ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 1-4 თებერვალი

07-02-2024 11:09:44 კონფლიქტები

ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე შესაძლოა ახალი შეზღუდვები ამოქმედდეს

აფხაზეთში მცხოვრები პირებისთვის, რომლებიც პარალელურად რუსეთის „მოქალაქეობას“ ფლობენ, 1 მარტიდან რუსეთში შესვლა მხოლოდ რუსული პასპორტით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. რუს მესაზღვრეებზე დაყრდნობით გავრცელდა. კერძოდ, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2023 წელს რუსეთის ფედერაციამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად პირი, რომელიც რუსეთის მოქალაქეობის გარდა სხვა ქვეყნის ან ქვეყნების მოქალაქეობას ფლობს, უპირველესად როგორც რუსეთის მოქალაქე განიხილება, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად. აქედან გამომდინარე, აფხაზები ვალდებულები არიან, რუსეთის „საზღვრის“ კვეთისას მხოლოდ რუსული პასპორტი გამოიყენონ. სხვა შემთხვევაში მათ რუსეთის ტერიტორიის დატოვებაზე უარის თქმა ან ჯარიმის გადახდა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ დღემდე აფხაზეთში მცხოვრები პირები ე.წ. აფხაზური პასპორტით თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.

სოხუმში რუსეთის საკონსულო განყოფილებამ დაადასტურა, რომ კანონმდებლობის თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის პირები რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ რუსული პასპორტებით შედიან, თუმცა ახალი შეზღუდვების თაობაზე პირდაპირი პასუხი არ გასცა და ჟურნალისტებს „მესაზღვრეებთან“ გადამოწმება ურჩია. თავის მხრივ, დე ფაქტო უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა, რუსტამ ლატიფოვმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ „საზღვრის“ კვეთისას დაშვებული დოკუმენტების ჩამონათვალი არ შეცვლილა.

გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელის მომხმარებლებში უკმაყოფილება გამოიწვია. მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის სულისკვეთებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აფხაზი ხალხი რუსეთს საერთოდ არ აინტერესებს.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა საქართველოს მხრიდან აფხაზეთის იზოლაციაზე ისევ საუბრობს

ვენესუელაში და ნიკარაგუაში ე.წ. აფხაზეთის ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთი საერთაშორისო ასპარეზზე მისი იზოლიაციისკენ მიმართულ „აგრესიულ ქმედებებს“ აწყდება, რაც საერთაშორისო კონტქატების აღკვეთის აქტიურ მცდელობებში გამოიხატება. არძინბას თქმით, საქართველოს „აგრესიული“ პოლიტიკა რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. პირველ რიგში, ეს არის იზოლაცია პოლიტიკურ დონეზე, რაც „სახელმწიფოთაშორისი“ თანამშრომლობის ხელშეშლას გულისხმობს. იგივე ეხება კონტაქტებს ბიზნეს-წრეებს შორის. ამასთან, აფხაზ სპორტსემენებს, მეცნიერებს, ხელოვანებს და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ეძლევა.

ამ სიტუაციიდან გამოსავალს ინალ აღძინბა იზოლაციის მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ხედავს. მან „ელჩებს“ ყველა სფეროში მუშაობის გააქტიურების თხოვნით მიმართა და მისცა დავალება, გააგრძელონ საერთაშორისო კონტაქტების გაფართოება, მიმართონ საინფორმაციო ინსტრუმენტებს საზღვარგარეთ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად, ასევე გამართონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებები აფხაზეთის იმიჯის განვითარების მიზნით.

ამასთან, ინალ არძინბამ დისტანციური შეხვედრა გამართა BRICS-ის საექსპერტო საბჭოს ხელმძღვანელთან, რუსეთის წარმომადგენელთან ვიქტორია პანოვასთან (აღსანიშნავია, რომ 2024 წელს BRICS-ის თავმჯდომარეობა სწორედ რუსეთმა გადაიბარა) და განაცხადა, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია BRICS-ის სხვადასხვა სამუშაო ფორმატში მონაწილეობით. მისი თქმით, აფხაზეთისთვის პერსპექტიული ფორმატები შეიძლება ბიზნეს ჯგუფების შეხვედრები, სამოქალაქო და აკადემიური ფორუმები, ახალგაზრდული ფორუმი, ახალგაზრდა დიპლომატების ფორუმი და სპორტული თამაშები იყოს.

„საჯარო სამსახურში“ შესაძლოა უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც დასაქმდნენ

აფხაზთის დე ფაქტო პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. კანონპროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც საჭიროების შემთხვევაში „სახელმწიფო“ სტრუქტურებში იმ პირების დასაქმებასაც ითვალისწინებს, რომლებიც ადგილობრივ მოქალაქეობას არ ფლობენ. იურისტი ლაშა ცაავა აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ, უმცროსი სპეციალისტის ან სპეციალისტის თანამდებობაზე დაინიშნოს. ამავდროულად, მისივე თქმით, მათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა არ ექნებათ და ხელმზღვანელ პოზიციებზე ვერ დაინიშნებიან.

აფხაზ აქტივისტებს ე.წ. საზღვარზე ისევ აჩერებენ

ამჯერად რუსმა „მესაზღრეებმა“ დაკითხვა ორ ჟურმალისტს, ემა ხოჯაას და ინალ ხაშიგს მოუწყვეს (აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს ე.წ. საზღვარზე უკვე მეორედ აჩერებენ). აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ორივე მათგანმა საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ინალ ხაშიგმა ისიც არ გამორიცხა, რომ „სოხუმის მოთხოვნით“ მალე დაკავების პრაქტიკაც დაიწყოს. მან დე ფაქტო უშიშროების სამსახურს და გენერალურ პროკურატურას მიმართა, რომ მისი აღნიშნული პოსტი როგორც ოფიციალური განცხადება განიხილონ.

თავის მხრივ, ემა ხოჯაამ განაცხადა, რომ აფხაზეთს მართავს „ჩამშვები“ ხელისუფლება, რომელიც საკუთარი მოქალაქეების სიებს სხვადასხვა სპეცსამსახურს გადასცემს. მან დე ფაქტო ხელისუფლებას ურჩია, ადამიანებზე უცხოური აგენტის იარლიყის მიკერების მაგივრად, მიიღოს კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, რათა აფხაზეთის თავისუფლება, მიწები, ენა, კულტურა და „დამოუკიდებლობა“ შეინარჩუნოს.

გალის რაიონში წარმოებული პროდუქცია შესაძლოა რუსეთის ბაზარზე გავიდეს

აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა გალის რაიონის ხელმძღვანელის კონსტანტინ ფილიასა და აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელს ზალინა კობესოვას შორის გამართულ შეხვედრაზე. ზალინა კობესოვმა გალის რაიონთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, რაიონში არსებული პერსპექტივების გათვალისწინებით, უკვე უნდა დაიწყოს ადგილობრივი პარტნიორების მოძებნა და მათი დაკავშირება რუსეთის რეგიონებთან.

აფხაზეთში დაიწყო დისკუსიები ფილმი „იარე, ლიზა“-ს თაობაზე

ერთ-ერთ აფხაზურ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა პოსტი, რომელიც ნანა ჯანელიძის ფილმს მიეძღვნა. პოსტის ავტორ(ებ)ი აღნიშნავენ, რომ ფილმმა თბილისში სკანდალი გამოიწვია, რის შემდეგაც მისი ჩვენება აიკრძალა (აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია პოსტის კომენტარებში თავად აფხაზებმა უარყვეს). პოსტის ავტორ(ებ)ი რეჟისორის გარკვეულ მოსაზრებებს არ ეთანხმებიან, თუმცა, მათივე თქმით, აშკარაა, რომ ფილმის ძირითადი გზავნილი სწორედ ქართველებს მიემართება.

Новости

Другие новости