
როგორ სჯის რუსეთი აფხაზებს, რომლებიც ბოლო ძალით ცდილობენ ანექსიისგან სამშობლოს დაცვას
02/02/2024 21:15:46 კონფლიქტები
მთელი გასული კვირა აფხაზეთის მაცხოვრებლებმა მთავარ პრობლემებთან (უშუქობასა და უწყლობასთან) ერთად, რუსეთთან საზღვრის კვეთის ახალ წესებზე მსჯელობაში გაატარეს.
სოცქსელებში ერთი მეორეს მიყოლებით ჩნდებოდა პუბლიკაციები თხოვნით, ოფიციალურად განიმარტოს, რა ბედი ელით ადგილობრივებს იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე წლის 1 მარტიდან ორმაგი (აფხაზური და რუსული) მოქალაქეობის მქონე პირებს საზღვრის კვეთა მხოლოდ რუსული პასპორტით შეეძლებათ, აფხაზურით - აღარ.
„პატივცემულო შესაბამისო ორგანოებო! მოგმართავთ თხოვნით, გაგვაცნოთ კონკრეტული და ზუსტი ინფორმაცია საზღვრის კვეთის ახალი წესების შესახებ“ - ნათქვამი იყო აფხაზეთის მოქალაქეთა მიმართვებში. მაგრამ ოფიციალური სტრუქტურები დუმილს ინარჩუნებდნენ.
მაშინ მოსახლეობამ თავად დაიწყო ამ საკითხზე ინფორმაციის ძებნა და დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და გასვლის წესები ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილის ბოლოს შეცვლილა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია საზღვრის კვეთის ახალ წესებს განმარტავს, მათ შორის - აფხაზეთის მოქალაქეებისთვისაც.
„რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ“ 2023 წლის 28 აპრილის № 138-ФЗ ფედერალური კანონის მე-10 მუხლის თანახმად, „რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც ორმაგი ან რამდენიმე მოქალაქეობა გააჩნია, რუსეთის ფედერაცია განიხილავს მხოლოდ როგორც რუსეთის მოქალაქეს, მისი საცხოვრებელი ადგილის განურჩევლად“.
არსი მოკლედ რომ გადმოვცეთ, რუსეთის ფედერაციამ სამ სახელმწიფოსთან (ტაჯიკეთი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი) გააფორმა საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც ორმაგი მოქალაქეობის საკითხებს არეგულირებს, მაგრამ საზღვრის კვეთისთვის აფხაზეთის პასპორტის გამოყენების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
„ამგვარად, ორმაგი ან რამდენიმე მოქალაქეობის მქონე რუსეთის მოქალაქის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა და გასვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მისი, როგორც რუსეთის მოქალაქის პირადობას მოწმობს“ - ნათქვამია რუსული უწყების საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი წესი საზღვარზე ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე ის ბოლო დრომდე არავის გაჰხსენებია და აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც გააჩნდათ, კვლავინდებურად შეეძლოთ, საზღვარი აფხაზეთის შიდა ან საზღვარგარეთის პასპორტით ეკვეთათ.
ის ფაქტი, რომ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთის წესები მოულოდნელად გამკაცრდა, ადგლობრივებმა უმალვე დაუკავშირეს ურთიერთობების გაუარესებას სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც ბოლო თვეებში სულ უფრო ხშირად უჩვენებს დაუმორჩილებელ აფხაზებს „მათრახისა და თაფლაკვერის“ დასჯის მეთოდს. და თუ ადრე მოსკოვი აფხაზურ საზოგადოებაზე ზემოქმედების მეთოდებს კულუარულად იყენებდა, ახლა ამას დაუფარავად აკეთებს.
„მიამიტსაც კი ესმის, რომ რუსებს ჩვენთვის საზღვრის კვეთა ტყუილად არ გაუმკაცრებიათ. თავადაც იცით, რამდენ ჩვენს თანამემამულეს აკავებენ ბოლო დროს ეფესბეშნიკები საზღვარზე. საათობით აჩერებენ, ჩვენი შიდა საქმეების შესახებ უსვამენ კითხვებს. როგორც ჩანს, საკანონმდებლო ცვლილებები იმისთვის დასჭირდათ, რომ ეს დაკავებები და განუკითხაობა აფხაზეთის მოქალაქეებზე ზეწოლად არ გამოიყურებოდეს“, - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე რაუფი.
„ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ, როგორც აფხაზეთის მოქალაქემ, ისე ჩააბარა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩვენი რესპუბლიკისთვის განსაზღვული ლიმიტის ფარგლებში. ახლა რა უნდა ქნან? მათ რუსეთის მოქალაქეობაც გააჩნიათ, მაგრამ ლიმიტი უფასოდ სწავლის შესაძლებლობას აძლევდათ. საზღვრის კვეთის ახალი წესების შემოღების შემდეგ მათ სირთულეები გაუჩნდებათ და შესაძლოა, რუსეთში სწავლაზე უარის თქმაც მოუწიოთ, რაც დიდი პრობლემა იქნება ჩვენი ახალგაზრდობისთვის“, - ამბობს ჩვენი რესპონდენტი ადა.
„პირველი, რაც აზრად მომივიდა, როცა ახალი სასაზღვრო წესის შესახებ სიახლე შევიტყვე, ისაა, რომ სურთ, აფხაზეთის მოქალაქეები ჯარში გაიწვიონ შემდეგ უკრაინასთან ომში გასაგზავნად. ამას ხმამაღლა არ ამბობენ, თუმცა ბევრისთვის ცნობილია, რომ რუსეთში ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს და რუსებს ომში მეტი აფხაზის გაგზავნა სურთ. ჩვენი ისედაც მცირერიცხოვანი ერისთვის ეს კატასტროფაა, რადგან ამ ომში უკვე ისედაც დავკარგეთ ჩვენი საუკეთესო ბიჭები“ - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე თემური.
მიზეზი იმისა, რომ ჩვენი სტრაეგიული პარტნიორი, მეზობელი და მეგობარი რუსეთი ამ ნაბიჯზე წავიდა, ბევრი შეიძლება, იყოს, მაგრამ მთავარი ერთია – ზემოქმედების სურვილი აფხაზურ საზოგადოებაზე, რომელიც ბოლო ძალით ცდილობს აფხაზეთის ანექსიისგან დაცვას. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ უახლოეს ხანებში ჩვენი პარლამენტი განიხილავს რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიცაა უცხოეთის აგენტების, აპარტამენტების, ენერგეტიკის შესახებ კანონები. ყველა ამ საკითხს შეუძლია, აფხაზი ხალხისა და აფხაზური სახელმწიფოს მომავალი კარდინალურად შეცვალოს. და ის ფაქტი, რომ რუსეთმა უკვე შეუზღუდა ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთს, რომელსაც დღეში 4 საათით ისედაც ეთიშება დენი, ბევრ რამეზე მეტყველებს.
სამომავლოდ ვითარება მხოლოდ დამძიმდება. აფხაზები ხომ კვლავინდებურად ვერ ხედავენ მომავალს სამშობლოს გარეშე და სულ უფრო მეტად სურთ ურთიერთობების ჩამოყალიბება ყველა მეზობელსა და მსოფლიოსთან. კრემლს კი ამის დაშვება არც ერთ შემთხვევაში არ სურს. ამდენად, აფხაზ ხალხს ჯერ კიდევ წინ აქვს ბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთის და როგორც ჩანს, იგი ელექტროენერგიის 12-სათიანი გათიშვებით დაიწყება.
კრისტინა ავიძბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება