
რას უქადის აფხაზეთის ხელისუფლებას ინალ არძინბას მოსკოვური ზღაპრები
07/12/2023 08:37:54 კონფლიქტები
აფხაზური საზოგადოება ამასწინათ ღრმა შოკში ჩააგდო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას მორიგმა „ოინმა“.
სანამ იმ ამბავზე გადავიდოდეთ, უნდა ითქვას, რომ ეს ბატონი არძინბას პირველი „მარგალიტი“ არ იყო: იგი ხშირად გვიყვება აფხაზეთის მოსახლეობას ზღაპრებს, გვაშინებს, ემუქრება ჟურნალისტებს და დაუფარავად ატარებს იმ „დიადი რუსეთის“ პოლიტიკას, რომელსაც, მისი ვერსიით, აფხაზები ყველაფრით უნდა ვუმადლოდეთ.
რად ღირს თუნდაც მისი ამასწინანდელი გამაოგნებელი ზღაპარი ბელარუსის მიერ აფხაზეთის ვითომდა აღიარების შესახებ, რომელიც მალევე სასწაულებრივად ჩამოქვეითდა მხოლოდ „ეკონომიკურ თანამშრომლობამდე“, ხოლო კიდევ მოგვიანებით - მხოლოდ ღვინომდე და ლიმონათამდე, რომელიც რეალურად, ბელარუსული დახლებიდან ჩვენს რესპუბლიკაში ინალ არძინბას გამოჩენამდე ბევრად ადრე იყიდებოდა. ასე, რომ იმას, რაზეც ახალგაზრდა მინისტრი საუბრობდა, არანაირი გავლენა არ მოუხდენია აფხაზეთ-ბელარუსის ურთიერთობებზე, რომელიც არსობრივად, როგორც არ იყო, ისე არაა დღესაც.
საერთოდაც, ინალ ბათუს ძე გამუდმებით გვიყვება რაღაც მიღწევებზე, რასაც არც საღ აზრთან აქვს რაიმე საერთო, არც რეალობასთან. ამასთან, თავის „მარგალიტებს“ იგი, როგორც წესი, რუსულ მედიაში, კერძოდ, აფხაზებში არაპოპულარული, მაგრამ პირადად მისთვის ესოდენ ახლობელი „მეგობრების“ წყაროებში აჟღერებს, როგორიცაა მაგალითად, პროპაგანდისტი სოლოვიოვი და მისი Co. ყოველ ჯერზე რუსული ტელევიზიის ცისფერ ეკრანებზე გამოჩენისას ინალ არძინბა იმეორებს მანტრებს აფხაზეთისა და რუსეთის „მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის“, მოსკოვის „უპრეცედენტო დახმარების“, მის წინაშე „დიდ ვალში ყოფნის“ შესახებ და გარდა ამისა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ახერხებს მსჯელობას მსოფლიო პოლიტიკაზე, რომელიც, მისი აზრით, მხოლოდ ერთზეა გამიზნული - რუსული სახელმწიფოს განადგურებაზე.
არ ვიცი, როგორ აფასებენ ინალ არძინბას საქმიანობას ნამდვილი ექსპერტები, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით, იგი ძალიან შორსაა პროფესიონალურისგან.
ბოლო თვეების განმავლობაში არძინბამ იმდენჯერ შეირცხვინა თავი, რომ სასწრაფოდ სჭირდებოდა რაიმე ახლის მოფიქრება სერიოზული პიარისთვის - და ახალმა „მარგალიტმაც“არ დააყოვნა. მინისტრის გვარი ოფიციალურად ამ დრომდე არ სახელდება იმ სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც ამასწინათ კვლავ მისმა „მეგობარმა“ ვლადიმირ სოლოვიოვმა ააგორა. მაგრამ როგორც კულუარებში ამბობენ, ინალ არძინბას კარგად მოხვდა თავად მოსკოვისგანაც.
