Accentnews.ge
ენგურჰესის ბნელი მხარე

ენგურჰესის ბნელი მხარე

19/12/2023 10:59:55 კონფლიქტები

„ზამთარი ახლოსაა!“ - GOT-ელი სტარკების სახლის ეს ცნობილი დევიზი, რომელიც საფრთხისთვის მუდმივი მზადყოფნის აუცილებლობაზე მიუთითებს, ყოველ ზამთარს აქტუალური ხდება აფხაზეთში. წელსაც, შემოდგომის სიცივეების დადგომისთანავე, რესპუბლიკაში კვლავ გამოჩნდა მოახლოებული ენერგოკრიზისის აჩრდილი.

განგაშის პირველ ზარს ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში შემოჰკრეს, როცა მოსკოვიდან დაბრუნებულმა დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა მოსახლეობას სამწუხარო სიახლე გაანდო: ამჯერად სოხუმს ზამთრის პერიოდში საჭირო დამატებით ელექტროენერგიაში რუსეთისთვის ფასის გადახდა მოუწევს; პირველი კონტრაქტი, რომელიც 30 მლნ კვტ/სთ-ის მიწოდებას ეხება, აფხაზეთს 135 მლნ რუბლი დაუჯდება, მეორე, 50 მლნ კვტ/სთ-იანი - 200 მლნ, ჯამში კი ენერგოდეფიციტის დასაფარად რესპუბლიკას დაახლოებით 900 მლნ რუბლი დასჭირდება (10 მლნ აშშ დოლარი), რაც აფხაზური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით 8%-ს უტოლდება.

ამ ფონზე დე-ფაქტო ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყო საუბარი ტარიფის მორიგ ზრდაზე. სხვათა შორის, იგი ამ დრომდე დაბალია. პირველი ცვლილება 2022 წელს მოხდა, როცა 1 კვტ/სთ-ის ღირებულება 40-დან 90 კაპიკამდე გაიზარდა, შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან - 1,30 რუბლამდე, ახლა კი საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთთან „სინქრონიზაციისა და ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროცესის ფარგლებში“ ტარიფი 4 რუბლამდე გაიზრდება.

ცეცხლს ნავთს ასხამს ენგურჰესის კასკადების სისტემაში შემავალი ერთ-ერთი ჰესის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის თემაც. პროექტის თანახმად, ობიექტი 50-წლიანი იჯარით გაიცემა, რის სანაცვლოდაც სოხუმი გენერაციის მხოლოდ 20%-ს მიიღებს. ამ ფონზე ოპოზიციამ, რომელსაც დე-ფაქტო ხელისუფლების მსგავსად, თბილისისადმი სიმპათიებში ვერ დაადანაშაულებ, განაცხადა, რომ სოხუმს უჯობს, დასჯერდეს თბილისის პირობას აფხაზეთისთვის გამომუშავების 50%-ის გამოყოფის თაობაზე.

მაგრამ საკითხი ამ დრომდე გადაუჭრელია და მარტივი გადაწყვეტილებები აქ, როგორც ჩანს, არ არსებობს. აფხაზეთის ენერგეტიკის პრობლემას ხომ ერთდროულად რამდენიმე განზომილება აქვს: ადგილობრივი პოლიტიკოსების პოპულიზმი „ქართული საფრთხის“ თაობაზე და ანტიქართულ რიტორიკაზე ქულების ჩაწერის მცდელობა; რუსეთის სურვილი, აფხაზურ ენერგოსექტორს დაეპატრონოს; ზღვარგადასული კორუფცია დე-ფაქტო ხელისუფლებაში, რომელიც სისხლხორციელადაა დაინტერესებული სექტორის გაუმჭვირვალობაში; დასასრულს - თავად მოსახლეობა, რომელსაც მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ხდა არ სურს.

აფხაზური ენერგოსექტორი - თავის ტკივილი თბილისისთვის

ენგურჰესის კომპლექსი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მთავარ წყაროს წარმოადგენს. სწორედ მასზე მოდის გენერაციის 95%, რაც რესპუბლიკის საჭიროების თითქმის 70%-ს ფარავს. ზემოაღნიშნული სადგურის გარდა, კომპლექსის შემადგენლობაში შედის 4 სადგურისგან შემდგარი კასკადიც. ამ 4-დან სადღეისოდ მხოლოდ ერთი - ვარდნილი-1 მუშაობს, დანარჩენი სამი კი სრულადაა გაძარცვული და კაპიტალურ აღდგენას საჭიროებს.

ვინაიდან კომპლექსი უშუალოდ სამეგრელო-აფხაზეთის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვარზეა განთავსებული, გამომუშავებული ელექტროენერგია თბილისსა და სოხუმს შორის იყოფოდა, პრინციპით 60%/40%. სადგურების გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ხარჯების 100%-ს, სარემონტო და თანამშრომლების სახელფასო ხარჯების ჩათვლით, ფარავდა ქართული მხარე, რომელიც ენგურჰესს თავისი წილი ელექტროენერგიის საფასურსაც უხდიდა. აფხაზური მხარე კი გამომუშავების 40%-ს ისე იღებდა, რომ მისი თვითღირებულებაც კი არ გადაუხდია. ამასთან, ბოლო წლებში სოხუმი საგრძნობლად აჭარბებს თავის 40%-იან ლიმიტს, და ესეც - უფასოდ. კერძოდ, რეგიონი ყოველწლიურად 3 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, რომელთაგანაც ენგურჰესის კომპლექსი აფხაზეთისთვის 2 მლრდ კვტ/სთ-ს უზრუნველყოფს, კიდევ 1 მლრდ კი რუსული ელექტროენერგიის იმპორტზე მოდის. ენგურჰესის კომპლექსში შემავალთა გარდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ელექტროსადგური მოქმედებს — რუსი ინვესტორის კუთვნილებაში არსებული სოხუმის ჰესი, რომელიც წელიწადში 120 მლნ კვტ/სთ-ს, ანუ ჯამური ოდენობის მხოლოდ 5%-ს იძლევა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში მიღწეული შეთანხმება ელეტროენერგიის 60%/40% პრინციპით განაწილების შესახებ ითვალისწინებდა მხარეთა უფლებას, ენერგიის გარკვეული რაოდენობა საშეღავათო ტარიფით შეესყიდათ და არა უფასოდ მიეღოთ. ამასთან, თბილისსა და სოხუმს შეეძლოთ, შეთანხმებული წილების ფარგლებში ელექტროენერგია სურვილისამებრ განეკარგათ – მაგალითად, სიჭარბის შემთხვევაში გაეყიდათ.

სადღეისოდ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (GNERC) მიერაა დამტკიცებული, 1 კვტ/სთ-ში მხოლოდ 1,8 თეთრს (დაახლოებით 60 კაპიკს) შეადგენს, გასულ წლებში კი კიდევ უფრო ნაკლები იყო. შედარებისთვის: მიმდინარე ზამთრის სეზონზე რუსეთიდან მიწოდებულ ელექტროენერგიაში სოხუმს მოსკოვისთვის კილოვატში 4 რუბლის გადახდა მოუწევს. და მიუხედავად იმისა, რომ ენგურჰესის ელექტროენერგია რუსულზე თითქმის 7-ჯერ იაფია, სოხუმს კომპანია ენგურჰესისთვის მიღებული დენის საფასური არასოდეს გადაუხდია, არადა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო წლებში მუდმივად აჭარბებს თავის 40%-იან ლიმიტს. მაგალითად, 2022-ში სოხუმმა ენგურჰესისგან 59 მლნ ლარის ღირებულების ელექტროენერგია მიიღო, რაც მიმდინარე კურსით თითქმის 2 მილიარდ რუბლს (დაახლოებით 22 მლნ დოლარს) უტოლდება. ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ ენგურის ელექტროენერგიის განაწილების შესახებ „ჯენტლმენური შეთანხმების“ მოქმედების არასრული 30 წლის განმავლობაში აფხაზეთს კოლოსალური თანხის დენი აქვს მიღებული. მეტიც, სოხუმს რომ დღეს ენგურჰესიდან მიღებული 2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასურის რუსული - 4-რუბლიანი ტარიფით ხდა უწევდეს, მას 8 მლრდ რუბლი, ანუ აფხაზური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის თითქმის 80% დასჭირდებოდა - ბიუჯეტისა, რომელიც ისედაც უმთავრესად რუსული ფინანსური „დახმარებით“ ფორმირდება, ხოლო თუ გასულ წელს მოხმარებულ სამივე მლრდ კვტ/სთ-ს იყიდდა, ამაზე მთელი ბიუჯეტი წაუვიდოდა და ამის შემდეგ ვალებიც დარჩებოდა.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარეს. გამომუშავებაზე მეტის მოხმარებასთან დაკავშირებით თბილისი ყოველწლიურად ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს და გასულ წელს 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეისყიდა. ამასთან, იმპორტი ყოველთვის ზამთრის პერიოდზე მოდის, როცა ფასი გაზაფხულ-ზაფხულისაზე მნიშვნელოვნად მაღალია. ქართული მხარე ითვალისწინებს ზამთრობით აფხაზეთში არსებულ მწვავე ენერგოდეფიციტსა და სოხუმის ფინანსურ სირთულეებს - და ენგურჰესის მთელი ზამთრის გამომუშავება აფხაზეთის საჭიროებებს ხმარდება, თავად თბილისი კი ამის გამო ზამთრის იმპორტში საბაზრო ღირებულებას - საშუალოდ 5 რუბლს იხდის. გარდა ამისა, თბილისს საკუთარი სახსრებიდან არაერთგზის სრულად ან ნაწილობრივ მაინც დაუფარავს მოსკოვის წინაშე აფხაზეთისთვის მიწოდებული რუსული ელექტროენერგიის საფასური. 2019 წელს, მაგალითად, რუსეთიდან აფხაზეთს 69,4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდა და თანხის დიდი ნაწილი (45 მლნ კვტ/სთ-ის ღირებულება) საქართველომ დაფარა. 2020 წლის დასაწყისში კი, როცა ენგურჰესი რამდენიმე კვირით გაჩერდა, თბილისმა ჯამური თანხის - 500 მლნ რუბლის (დაახლოებით 7,2 მლნ დოლარის) 20% დაფარა.

