06-12-2023 22:22:38 პოლიტიკა
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის უმეტესი ნაწილი საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხს ეხებოდა.
"კარგია, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ჩატარებულიყო ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი და კარგია, რომ ყველა მხარე მონაწილეობს. ჟენევაში მოლაპარაკებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა თამაზ გინტურის საკითხს, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ მსგავსი რამ ისევ არ მოხდეს. ჩვენი მხრიდან ხაზს ვუსვამდით, რომ ყველა მონაწილემ უნდა იფიქროს, როგორ შეიქმნას ატმოსფერო, სადაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებ ადამიანებს არ შეეშინდებათ წასვლა ეკლესიაში, სასაფლაოებზე, რომ შეიძლება, ამის გამო ან დააკავონ, ან მოკლან", – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, კლაარმა.
მისივე თქმით, ჟენევის პლატფორმა არ არის იდეალური, თუმცა მისი არსებობა მნიშვნელოვანია:
"ჟენევის პლატფორმა არის ერთადერთი, რომელიც გვაქვს. არ არის იდეალური, ამ შეხვედრებს, 15 წელია, ვატარებთ და ალბათ სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კარგი იქნებოდა, გქვონდეს მეტი პროგრესი. ამავდროულად, ის ფაქტი, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ და ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ყველანი ვისურვებდით, რომ უფრო მეტი შედეგი გვქონდეს 15 წლის შემდეგ“.
ცნობისთვის: ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ჟენევაში იმყოფება, სადაც ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი მიმდინარეობს.
6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.