძაბულობის ახალი ეტაპის დაწყებას არ ისურვებდა. თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც: პუტინს აფხაზეთის ანექსიის კონკრეტული გეგმა გააჩნია. ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მეტყველებს როგორც უკრაინის დაყოფისა და ტერიტორიების შთანთქმის მიზნით წამოწყებული ომი, ისე რუსეთის შიდა პრობლემებიც: რუსეთის შემადგენლობაში მყოფ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში 7 ეროვნული ავტონომიური რესპუბლიკაა, რომელიც თავისი სტატუსით საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის ანალოგიურია. ჩეჩნეთის მაგალითზე პუტინმა ნათლად მოახდინა იმის დემონსტრირება, როგორ აგვარებს კრემლი სეპარატიზმის პრობლემებს. ამ ფონზე კავკასიაში სეპარატიზმის წარმატებული მაგალითის დატოვება რუსეთის მიერ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის საძირკველში ბომბის ჩადების ტოლფასი იქნებოდა.

და საერთოდაც, რის საფუძველზე უნდა განიხილავდეს მოსკოვი აფხაზეთს თანასწორ პარტნიორად, თუ სოხუმს თავად ინახავს და მის უსაფრთხოებასაც თავად უზრუნველყოფს?! ან რა სარგებელს მიიღებს რუსეთი „საკავშირო სახელმწიფოში“ აფხაზეთის შეყვანით? - აფხაზეთი ხომ ფაქტობრივად, სრულადაა დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე და უკვე გაცილებით ღრმადაა ინტეგრირებული მასში, ვიდრე მინსკი: მთელი მისი საფინანსო სისტემა მიბმულია რუსეთის ცენტრალურ ბანკს; საგადახდო ერთეული რუსული რუბლია; „არმია“ პრაქტიკულად დათხოვნილია და მის ფუნქციას რუსულ სარდლობას დაქვემდებარებული რუსული ჯარები ასრულებენ; განათლების სისტემა ასევე რუსულია; მოსახლეობის უმრავლესობას ჯიბეში რუსული პასპორტი აქვს; პენსიები, ხელფასები და სოციალური დახმარებები რუსული დოტაციებიდან გაიცემა; ადგილობრივი ელიტა ეკონომიკურად სრულადაა მიბმული რუსეთს, სადაც მისთვის გამოყოფილია „კვოტები“ ბიზნეს-საქმიანობაზე, სადაც ინახავს საკუთარ კაპიტალს, ელიტურ უძრავ ქონებას, ფინანსურ სახსრებს, სადაც ამჯობინებს ცხოვრებას მისი შთამომავლობა. ასე, რომ პრინციპში, დარჩენილია მცირედი: აფხაზეთში რუსული პროვინციებიდან ჩაასახლონ მოქალაქეები – და რუსეთის ფედერაციის ახალი რეგიონი მზად იქნება!

ამასთანავე, აფხაზეთს, რომელიც ამ დრომდე ინუგეშებს თავს ილუზიებით მოსკოვის მიერ ფორმალური აღიარების თაობაზე, მყარად უჭირავს კურსი რუსეთთან კიდევ უფრო მეტ დაახლოებაზე. მაშ რაში სჭირდება მოსკოვს, „საკავშირო სახელმწიფოში“ მიიღოს სოხუმი, როცა აფხაზეთი, არსობრივად, რუსეთის შემადგენლობაში ნებაყოფლობით შესვლაზე მიდის?!

რაჟდენ ქაჯაია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S