საუბარია „ქართული დივერსიული ჯგუფის“ ამბავზე, რომელმაც ვითომდა სადღაც კოდორის ხეობის მიდამოებში საზღვარი გაარღვია, აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოიჭრა და სოხუმის აეროპორტის წინააღმდეგ ტერაქტის განხორციელებას ისახავდა მიზნად. მოსახლეობის ეფექტური დაშინებისთვის გაიჟღერა შემდეგმა ფრაზამ: „ნიღბიანი ჯგუფი კარგად იყო შეიარაღებული და ეკიპირებული, მის თავზე კი გადაადგილებისას დრონი დაფრინავდა“.
თავდაპირველად სოლოვიოვი წყაროდ აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ასახელებდა, მოგვიანებით ინფორმაცია საერთოდ წაშალა, მაგრამ აფხაზეთში „დაკავების ოპერაცია“ გამოცხადდა. ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს აფხაზი მაღალჩინოსნების მთელი კავალერია, ინალ არძინბას ჩათვლით, რომელიც ამჯერად მისთვის უჩვეულოდ გულმოდგინედ ემალებოდა ტელეკამერებს, „მტრის დესანტის დასაკავებლად“ მთებისკენ დაიძრა. რაღა თქმა უნდა, არავინ დაუკავებიათ, რადგან არც არავინ იყო დასაკავებელი. სამაგიეროდ მშვნიერი პიარი გამოუვიდათ.
მთელს ამ ისტორიაში არის ერთი ფრიად მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც დამკვეთზე მიგვანიშნებს. მიმდინარე წლის სექტემბერში ინალ არძინბამ აფხაზეთის ქალაქებსა და რაიონებში ბლიც-ვოიაჟი განახორციელა და აქტივთან შეხვედრებზე ყვებოდა, როგორ „ვაწყენინეთ“ რუსებს იმით, რომ არ ვაჩუქეთ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი 200 ჰა მიწითურთ, ასევე არ ვრთავთ უძრავი ქონების შეძენისა და აპარტამენტების მშენებლობის ნებას. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე კი არძინბამ ისიც განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში ჩვენთან „ყველაფერი შეიძლება, შეიცვალოს და მაგალითად, დრონი მოფრინდეს“.
კვლავ სიტყვა „დრონი“... შესაძლოა, დამთხვევა იყოს. მაგრამ კრემლის „ახალგაზრდა რეფორმატორი“, როგორადაც ინალ არძინბას ხშირად უცხოელი ჟურნალისტები მოიხსენიებენ, არაერთხელ იქნა შემჩნეული მსგავსი ფეიქების შექმნაში ჯერ კიდევ მოსკოვში მუშაობის დროიდან. ხოლო თუ გავიხსენებთ ასევე ამასწინანდელ დეზინფორმაციას მისი ვითომდა გადადგომის შესახებ, რომელიც ასევე არძინბასთვის „მეგობრულ“ რუსულ საინფორმაციო წყაროებში გაჩნდა და შემდეგ ჩვენს საგარეო უწყებას მისი უარყოფა მოუწია, მივიღებთ „დამთხვევების“ მთელს წყებას, რომლის მთავარ მიზანს საზოგადოებისთვის ინალ არძინბას „შეუცვლელი სუპერპროფესინალიზმის“ შეხსენება წარმოადგენდა.
თავისი თავხედური ქცევით, აფხაზური საზოგადოების ყველა ფენისა და ზოგადად ყველაფერ აფხაზურის მიმართ სიძულვილით ინალ ბათუს ძე სულ უფრო მეტად იქცევა რესპუბლიკაში პერსონა ნონ-გრატად. ყოველი მისი ინიციატივა სულ უფრო აძულებს აფხაზ ხალხს ინალ არძინბას და აიძულებს ამ უკანასკნელს, აფხაზეთში მრავალრიცხოვანი დაცვით გადაადგილდებოდეს.
მასალის დასაწყისში ნახსენებ სიახლეს რომ დავუბრუნდეთ, ბატონი მინისტრი აფხაზეთში არასამთავრობო სექტორთან ბრძოლის აქტიურ ფაზაში შევიდა. თუ აქამდე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იგი NGO-სექტორს „ჯაშუშობასა და რუსეთის დაშლაზე ორიენტირებულ დაკვეთილ საქმიანობაში“ სიტყვიერად ადანაშაულებდა, 16 ნოებერს არძინბამ უკვე კონკრეტულ ქმედებებზე ადასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ „უახლოეს ხანებში გამოიცემოდა პრეზიდენტ ბჟანიას ბრძანებულება აფხაზეთში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგუირებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“. მარტივად რომ ვთქვათ, მინისტრმა რესპუბლიკაში ხსენებული NGO-ების ფილიალების დახურვა განიზრახა. ხოლო თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ 2023 წლის ივლისში რუსეთში მიღებულ იქნა სამი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი საერთაშორისო NGO-ების საქმიანობაში მონაწილეობისთვის როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების თაობაზე, გასაგები ხდება, სადაა ძაღლის თავი დამარხული.
მისთვის არასასურველი ყველა მოქალაქის უცხოეთის აგენტად გამოცხადებას ინალ ბათუს ძე, ცხადია, ვერ შეძლებს. არც შესაბამისი კანონი არსებობს აფხაზეთში და გარდა ამისა, თემის წამოწევის მცდელობა მინისტრს იმდენად ძვირად დაუჯდა, რომ უახლოეს ხანებში ნაკლებ სავარაუდოა, ამ საკითხთან დაბრუნება გაბედოს. უბრალოდ რაღაცნაირად ხომ უნდა დაემსახურებინა მოსკოველი ბოსების კეთილგანწყობა ხმაურიანი ჩავარდნების მთელი წყების შემდეგ და ეს კამპანიაც, მაღალი ალბათობით, სწორედ ამიტომ ააგორა.
მაგრამ თუ კრემლის „ახალგაზრდა რეფორმატორი“ თავის საქმიანობაში მხოლოდ რუსეთის ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული (თუნდაც ამას ამგვარი სკანდალური გზით ცდილობდეს), რით ხელმძღვანელობს არასამთავრობოებთან ბრძოლის კრახისათვის განწირული პროექტის მხარდაჭერისას პრეზიდენტი ბჟანია - სრულიად გაუგებარია. საქმე ისაა, რომ ბოლო დროს მოსკოვის ნებისმიერი, მათ შორის აფხაზეთისთვის აშკარად საზიანო ინიციატივების მხარდამჭერი ბჟანიას რეიტინგი სულ უფრო ეცემა. საქმეს აღარც აფხაზური საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან დიალოგი შველის: მის ფარგლებში მიმდინარე ფაქტობრივად ყველა შეხვედრაზე პრეზიდენტისადმი კრიტიკა და უხერხული კითხვები ისმის. ამასთან, არასამთავრობო სექტორი, რომელიც სხვებთან ერთად, აერთიანებს თავის დროზე ბჟანიას თანამოაზრეთა ბირთვის შემქმნელ არაერთ პერსონასაც, ბოლო დრომდე თავს იკავებდა პრეზიდენტის წინააღმდეგ ჯანყში ჩაბმისაგან. მაგრამ ახლა, როცა NGO-ებთან ბრძოლის არძინბასეულ წამოწყებას ბჟანიამაც აუბა მხარი, ვითარება, ბუნებრივია, იცვლება. ამდენად, პრეზიდენტის ხსენებული განკარგულება ხელისუფლებას მხოლოდ თავის ტკივილს უმატებს - კიდევ უფრო ძლიერს, ვიდრე ოპოზიცია და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ღიად აპროტესტებენ აფხაზეთის აქტივების გასხვისებას.
რამდენად მზადაა ამ დაპირისპირებისთვის ბჟანია - დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება ინალ არძინბას, აქ უკვე ყველაფერი ნათელია: ეს ახალგაზრდა სამშობლოში მხოლოდ ერთი მიზნით - რუსეთის ინტერესების გასატარებლად დაბრუნდა, - თუნდაც იმ აფხაზი ხალხის თავისუფლების დაკარგვის ფასად, რომელსაც ინალ არძინბა საკუთარ თავს არასდროს მიაკუთვნებდა.
კრისტინა ავიძბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება