
აზერბაიჯანელი ექსპერტი: „აზერბაიჯანის სუვერენიტეტისთვის საფრთხის მთავარი წყარო უცვლელია და ეს არის მოსკოვი“
28/05/2019 15:06:29 კავკასია
თუ აზერბაიჯანი დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით არსებობს, ეს უპირველესად, აზერბაიჯანელი ხალხის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ სათუთი დამოკიდებულების შედეგია და ამავდროულად, თუკი ვინმე აზერბაიჯანისა და სხვა შედარებით ახალი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, ეს დასავლეთი, თავისუფალი სამყარო, უპირველესად კი ამერიკის შეერთებული შტატებია,– ასეთი მოსაზრება „ამერიკის ხმის“ აზერბაიჯანულ სამსახურთან ინტერვიუში ეროვნული სტრატეგიული აზრის ცენტრის ხელმძღვანელმა, პარტია „მუსავათის“ ყოფილმა ლიდერმა ისა გამბარმა გამოთქვა.
იმ კითხვის საპასუხოდ, თუ როგორია სადღეისოდ აზერბაიჯანის ურთიერთობები აშშ–სა და ევროპასთან, რომლებმაც 101 წლის წინ აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარეს, მან აღნიშნა:
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ დასავლეთის მიერ თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, თუმცა ვთვლით, რომ აშშ–მა და ევროპამ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში მათ მიერვე დეკლარირებული ღირებულებების დაცვაში მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინონ“.
ჟურნალისტმა იკითხა: „1920 წელს საბჭოთა რუსეთმა აზერბაიჯანის ოკუპაცია განახორციელა. სადღეისოდ თუ არსებობს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის ახალი საფრთხეები?“
„საფრთხეები არსებობს და მათი ძირითადი წყარო უცვლელია – კვლავ მოსკოვი, კვლავ რუსეთი. 100 წლის წინ რუსეთმა მთელი სამხრეთ კავკასიის ოკუპაცია მოახერხა, თუმცა სადღეისოდ იგი ამას სრულად ვეღარ ახერხებს და ამის მიზეზი სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის, აშშ–ის პოზიციაა. 1993 წლის ივნისში აზერბაიჯანში მომხდარი ჯანყი, რომლის შედეგად ქვეყნის ხელმძღვანელი აბულფაზ ელჩიბეი ჩამოაგდეს და შემდგომში რესპუბლიკას ჰეიდარ ალიევი ჩაუდგა სათავეში – ეს მოსკოვის მხრიდან აზერბაიჯანის სუვერენიტეტის შეზღუდვის მცდელობა იყო. ხოლო 2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსკოვმა აზერბაიჯანის იმჟამინდელ რეჟიმთან ერთობლივად აზერბაიჯანელი ხალხის თავისუფლებები შეზღუდა, დემოკრატიის საზღვრები დააწესა, რათა ჩვენს ხალხს ვერასოდეს მიეღწია ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის. 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს საფრთხეს, რომელსაც მოსკოვი მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოებს უქმის. ეს საფრთხეები კვლავ ძალაშია. იმისათვის, რომ ამას თავი დავაღწიოთ, აზერბაიჯანულმა სახელმწიფომ ბევრად მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს მოქალაქეთა თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. თუმცა თუ აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკისა და ამჟამინდელი რესპუბლიკის მდგომარეობას შევადარებთ, მოქმედი კორუმპირებულმა რეჟიმმა პირველი რესპუბლიკის დემოკრატიული ფასეულობების უგულებელყოფით ავტორიტარული სისტემა დაამყარა და ლამის მონარქიის გზას ადგას. თუმცა სახალხო რესპუბლიკის იდეები დღემდე ცოცხალია მოქალაქეთა, ახალგაზრდობის შეგნებაში და ეს იძლევა იმედს, რომ აზერბაიჯანი უკვე არცთუ შორეულ მომავალში შეიძლება, პირველი რესპუბლიკის ფასეულობებსა და იდეებზე დაფუძნებული დემოკრატიული განვითარების გზას დაადგეს“.
ცნობისთვის: აზერბაიჯანი დღეს პირველი რესპუბლიკის 101 წლისთავს აღნიშნავს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021