ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 5-7 თებერვალი

08-02-2024 18:01:32 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ე,წ, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებენ“

კანონპროექტის თანახმად, უცხოურ აგენტად შეიძლება გამოცხადდეს როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ისე ფიზიკური პირები, თუ ისინი დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებენ და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობენ. უცხოურ წყაროდ ითვლება სახელმწიფოები და მათი სტუქტურები, საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციები, უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. ამავდროულად, იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ დაფინანსების მიღება იმ სახელმწიფოებისგან, რომლებმაც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს (რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ) ან იქ რეგისტრირებული იურიდიული და ფიზიკური პირებისგან „უცხოურ აგენტად“ გამოცხადების საფუძველს არ ქმნის. კანონის დარღვევა და „უცხოური აგენტების“ რეესტრში საკუთარი თავის არშეტანა იწვევს ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ადგილობრივი „კანონმდებლობის“ შესაბამისად ისჯება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მისი მიღება "ხელს შეუწყობს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე აფხაზეთის სახელმწიფოსა და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოეთის ჩარევაზე დაუყოვნებელ რეაგირებას".

ბჟანიას გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა უარყოფითი რეაქცია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. გავრცელებულ განცხადებაში არასამთავროვო ორგანიზაციები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დე ფაქტო პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს და წინააღმდეგობაში მოდის აფხაზეთის „კონსტიტუციასთან“. განცხადების ავტორები იშველიებენ „კონსტიტუციის“ 64-ე მუხლს, რომელიც კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში დე ფაქტო პრეზიდენტის გადაყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში „საინვესტიციო საქმიანობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანა იგეგმება

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში განიხილება „საინვესტიციო საქმიანობის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელი ინვესტორების 25 წლით რიგი გადასახადებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია ეკონომიკის ექსპერტმა ახრა არისთავამ გამოხატა. მისი თქმით, ეს უცხოელი ინვესტორებისთვის მსგავსი გაუმართლებელი შეღავათების მიცემის მცდელობის უკვე მესამე მცდელობაა, წინა ორ შემთხვევაში ცვლილებებს თავად პარლამენტის წევრებმა არ დაუჭირეს მხარი. ახრა არისთავა აღნიშნავს, რომ ინვესტორებს ფაქტობრივად ეძლევა ნებართვა, მთელი აფხაზეთი აითვისონ ისე, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგება არ ნახოს და მხოლოდ იაფი მუშახელის ფუნქცია შეასრულოს. მისი მოსაზრებით, მსგავსი ცვლილებები დე ფაქტო პარლამენტმა არ უნდა დაამტკიცოს.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის თვმჯდომარე ტიმურ ახიბა ე.წ. სასაზღვრო პუნქტზე უმიზეზოდ გაჩერებულ სამ მოქალაქეს შეხვდა

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ემა ხოჯაამ, ინალ ხაშიგმა და ლევან მიქაამ, რომლებიც რუსმა მესაზღვეებმა ფსოუს გამშვებ პუნქტზე რამდენჯერმე უსაფუძვლოდ დააკავეს და დაკითხვა მოუწყვეს. შეხვედრაზე ჟურნალისტებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ მათი დაკავება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს და სამოქალაქო საზოგადოების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უკავშირდება. მათ დე ფაქტო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარეს მოუწოდეს, საჯაროდ უარყოს მისი უწყების კავშირი მოქალაქეთა დაკავების შემთხვევებთან. ტიმურ ახიბამ მსგავსი განცხადების გაკეთებაზე უარი განაცხადა და სანაცვლოდ შეხვედრის მონაწილეებს შესთავაზა, რუსი მესაზღვრეების ქმედებებთან დაკავშირებით უშიშროების სამსახურში ოფიციალური საჩივარი შეიტანონ.

გამშვებ პუნქტზე ადგილობრივი მაცხოვრებლების დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით განმარტება დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა და განაცხადა, რომ უწყებას ამასთან საერთო არაფერი აქვს. მეტიც, განმარტების თანახმად, გავრცელებული ფაქტების გადამოწმებისა და სათანადო რეაგირების თხოვნით სამინისტრომ უკვე მიმართა აფხაზეთში ე.წ. რუსეთის ელჩს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ელჩს“ პარტიამ „არუაა“-მაც მიმართა. საკუთარ განცხადებაში აღიშნულმა ოპოზიციურმა პარტიამ რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებებს გაუმართლებელი და მიკერძოენული უწოდა და განაცხადა, რომ აფხაზი მოქალაქეების უფლებების დარღვევა მიუღებელია და შესაძლოა რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს. მან „რუსეთის ელჩს“ საკითხის გადაწყვეტისკენ მოუწოდა.

აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი („ფნეა“) რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ანტიკრიზისული პროგრამის ფორმირების ერთიანი ეროვნული ცენტრის წინადადებით გამოდის

საკუთარ განცხადებაში ოპოზიციურმა პარტიამ გააკრიტიკა უკანასკნელ პერიოდში აფხაზეთში მიდინარე მოვლენები, როგორიც არის ბიჭვინთის აგარაკის გასხვისება, აპარტოტელების კანონპროექტის განხილვა, სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებისა და აღსულების თაობაზე რუსეთთან გაფორმებული შეთანხმება, სამოქალაქო საზოგადოებაზე სიტყვიერი თავდასხმები, მოქალაქეთა დაკავებები, საწვავის დეფიციტი, ენერგოკრიზისი და სხვა. ოპოზიციის შეფასებით, ყველა ეს საკითხი ადასტურებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება „ეროვნულ ინტერესებზე“ უარი თქვა, რის გამოც აფხაზეთი თანდათან იქცა რეგიონად, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი უკანონო გარიგების დადება და სადაც ყიდვა-გაყიდვა ფასეულობებზე უფრო მაღლა დგას. „ფნეა“ საჭიროდ მიიჩნევს ხალხის გაერთიანებას, რათა ამ არაჯანსაღ და საშიშ ტენდენციებს წინ აღუდგეს. შესაბამისად, პარტია გამოდის ინიციატივით ერთიანი ეროვნული ცენტრის დაარსების თაობაზე, რომელიც ღიად მოითხოვს ანტიკრიზისული პროგრამის დაუყოვნებელ შემუშავებას. პარტია გამოთქვამს მზადყოფნას, ცენტრის დაარსების პროცესს სათავეში თავად ჩაუდგეს.

აფხაზეთში „სტრატეგიული ობიექტების შესახებ კანონი“ მიიღეს

დე ფაქტო პარლამენტის თანახმად, კანონის მიღების აუცილებლობა მოქმედ კანონდმებლობაში სტრატეგიული ობიექტების განსაზღვრებისა და ჩამონათვალის არარსებობამ განაპირობა, რაც აფხაზეთის „ეროვნული უსაფრთხოებისთვის“ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. კანონი სტრატეგიული ობიექტების განსაზღვრისა და რეგულირების სამართლებრივი საფუძვლის ქმნის და კრძალავს მათ პრივატიზაციას. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტად მიიჩნევა სამხედრო ტექნიკა და ძალოვანი სტრუქტურების ოპერატიულ მართვაში არსებული აღჭურვილობა, სახელმწიფო ორგანოების შენობები, ენერგეტიკის სექტორი, მათ შორის 5 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის გენერატორი და მაგისტრალური ელექტროგადამცემი ხაზები, მაგისტრალური კავშირგაბმულობის ხაზები, აეროდრომები, სასწავლო დაწესებულებები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საავიაციო სისტემები, რესპუბლიკური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები და რკინიგზა, რკინიგზის და ავტო სადგურები და სხვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები