
მედია: რუსეთს 240 - წლიანი ბაზირების შემდეგ მოუწია ყირიმიდან შავი ზღვის ფლოტის გაყვანა
29/12/2023 10:04:05 მსოფლიო, ეს საინტერესოა
რუსეთს მოუწია ყირიმიდან შავი ზღვის ფლოტის გემების გაყვანა ნახევარკუნძულზე 240 - წლიანი ბაზირების შემდეგ. ეს განაპირობა კიევის მიერ რუსული სამხედრო გემების წარმატებულმა განადგურებამ. „რუსული ხომალდებისთვის ყირიმის არც ერთი პორტი აღარაა უსაფრთხო",– უთხრა Bloomberg-ს მოსკოვის სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორმა რუსლან პუხოვმა. მისი თქმით, უკრაინამ „ფაქტობრივად გაიყვანა რუსული ფლოტი ყირიმიდან“.
საერთო ჯამში, ორწლიანი ომის განმავლობაში, რუსეთმა დაკარგა მინიმუმ, 20 ხომალდი, მათ შორის სადესანტო ხომალდები და წყალქვეშა ნავები – დათვალა პროექტმა Oryx-მა ღია მონაცემებზე დაყრდნობით. ბოლო დიდი დანაკარგი იყო სადესანტო გემი "ნოვოჩერკასკი", რომელიც 26 დეკემბერს ფეოდოსიის პორტში განადგურდა ფრთოსანი რაკეტით.
როგორც მკვლევარები აღნინავენ, ბრიტანულმა და ფრანგულმა ფრთოსანმა რაკეტებმა Strom Shadow და Scalp-მა კიევს საშუალება მისცა, გაეზარდა ზეწოლა რუსეთის ფლოტზე ყირიმში. კერძოდ, "ნოვოჩერკასკს" ბრიტანულმა რაკეტამ დაარტყა, რომლის ფრაგმენტებიც პორტში იპოვეს. ამავდროულად, რუსეთის ყველაზე დიდი დანაკარგი იყო ფლაგმანი სარაკეტო კრეისერის „მოსკვა“ 2022 წლის აპრილში. მას უკრაინული "ნეპტუნის" რაკეტა მოხვდა.
კიევმა ასევე შეუტია შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას სევასტოპოლში ფრთოსანი რაკეტებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შენობას და აიძულა რუსეთი, დაეწყო გემების გადაყვანა სხვა პორტებში, მათ შორის ფეოდოსიასა და ნოვოროსიისკში. სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ სევასტოპოლში რუსული ხომალდები აღარ არიან,– აღნიშნავენ მკვლევარები.
მას შემდეგ, რაც უკრაინამ მიაღწია ფეოდოსიის პორტამდე, რუსული ფლოტი ახლა უკვე ნოვოროსიისკზე გახდა დამოკიდებული. მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა დრონების დახმარებით, მიმდინარე წლის აგვისტოში შეძლეს დიდი სადესანტო გემის „ოლენეგორსკი მაინერის“ განადგურება. ამ ფონზე, რუსეთმა გამოაცხადა საზღვაო ბაზის მშენებლობა საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში – აფხაზეთში, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ყირიმში რუსული ფლოტი დაუცველი აღმოჩნდა, მიუხედავად უზარმაზარი ხარჯებისა ნახევარკუნძულის თავდაცვის გასაძლიერებლად. 2014 წელს, ყირიმის ანექსიისთანავე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა 86 მილიარდი რუბლის ინვესტიცია. მაგრამ ეს არ დაეხმარა კიევის წარმატებული თავდასხმების თავიდან აცილებაში.
”რუსეთის დომინირება შავ ზღვაში ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”, - თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა. მისი თქმით, სადესანტო გემის ბოლო განადგურებამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც თვლიან, რომ უკრაინაში ომი ჩიხში შევიდა, ცდებიან.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021