
აფხაზური „შავი კვირის“ მიზეზები: დანაშაულებრივი დაუდევრობა, თუ გამიზნული ქმედება ქურდობის მისაჩქმალად?
24/01/2024 16:48:56 კონფლიქტები
იმას, რაც ამ დღეებში აფხაზეთში ხდება, თავისუფლად შეიძლება, ვუწოდოთ სახალხო გლოვა. გლოვა ეროვნული სამხატვრო გალერეის გამო, რომელიც, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ხელოვნების თითქმის ყველა ნიმუში, რომელიც მის ფონდებში იყო დაცული, სამუდამოდაა დაკარგული. განადგურებულია უნიკალური კოლექცია, რომელიც 90 წლის განმავლობაში გროვდებოდა. მიზეზი კი ხანძარია, რომელიც 21 იანვრის ღამით სოხუმში, აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში მოხდა და რომლის გამომწვევი მიზეზები ჯერ დასადგენია.
უმძიმესი დანაკარგი
მომხდარის სიმძიმეს მართლაც რომ ვერ გააზვიადებ. 4000 ექსპონატიდან ხომ მხოლოდ 150-მდეა გადარჩენილი და ისინიც იმდენად დაზიანდა, რომ ნაკლებ სავარაუდოა, სრულ აღდგენას დაექვემდებაროს. ამდენად, რუსი რესტავრატორების დაპირებული ვიზიტი სოხუმში ბევრს არავის აიმედებს.
დაიწვა, მათ შორის, ვარვარა ბუბნოვას და ევგენი კოტლიაროვის ნამუშევრები, სხვა ცნობილი მხატვრების სოხუმის გალერეისთვის ნაჩუქარი ცალკეული ტილოები, ასევე აწ გარდაცვლილი აფხაზი მხატვრების ნაშრომები, რომლებსაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფინანსური სირთულეების მიუხედავად ყიდულობდნენ.
მაგრამ ყველაზე მტკივნეული დანაკარგი XIX საუკუნის ბოლოს-XX საუკუნის პირველი ნახევრის ცნობილი აფხაზი ფერმწერის, გრაფიკოსის, სცენოგრაფისა და სამხატვრო კრიტიკოსის - ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას კოლექციაა. ადამიანმა, რომელსაც პირველ პროფესიონალ აფხაზ მხატვრად მიიჩნევენ, ცხოვრების უდიდესი ნაწილი მშობლიური აფხაზეთისგან შორს, უმთავრესად უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა, მაგრამ საკუთარი ნამუშევრები პირადად არასოდეს გაუყიდია. შერვაშიძე-ჩაჩბა 1968 წელს, ღრმა სიბერეში, მონტე-კარლოს მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა და ნიცაში დაიკრძალა, ხოლო 1985 წელს მისი ნეშტი აფხაზეთში გადაასვენეს და მშობლიურ მიწას მიაბარეს. სიკვდილის წინ მხატვარმა მთელი დარჩენილი კოლექცია (300 ნამუშევარი) აფხაზეთს უანდერძა. შემდგომში კიდევ 60-მდე ნაშრომი სოხუმს მხატვრის ქალიშვილმა აჩუქა, ზოგიერთი აუქციონებზე იქნა შეძენილი, ნაწილი - კერძო კოლექციონერებისგან. ახლა შერვაშიძე-ჩაჩბას მთელი უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც სოხუმში ინახებოდა, განადგურებულია.
„მის ტალანტს ადიდებდა პაბლო პიკასო, მას იხსენიებდა თავის მემუარებში სალვადორ დალი, მას სჩუქნიდნენ საკუთარ ნამუშევრებს ჟოან მირო და ჟორჟ რუო... მაგრამ ჩვენ - მისი თანამემამულეები როგორ მოვეპყარით დანატოვარს, რომელსაც ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბა, უკიდურესი სიდუხჭირის მიუხედავად, რუდუნებით უნახავდა სამშობლოს? - პასუხი, სამწუხაროდ, ნათელია. სირცხვილი!“, — მომხდარის გამო აღშფოთებას ვერ მალავს აფხაზი ლინგვისტი და პოლიტიკოსი, საგარეო საქმეთა ყოფილი დე-ფაქტო მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, რომელიც 30-ზე მეტი წლის განმავლობაში აგროვებდა უცხოეთის აუქციონებსა და ანტიკვარის მაღაზიებში მასალებს მხატვრის ბიოგრაფიის დასაწერად, რათა შემდეგ იგი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების პირად კოლექციასთან ერთად ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას მომავალი სახლ-მუზეუმისთვის გადაეცა. „ახლა ნათელია, რომ სახლ-მუზეუმი არასოდეს დაარსდება. სოხუმის გალერეაში დაცული ყველა მისი ნამუშევარი ხომ ამ შავ კვირა დღეს დაიწვა“, — დაწერა ჩირიკბამ.
ერთადერთ სანუგეშო ფაქტად ის შეიძლება, ჩაითვალოს, რომ მხატვრის ნამუშევრების ნაწილი, რომელიც მთელი ეს წლები სათუთად ინახებოდა თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, კვლავინდებურად საიმედოდაა დაცული და ხელუხლებელი. ამჟამად მუზეუმის ფონდებში ინახება შერვაშიძე-ჩაჩბას ათამდე ფერწერული ტილო და 370-ზე მეტი გრაფიკული ნამუშევარი, ასევე უცხოელი მხატვრების გრავიურების, თეატრალური აფიშებისა და საგამოფენო რეკლამების, თეატრალური დადგმების სასცენო გათვლების (სცენების აღწერა და ზომები დეკორაციებისათვის) შერვაშიძე-ჩაჩბას მიერ შეგროვებული კოლექცია.
თბილისის რეაქცია
„საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა" გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამს სოხუმის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარის გამო და აფიქსირებს მზადყოფნას, აფხაზ სპეციალისტებს დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციაში დაეხმაროს. ამ მიზნით იგი მზადაა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისგან სპეციალური ჯგუფი შექმნას.
საქართველოს მთავრობა, მათ შორის კულტურის სამინისტრო სოხუმში მომხდარს ამ დრომდე არ გამოჰხმაურებია.
უკვე ტრადიციულად, გამონაკლისად იქცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც მომხდარს „ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედია“ უწოდა, „როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ისე რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირ შედეგად“ შეაფასა და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, „აღადგინოს ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე“.
მსოფლიო თანამეგობრობის რეაქცია
მალევე გაისმა გამოხმაურებები დასავლეთის ქვეყნების რიგი წარმომადგენლების მხრიდან.
„ყველაფერი, რაც შეხებაშია რუსეთსა და „რუსულ სამყაროსთან“, ფერფლად იქცევა, - აფხაზეთი იქნება ეს, დონბასი თუ სხვა ოკუპირებული ტერიტორიები. მსგავსი კულტურული მემკვიდრეობის დაკარგვა უდიდესი ტრაგედიაა. ეს არის პირდაპირი შედეგი ოკუპაციისთვის დამახასიათებელი დაუდევრობისა და არაკომპეტენტურობისა“ - დაწერა, მაგალითად, ევროდეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა.
21 იანვარს სოხუმში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა მსოფლიო მედიაც.
„შავი კვირის“ მიზეზები
თავად აფხაზეთში ჯერჯერობით უმთავრესად დანაშაულებრივი დაუდევრობის ვერსიისკენ იხრებიან.
„პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ მომხდარის უმოკლეს ვადებში გამოძიების ბრძანება გასცა. აალების მიზეზების, სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისა და ზარალის ოდენობის დადგენის პროცესი „გენპროკურატურის“ კონტროლქვეშ განხორციელდება. „შსს“-მ განაცხადა, რომ ამუშავებს „ყველა შესაძლო ვერსიას“. მაგრამ სამოქალაქო აქტივისტებისა და ხელოვნების მუშაკთა ნაწილი მომხდარში თავად დე-ფაქტო ხელისუფლებას ადანაშაულებს, „დანაშაულებრივ დაუდევრობაზე“ მიუთითებს და აცხადებს, რომ ტრაგედია პროგნოზირებადი იყო.
საქმე იმაშია, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლები წლობით ამახვილებდნენ ყურადღებას გალერეის მძიმე მდგობარეობასა და ექსპონატების ახალ შენობაში გადატანის აუცილებლობაზე. გალერეას ხომ საკუთარი ფართი არ გააჩნდა და სოხუმის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის ორ ოთახში იყო განთავსებული, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებსა და ხელოვნების ნიმუშების შენახვის ვერანაირ სამუზეუმო პირობას ვერ აკმაყოფილებდა.
აღსანიშნავია, რომ გალერეისთვის ახალი ადგილი ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს გამოიყო, თუმცა დაუფინანსებლობის მიზეზით ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ექსპონატების ახალ ადგილზე გადასატანად არაფერი გაკეთებულა - და ხელოვნების უნიკალური ნიმუშები კვლავინდებურად საგამოფენო დარბაზში რჩებოდა.
დანაშაულებრივი დაუდევრობის ვერსიის მომხრეებმა ამ დღეებში ისიც გაიხსენეს, რომ ხანძარი სოხუმის გალერეაში 2012 წელსაც მოხდა, მაგრამ მაშინ თანამშრომლების ნაწილი შენობაში იმყოფებოდა და მოხერხდა ცეცხლის სწრაფად ჩაქრობა.
ოფიციალური წინასწარი ვერსიის თანახმად, 21 იანვარს აალების მიზეზი მოძველებულ ელექტროგაყვანილობაში მომხდარი მოკლე ჩართვა იყო.
თუმცა აფხაზეთში არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ხანძარი ექსპონატების სავარაუდო ქურდობის მისაჩქმალად განხორციელებული გამიზნული ქმედების შედეგს წარმოადგენდა.
რა ელის გადარჩენილ ექსპონატებს
ამ დროისთვის ყველა გადარჩენილი ნამუშევარი აფხაზური თეატრის საწყობშია გადატანილი.
სამომავლოდ იგეგმება მათი განთავსება სოხუმის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
რაჟდენ ქაჯაია