
"ქვეყნის იმიჯის საწინააღმდეგო საბოტაჟი": მგზავრები თბილისის აეროპორტში არსებულ სამარცხვინო ვითარებაზე მიუთითებენ
29/01/2024 07:18:35 ეს საინტერესოა, საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ვითარების გამო "აქცენტს" არაერთი მგზავრი დაუკავშირდა და აღნიშნული საკითხით დაინტერესება სთხოვა. მათი განცხადებით, აეროპორტი მოუწესრიგებელია, რაც ქვეყნის იმიჯს აზიანებს.
"რატომ არ ინტერესდება შესაბამისი უწყება, თუ რა ხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში?! ტურისტი რომ ჩამოდის, ჩვენს ქვეყანაზე პირველ შთაბეჭდილებას ხომ აეროპორტში იქმნის? მოუწესრიგებელი აეროპორტი იწვევს განცდას, რომ ქვეყანაც ასეთივე მოუწესრიგებელია" - უყვება "აქცენტს" მედო, რომელმაც იტალიიდან თბილისამდე იმგზავრა.
"ქვეყნის ცენტრალური აეროპორტისთვის შეუსაბამოდ პატარა მოსაცდელი სივრცეა, გარდა იმისა, რომ ლაუნჯის სივრცეებია პატარა, საკვების ასორტიმენტი კი - მწირი. ეს ყველაფერი შეუსაბამობაშია ევროპული ქვეყნების ლაუნჯებთან" - უყვება "აქცენტს" ანი, რომელიც ხშირად მოგზაურობს და ნამყოფია სხვადახვა ქვეყნების აეროპორტებში.
ჩვენი კიდევ ერთი თანამოსაუბრე - ზურა თბილისის აეროპორტს არა ევროპულ, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნების აეროპორტებს ადარებს.
"ჩვენზე ნაკლებ განვითარებული ქვეყნიდან რომ ჩამოვდივარ, ვინც ჩვენზე ბევრად უკანაა, თუნდაც ტურისტების მომსახურების სფეროში, მეუფლება შეგრძნება, რომ ისინი ბევრად წინ არიან და ისინი კი არ ჩამოგვრჩებიან, აქეთ ჩამოვრჩებით. ტურისტებს ვაჩვენებთ ქვეყნის არარეალურ სახეს, როდესაც ყველაფერი მოუწესრიგებელია აეროპორტში და რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ბევრად უკან ვართ, ვიდრე რეალურად უკან მყოფი ქვეყნები" - გვიყვება ზურა.
კაკი, რომელმაც ესპანეთიდან თბილისამდე იმგზავრა, ყვება, რომ საპირფარეშოში შესვლა ვერ შეძლო, რადგან წარმოუდგენლად მოუწესრიგებელი იყო.
"როგორც ჩანს, აეროპორტის მმართველ "ტავ-ჯორჯიას" აღარ ადარდებს მისი მოვლა-პატრონობა და არც ქვეყნის იმიჯი... მაგრამ ხომ არის უწყება, რომელმაც ხელშეკრულება გაუფორმა ამ კომპანიას, სავარაუდოდ - ეკონომიკის სამინისტრო და იმ ხელშეკრულებაში ხომ იქნება პუნქტები, რომელიც კომპანიას ხარისხის დაცვას ავალდებულებს? რატომ არ ითხოვენ პასუხს?!" - აცხადებს კაკი.
ჩვენი კიდევ ერთი თანამოუსაბრე, ლევანი, რომელმაც თბილისიდან იტალიამდე და საპირისპირო მიმართულებით იმგზავრა, ამბობს, რომ "აქვს განცდა, თითქოს აეროპორტში არსებული მდგომარეობა ქვეყნის იმიჯის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟია კომპანია "ტავ-ჯორჯიას" მხრიდან".
"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - აეროპორტის გასასვლელიდან პარკინგამდე მისასვლელ უვიწროეს ბილიკს, რიგებს, ტაქსების მოუწესრიგებელ სადგომს, რა გახდა მოწესრიგებული საპირფარეშო?! აეროპორტი ხომ ქვეყნის სავიზიტო ბარათია! თბილისის აეროპორტში საპირფარეშოში შესულ ტურისტს ხვდება ანტისანიტარია. საშინელი სუნი, შეიძლება, ქაღალდიც არ დაგხვდეთ. ხელის საშრობი აპარატის გამართულად მუშაობას ვინღა ჩივის. სად არ ვყოფილვარ, მოვლილი მაქვს მსოლფიო და აეროპორტებში ყველგან მოწესრიგებულია საპირფარეშოები" - ამბობს ლევანი.
ეკონომისტ ოთო აბესაძის განცხადებით, „ტავ-ჯორჯიას“ მომსახურების პაკეტში ნაგულისხმებია ასევე სარეალიზაციო ბილეთის ფასი, რომელიც თბილისის აეროპორტიდან არის ძვირი. შესაბამისად „ტავ-ჯორჯიას“ მოსაკრებლიდან გამომდინარე ადამიანებს უძვირდებათ მგზავრობა და ეს თავისთავად ნეგატიური მოვლენაა. გარდა ფასნამატისა „ტავ-ჯორჯია“ ვერ იღებს თავის თავზე იმ ვალდებულებას რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურისტული, ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის“.
„აეროპორტი, ეს არის ერთგვარი კარიბჭე და შენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. „ტავ-ჯორჯიას“ აქვს ვალდებულება, რომ აეროპორტი განვითარდეს, გაფართოვდეს, გეითები დაემატოს და მოეწყოს, მათ შორის საპარკინგე ზონა და ა.შ, რათა იყოს მაქსიმალურად მორგებული ისე, როგორც ეს ტურისტულ ქვეყნებს შეეფერებათ. ამ ეტაპზე ვიღებთ იმ შედეგს, რომ „ტავ-ჯორჯია“ ვერ ასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებას. აქვე ძალიან უცნაურია, ჯერ კიდევ თავის დროზე, როდესაც აშენდა თბილისის საერთაშრისო აეროპორტი, ის კაბალური ხელშეკრულება, რომელიც დაიდო თავის დროზე „ტავ-ჯორჯიასთან“, სრული ექსკლუზივები მიენიჭა მას და ასევე, მისი გაგრძელებაც როგორ მოხდა. ერთგვარ ექსკლუზივს ფლობს ეს კომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ამ ექსკლუზივის ფარგლებში არ მოაქვს არანაირი ჯეროვნად ნაკისრი ვალდებულება“ - აცხადებს ეკონომისტი.
მისივე თქმით, გამოსავალი აქ არის ის, რომ ან უნდა შემოვიდეს ქვეყანაში მსხვილი საერთაშორიო კონცერნი, რომელიც რეალურად მართავს და იცის საერთაშორისო ავიგადაზიდვებისა და ავიაპლატფორმის რესურსი ან ამაზე პაუხისმგებლობა აიღოს ქართულმა კვალიფიციურმა გუნდა.
“გუნდმა, რომელიც მოახდენს პირველ რიგში აეროპორტის გაზრდა-განვითარებას, ამის უპირობო პირობა დგას, გეითებთან რიგები დგას და ა.შ. და თუ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ვიყოთ ერთგვარი ლოჯისტიკური ჰაბი, აეროპორტი უნდა იყოს ძლიერი, დიდი და მასშტაბური. ამას სჭირდება სხვა ტიპის მენეჯმენტი, და არა ის რასაც ბევრი წელია „ტავ-ჯორჯია“ აკეთებეს“ - აცხადებს ოთო აბესაძე.
კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ერთ-ერთ მინუსად დაბალი სიხშირის ფრენებს ასახელებს.
„თბილისის აეროპორტის ერთ-ერთი მინუსი დაბალი სიხშირის ფრენებია, ახალი მიმართულებების არ ქონა და ის, რომ ამ მიმართულებით წლებია, არაფერი იცვლება. ქუთაისში ერთმა ავია-კომპანიამ შეძლო ის რაც ვერ შეძლო 30 წელია თბილისის აეროპორტმა, მისი არსებობის მანძილზე“ - აცხადებს ბერეკაშვილი.
მისივე თქმით, „ფრენების სიხშირის გაზრდა მიცემდა შესაძლებლობლას თბილისის აეროპორტს გაეწია კონკურენცია რეგიონის აეროპორტებისთვის, მიახლოებული ყოფილიყო კონკურენციის კუთხით სტამბოლის აეროპორტთან“.
„იმიტომ რომ, ჩვენ ვართ რეგიონალური ჰაბი, ჩინეთიდან ევროპის უკიდურეს წერტილამდე საჰაერო ზოლში. ამ საჰაერო სივრცის, ლოგისტიკის გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი. ფრენების სიხშირის გაზრდა განავითარებდა ტურიზმს, ასევე ბიზნესს თბილისსა და ზოგადად რეგიონში. ქუთაისის აეროპორტიდან თითქმის 40 ქალაქშია პირდაპირი ფრენები, თბილისიდან ევროპის მიმართულების უმეტესობა არის გადაჯდომით, ეს დიდი დისკომფორტია ტურისტებისთვის. მგონია, რომ ამ მიმართულებით, როგორც "ტავ-ჯორჯიამ", ისე სახელმწიფომ, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ტურიზმის სააგენტომ უნდა იმუშაონ, რომ თბილისში გაიზარდოს ევროპისა და აზიის მიმართულებით პირდაპირი ფრენების რაოდენობა. ასევე, როგორც დაგვპირდნენ, დაემატოს პირდაპირი ფრენები ამერიკის მიმართულებით, რაც შეცვლიდა ტურიზმის გეოგრაფიას ჩვენს სასარგებლოდ, განსაკუთრებით თბილისის საარგებლოდ. ვიტყოდი იმას, რომ ახლა უკვე მთელი საქართველო ჩამოკიდებულია ქუთაისის აეროპორტიდან შესრულებულ პირდაპირ ფრენებსა და ტურისტებზე, თუ თბილისის აეროპორტი სიხშირეს გაზრდის მარტო ქუთაისზე არ იქნებოდა დამოკიდებული ზემოაღნიშნული და გაცილებით მეტი ტურისტის მიღებას შეძლებდა ქვეყანა"- აცხადებს ბერეკაშვილი.
„ტავ-ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "აქცენტს" განუცხადეს, რომ ყველა საპირფარეშო არის სრულად გაკონტროლებული, გარემონტებული. ყველგან შეცვლილია კაფელები და ა.შ.
"ტავ ჯორჯია" არის მმართველი ოპერატორი, რომელიც დალაგების სამუშაოებს არ ახორციელებს. დაქირავებული, დაკონტრაქტებული გვყავს ერთ-ერთი ცნობილი, რეპუტაციის მქონე დასუფთავების კომპანია, რომელიც თავის დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს. ამას პერიოდულად ჩვენ ვაკონტროლებთ, იქ ძალიან დიდი მგზავრთნაკადის პირობებში შეიძლება, რაღაც დეტალი გაიპაროს, მაგრამ სულ კონტროლდება და ყველა საპირფარეშო მთელს აეროპორტში არის გარემონტებული. მგზავრთნაკადი როდესაც არის პიკური შესაძლოა, რაღაც მომენტში დროულად ვერ შედის დამლაგებელი“ - აცხადებენ კომპანიაში.
კითხვაზე, თუ რომელი უწყება ახორციელებს თავის მხრივ "ტავ ჯორჯიას" საქმიანობის მონიტორინგს, კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი "აეროპორტების გაერთიანება" და "საქაერონავიგაცია" ახორციელებენ.
ცნობისთვის: თბილისის სერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯიაა” - თურქული “ტავ და ურბანის” მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მართვის უფლებით 2005 წელს შემოვიდა. ამჟამად მოქმედი კონტრაქტით, შპს ”ტავ-ურბან საქართველო” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას 2027 წლამდე განახორციელებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021