სოხუმის სამმაგი მკვლელობა და “ქურდების” ახლობლების მუქარა ხაჯიმბას

22-12-2019 13:29:22 კონფლიქტები

სოხუმის სანაპიროზე მომხდარი რეზონანსული სამმაგი მკვლელობის შემდეგ თითქმის ერთ თვეში, როგორც იქნა, გამოცხადდა, რომ დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, მეორე კი ძებნაშია გამოცხადებული. ეჭვმიტანილთა ვინაობა ოფიციალურად არ საჯაროვდება, თუმცა ყველამ ისედაც იცის, ერთ-ერთი მსხვერპლის - “კანონიერი ქურდის” ნათესავები კი დე ფაქტო პრეზიდენტს ემუქრებიან.

22 ნოემბერს, ნაშუადღევს რესტორან “სან-რემოს” შენობასთან მივარდნილმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა “კრიმინალური ავტორიტეტები” ასტამურ შამბა (მეტსახელად ასტიკი) და ალხას ავიძბა (მეტსახელად ხასიკი) მოკლეს. 1,5 კვირა კომაში იყო და რეანიმაციაში გარდაიცვალა ინციდენტის დროს მძიმედ დაჭრილი ოფიციანტი ქალიც.

2 დეკემბერს სოხუმში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა მიტინგი, რომლის მონაწილეები მკვლელობებთან დაკავშირებით სამართალდამცველი ორგანოების უმოქმედობას აპროტესტებდნენ. აქციის ფონზე აფხაზური პარლამენტის დეპუტატებმა დე ფაქტო გენპროკურორის თანამდებობიდან ზურაბ აჩბასა და მისი მოადგილის ეშსოუ კაკალიას გადაყენებას დაუჭირეს მხარი, “პრეზიდენტმა” რაულ ხაჯიმბამ კი იმავე დღეს გადააყენა დე ფაქტო შს მინისტრი გარი არშბა და მისი მოადგილე კაზბეკ კაშმახოვი. 4 დეკემბერს დე ფაქტო შს მინისტრად რაულ სმირი დაინიშნა, 12 დეკემბერს კი “პარლამენტმა” დე ფაქტო გენპროკურორად ადგურ აგრბას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.და აი, მკვლელობიდან თითქმის ერთ თვეში დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმად, 15 დეკემბერს სოხუმში დაკავებულია სამმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი – აფხაზეთის 1984 წელს დაბადებული “მოქალაქე”, რომელსაც სოხუმის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 15 თებერვლამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მისი ვიანობა ოფიციალურად არ საჯაროვდება. ადგილობრივ მედიაში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, დაკავებული დემურ რევაზის ძე ახალაიაა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში, 2018 წლამდე დე ფაქტო ანტიტერორისტულ ცენტრში, დაცვის “სახელმწიფო” სამსახურსა და უშიშროების ორგანოებში მუშაობდა...არსებობს მეორე ეჭვმიტანილიც: 9 დეკემბერს სოხუმის დე ფაქტო პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა სოხუმის მკვიდრზე, წარმოშობით ტყვარჩელელ ერიკ იურის ძე ჭკადუაზე…. - იმ ჭკადუაზე, რომელიც მიმდინარე წლის 30 აპრილს დაკავებული ჰყავდათ ადამიანის გატაცების, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ორი სატრანსპორტო საშუალების გატაცების ბრალდებებით, თუმცა 27 აგვისტოს მოსამართლემ მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მხოლოდ შინაპატიმრობით შემოიფარგლა….

შემთხვევები, როცა მძიმე დანაშაულებში ეჭვმიტანილებს ასე ლმობიერად ექცევიან და სულისშემძვრელ დანაშაულებში დე ფაქტო ძალოვანი უწყებების ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლები არიან ეჭვმიტანილები, ოკუპირებულ რეგიონში კარგად ახსოვთ, ამიტომაც ხალხი აღშფოთებულია.

რაც შეეხება თავად სამმაგი მკვლელობის მიზეზებს, როგორც ამასთან დაკავშირებით კრიმინალური სამყაროს თემაზე მომუშავე რუსული ინტერნეტ-გამოცემა «Прайм крайм» წერს, “ბოლო წლებში აფხაზეთში კრიმინალურ სამყაროს წარმოშობით სოხუმელი, ამჟამად კი გუდაუთელი რაულ ბარცბა (მეტსახელად პიზა) ჩაუდგა სათავეში, რომელსაც, როგორც ამბობენ, ორი ხელი ჰქონდა და ორივე მარჯვენა - “ასტიკი” და “ხასიკი”:

“სწორედ ამას შეეწირა მათი სიცოცხლე: მათი საჯარო მკვლელობა ბარცბასა და მათ დაშინებაზე გათვლილი აქტი იყო, ვისაც ხვალ მოკლულთა ადგილის დაკავება მოუნდებოდა. ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად ამ კუთხით გუდაუთელ გუმბას ასახელებენ” - წერს გამოცემა.

სტატიის ავტორის დაკვირვებით, “კანონიერი ქურდების” ტრადიციუოად ძლიერმა გავლენამ ბოლო წლებში აფხაზეთში არნახულ მასშტაბებს მიაღწია, სადღეისოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ორ ქვეყანას – სომხეთსა და აფხაზეთს აქვთ შექმნილი “ქურდებისთვის” სასათბურე პირობები, ამასთან, წელს “ქურდები” უმთავრესად სწორედ ერევანსა და სოხუმში იღუპებოდნენ”.და ბოლოს: “ხასიკის” ბიძაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის მიერ ანექსირებული დონბასიდან დაბრუნდა, დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასადმი რისხვითა და მუქარით სავსე ვიდეომიმართვა ჩაწერა. ეს რომ ოკუპირებულ რეგიონში სიმშვიდეს არ მოასწავებს, ნათელია...

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები