12-02-2024 17:44:05 კონფლიქტები
დე ფაქტო აფხაზეთის პროკურატურის ცნობით, კაპიტანი ალბერტ ზარაქუა, ლეიტენანტი ვიანორ აბშილავა და უმცროსი ლეიტენანტი დავით კვეკვესკირის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება პირთა ჯგუფის მიერ და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ძალადობის გამოყენებით. პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დაკავებული თემურ კარბაია გალის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა, სადაც მოწმეების გარეშე უკანონოდ პირადი ჩხრეკა ჩაუტარა და ეს ფაქტი დოკუმენტურად არ დააფიქსირა. გავრცელებული განცხადებით, კარბაიამ კვეკვესკირს უცენზურო სიტყვებით მიმართა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი, ალბერტ ზარაქუასა და ვიანორ აბშილავასთან ერთად, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მიყენებული დაზიანებების გამო თემურ კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მიმდინარე წლის 10 თებერვალს მოხდა გალის პოლიციის თანამშრომლების ზარაქუას და აბშილავას დაკავება. რაც შეეხება დავით კვეკვესკირს, მისი ადგილსამყოფელი უცნობია და იგი ძებნაშია გამოცხადებული.
დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ რუსეთის გვარდიასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა
რამდენიმე დღის წინ აფხაზურ მედიაში გავრცელდა დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის შესახებ „შეთანხმების“ პროექტი, რომელსაც ადგილობრივი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. „შეთანხმების“ ერთ-ერთი პუნქტი „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებდა, რაც კრიტიკოსების განცხადებით, შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის, მათ შორის „როსგვარდიის“ მიერ საპროტესტო აქციების დაშლის შესაძლებლობას იძლევა და აფხაზეთის „სუვერენიტეტის“ დათმობას ნიშნავს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოხუმში აქცია დაიგეგმა, რის შემდეგეც დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ „როსგვარდიასა“ და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი „არ ექვემდებარება ხელმოწერას“ ე.წ. სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ. კიუტმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი არის „სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, აფხაზეთის კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი იყოს დაცული უცხო სახელმწიფოს სტრუქტურების მიერ“.
ოკუპირებულ აფხაზეთში „უცხოური აგენტების შესახებ კანონს“ ეწინააღმდეგებიან
ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებების გავრცელებას აგრძელებენ და „სტალინის რეპრესიების“ საფრთხეზე საუბრობენ.
აქტივისტი ჯანსუღ ადლეიბა, რომლის ინიციატივით სოხუმში საპროტესტო აქციაც დაიგეგმა, აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებისთვის ძლიერი წინააღმდეგობის გაწევას აპირებს. „მყავს თანამოაზრეები, რომლებიც მხარს დამიჭერენ, და ჩვენ ერთად ვიაქტიურებთ. ყველა მიმდინარე პროცესი ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული“, - აღნიშნა მან.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ წარმომადგენელი ლიანა კვარჩელია და იურისტი საიდ გეზერდავა კანონს „ანტიკონსტიტუციურს“ უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. „ასლან ბჟანია არის პირველი პრეზიდენტი აფხაზეთის უახლეს ისტორიაში, რომელიც რეპრესიული მექანიზმების აღდგენას ცდილობს“ - ნათქვამია მათ განცხადებაში. ამასთან, ისინი იშველიებენ ე.წ. აფხაზეთის კონსტიტუციის 64-ე მუხლს, რომელიც კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში დე ფაქტო პრეზიდენტის გადაყენების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
კანონის მიღების წინააღმდეგ ახალგაზრდული მოძრაობა „ჰარაჰპიცუნდაც“ გამოვიდა. მისმა ერთ-ერთმა წევრმა, ალექსანდრა ბარგანჯიამ განაცხადა, რომ სურს აფხაზეთი ძლიერი, დამოუკიდებელი და თვითკმარი იყოს, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლების გზავნილები, რომ „სუვერენიტეტი უნდა დავთმოთ“ და „რუსეთის გარეშე არაფერს წარმოვადგენთ“ ანტიაბხაზურ ხასიათს ატარებს. „ფრთხილად, უცხოური აგენტების ძებნაში საკუთარი თავი არ იპოვოთ“ - ამ სიტყვებით დაასრულა ბარგანჯიამ საკუთარი მიმართვა.
სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით საკითხი განხილულ იქნა საზოგადოებრივ პალატაში, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს. ამასთან, სამოქალაქო საზოგადოებამ „დისკრიმინაციული“ კანონის არმიღების თხოვნით დე ფაქტო პარლამენტის წევრებს მიმართა.
აღსანიშნავია, რომ კანონის მიღებას თავად დე ფაქტო პარლამენტის წევრებიც ეწინააღმდეგებიან. ასე, სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა დაუთ ხუტაბამ „უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის“ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა და აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ, არამედ ზოგადად სიტყვის თავისუფლებასა და მოქალაქეების უფლებებზე.
„უცხოური აგენტების შესახებ კანონი“ დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს დასამტკიცებლად 7 თებერვალს წარუდგინა.
ასლან ბჟანიამ მოსკოვში რიგი შეხვედრები გამართა
მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დე ფაქტო აფხაზეთის ლიდერი ასლან ბჟანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. პრესსამსახურის ცნობით, ბჟანიამ და ლავროვმა „რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს“.
შეხვედრები ასევე გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან დიმიტრი კოზაკთან, უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილესთან რაშიდ ნურგალიევთან, ეკონომიკური განვითარების მინისტრთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ელა პამფილოვასთან და ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელთან დანიილ ეგოროვთან.
გავრცელებული ინფორმაციით, ასლან ბჟანიას ვიზიტი ელექტროენერგიის მომარაგებასა და საწვავის კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევას ემსახურებოდა, თუმცა რა შედეგებით დასრულდა მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები საზოგადოებისთვის უცნობია.