
ნავალნის მკვლელობა და აფხაზეთი
29/02/2024 13:24:40 კონფლიქტები
რუსეთი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ემშვიდობება.
ადამიანი, რომელიც პუტინის ერთადერთი მართლაც სერიოზული ცოცხალი ოპონენტი იყო მთელს 140-მილიონიან რუსეთში, გარდაიცვალა ციხის „შიზოში“ (საჯარიმო იზოლატორში), მოსკოვისგან მაქსიმალურად მოშორებულ იამალო-ნენეცის ოლქში, სადაც ასობით კმ-ზე მხოლოდ თეთრ დათვებსა და ირმებს თუ შეხვდებით.
მას მიზანმიმართულად, მეთოდურად კლავდნენ. „ნოვიჩოკით“ წარუმატებელი მოწამლვის შემდეგ გერმანელი მედიკოსების მიერ გადარჩენილმა ნავალნიმ წინდაუხედავი სიმამაცე გამოიჩინა და რუსეთში დაბრუნდა. პუტინმა მას მეორე შანსი აღარ მისცა.
რუსეთის ციხეებში უკვე ზის პუტინის რეჟიმის ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილი და სულაც უცნობი ათასობით მოწინააღმდეგე. ეს - თუ არ ჩავთვლით პოლიტიკოსებს ილია იაშინსა და ვლადიმირ კარა-მურზას. ორივემ მკაცრად დაგმო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა და ნავალნის მსგავსად, პრინციპულად თქვა უარი ემიგრაციაზე. ამ მიზეზით იაშინს 2022 წლის დეკემბერში 8,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „არმიის დისკრედიტაციის“ მუხლით, კარა-მურზას კი 2023 წლის 17 აპრილს 25-წლიანი განაჩენი გამოუტანეს „სახელმწიფო ღალატის“, „რუსული არმიის მიმართ ცილიმწამებლური განცხადებების გავრცელებისა“ და „არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის“ მუხლებით. ორივე „უცხოეთის აგენტების“ სიის ფიგურანტია. ნავალნი კი სულაც „ექსტრემისტულ საქმიანობასა და ტერორიზმთან კავშირის მქონე ფიზიკურ პირთა“ სიაში ფიგურირებდა - არა იმდენად პოლიტიკური, არამედ პუტინის კლანის გამაოგნებელი მასშტაბების კორუფციის მამხილებელი საქმიანობის გამო.
რუსეთში დაბრუნებული და არა უცხოეთში გაქცეული, ყველაზე გავლენიანი და პოპულარული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობამ პუტინის გეგმები საბოლოოდ გამოააშკარავა. ახლა უკვე ნათელია, რომ იგი კრემლს ცოცხალი არ დატოვებს. თუმცა თუ პუტინის არცთუ ხანდაზმულ ასაკსა და ზეკომფორტულ ყოფას გავითვალისწინებთ, რუსეთის ერთდროულად ყველა სატელევიზიო არხზე „გედების ტბის“ ტრანსლირებას კიდევ დიდხანს ვერ ვიხილავთ. ასაკთან ერთად ადამიანები, მათ შორის დიქტატორები კარგავენ მოქნილობას, რომელიც მათ თავის დროზე ხელისუფლებაში მოსვლასა და ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარათ. მაგრამ პუტინი ჯერ იმდენად არ დაბერებულა, რომ უარი თქვას საკუთარ აკვიატებულ იდეებზე, რომლებიც წლიდან წლამდე სულ უფრო საშიში ხდება მსოფლიოსთვის, მათ შორის - თავად რუსეთის მოსახლეობისთვის. მას ჯერ კიდევ აქვს დრო, ძალაუფლების შენარჩუნებასთან ერთად, განაგრძოს რუსეთის სიდიადისა და საკუთარი მესიანობის შესახებ მისივე არაჯანსაღი წარმოდგენის ხორცშესხმის მცდელობები.
ამდენად, უახლოესი ერთი-ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში რუსეთის უშუალო მეზობლები - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა იქნებიან. მაგრამ უპირველესად, ეს საფრთხე ეხებათ პუტინის მიერ „თანასწორ პარტნიორებად“ აღიარებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. და თუ ციხნვალში დისკუსიები მკვდარია, აფხაზეთში უკვე მეორე წელია, მწვავე კამათი მიდის იმაზე, რამდენად მიზანშეწონილია რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბების პროცესში პუტინის მიერ მის ქვეყანაში დანერგილი ყველა პრაქტიკისა და მეთოდის გადმოღება.
ამჟმად მოსკოვი მოითხოვს აფხაზეთისგან, მიიღოს „აგენტების შესახებ“ კანონპროექტი, რომლის მეშვეობითაც პუტინმა რუსეთში ოფიციალურისგან განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა პრაქტიკულად გაანულა. სოხუმის ხელისუფლება, კერძოდ „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია ღიად აცხადებს, რომ „რუსეთთან დაპირისპირებული“ დასავლური ინსტიტუტები და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი „აფხაზეთში მოქმედებას ვერ გააგრძელებენ“. დე-ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი ინალ არძინბა კი ამაყად აცნობებს „პრეზიდენტს“, რომ უკვე მიიღო მოსკოვისგან „თანხმობა“, „უვარგისი პროდასავლური“ სამოქალაქო სექტორი აფხაზეთში რუსულმა „საზოგადოებრივმა სტრუქტურებმა“ ჩაანაცვლონ.
ცოტა ხნის წინ სოხუმში გაჩნდა „ცილისწამების შესახებ“ კანონის გამკაცრების ინიციატივაც. დე-ფაქტო პროკურატურის მიერ „პრეზიდენტ“ ბჟანიას დავალებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მაქსიმალურად მარტივდება „მტკიცებულებითი ბაზა“, რომლის საფუძველზეც მოქალაქე ამ მუხლით შეიძლება, გასამართლდეს. ცვლილებების მიღების შემთხვევაში პირს „ცილისწამებისთვის“ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თუმცა არსებობს „საჯარო უარყოფისა და მონანიების“ დათქმა - ანუ, ის ამაზრზენი პრაქტიკა, რომელიც ფართოდ გავრცელდა, მაგალითად, კადიროვის ჩეჩნეთში.
ყურადღების მიღმა არაა დასატოვებელი არც აფხაზეთში „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად“ როსგვარდიის შეყვანის ამასწინანდელი იდეა. მან იმდენად აღაშფოთა საზოგადოება, რომ შესაბამისი რუსულ-აფხაზური შეთანხმების პროექტი მაშინვე თაროზე შემოდეს - „შესაფერის მომენტამდე“...
ეს ყველაფერი ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ სწრაფად ეშვება აფხაზეთი მმართველობის პუტინისეულ მოდელამდე. ეს კი ნიშნავს, რომ მალე აფხაზებს მოუწევთ, დაივიწყონ სიტყვის თავისუფლება, აზრის გაოხატვის, შეკრებისა და აქციების მართვის უფლებები - ამაზე როსგვარდია იზრუნებს.
საინტერესოა ისიც, რა ქარმა გადაისროლა ამასწინათ ინალ არძინბა მოულოდნელად ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან?...
იკითხავთ, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ნავალნის მკვლელობასთან, რომლის ცხედარს ოჯახს დიდხანს არ ატანდნენ, მერე კი ქვეყნის მასშტაბით სარიტუალო ბიუროებს პანაშვიდისთვის ადგილის გამოყოფა აურძალეს? ის კავშირი აქვს, რომ ნავალნის ხსოვნის აქციის გამო ადამიანების დაკავება უკვე აფხაზეთშიც დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკაში ჯერ შესაბამისი საკანონდებლო საფუძველიც კი არ არსებობს.
თუმცა არაფერი გასაკვირი. როცა კურსი გაქვს აღებული იმგვარ ქვეყანასთან ალიანსზე, როგორიც პირველყოფილ-ბანდიტური წესებით მცხოვრები რუსეთია, მზად უნდა იყო, რომ ადრე თუ გვიან, საკუთარი პოლიტკოვსკაიები, ნემცოვები, ნავალნები და ათასობით გაუბედურებული მოქალაქე შენს სახლშიც გაჩნდებიან.
რაჟდენ ქაჯაია