Accentnews.ge
არძინბა აბობოქრდა

არძინბა აბობოქრდა

08/03/2024 14:29:16 კონფლიქტები

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა უკვე მერამდენედ იქცევა არა როგორც დიპლომატი, არამედ როგორც მკაცრი რეჟიმის კოლონიის მეთვალყურე.

ამჯერად, გვერდზე გადადო რა მისივე მძღოლის მობილური, რომლის გამოყენებითაც დიდის მონდომებით ტოვებდა ტელეგრამ-არხებში დიპლომატიურისგან ძალზე შორს მდგომ კომენტარებს, 29 თებერვალს ბ-ნმა არძინბამ დაიბარა სოხუმში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი ვარდონ ჰოჯი, რათა პრეტენზიები გამოეთქვა იმის გამო, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ოფიციალურ საიტზე გაერო-ს განვითარების პროგრამის პროექტების დაფინანსების მიზნებსა და ამოცანებს შორის „აფხაზეთის დეოკუპაცია“ და „კრემლის დამღუპველ ზეგავლენასთან ბრძოლა“ ფიგურირებს.

„მინისტრმა“ გაერო-ს განვითარების პროგრამის ოფიციალურ საიტზე USAID-ს მიერ დაფინანსებული პროექტის მიზნების უარყოფა, ასევე გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული აფხაზური საინფორმაციო რესურსების სიის, მათი დაფინანსების მიზნების, ამოცანებისა და მოცულობების გამოქვეყნება მოითხოვა.

მეტიც, არძინბამ ჰოჯს ამ მოთხოვნის შესრულების წუთებამდე დაკონკრეტებული ვადა განუსაზღვრა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში "იტოვებს უფლებას, გადადგას დროული და ადექვატური საპასუხო ნაბიჯები, რაც, მათ შორის, სამართლებრივ შედეგებსაც შეიძლება, მოიცავდეს“. მაინც რა შედეგები იგულისხმებოდა აქ - აფხაზეთის „პირველ დიპლომატს“ არ დაუკონკრეტებია.

7 მარტს სოხუმში გაერო-ს განვითარების პროგრამის ოფისმა საპასუხო განცხადება გაავრცელა და ინალ არძინბასთვის გასაგებ ენაზე განმარტა გაერო-ს ფუნქციონირების მარტივი ჭეშმარიტებები, რომელიც აფხაზეთის „მთავარ დიპლომატს“ წესით, თავადაც უნდა სცოდნოდა.

კერძოდ, როგორც საპასუხო განცხადებაშია ხაზგასმული, გაერო-ს განვითარების პროგრამა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, ვერ გააკეთებს კომენტარს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ან სააგენტოების საიტებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე; გაერო-ს განვითარების პროგრამის პროგრამული საქმიანობა მკაცრად იცავს თავის გლობალურ მანდატს, რომელიც გაერო-ს წესდებაში დაფიქსირებულ მიზნებზეა ორიენტირებული და მყარი მშვიდობის მიღწევაზეა მიმართული. რაც შეეხება კონკრეტულად პროგრამას „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“, რომელსაც ესოდენ უსაფუძვლოდ დაუპირისპირდა ინალ ბათუს ძე, როგორც საპასუხო განცხადებაშია აღნიშნული, ეს პროგრამა ყოველთვის იყო მიმართული კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერაზე, რაც ხელს უწყობს უსაფრთხოების დონის ამაღლებასა და ადგილობრივი თანამეგობრობების მედეგობას.

ამ პასუხმა ბ-ნი არძინბა, რაღა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილა. გარდა იმისა, რომ იგი გაერო-ს განვითარების პროგრამის ოფიციალურ საიტზე უარყოფას ელოდა და ვერ მიიღო, „მინისტრის“ შეფასებით, საპასუხო განცხადებაში გამოყენებულია „არასწორი“ ტერმინი „თანამეგობრობა“. ყოველი შემთხვევისთვის არძინბამ შეახსენა (უფრო ალბათ, საკუთარ თავს), რომ „აფხაზეთი სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოა“. „მინისტრი“ ასევე ძალზე უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ვერ მიიღო იმ ე.წ. მოღალატეების სია, რომლებიც, მისი შეფასებით, აფხაზეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

პრობლემის რეალურ არსს რომ ჩავწვდეთ, აუცილებელია, გავიხსენოთ, რომ უკვე რამდენიმე წელია, აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები თავის პროექტებს მხოლოდ და მხოლოდ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვის მიღების შემთხვევაში ახორციელებენ, მათი დასრულების შემდეგ კი ამ უწყებას სრულ ანგარიშს აწვდიან გაწეული საუშაოსა და მისი შედეგების თაობაზე. გაერო-ს განვითარების პროგრამა, რომელიც სოხუმში ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისიდან ოპერირებს, სრულად იცავს ამ წესებს და მის მიმართ, ისევე, როგორც სხვა ორგანიზაციებისადმი პრეტენზიები არასოდეს ყოფილა... და ეს აბსოლუტურად მართებულია! თავად დე-ფაქტო მთავრობას ხომ აფხაზი ხალხის დამოუკიდებლად დახმარების შესაძლებლობა არ აქვს, ამ საკითხში სრულად რუსეთზე დამოკიდებულება კი არამიზანშეწონილია.

ინალ არძინბას თავად აქვს ნათქვამი, რომ აფხაზეთში გაერო-ს განვითარების პროგრამის ყველა პროექტის დაფინანსების ჯამური მოცულობა 20 მლნ აშშ დოლარს აღემატება, ეს კი აფხაზური წლიური ბიუჯეტის დაახლოებით მეხუთედს უტოლდება. ამასთან, „მინისტრი“ აღნიშნავს, რომ ამ სახსრებს იღებენ, მათ შორის, კონკრეტული აფხაზური საინფორმაციო რესურსებიც, რომლებიც „რესუბლიკაში საზოგადოებრივი აზრის დესტაბილიზაციას ცდილობენ“. ამასთან, „მინისტრი“ კრინტს არ ძრავს იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაერო-ს განვითარების პროგრამა აფხაზეთის განვითარებაში.

ეს „ავიწყდება“ დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასაც. საზოგადოებრივი პალატის წევრებთან ამასწინანდელ შეხვედრაზე მან ეჭვი შეიტანა იმაში, რომ თანხები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გამოყოფენ, ხმარდება სკოლების, სტადიონებისა და საზოგადოებრივი მოხმარების სხვა ობიექტების მშენებლობას...

თუმცა საიდან უნდა იცოდეს ბჟანიამ, რა კეთდება აფხაზეთში, როცა ისიც და მისი „ხელისუფლების“ ახალგაზრდა მინისტრიც მოსკოველ კურატორებს უფრო ხშირად სტუმრობენ, ვიდრე სოხუმის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საკუთარ თანამოქალაქეებს?!

აი, ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის წარმომადგენლის, ლიანა ქვარჩელიას ინფორმაციით კი, მარტო ერთმა აფხაზურმა NGO-მ - „ეროვნულმა რესურსებმა“ საერთაშორისო გრანტების წყალობით გუდაუთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ააშენა სტადიონიც, მცირე იპოდრომიც, გაარემონტა სასადილოებიც და სხვა.

ერთ-ერთ აფხაზურ „პროსახელისუფლებო“ ტელეგრამ-არხზე ამასწინათ გამოქვეყნდა ჩამონათვალი პროექტებისა, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ადგილზე ახორციელებენ. მასში ვხედავთ, რომ გაერო-ს განვითარების პროგრამა აფხაზეთში მუშაობს ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება, საბაზისო სოციალურ მომსახურეობებზე წვდომის გაუმჯობესება, კლიმატური ცვლილებებისადმი მედეგობის ხელშეწყობა, პროფესიული განათლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების პოტენციალისა და ექსპერტიზის დონის ამაღლება.

და მაინც, ცოტა ხნის წინ იმავე ტელეგრამ-არხზე „ეროვნული რესურსების“ დირექტორი ციზა გუმბა ლამის მოღალატედ შერაცხეს იმის გამო, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული ქართულ NGO-სთან ერთობლივ პროექტში. არადა, ეს უკანასკნელი ეხებოდა ისეთ აპოლიტიკურ საკითხებს, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა პროფესიულ-ტექნიკური განათლების სპეციალიზაციებში დასაქმების დონის ასამაღლებლად...

თუ დე-ფაქტო ხელისუფლებას დავუჯერებთ, გამოდის, რომ აფხაზეთის საკეთილდღეოდ განხორციელებად პროექტებში მონაწილეობა ღალატია, აფხაზური საკუთრების გასხვისება-განიავება კი - პატრიოტიზმის მწვერვალი. მაგრამ ყველაფერ ზემოთთქმლიდან იბადება დასკვნა, რომ როცა „მინისტრი“ არძინბა და სხვა ხელმძღვანელი პირები გაერო-ს განვთარების პროგრამასა და საკუთარ თანამოქალაქეებს რაღაც შეთქმულების თეორიების საფუძველზე ბრალდებებს უყენებენ, ისინი ხელმძღვანელობენ არა აფხაზეთის ინტერესებით ან თუნდაც საერთაშორისო პარტნიორების რესპუბლიკიდან გაძევების სურვილით, არამედ ერთადერთი მიზნით - მოსახლეობა უცხოეთის აგენტების შესახებ ყბადაღებული კანონის მიღების აუცილებლობაში დაარწმუნონ.

როგორც არ უნდა ებრძოდნენ სიტყვის თავისუფლებას, სწორედ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედიაა ნებისმიერი ნორმალური საზოგადოების განვითარების გარანტი. ინალ არძინბა კი, რომელიც, როგორც ჩანს, კრემლში მსახურის დროს მიეჩვია პირობებს, როცა განსხვავებული აზრის მქონეთ დევნიან ან სულაც ციხეებში კლავენ, ახლა მსგავსი პრაქტიკის აფხაზურ საზოგადოებაში დანერგვას ცდილობს. ოღონდ ნუ ავიწყდება, რომ აფხაზეთი, თუნდაც ფორმალურად, ჯერ მთლად არ ქცეულა რუსეთად.

ეკა ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S