„აჩრდილებისგან“ თავისუფალი? – რას გვპირდება ახალი ეტაპი სომხეთ–საქართველოს ურთიერთობებში

02-02-2024 17:38:36 ,

მრავალწლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. როგორც მოსალოდნელი იყო, საუბარია ძირითადად ეკონომიკურ პარტნიორობაზე.

სომეხი ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს დიდწილად განაპირობა სომხეთის მცდელობებმა, დისტანცირდეს რუსეთისგან და დაუახლოვდეს ევროკავშირს, ხოლო საქართველომ წინ წაიწია ევროინტეგრაციის გზაზე – მიიღო წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ამგვარ ხედვას იზიარებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე, რომელიც შეთანხმებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ხაზს უსვამს, რომ შემთხვევაში რამდენიმე მომენტმა ითამაშა როლი:

  • ყარაბაღის კონფლიქტი ალბათ, გადაიჭრა და ეს სომხეთს (ჩვენც) აძლევს საშუალებას, ფოკუსირდეს რეგიონულ პროექტებზე, რეგიონულ თანამშრომლობაზე;
  • სომხეთი ატარებს რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებულ პოლიტიკას;
  • უკრაინაში ომის ფონზე გამოიკვეთა მთელი რიგი საფრთხეების არსებობა და საქართველო ცდილობს, გაზარდოს თავისი მნიშვნელობა როგორც „რეგიონულმა ჰაბმა“.

„ამით ჩვენი ეკონომიკური მნიშვნელობაც იზრდება და უსაფრთხოებაც. გარანტიებს არ ვიღებთ, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოებაც იზრდება, როდესაც მეტი ეკონომიკური წონა გვაქვს“,– ამბობს „აქცენტთან“ შარაშენიძე.

მიუხედავად განსხვავებული საგარეო ორიენტირებისა, მხარეები წლების განმავლობაში უსვამდნენ ხაზს ახლო მეგობრულ კავშირებს, თუმცა ქართულ–სომხურ ორმხრივ ურთიერთობებში, როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, მუდმივად იგრძნობოდა სხვა მოთამაშეების არსებობა – ძირითადად, აზერბაიჯანის და რუსეთის. ამ გარემოებას არ უარყოფს შარაშენიძეც და ამბობს, რომ ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტამ გახსნა შანსი, რეგიონული თანამშრომლობა გაფართოვდეს.

„აქამდე სომხეთი ყარაბაღით იყო „დაბმული“. ჩვენც რაღაც დონეზე ანგარიშს ვუწევდით აზერბაიჯანის პოზიციას. მაგალითად, ყოველთვის ძალიან მძიმე თემა იყო რკინიგზის გახსნა, რომელიც აფხაზეთის გავლით მიდის სომხეთში. გასაგებია, რომ არსებობს იურიდიული პრობლემა, რა იურიდიული სტატუსით იხსნება, სად არის საბაჟო – ფსოუზე თუ ენგურზე? მაგრამ საბაჟო ფსოუზე რომ გახსნილიყო, პრობლემა იქნებოდა ის, რომ რუსეთი სომხეთს დაუკავშირდებოდა რკინიგზით და იარაღით უფრო მარტივად მოამარაგებდა, რაც ცხადია, აზერბაიჯანს არ მოეწონებოდა. მათ შორის, ამის გამოც იყო ეს საკითხი ყოველთვის ძალიან რთული“,– იხსენებს შარაშენიძე.

მისი ხედვით, ახლა „აჩრდილებისგან თავისუფალი“, შესაბამისად, უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკის ეტაპი დადგა ორ მეზობელს შორის ურთიერთობებში. მაგრამ განსხვავებით სომეხი ექსპერტების ნაწილისა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გარდა ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა, დეკლარაცია შემდგომში სხვა შეთანხმებების მიღწევის შესაძლებლობას გააჩენს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის, შარაშენიძე სკეპტიკურად უყურებს, არ მიიჩნევს რა საქართველოსთვის პრიორიტეტულად ორმხრივ ურთიერთობებში.

დასკვნის სახით ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო აკეთებს აქცენტს მშვიდობიან განვითარებაზე. თუ მიიღწევა სტაბილური მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაც გაჩნდება, ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ მიზნებს: „ჩვენი კაპიტალი გეოგრაფიაა. რეგიონში თუ არ იქნება მშვიდობა, არ იქნება თანამშრომლობაც და ცხადია, ჩვენი გეოგრაფიის პოტენციალს ვერ გამოვიყენებთ. ხოლო ეს თუ ვერ გამოვიყენეთ, აბსოლუტური კატასტროფა გველის: რესურსებით ღარიბი ქვეყანა ვართ, თითქმის არაფერს ვაწარმოებთ, გვაქვს გეოგრაფია და ტრანზიტი!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები