Accentnews.ge
აფხაზური „პასპორტების“ ქართული დილემა

აფხაზური „პასპორტების“ ქართული დილემა

24/01/2024 12:10:48 კონფლიქტები

აფხაზეთში გრძელდება დავა ადგილობრივი „პარლამენტის“ მიერ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში მიღებული იმ გადაწყვეტილების ირგვლივ, რომლითაც „აფხაზური ეროვნული კუთვნილებისა და გვარის აღდგენის სახელმწიფო რეგისტრაციის“ ახალი პროცედურა განისაზღვრა.

მოკლედ შეგახსენებთ საკანონმდებლო სიახლის არსს: აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს მიენიჭათ უფლება, „აფხაზური ეროვნული კუთვნილება და გვარი აღიდგინონ“, რის შემდეგაც ავტომატურად შეძლებენ იქაური „პასპორტისა“ და „მოქალაქეობის“ მიღებას.

ნათელია, რომ საკანონმდებლო სიახლე მიმართულია უპირველესად რეგიონის ძირძველ ქართულ მოსახლეობაზე – ერთადერთ ეთნიკურ ჯგუფზე, რომლის წარმომადგენლებს სხვადასხვა საბაბით წლობით არ აძლევდნენ აფხაზურ „პასპორტს“. ამ გზით აფხაზეთში რიცხოვნობით მეორე ეთნიკურ ჯგუფს ერთმეოდა ყველა პოლიტიკური უფლება, ეზღუდებოდა საკუთრების უფლებაც, განიცდიდა დისკრიმინაციის სხვა ფორმებსაც. საკანონმდებლო სიახლით კი ქართველებს, რომლებიც „ნებაყოფლობით“ იტყვიან უარს ქართულ ეროვნულ კუთვნილებაზე აფხაზურის სასარგებლოდ, შესაძლებლობა ეძლევათ, მოიპოვონ აფხაზეთის „მოქალაქეობა“ და მასთან ერთად ადამიანის საბაზისო უფლებებიც.

ნიშანდობლივია, რომ ამ თემაზე დისკუსია აფხაზურ საზოგადოებაში მხოლოდ ერთი მიმართულებით წარიმართა: იქცევიან კი „ახალი აფხაზები“ ჭეშმარიტ აფხაზებად, თუ იმავე ქართველებად დარჩებიან, მაგრამ ფორმალურად მიღებული აფხაზური ეროვნების წყალობით - ახლა უკვე აფხაზეთის სრულუფლებიანი მოქალაქეების სტატუსით?

რადიკალი ნაციონალისტები აშინებენ დანარჩენებს - „აგერ, მეხუთე კოლონაც მზადააო“. თავის მხრივ ზომიერი ნაციონალისტები, რომლებიც პირველთა ფონზე „დემოკრატიის მამებად“ გამოიყურებიან, საუბრობენ გალელების აუცილებელ „ინტეგრაციაზე“, რომელსაც მხოლოდ ერთ - ქართულ ეროვნულ კუთვნილებაზე უარის თქმის პრიზმაში განიხილავენ. ამგვარად, სოხუმში ფაქტობრივად, საჯაროდ აღიარებენ: იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ქართველებზეც გავრცელდეს, ისინი აფხაზებად უნდა იქცნენ...

გასაოცარია, მაგრამ ამ დრომდე არავის გაუჟღერებია თითქოსდა მარტივი აზრი - ის პირველი რამ, რაც თავში მოგდის, როცა XXI საუკუნეში მსგავს მსჯელობებს ისმენ: ამგვარი აზროვნება ძირეულად მიუღებელია თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში, რადგან ეწინააღმდეგება როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ისე საერთაშორისო სამართალს, თავად მსგავსი მსჯელობის ფაქტი კი დადასტურებაა ნაციონალისტური რეჟიმისა მის ერთ-ერთ ყველაზე მახინჯ გამოვლინებაში. შესაბამისად, მსგავსი მიდგომით სოხუმს ძალიან გაუჭირდება, გარე სამყაროს მხრიდან გაგებას მიაღწიოს, ცივილიზებული მსოფლიო თანამეგობრობის კეთილგანწყობაზე ხომ ოცნებაც არ ღირს.