არადა, ენგურჰესი დამოუკიდებელი იურიდიული პირია, რომელიც ფინანსური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით, საკმაოდ რთულ და ხარჯიან წარმოებას ახორციელებს. საქართველო ჰიდროელექტროსადგურის შესანახად ყოველწლიურად დაახლოებით 13 მლნ დოლარს ხარჯავს. ზამთრის პერიოდში მოხმარების იმ მზარდი მაჩვენებლების გათვალისწინებით, რომლებიც იმპორტის ხარჯზე იფარება, საქართველოს რეალური ხარჯი გაცილებით მაღალია. და ეს - იმ თანხების გაუთვალისწინებლად, რომელიც ჰესზე სარემონტო სამუშაოებისთვის გამოიყოფა. თავად ენგურჰესმა გასულ წელს მოგება აჩვენა, ზარალიანი 2021 წლისგან განსხვავებით. კომპანიის საოპერაციო შემოსავალმა დაახლოებით 11 მლნ ლარი, ანუ 4,5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ესოდენ გიგანტური ობიექტისთვის სასაცილო მაჩვენებელია.

ექსპლუატაციის წესების მკაცრი რეგლამენტის თანახმად, ყოველ 10 წელიწადში ენგურჰესი საჭიროებს კაპიტალურ რემონტს, რომლის ღირებულება შეიძლება, ათობით მლნ ევროს აღწევდეს. ბუნებრივია, 4,5 მლნ-იანი შემოსავლის მქონე კომპანია მსგავს რემონტს ვერ გასწვდება. ენგურჰესს საქართველოს დასავლელი პარტნიორები ეხმარებიან, მაგრამ მათ მიერ გამოყოფილი გრანტები მხოლოდ თანადაფინანსებაა იმ საკრედიტო ვალდებულებებთან ერთად, რომელიც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ბიუჯეტიდან იფარება. როგორც წესი, საქართველოს ხარჯები 70%-ს შეადგენს, დასავლური გრანტები – 30%-ს. მაგალითად, 2021 წელს ჰესის სადერივაციო გვირაბზე ჩატარებული სამუშაოები 45 მლნ ევრო დაჯდა, რომელთაგანაც ევროპული კომისიის გრანტით მხოლოდ 7 მლნ დაიფარა, 38 მლნ ევრო კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტს წარმოადგენდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცელებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში საყოფაცხოვრებო მოხმარების ელექტროენერგიის ტარიფები 40%-ითაა გაზრდილი. სადღეისოდ თბილისში თვეში 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში ტარიფი 18 თეთრს (დაახლოებით 6 რუბლს) შეადგენს, 101-301 კვტ-ის მოხმარებისთვის - 22,1 თეთრს (დაახლოებით 7 რუბლს), ხოლო 301 კვტ/სთ-ზე მეტის შემთხვევაში - 26,5 თეთრს (თითქმის 9 რუბლს). ენგურჰესი ქართული ჰიდროგენერაციის უმსხვილესი ობიექტია. მასზე ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის მეოთხედზე მეტი მოდის. ამასთანავე, ენგურის ელექტროენერგია ყველაზე იაფია და ქვეყნის საერთო ენერგობალანსში სწორედ მისი მნიშვნელოვანი წილი იძლევა მოსახლეობისთვის ტარიფის კიდევ უფრო მეტი ზრდის შეკავების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის მცხოვრებთათვის „უფასო“ შუქის საფასურს, საბოლოო ჯამში, საქართველოს თითოეული მოქალაქე იხდის საკუთარ გადასახადთან ერთად. და ქართველი მომხმარებლები ყოველწიურად სულ უფრო მეტს იხდიან, სუბსიდირებაც სულ უფრო მაღალია, მთელი ეს ხარჯები კი პირდაპირ აისახება ქვეყნის ბიუჯეტსა და შესაბამისად, თითოეული მაქალაქის საფულეზე.

გარდა ამისა, ენგურჰესს უკვე ამოწურული აქვს ექსპლუატაციის ვადის ნახევარზე მეტი და გასულ წელს გერმანელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, ექსპლუატაციის ვადა სრულად 30 წელიწადში ამოეწურება. საჭირო გახდება კაშხლის დემონტაჟი, ვინაიდან მისი რღვევა ეკოლოგიური კატასტროფის რისკს წარმოშობს და პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლეს სამეგრელოსა და აფხაზეთში. არადა, ესოდენ გრანდიოზული ნაგებობის დემონტაჟი ძალზე ძვირი ჯდება. მაგალითად, აშშ-ში რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი უმსხვილესი ძველი ჰესის დემონტაჟი 300 მლნ დოლარი დაჯდა, ანუ, ფაქტობრივად, მსგავსი მასშტაბის ახალი სადგურის მშენებლობის ღირებულების მესამედი. და თუ თბილისს ყოველწლიურად ახალი ენერგოსიმძლავრეები შემოჰყავს, აფხაზეთი რას მოიმოქმდებს 30 წლის შემდეგ?

ერთი სიტყვით, აფხაზების მიერ ელექტროენერგიის უფასო მოხმარება არა მარტო ტარიფების ზრდას, არამედ მთელი საქართველოს სერიოზულ ენერგეტიკულ პრობლემებსაც იწვევს, აუარესებს რა ენგურჰესის ტექნიკურ მდგომარეობას. გარდა ამისა, როგორც შედეგი, იზრდება აფხაზეთის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, ეს კი სოხუმისთვის დამატებით ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს ქმნის.

მოსკოვს პედანტურად შეჰყავს სოხუმი ჩიხში

მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის სახით დაგროვებულ დავალიანებას აფხაზეთი რუსეთს იმ სახსრებიდან უფარავს, რომელიც ისევ მოსკოვის მიერ ყოველწლიურად გამოეყოფა „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში. ამ გზით რუსეთი აიძულებს სოხუმს, აფხაზური ენერგოსექტორი დაუთმოს, რაც მოსკოვს, მასზე აფხაზეთის სამხედრო-პოლიტიკურ დამოკიდებულებასთან ერთად, საშუალებას მისცემს, რესპუბლიკაზე აბსოლუტური კონტროლი დაამყაროს.

აი, რას წერდა ამასწინათ ამ თემაზე Telegram-ში «Абхазия-Центр»-ი: „რუსეთიდან მოწოდებული ელექტროენერგიის საფასურს ხშირად საქართველო იხდიდა, რომელიც აფხაზეთს თავის ტერიტორიად თვლის. სოხუმი მხოლოდ კულუარული მადლიერებით შემოიფარგლებოდა. და ეს „არიფობანა“ წარმატებით გრძელდებოდა. ახლა კი სქემა რატომღაც აღარ მოქმედებს …“.

„ინვესტორის“ შეთავაზება ჰესი-2-თან დაკავშირებით იგივე "ოპერიდანაა". ნათელია, რომ რუსეთი არ დაუშვებს აფხაზეთში არავითარ სხვა ინვესტორს, რუსის გარდა. ამასთან, მოსკოვის მიერ სოხუმისთვის შეთავაზებული წილი - გამომუშავების 20% რეალურად, ეკონომიკურად მეტ-ნაკლებად დასაბუთებულია. თუმცა აქაც არსებობს რიგი კითხვები: „კერძო ინვესტორი“ სოხუმს ამ 20%-ს უფასოდ მისცემს, თუ შეღავათიანი ტარიფით? სად წავა დანარჩენი 80% და რა ეღირება იგი? მისცემს თუ არა „ინვესტორი“ აფხაზეთს შესაძლებლობას, რუსულ ენერგიაში ფული არ იხადოს?

