Accentnews.ge
ენერგეტიკა და „აფხაზი ხალხი“

ენერგეტიკა და „აფხაზი ხალხი“

14/02/2024 01:25:59 კონფლიქტები

აფხაზეთში კვლავ ელექტროენერგიის „მარაოსებრი“ გათიშვებია. პრობლემა, რომელიც ყოველ ზამთარს მეორდება, უკვე ტრადიციადაა ქცეული. გააფთრებული დებატებისა და აფხაზური ენერგოკრიზისის დასაძლევად შექმნილი კონცეფციების მთელი ბიბლიოთეკის არსებობის მიუხედავად, საკითხი ადგილიდან არ იძვრის.

აფხაზებს პატარა საიდუმლოს გავუმხელ: ყველაფერი ზუსტად ასევე იქნება მომავალ ზამთარსაც, იმის შემდგომ წელსაც და მრავალჟამიერ, თუ ენერგეტიკისადმი აფხაზური საზოგადოების მიდგომა რადიკალურად არ გადაიხედება.

მთავარი შეცდომა იმ ძირითად პრინციპშია, რომელსაც აფხაზეთში ყველა პრიორიტეტულად მიიჩნევს – «ენერგოსისტემა აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდესო». არადა, ეს აპრიორი ვერშესრულებადი პირობაა, რადგან როგორც სსრკ-ის მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, არასოდეს არავინ და არაფერი „ეკუთვნის ხალხს“. ყოველთვის ყველაფერს კონკრეტული პატრონი გააჩნია, კერძო კომპანიის შემთხვევაში - მესაკუთრე ან აქციონერი, სახელმწიფო აქტივის შემთხვევაში - სახელმწიფო მოხელე, რომელიც ცდილობს, ბოლომდე გახრას ყველაფერი, სანამ მის ადგილზე ვინმე სხვას არ დანიშნავენ.

არავითარ აფხაზ ხალხს არაფერი ეკუთვნის და ვერც მიეკუთვნება … უმარტივესი აზრია თითქოს, მაგრამ აფხაზური საზოგადოება მის გაცნობიერებამდე ჯერ ვერ გაიზარდა.

ენერგეტიკისადმი აფხაზების დამოკიდებულება ემყარება კიდევ რამდენიმე მცდარ წარმოდგენას, რომელიც ენერგოსისტემის აღდგენას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

კერძოდ, პრინციპიდან „ენერგეტიკა ხალხს უნდა ეკუთვნოდეს“ გამომდინარეობს „აქსიომა“ №2 – „არავითარი კერძო ინვესტორი!“: აფხაზების ხედვით, ენერგოობიექტების კერძო პირებზე გასხვისება აბსოლუტურად დაუშვებელია და თუ გამონაკლისი იქნება დაშვებული, მას სხვადასხვა პირობები უნდა ახლდეს. ასე, მაგალითად, ერთ-ერთმა ადგილობრივმა „ექსპერტმა“ დასაშვებად მიიჩნია ენერგოობიექტების პრივატიზება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარს აფხაზეთს დაუტოვებს...

როგორც ჩანს, სოხუმს ინვესტიციები ქველმოქმედებაში ერევა და თვლის, რომ ენერგოსისტემის მოგებაზე მუშაობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება „აფსუარას“ პოსტულატებს.

ასევე კატეგორიული წინააღმდეგია აფხაზური საზოგადოება ტარიფების ზრდის. დიდი ხანია, თვალს ვადევნებ ამ თემას და ვერ ვიხსენებ ვერცერთ აფხაზს, ალბათ, ასლან ბჟანიას გამოკლებით, რომელიც აცნობიერებს ერთ ხელშეუხებელ ჭეშმარიტებას: აფხაზეთში ელექტროენერგიის ფასი იმდენად მიზერულია, რომ ეს უკვე სასაცილოც აღარაა. და მსგავსი ტარიფითაც კი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს თითქმის არავინ იხდის.

ამ კონტექსტში ჩნდება მხოლოდ ერთი კითხვა: როგორაა საერთოდ აფხაზური ენერგეტიკა ამ დრომდე ცოცხალი? მისგან ხომ წესით, აღარაფერი უნდა იყოს დარჩენილი...

აფხაზების სრულიად ირაციონალურ სწრაფვას, არარეალისტურად დაბალი ტარიფები შეინარჩუნონ, პრაქტიკული არგუმენტები არ გააჩნია. გარდა იმისა, რომ „ენერგეტიკა ხალხს უნდა ეკუთვნოდეს“, არსებობს კიდევ ერთი „რკინის“ არგუმენტი: „ტარიფების გაზრდამდე ხელფასები მოგვიმატონ!“. ამას გაიძახიან აფხაზები და ჰგონიათ, რომ აქ კონტრარგუმენტები ვერ იარსებებს.

არადა, არსებობს. რა კავშირი აქვს ელექტროენერგიასთან ხელფასის ოდენობას? ელექტროენერგია ხომ საქონელია, რომელსაც თავისი ფასი აქვს და ხელფასების ოდენობა ენერგეტიკოსთა საზრუნავი არაა.

რატომ არავის მოსდის თავში სიმეტრიული იდეა, მოითხოვოს პურის გაიაფება? ეს ხომ ისეთივე საბაზრო საქონელია, როგორიც ელექტროენერგია, მაშ რატომ არ ვრცელდება მასზე იგივე პრინციპი?! ელექტროენერგია უფრო მნიშვნელოვანია? - გიცდიათ პურის გარეშე ცხოვრება? სცადეთ - და ელექტროენერგიის არქონა აღარ მოგეჩვენებათ იმდენად მძიმედ!

გავეცანი ათობით აფხაზი ექსპერტის გამოსვლებს. ზოგიერთი მათგანი იმასაც კი ბედავს, თავს „ეკონომისტი“ უწოდოს. არადა, მათ კონცეფციებში ყველაფერია, ეკონომიკის გარდა.

ენერგოკრიზისის აღმოფხვრის მათ მიერ შემოთავაზებული ვარიანტები ზუსტად მიესადაგება საბჭოთა პერიოდის პოპულარულ სადღეგრძელოს - «Чтоб у нас все было, и нам за это ничего не было» („ყველაფერი გვქონოდეს, თან საზღაურის გარეშეო“).

არც ექსპერტი ვარ და არც ეკონომისტი, რთულ კონცეფციებს არ ვქმნი, თუმცა შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ: კერძო ინვესტორისთვის გადაცემის, ტარიფის რადიკალური ზრდისა და ხარჯვის აღრიცხვის გამართული სისტემის გარეშე აფხაზურ ენერგეტიკას არაფერი ეშველება.

ცხადია, ინვესტორები მხოლოდ რუსები შეიძლება, იყვნენ და აფხაზები არ იწვიან სურვილით, დაშლის პირას მყოფი ენერგოაქტივები მათ გადასცენ, თუმცა არსობრივად, ისინი სადღეისოდ ალბათ, პასივს უფრო წარმოადგენენ, ვიდრე აქტივს.

რატომ ეშინიათ აფხაზებს ენერგეტიკაში რუსების შეშვების? თუ თავი დაკარგე, თმას მისტირო - რა აზრი აქვს?! ბიუჯეტის 50%-ს რუსეთისგან იღებდე, რუსი ტურისტების ხარჯზე გაგქონდეს თავი, ვალუტად რუსულ რუბლს იყენებდე - ერთი სიტყვით, სრულად ჩააბარო „ქვეყნის“ მეურვეობა რუსებს, მერე კი რაღაც ელექტროსადგურების გამო გაჯიქდე?!... არასერიოზულია.

რაც ადინისტრირებას ეხება, აფხაზეთში ყველაფერი დაახლოებით ისე უნდა გაკეთდეს, როგორც „ენგურსგაღმელები“ აკეთებენ: თუ დავალიანების გადახდის ვადა დღეს საღამოს ამოეწურა, ხვალ დილით ურჩ გადამხდელს დენს უჭრიან - განურჩევლად იმისა, რამდენი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რამდენად მძიმედ ჰყავს სნეული დედა და რამხელა ხელფასს იღებს... სხვა ვარიანტი არ არსებობს.

მარადიული აფხაზური სწრაფვა, ვითარება რაღაც სასწაულებრივად თავისით გამოსწორდეს ისე, რომ თან აფხაზური ცხოვრების ნირიც შენარჩუნდეს და თან ცხოვრების ავსტრიული დონეც მიიღწეს, ძალიან მალე კრახით დასრულდება.

არ შემიძლია, არ გავიხსენო ქართული ენერგეტიკის ისტორია: თავის დროზე მან ისეთ კატაკლიზმებს გაუძლო, მათთან შედარებით აფხაზეთის ამჟამინდელი შეზღუდვები არაფერია. 1990-იან წლებში ადამიანები უშუქოდ არათუ საათობით, დღეობით ისხდნენ. და ეს - დედაქალაქში, რეგიონებში კი მთელი თაობები დაიზარდნენ ისე, რომ ნათურა ინტერიერის უსარგებლო ნაწილი ეგონათ. დიდ იღბლიანობად ითვლებოდა ცხოვრება სადმე საავადმყოფოს ან პურის ქარხნის სიახლოვეს: გამჭრიახი მოქალაქეები მათ კაბელებს „ასხდებოდნენ“ და დენი უწყვეტ რეჟიმში ჰქონდათ იმ დროს, როცა დანარჩენები სრულ წყვდიადში რჩებოდნენ.

მაშინ, ისევე, როგორც ახლა აფხაზეთში, საქართველოს მოსახლეობას უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნდა, ენერგეტიკა „ქართველი ხალხის კუთვნილებაში“ ყოფილიყო. ჰოდა ხალხიც ენერგეტიკას ისე მართავდა, როგორც გაეგებოდა - ადგილებზე იპარავდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ენერგოსისტემა ხალხის კუთვნილებიდან გავიდა და კონკრეტული მფლობელი გამოუჩნდა, ელექტროენერგიის გათიშვები შეწყდა.

აფხაზეთიც ან ამ გზით წავა, ან ერთ "მშვენიერ" დღეს სრულ წყვდიადში აღმოჩნდება.

თენგიზ აბლოთია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S