გარდა ამისა, ჩვენს ელექტრონულ საუკუნეში ეროვნული იდენტობის ძალდატანებითი შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. რა თქმა უნდა, შეიძლება, სცადო მისი „გაფერმკრთალება“, მაგრამ ამისათვის მშთანთქმელი ეროვნული იდენტობის კულტურა, სულ მცირე, გაცილებით ძლიერი, მდიდარი და განვითარებული უნდა იყოს შთანთქმადისაზე.

კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც მიუღებლობას იწვევს, სრული უგულებელყოფაა საკუთრივ გალელების, ანუ იმ ადამიანების ინტერესებისა, რომლებზეცაა, არსობრივად, მიმართული ხსენებული საკანონმდებლო ინიციატივა. სოხუმურ ბატალიებში ისმის საუბრები მხოლოდ აფხაზების ინტერესებზე, მაგრამ თითქმის არავინ ახსენებს იმ ადამიანთა ინტერესებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილების სუბიექტს წარმოადგენენ. ადგილობრივი მედიაც კი არ ცდილობს, გაარკვიოს, რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე საკუთრივ სამურზაყანოელი ქართველები. დავუშვათ, ვიღაც ამ წინადადებას დასთანხმდა, ეროვნება შეიცვალა, მიიღო „მოქალაქეობა“ და „პასპორტიც“, – ასეთ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. მაგრამ თუ მისი მოგვარე ან ნათესავი არ მოისურვებს გვარისა და ეროვნების შეცვლას, რა უნდა ქნას - გააგრძელოს „გალის რეზერვაციაში სასჯელის მოხდა“?!

მაინც როგორ აღიქვეს საკანონმდებლო სიახლე თავად გალელებმა? საზოგადოებრივი აზრის მინი-გამოკითხვამ, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობების ობიექტური მიზეზით რეპრეზენტატიულობის პრეტენზია არ აქვს, საკმაოდ საინტერესო შედეგები აჩვენა.

კერძოდ, რესპონდენტთა დაახლოებით 60% აპირებს, ისარგებლოს ეროვნების შეცვლის ფასად „პასპორტის“ მიღების შესაძლებლობით, რადგან ეს „შედარებით ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას მისცემთ, მაგალითად, ოჯახი სახლს მაინც გაიფორმებს და აღარ იცხოვრებს ყოველდღიურ შიშში, ვინმემ ნებისმიერ დროს წაართვას“. მათთვის საპასპორტო გრაფაში დაფიქსირებული აფხაზური ეროვნება „მხოლოდ ფორმალობაა იმ „პასპორტის“ მისაღებად, რომელიც დღემდე არნახული შესაძლებლობებისკენ გაუხსნით კარს“.

გამოკითხულთა დაახლოებით 30%-მა განაცხადა, რომ მსგავსი პირობით „პასპორტის“ აღებას არ აპირებს, რადგან თვლის, რომ სრული უფლება აქვს, დოკუმენტი ყოველგვარი დისკრიმინაციული მოთხოვნების შესრულების გარეშე გააჩნდეს, ეროვნებისა და გვარის შეცვლა კი წინაპრების, საგვარეულოს, გვარის ღალატის ტოლფასია და შესაბამისად, სრულიად მიუღებელი. რესპონდენტთა ამ კატეგორიის აზრით, თუკი ისინი აქამდე ახერხებდნენ აფხაზური „პასპორტის“ გარეშე თავის გატანას, შემდგომშიც შეძლებენ ამას.

და მხოლოდ ყოველმა მეათემ განაცხადა, რომ დაელოდება მოვლენათა განვითარებას, დააკვირდება, რას მოიმოქმედებს გალელების უმრავლესობა - და საკუთარ გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

ხოლო რესპონდენტთა პასუხები კითხვაზე თბილისის მხრიდან შესაძლო საპასუხო ზომების თაობაზე შეიძლება, ერთ სამწუხარო საერთო ნიშნულანდე დავიყვანოთ: გალელებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან არანაირი მოლოდინი არ აქვთ, რადგან თვლიან, რომ სადღეისოდ ეს საკითხი თბილისისთვის დღის წესრიგში არ დგას და შესაბამისად, ყურადღების მიღმა დარჩება.

რაჟდენ ქაჯაია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S