ინალ არძინბა: უკან 1937-ში

06-02-2024 16:30:38 კონფლიქტები

ამასწინათ ვწერდით, რაოდენ ფართო საქმიანობა გაშალა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საკეთილდღეოდ ჰუმანიტარულ და სოციალურ პროექტებს ახორციელებენ. სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციები არ აღმოჩნდნენ ერთადერთი, ვინც მისი მხრიდან თავდასხმების ობიექტად იქცა. გასული წლის ბოლოს დაიწყო ნამდვილი ნადირობა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებზე, მედიაზე, ცალკეულ ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე. და ალბათ, „გასაოცარი დამთხვევაა“, რომ ყველა პირი, რომელსაც ბ-ნი არძინბა დაუპირისპირდა, საკმაოდ ღიად აფიქსირებდა პოზიციას რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის წინააღმდეგ.

როგორ იწყებოდა ყველაფერი

2020 წლის ნოემბერში სოხუმსა და მოსკოვს შორის გაფორმდა საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოეთის აგენტების საქმიანობის რეგულირების ნაწილში ადგილობრივი კანონმდებლობის რუსეთისასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებდა. ერთ წელიწადში იუსტიციის სამინისტროების დონეზე ხელი მოეწერა მემორანდუმს არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოეთის აგენტების საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების ჰარმონიზების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც, აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრ ანრი ბარციცის თქმით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირებისთვის სერიოზულ საფუძვლად უნდა ქცეულიყო. ცოტა ხანში კი აფხაზეთში თავად უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულის ანალოგიური კანონპროექტის შემუშავება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ „უცხოეთის გავლენის ქვეშ მყოფ პირთა საქმიანობის კონტროლის შესახებ“ რუსეთის კანონით უცხოეთის აგენტის სტატუსი ენიჭება ყველას, ვინც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს; მათთვის შექმნილია სპეციალური რეესტრი. ანალოგიური კანონის აფხაზეთში ამოქმედების შემთხვევაში თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია იძულებული იქნებოდა, ნებაყოფლობით მიეწებებინა „უცხოეთის აგენტის“ იარლიყი, ან არსებობა შეეწყვიტა.

ამ პროცესების პარალელურად ახლადგამომცხვარმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ინალ არინბამ თავისი დიპლომატიური კარიერა საერთაშორისო ორგანიზაციების მკვეთრი კრიტიკით დაიწყო. იგი რეგულარულად იბარებდა ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს „სამინისტროს“ მედიაცენტრში და საყვედურობდა იმ პროექტების გამო, რომლებიც, მისი აზრით, „საფრთხეს წარმოადგენენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის“ და „აფხაზეთში გავლენის აგენტურის ჩამოყალიბებაზე არიან მიმართული“... კარგი წარმოდგენა ჰქონია საკუთარ მოქალაქეებზე ბ-ნ არძინბას, ვერაფერს იტყვი და ამაში კიდევ არაერთხელ დავრწმუნდებით. არსებული ინფორმაციით, „მინისტრმა“ იმ მოქალაქეთა სიაც კი მოითხოვა, რომლებიც გაერო-ს სააგენტოებთან თანამშრომლობენ.

საერთაშორისო ორგანიზაციების დემონიზებასთან ერთად „მინისტრი“ აქტიურად პედალირებდა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას, რომლის განხილვამ არა მარტო საზოგადებრივ, არამედ პოლიტიკურ წრეებშიც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მაგალითად, საზოგადოებრივ პალატაში გამართული მოსმენის დროს დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ „არასამთავრობო სექტორმა თანამედროვე აფხაზეთის ისტორიაში დიდი როლი შეასრულა“ და რომ „ამ საკითხის განხილვა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებდა“. სხვათა შორის, გამოცდილ პოლიტიკოს შამბას, ახლადაღმოცენებულ დიპლომატ ინალ არძინბასგან განსხვავებით, მშვენივრად ესმის არასამთავრობო სექტორის მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებაში. ჯერ კიდევ 2020 წელს, ერთ-ერთ თავის ინტერვიუში მან NGO-ები პატრიოტებად მოიხსენია და არამიზანშეწონილად მიიჩნია უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონმდელობის გაზიარება, მით უფრო, რომ მისი აზრით, „სხვა ქვეყნების ინტერესებში მოქმედი ორგანიზაციები აფხაზეთში არ არსებობენ“.

2022 წელს აფხაზური საზოგადოებისთვის კანონპროექტის თავს მოხვევის მცდელობამ სრული კრახი განიცადა და საკვანძო როლი ამაში საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა შეასრულეს. მაგრამ დიდი ხნით?

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის საკითხი

ადგილობრივი NGO-ების წინააღმდეგ ახალი ტალღა „პრეზიდენტ“ ბჟანიას მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინისთვის, ოფიციალურად კი პუტინს დაქვემდებარებული „დაცვის სახელმწიფო სამსახურისთვის“ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხს უკავშირდებოდა. აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, საზოგადო მოღვაწეებისა და ახალგაზრდა აქტივისტების ჩათვლით ამ გადაწყვეტილების მიმართ იმთავითვე მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას იჩენდა, ხსენებული შეთანხმების კონსპირაციულმა რატიფიკაციამ კი აფხაზეთში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა.

ასლან ბჟანიამ სცადა, მზარდ დაძაბულობაზე გავლენა პირადად მოეხდინა, გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შეხვედრაზე დაიბარა ახალგაზრდული მოძრაობა «ХарахПицунда»-ს წარმომადგენლები და ამაოდ ეცადა მათ დარწმუნებას იმაში, რომ რუსეთისთვის ბიჭვინთის „მადლიერების ნიშნად“ გადაცემა აუცილებლობას წარმოადგენდა. აფხაზი ახალგაზრდობის იძულება, უარი ეთქვა პატრიოტულ განწყობაზე, იოლი არ აღმოჩნდა.

მაშინ საქმეში დე ფაქტო უშიშროების სამსახური ჩაერთო, რომელმაც ახალგაზრდული მოძრაობა და მასთან ერთად სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც ღიად დაადანაშაულა „არამეგობრული, მტრული ინსტიტუტების [იგულისხმება გაერო-ს განვითარების პროგრამა, რომელიც უკვე ათწლეულებია, აფხაზეთში ჰუმანიტარულ პროექტებს ახორციელებს - რედ.] ფინანსური მხარდაჭერით რიგ შიდაპოლიტიკურ საკითხებზე კრიტიკული პოზიციის გამოთქმაში, მათ შორის ქუჩის საპროტესტო აქციების მართვაში“. იგივე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეშვეობით „გარედან წახალისებული „ფერადი რევოლუციების“ საფრთხის“ შესახებ გააკეთა განცხადება „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას. ამ გზით დე ფაქტო ხელისუფლება ბიჭვინთასთან დაკავშირებით მიღებული საკუთარი არაპატრიოტული გადაწყვეტილების გამართლებას ცდილობდა და ამასთან, არაპატრიოტიზმში თავად ხალხს ადანაშაულებდა - რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს.

ინალ არძინბას როლი

მაგრამ განსაკუთრებულად აქტიურად ამ ანტისაზოგადოებრივ კამპანიაში ისევ ის ინალ არძინბა იყო ჩართული. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, რომელმაც, როგორც ჩანს, დაივიწყა, რომელ უწყებას ხელმძღვანელობდა და ამავდროულად თუ მთელი პლანეტის არა, აფხაზეთის ღერძად მაინც წარმოუდგენია თავი, გადაწყვიტა, საფუძვლიანდ დაკავებულიყო შიდა პოლიტიკით. აქ უნდა აღინიშნოს, რომ არძინბა ადრეც ცოცხალ ინტერესს იჩენდა იმის მიმართ, რაც არა რესპუბლიკის გარეთ, არამედ თავად აფხაზეთში ხდებოდა: საკმარისია, გავიხსენოთ მისი გრძელი ტურნე რაიონებში, რომლის ფარგლებშიც არძინბა დიდი ენთუზიაზმით უყვებოდა ადგილობრივებს ზღაპრებს „ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“ რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ და აფხაზებისთვის ესოდენ მიუღებელი კიდევ ერთი რუსული პროექტის - აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის ლობირებას ცდილობდა.

მაგრამ ამჯერად მოსკოვისთვის საკუთარი პროფგამოსადეგობის დამტკიცების სურვილით შეპყრობილმა არძინბამ გადაწყვიტა, კიდევ უფრო შორს წასულიყო და საკუთარი თანამოქალაქეები, არც მეტი, არც ნაკლები, ღალატში დაედანაშაულებინა. მისი უწყების ერთ-ერთი თანამშრომლის გვერდზე გამოქვეყნდა ფულადი გადარიცხვები, რომლებიც გაერო-ს განვითაების პროგრამას ადგილობრივი არასამთავრობოებისთვის პროექტების რეალიზების ფარგლებში აქვს განხორციელებული და ეს იმის „მტკიცებულებად“ საღდებოდა, თითქოს ეს არასამთავრობოები ფულს „საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციაში იღებენ“. ამასთან, გამოქვეყნებული იყო კონკრეტულ პირთა პერსონალური მონაცემებიც, მიღებული თანხის ოდენობისა და საბანკო ანგარიშების ჩათვლით. ამას მოჰყვა ხისტი, მუქარანარევი სიტყვიერი თავდასხმები ცალკეულ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებზეც.

მეტი დამაჯერებლობისთვის კი ინალ არძინბამ საქმეში უცხოეთში მყოფი აფხაზი დიპლომატებიც ჩართო, რომლებიც სირიისა და ვენესუელის „დემოკრატიების“ მაგალითზე ერთხმად ალაპარაკდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედების შეწყვეტის აუციებლობაზე. აბა რა, რამენაირად ხომ უნდა გაამართლონ სარეზერვო ფონდიდან ფინანსების მიღება?!...

მეტიც, არძინბამ აკრძალა მსხვილი საერთაშორისო დონორების პროექტები, რითაც მნიშვნელოვნად შეზღუდა არასამთავრობოების კანონიერი შემოსავლები. მაგრამ ამ პოლიტიკის ყველაზე ტრაგიკული შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ უამრავი უშუალო ბენეფიციარი დაკარგავს ესოდენ საჭირო ჰუმანიტარულ და სოციალურ მხარდაჭერას, რომელსაც ადგლობრივი რეჟიმი მოსახლეობას დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ გაუწევს.

ანტისაზოგადოებრივი ისტერიის მორიგი ტალღა მოჰყვა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის - ტოივო კლაარის განცხადებას, რომელშიც მან გაკვირვება გამოხატა დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მისი სოხუმში ვიზიტები შეეზღუდა. როგორც კლაარმა აღნიშნა, აფხაზეთის მსგავსი თვითიზოლაცია უპირველესად, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ამ განცხადებას ინალ არძინბას უწყებამ რისხვით უპასუხა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ახალგაზრდა „დიპლომატის“ თაოსნობით ერთმანეთის მიყოლებით ადანაშაულებდნენ ტოივო კლაარს ლამის „ხალხის მტრობაში“ და ამავდროულად უკვე ღიად მოიხსენიებდნენ აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოეთის აგენტებად.

და ეს ყველაფერი - გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომლის თანახმად, უახლოეს ხანებში მიიღება კიდევ უფრო გამკაცრებული კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, რომლითაც ეს სტატუსი უკვე არა მარტო იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებსაც მიენიჭებათ. არადა, ლოგიკით, პირველი ამ სიაში თავად ინალ არძინბა უნდა იყოს…

მსგავსი პოლიტიკის მორალურ და სამართლებრივ მხარეებს რომ თავი დავანებოთ, ისმის კითხვა: შედის კი ეს „საგარეო საქმეთა მინისტრის“ მანდატში? იდეაში ხომ ეს უწყება არ უნდა ერეოდეს (ასე ღიად მაინც) შიდა პოლიტიკაში და მით უფრო საექსპერტო საზოგადოებისა და არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობაში? იქნებ საქმე რეალურად, იმაშია, რომ უფრო კომპეტენტურ სტრუქტურებს უბრალოდ არ გააჩნიათ სამხილები ცილდაწამებული მოქალაქეების წინააღმდეგ და ამიტომაც გადაწყვიტა ინალ არძინბამ, თვითნებურად აღასრულოს „სამართალი“ უკანონო გზით მოპოვებული და თან აშკარად ყალბი ინფორმაციის ვრცელებით?

წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, ასეთ ადამიანს რომ აფხაზეთში კრემლის ისედაც გაფორმებული ტოტალური კონტროლის ფონზე კიდევ უფრო მეტი უფლებამოსილება მიენიჭოს? - Welcome back to 1937...

ეკა ცანავა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები