
რუსული ენერგეტიკული თამაშები აფხაზეთთან
07/12/2023 14:02:43 კონფლიქტები
მრავალი წელია, ზამთრის სიცივეების წინაპერიოდში აფხაზეთის მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად ენერგეტიკის პრობლემები იქცევა. ელექტროენერგიისა და მასთან დაკავშირებული კომუნიკაციების გათიშვები ადგილობრივებს ყოველ ჯერზე უქმნით პრობლემებს, რომელთა გადაჭრას ხელისუფლება მხოლოდ ლოკალურად - რუსეთისგან მიწოდებებით ცდილობს. და თუ გასულ წლებში მოსკოვი აფხაზეთს ენერგოკრიზისის შემსუბუქებაში საინვესტიციო პროგრამის სახსრების ხარჯზე ეხმარებოდა, 2023 წელი ყველა გაგებით გამონაკლისად იქცა.
ყველაფერი შემოდგომის დასაწყისში, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან აფხაზეთის ხელმძღვანელობის წინასწარი მოლაპარაკებებით დაიწყო. კონკრეტიკამდე ჯერ კიდევ შორი იყო, მაგრამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში პირველად, მოსკოვმა აფხაზური მხარისაგან ავანსი მოითხოვა იმ ელექტროენერგიისთვის, რომლის მიწოდებას რესპუბლიკა დეფიციტის პერიოდისთვის ითხოვდა. სხვადასხვა არაოფიციალური ინფორმაციით, რუსები დაჟინებით საუბრობდნენ რესპუბლიკისთვის მიუწვდომელ ძალზე მაღალ ტარიფზე, კერძოდ, ერთ კილოვატში 6 რუბლზე. აფხაზურმა მხარემ, რომლის დელეგაციასაც ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი ხელმძღვანელობდა, ისევ და ისევ არაოფიციალური ინფორმაციით, მოახერხა, მოსკოვს უფრო დაბალ ტარიფზე მოჰლაპარაკებოდა, ოღონდ გალის რაიონში არსებული იმ ჰესების გადაცემის სანაცვლოდ, რომლებიც ენგურჰესის ერთიანი კომპლექსის შემადგენლობაში შედის და უკვე 30 წელია, აღარ ფუნქციონირებს.
მოგვიანებით ტარიფის ნაწილში ხსენებული არაოფიციალური ინფორმაცია დაადასტურა „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელმა თემურ ჯინჯოლიამ, რომლის თქმით, 30 მლნ კვტ/სთ ელექტრენერგიაში აფხაზეთი 135 მლნ რუბლს, ანუ ერთ კვტ-ში 4 რუბლს გადაიხდის. ელექტროენერგიის ამჟამინდელი მოხმარების ციფრების გათვალისწინებით, ეს მოცულობა რესპუბლიკას სულ 12 დღეს გაატანინებს, მერე კი - არავინ იცის.
უნდა ითქვას, რომ წარსულში აფხაზეთს, სადაც ადრე ბევრჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობდა, მუშაობდა ფაბრიკები, ქარხნები და სხვა წარმოება, ენერგოუზრუნველყოფის კუთხით პრობლემები არასოდეს შეჰქმნია. მეტიც, გენერირების ობიექტების უმრავლესობა ნახევარი დატვირთვით მუშაობდა. გასაგებია, რომ მაშინ საბჭოთა კავშირი იყო თავისი ერთიანი სისტემით, რომელიც ელექტროენერგიის საჭირო რაოდენობით ყველა რესპუბლიკას უზრუნველყოფდა. მაგრამ მას შემდეგ შეიცვალა არა მარტო ქვეყანა, არამედ მოსახლეობის რაოდენობაც, რომელიც სახლობდა, მაგალითად, ჩვენთან - აფხაზეთში. ანუ, ერთიანი ენერგეტიკული ჯაჭვი აღარ არსებობს, მაგრამ რესპუბლიკას ერგო ენგურჰესი - კავკასიაში უმსხვილესი, 1300 მვტ სიმძლავრისა და 4 მლნ კვტ/სთ-იანი წლიური გამომუშავების მქონე ჰიდროელექტროსადგური. თავად ამ ჰესს სრულად ინახავს საქართველო, რომელიც არა მარტო კვალიფიციურ კადრებსა და ხელფასებს უზრუნველყოფს, არამედ მთელს მიმდინარე და კაპიტალურ რემონტსაც. საქართველოსთან შეთანხმებისამებრ, აფხაზეთი მთელი წარმოებული რესურსის 40%-ს იღებდა, კერძოდ - დაახლოებით 2 მლნ კვტ/სთ-ს, რაც სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო რესპუბლიკის ამჟამინდელი - 250-ათასიანი მოსახლეობის საჭიროებებისათვის.
დიახ, ასეა, მაგრამ ფაქტობრივად, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მწვანე შუქი აუნთო და მთავრობამაც თანხმობა განაცხადა კრიპტოვალუტის მაინინგზე, რესპუბლიკაში ელექტროენერგიის კატასტროფული დეფიციტი შეიქმნა, რუსეთიდან მიწოდებების მიუხედავადაც კი. ზამთრობით ადამიანები უშუქოდ 5-7 საათის განმავლობაში ისხდნენ. და სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ბჟანიამ მოულოდნელად საუბარი აფხაზური ენერგეტიკის მოდერნიზებაში რუსი ინვესტორების ჩართვის აუცილებლობაზე.
თავდაპირველად კონკრეტიკა არ იყო. ოფიციალურად, იგი არც ეხლა არსებობს. მაგრამ ხან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ხანაც პარლამენტში სისტემატიურად ჩნდება გარკვეული ქაღალდები წინადადებებით, რომელიც როგორც მთლიანად ენერგეტიკის დარგს, ისე მის ცალკეულ ნაწილებს ეხება.
დავუბრუნდეთ ჰესებს, რომელიც გალის რაიონში ოთხია. ერთი მათგანი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს, სამი დანარჩენი გაძარცვულია. ამ ობიექტებისადმი მაღალ ინტერესს რუსეთი ყოველთვის იჩენდა და ყოველ ჯერზე, როცა მათ ხელში ჩაგდებას ცდილობდა, აფხაზეთის ხელისუფლება ამ მცდელობებს ძირშივე კვეთდა.
ამასთან, თავად ენგურჰესმა მარტო ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე სცადა, მოლაპარაკებოდა აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროსაც და პროფილურ „ჩერნომორენერგოსაც“ ჰესების ქართული ან საერთაშორისო ბანკების დახმარებით აღდგენაზე, მაგრამ ყოველ ჯერზე პასუხად უარს იღებდა. ახლა გასაგებია, რატომაც.
ამასწინათ აფხაზეთის პარლამენტს წარედგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ჰესების საკუთრებაში შეძენა სურს იმ რუსულ კომპანიას, რომელსაც იჯარით აქვს აღებული სოხუმჰესი. პარლამენტს, ისევე, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მაგრამ ცოტა ხნის წინ ბურუსი გაფანტა „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელმა, რომლის თქმით, საუბარია არა სამ ჰესზე, არამედ ერთ კასკად №2-ზე. თემურ ჯინჯოლიას თქმით, ხელშეკრულების პროექტი უკვე დამტკიცებულია პრემიერ ალექსანდრე ანქვაბის განკარგულებით და მინისტრთა კაბინეტი მას საბოლოო დამტკიცებისთვის პარლამენტს წარუდგენს.
ეს ინფორმაცია დაადასტურა „ჩერნომორენერგოს“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ამჟამად პარლამენტის დეპუტატმა რეზო ზანთარიამაც, რომელიც, მისივე თქმით, „ახლა სწორედ ამ პროექტზე მუშაობს“.
თუ ამ ყველაფერთან ერთად მხედველობაში მივიღებთ აფხაზეთის რესპუბლიკის ენერგომომარაგების ოპტიმიზაციის გეგმას - ე.წ. „საგზაო რუქასაც“, გასაგები ხდება, რისკენ მიჰყავთ აფხაზეთი.
2021 წლის ივლისში რუსეთ-აფხაზეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე მიღებული ამ დოკუმენტის თანახმად, რომელიც სრული სახით დღემდე არავის უნახავს, თავად ამ კომისიის წევრების გარდა, 5 წლის განმავლობაში რესპუბლიკაში ელექტროენერგიის ტარიფი რუსეთში მოქმედის ოდენობამდე უნდა გაიზარდოს, ან გადააჭარბოს კიდეც. თავად ენერგეტიკული დარგის ობიექტები მოდერნიზებას დაექვემდებარება და რუს ინვესტორებს გადაეცემა. თუმცა არსებობს ერთი წინაღობა - აფხაზეთში მოქმედი კანონი, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ენერგოობიექტების გასხვისებას კრძალავს.
როგორ აპირებენ კანონისთვის გვერდის ავლას და რა ცვლილებებს მიიღებენ, რომ რუსებმა, ბოლოს და ბოლოს, ხელში ჩაიგდონ აფხაზეთის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგი, ჯერ უცნობია. სულ ცოტა ხნის წინ კარგად აპრობირებული სქემით შემოთავაზებულ იქნა გრძელვადიანი (49-წლიანი) იჯარით გადაცემის ვარიანტი, რაც აფხაზურ რეალობაში არსობრივად, დიდად არ განსხვავდება გასხვისებისგან და არც ის ვიცით ვინმემ, სად და როგორ ვიქნებით 50 წელიწადში. მაგრამ საბოლოო გადაწყვტილება ჯერ მიღებული არ არის.
რომ დავფიქრდეთ, რუსეთს აფხაზეთისადმი ტერიტორიული პრეტენზიებიც აქვს - აიბღა. მდინარე ფსოუზე გამავალი ხიდი, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს აკავშირებს, უკვე რუსების საკუთრებაშია გადაცემული. სამხედრო ბაზები რესპუბლიკის ტერიტორიის ლამის მეოთხედ ნაწილს იკავებს. ზღვისპირა ტერიტორიების საუკეთესო ნაწილი უკვე რუს ჩინოსნებსა და ოლიგარქებს ეკუთვნით. ერთადერთი აეროპორტი უკვე ასევე მოსკოვის ხელშია. რჩება მხოლოდ ენერგეტიკა. ამ საკითხის გადასაჭრელად რუსეთი, როგორც ჩანს, უკვე გადამჭრელ ზომებზე გადავიდა და მიზნის მისაღწევად მზადაა, მთელი აფხაზეთი დააჩოქოს.
კრისტინა ავიძბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება