
განახლებული ქართული საგარეო პოლიტიკა: მეტი პრაქტიკულობისათვის, მეტი შედეგიანობისათვის
24/02/2024 07:05:12 პოლიტიკა, რეკლამა
(მეორე ნაწილი)
პირველი ნაწილი: https://accentnews.ge/ka/article/107439-ganaxlebuli-kartuli-sagareo-politika-meti-praktik
ვიქტორ ყიფიანი
„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე
(1) ქართული საგარეო პოლიტიკისათვის საჭირო მოქნილობა და ადაპტირებადუნარიანობა რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან მისასადაგებლად:
საერთაშორისო ურთიერთობების ჭარბად ტრანზაქციული ბუნების შესახებ უკვე აღვნიშნეთ. ამ მიდგომის უმთავრესი მახასიათებელი, ისე როგორც ბიზნესში, კონკრეტულ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილების ე.წ. „დანახარჯისა და სარგებლის“ (costs and benefits) გათვალისწინებით მიღებაა. ამასთანავე, თანაბრად დასაშვებია ისიც, რომ ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს ამა თუ იმ პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეხედულებების თუ მათი დიპლომატიის მოლოდინების ცვლილებების კვალდაკვალ.
ეს უნდა გვახსოვდეს, ვიცოდეთ და არ უნდა გვიკვირდეს. მეტიც, ქართული მიდგომაც იმავე პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს, რაც „შენი“ და „მათი“ პრაქტიკული საჭიროებების სწორ წაკითხვას და ურთიერთსასარგებლო კვეთას მოიაზრებს. ეს არის ის ხელწერა, რომელსაც ჩვენ ირგვლივ არსებული ეგოისტური გარემო გვთავაზობს და რომელშიც საჭიროება და პრაქტიკული შედეგიანობა უშედეგო იდეალიზმსა და უსარგებლო რომანტიზმზე დომინირებს.
(2) რეალური შესაძლებლობების პოლიტიკა:
ის, რაც პოლიტიკურ სწავლებაში რეალიზმის სახელით არის ცნობილი, ჩვენთვის იგივე რეალური შესაძლებლობების მიგნებისა და გამოყენების პოლიტიკაა.
ასეთი პოლიტიკა ჩვენ ირგვლივ რეგიონალური თუ გლობალური წინააღმდეგობების რაციონალურ აღქმას მოითხოვს და ასეთი წინააღმდეგობების სწორად მართვის შედეგად ჩვენთვის სასარგებლო პრაქტიკული შედეგების მიღებით გამოიხატება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებული წინააღმდეგობები არ უნდა გვაფრთხობდეს, არ უნდა გვაშინებდეს. პირიქით, ისინი უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა, რათა მათივე ურთიერთბალანსირებისა და ურთიერთშეპირისპირების ხარჯზე ჩვენი ინტერესები გავატაროთ.
ამასთანავე, რეალისტური პოლიტიკური შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის, ვფიქრობთ, ორგანულად აუცილებელია:
(3) საგარეო პოლიტიკის ქმნის უშუალო პროცესის, ფარული იქნება ის თუ საჯარო, „დესენტიმენტალიზება“:
სხვაგვარად რომ ითქვას, პრაქტიკული შედეგი მოითხოვს საამისოდ ასევე პრაქტიკულ, ზოგჯერ კი არაპოპულარულ ხერხებსა და ნაბიჯებს. მათი ერთადერთი გამართლება და საზომი კი ხელშესახები შედეგია, ხოლო ასეთი შედეგისაკენ მიმავალ გზაზე ყველაზე დიდ დაბრკოლებად ჩვენივე სტერეოტიპები თუ არქეტიპები გვესახება. აქვე, სავალდებულოდ მიგვაჩნია მეორე მხარის (განურჩევლად იმისა, მოკეთეა თუ მოწინააღმდეგე) სტერეოტიპებისა თუ არქეტიპების წაკითხვა და გააზრება. ამაზე დაწვრილებით ვისაუბრეთ, როდესაც ერთგან აქტუალური ქართული დიპლომატიის ფორმებზე მსჯელობისას ე.წ. ემპათიის დიპლომატიაზე ვმსჯელობდით (იხ.:https://www.interpressnews.ge/ka/article/733302-tanamedrove-usaprtxoebis-dilema-kartuli-mravalcaxnaga/).სტერეოტიპული ხედვა რაკი ვახსენეთ, რამდენიმე მოსაზრებასაც გამოვთქვამთ იმ ასპექტების შესახებ, რომლებიც ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების საგარეო პოლიტიკაზე დღესდღეობით მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და მათი გაუთვალისწინებლობა კი ქართულ საგარეო ვექტორს ესოდენ აუცილებელ პრაქტიკულობას დაუკარგავს. კერძოდ, საუბარია მასზე, რომ:
(4) მიმდინარე ეტაპის საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკური კონიუნქტურის განსაკუთრებული წნეხის ქვეშ მოექცა:
საგარეო მიმართულების პრინციპულ გადაწყვეტილებათა პროცესი, პრაქტიკულად, ამა თუ იმ ქვეყნის ელექტორატის განწყობებითა და შესაბამისად, ძალაუფლების მოთხოვნილებით იმართება. მეტიც, არაერთ ჩვენთვის საინტერესო ქვეყანაში პროცესის შინაარსობრივმა მხარემ პოპულიზმიდან რადიკალიზმში, ხოლო ეთნონაციონალიზმიდან ლამის ექსტრემიზმში გადაინაცვლა.
რადგან საგარეო (და არა მხოლოდ) პოლიტიკურ ხელწერაში ნაციონალიზმის დომინანტი ვახსენეთ, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ „რაციონალები“, რომლებსაც პრაქტიკოსი პოლიტიკოსები ზოგჯერ ოსტატურად, ზოგჯერ კი არც თუ ოსტატურად იყენებენ:
(ა) ის ემოციური ელემენტი, რომელიც წინააღმდეგობრივ გადაწყვეტილებათა მიღებისა და აღსრულებისას ეროვნულ ერთობასა და სამოქალაქო მობილიზებაში გამოიხატება;
(ბ) ის პოლიტიკური ელემენტი, რომელიც არსებული გამოწვევის გადასაჭრელად მაღალ მზაობას აღნიშნავს; და
(გ) საკუთრივ პოლიტიკის ქმნის ელემენტი, რომელიც ხელს უწყობს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი შესაძლებლობების მაქსიმიზაციასა და რესურსების გაბევრებას.
მიგვაჩნია, რომ ამ ელემენტების ქართულ პოლიტიკურ ხაზში გონივრული თავმოყრითა და ამოქმედებით, რეალისტური მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ მათ მეორე მხარეც გამოიყენებს.
(5) ძალთა ბალანსთან შეწყობა და მისი ცვლილებისას დროული გადაწყობა:
გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის გლობალურ ძალთა ბალანსი პროფესიულად განუწყვეტელ დაკვირვებასა და მიუკერძოებელ, არაანგაჟირებულ შეფასებას მოითხოვს. აქაც, საკუთარი ამომრჩევლისა თუ გარე აუდიტორიისათვის გამიზნული პროპაგანდისტული კლიშეებით და ვადაგასული სტერეოტიპებით მანიპულირება წარსულს უნდა ჩაბარდეს.ამავდროულად, ძალთა ბალანსში ამა თუ იმ გადაწყობის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ, როგორც ქართული საგარეო პოლიტიკის კონსტანტა, ახლო და საშუალო მომავალში კვლავ გამოკვეთილი პრიორიტეტები იქნება:
(ა) აშშ-სთან, როგორც სტრატეგიულ მოკავშირესთან, ორმხრივი ურთიერთობების უწყვეტი განვითარება ახალი შესაძლებლობებისა და თანამშრომლობის ახლებური ფორმატების დასანერგად;
(ბ) ევროპული პოლიტიკური კულტურისა და ფასეულობების „ექსპორტი“ ქართულ სინამდვილეში და პოლიტიკურ ევროპაში რეალური საქმით ინტეგრირება;
(გ) ჩინეთთან გამართული სამუშაო კავშირები, მათი შედეგების აუცილებელი პროგნოზირებადობის პირობით;
(დ) რუსეთთან ურთიერთობის მართვა, იქნება ეს ანტიკრიზისული, კრიზისული თუ პოსტკრიზისული ვითარება.
ცხადია ისიც, რომ რაოდენ დიდი და გულწრფელიც არ უნდა იყოს ჩვენი სურვილი, დავეუფლოთ ასეთი პოლიტიკური ხაზის ქმნას, ის, მინიმუმ, ორ უმთავრეს წინაპირობას უნდა დაეფუძნოს, ესენია: (1) ეკონომიკურად თვითკმარი ეროვნული სისტემა და (2) საგარეო პოლიტიკის დეპარტიზაცია და „დეზინტოქსიკაცია“ მისი ინტელექტუალური შინაარსით, მერიტოკრატიითა და კომპეტენციით გაჯერების ხარჯზე.
(6) რეგიონის ფაქტორი დიდ საგარეო-პოლიტიკურ სურათში:
ქართული საგარეო პოლიტიკის დიდ ფორმატში რეგიონალური პროცესების როლი და მნიშვნელობა უკვე ვახსენეთ. ამ ასპექტის ხელმეორედ აღნიშვნა ალბათ ზედმეტიც იქნებოდა, რომ არა სამხრეთკავკასიური გეოპოლიტიკურ-გეოეკონომიკური ინტერესების რთული კვანძი.ამასთანავე, სწორედ რომ ასეთი კომპლექსური რეგიონული ფონი გვაძლევს მეტად უნიკალურ შესაძლებლობას, რომ სამხრეთ კავკასიაში, როგორც შავი ზღვის დიდი რეგიონის მდგენელში, დავიმკვიდროთ ისეთი როლი, რომელიც ქართული სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობასა და ქმედუნარიანობას, ანუ მის ფუნქციურობასა და სარგებლიანობას შეუწყობს ხელს. ამის გააზრება ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანებში იკიდებს ფეხს და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებში აისახება. თუმცა წარსულის მიღწევები დღეს უკვე აღარ კმარა, ხოლო ხვალ კი საერთოდ განულდება, თუკი გამუდმებით არ ვიმოქმედებთ ამ ფუნქციური სარგებლიანობის განახლებაზე (ამ საკითხზე არაერთხელ ვისაუბრეთ ვრცლად, მაგალითად, იხ.: https://www.interpressnews.ge/ka/article/720342-ramdenime-mosazreba-kveqnis-konkurentunarianobisa-da-adaptirebis-unaris-shesaxeb/ ან https://www.interpressnews.ge/ka/article/741163-shua-derepnis-mnishvneloba-sheupasebloba-daushvebelia-gadapaseba-sheuzlebeli-pirveli-nacili). ერთი ცნობილი პოლიტიკოსის ასევე ცნობილ ფრაზას თუ მოვიშველიებთ, ჩვენს ამოცანად დიდ რეგიონში „შეუცვლელ ქვეყნად“ (indispensable nation) ჩამოყალიბება უნდა გახდეს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა არა მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტების ერთ-ერთ კვანძად, არამედ დანარჩენი მსოფლიოსათვის რეგიონზე ცოდნის ჰაბად, მოწინავე პრაქტიკისა და სტანდარტების გავრცელების კუთხით რეგიონშივე „რბილ ძალად“, დაპირისპირებულ ინტერესთა მოსარიგებლად დიპლომატიურ არბიტრად თუ შუამავლად უნდა იქცეს. სწორედ ამ ამოცანას (და არა იმ გაუგებრობას, რასაც ვხედავთ) უნდა ხმარდებოდეს ეროვნული ენერგია და შესატყვისი მატერიალური რესურსი. ეს სამუშაო ჯერ კიდევ გუშინ იყო დასაწყები, ხვალ რომ საერთოდ უპერსპექტივოდ არ იქცეს..
ამდენად..
დასავლეთისა და აღმოსავლეთის თუ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ურთიერთგადაკვეთებზე გლობალურ მასშტაბში ძალთა გადანაწილება ჯერ კიდევ განგრძობადი ხასიათის პროცესია და ასე იქნება, ვიდრე მსოფლიო საერთაშორისო სისტემა ახალი „წონასწორობის წერტილს“ არ მიაგნებს.არსებული სირთულეებისა და არაპროგნოზირებადობის მაღალი ხარისხის პირობებში, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას კონცეპტუალურად საკუთარი, ე.წ. „ქართული გზის“ მკაფიოდ გამოკვეთა ევალება. ამ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებებისა თუ რეკომენდაციების პრაქტიკულ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში გარდასახვით, სწორედ რომ კონცეპტუალურად გადახალისებული მიდგომა საღად და სრულად უნდა ითვალისწინებდეს გლობალურ და რეგიონალურ წინააღმდეგობებს. მეტიც, მათი კვალიფიციური გააზრებით (და, ცხადია, საშინაო და საგარეო ხაზში დასავლური ვექტორის მზარდი ინსტიტუციონალიზაციით) და თანამედროვე პოლიტიკური (არარსებული?) ელიტის მხარდაჭერით, საქართველოს საჯარო დიპლომატიამ საგარეო პოზიციონირებისას თავისი მრავალპრიორიტეტულობა უნდა დაამკვიდროს. ფაქტია, რომ ქვეყანაში მომწიფდა დაკვეთა ახალი ტიპისა და სულისკვეთების პოლიტიკის ქმნაზე, რაც, სხვა საკითხთა შორის, ქვეყნის საგარეო უწყების ძირეულად საკადრო, სტრუქტურულ და ფუნქციონალურ გადაწყობას საჭიროებს. ამ დაკვეთის შესრულების გარეშე, ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ რეჟიმში მოდერნიზება აუხდენელ ქართულ ოცნებად კიდევ დიდი ხნით დარჩება.