არადა, აფხაზეთში, პროფესიონალთა წრეებშიც კი გავრცელებულია მოსაზრება, რომ რესპუბლიკას უფასო ელექტროენერგია გააჩნია. ასე თვლის, მათ შორის, ყოფილი „პარლამენტარი“, ეკონომისტი ნატალი სმირიც, რომელიც „უფასო გენერაციაზე“ საუბრობს. „ჩვენ უფასო გენერაცია გვაქვს, მაგრამ ვერა და ვერ შევკრიბეთ გადასახადების 50%-იც კი 1 კვტ/სთ-ის 40-კაპიკიანი ღირებულების პირობებშიც, ამჟამინდელი - 1,3-რუბლიანი ტარიფის პირობებში კი „ჩერნომორენერგო“ გადასახადების მაქსიმუმ, 10%-ს კრებს“, - განუცხადა სმირმა „Эхо Кавказа“-ს. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ თუ ენერგეტიკას რუსეთს დაუთმობს, აფხაზეთი არა მარტო ამ უმნიშვნელოვანეს დარგს, არამედ „უფასო ყველსაც“ დაკარგავს და შეიძლება, მხოლოდ გაგაოცოს მიამიტობამ, რომლითაც სოხუმი მოვლენათა სამომავლო განვითარებას აფასებს. აი, რას ამბობს ამასთან დაკაშირებით იგივე სმირი: „თუ საკითს არ გადავჭრით, თუ რუსეთს ენერგეტიკას არ გადავცემთ, ჩვენთვის ელექტროენერგია ფასიანი გახდება და საუბარია კოლოსალურ თანხებზე. თუ ენერგეტიკას ვთმობთ, ვალებს არ ვიხდით, ხოლო თუ არ ვთმობთ, გადახდა მოგვიწევსო“. ანუ, სოხუმში მიაჩნიათ, რომ თუ რუსეთი ენერგეტიკას ჩაიგდებს ხელში, აფხაზებს უფასო ელექტროენერგიას მისცემს. და ეს - მაშინ, როცა დენი უფასო თავად რუსეთშიც კი არაა!

რუსეთის სახელმწიფო დოქტრინას, დაფუძნებულს „ენერგეტიკული ზე-დერჟავის“ კონცეფციაზე, არაერთხელ მოუხდენია ენერგეტიკის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დემონსტრირება. ასე, მაგალითად, 2006 წელს საქართველომ მთელი სიმწვავით იგრძნო, რას ნიშნავს რუსული ენერგოშანტაჟი. მაშინ ქვეყანა პირველ ნაბიჯებს დგამდა ტოტალური ენერგოდეფიციტისგან თავის დასაღწევად. მაინცდამაინც უჩვეულოდ ძლიერი ყინვების პერიოდში რუსულ მხარეზე „აფეთქდა“ გაზსადენი და გადამცემი ხაზები, რომლითაც საქართველოს გაზი და ელექტროენერგია მოეწოდებოდა. ქვეყანა კვლავ წყვდიადსა და სიცივეში ჩაეშვა. და ეს არა შემთხვევითობა, არამედ პოლიტიკური „ავარია“ გახლდათ „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლების წინააღმდეგ. რუსულ ენერგოიარაღს კარგად იცნობენ ასევე მოლდოვა, უკრაინა და დასავლეთ ევროპის ქვეყნები, რომელთათვისაც მოსკოვს ზამთრის პერიოდში არაერთგზის გადაუკეტია გაზის ონკანი. ნუთუ ეს სოხუმისთვის გაკვეთილი არ უნდა იყოს?!

თბილისს კი, ბოლო 30 წლის კატაკლიზმების, მათ შორის 1992-93 წ.წ. კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მიუხედავად, არც ერთხელ არ მიუმართავს აფხაზეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული შანტაჟისთვის. მეტიც, იგი ყოველთვის დათმობაზე მიდიოდა და ეხმარებოდა სოხუმს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დროა, აფხაზეთმა დაიწყოს რეალობის გაცნობიერება: ენერგოვალების ჩიხში მიმწყვდეულს, მას მოუწევს, მოსკოვს ყველაფერი დაუთმოს, მაგრამ ვერც ეს უზრუნველყოფს სოხუმს სამომავლოდ უფასო ელექტროენერგიით და თუ აფხაზეთს სურს, ყველაფერი არ დაკარგოს, აუცილებელია, პასუხისმგებლობიანი და სათუთი მიდგომა გამოიჩინოს საერთო სიმდიდრის - ენგურჰესის მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ ანათებს მდინარის ორივე მხარეს.

რაჟდენ ქაჯაია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S