23 წლის შემდეგ ნანახი ცხინვალი

23-12-2019 16:05:33 კონფლიქტები ,ინტერვიუ

რ დღეში გავიარე ორი თვის სტრესი და წარმოიდგინეთ, იზოლატორში მყოფი ადამიანი როგორ იგრძნობს თავს,– ასე აფასებს ადვოკატი ბადრი მანჯავიძე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ამასწინანდელ მოგზაურობას ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის - ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესზე დასასწრებად.

როგორც ცხინვალიდან დაბრუნებულმა ადვოკატმა „აქცენტს“ უამბო, 23 წლის უნახავი ქალაქიდან მას მეხსიერებაში ჭარბად მობილიზებული სამხედროები და ხანგრძლივი დაკითხვები ჩარჩა.

ბადრი მანჯავიძე: საკუთარი სურვილით გავემგზავრე, მოტივაცია კი მარტივი იყო: პირადად მენახა ვითარება და ბატონი ვაჟასთვის მედიკამენტები ჩამეტანა. მის ოჯახთან კი მქონდა საუბარი, მაგრამ მეუღლემ თქვა, „არ მინდა, მეორე ქართველიც გახდეს პატიმარიო“. ეს ჩემთვის იმას ნიშნავდა, რომ თავად უნდა მიმეღო გადაწყვეტილება. მე ორმაგი მოქალაქეობა მაქვს (რუსეთის მოქალაქეობა 2005 წელს მივიღე), არავისთვის არაფერი მითქვამს, ისე გავემგზავრე და თუ ცხინვალის რეგიონში შემიშვებდნენ, შევიდოდი. მოგეხსენებათ, ვლადიკავკაზიდან იქით რუსეთის მოქალაქეები დაბადების მოწმობითაც კი გადაადგილდებიან. როდესაც ვლადიკავკაზში გადავედი, რუსული პასპორტით ვმოქმედებდი და იქიდან ცხინვალისკენ ავტობუსით გავემგზავრე. რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვარზე რუსები და ოსები დგანან, მაგრამ რასაც ვხედავდი, ძირითადად რუსები მუშაობდნენ. დაახლოებით ნახევარი საათი გაგვაჩერეს. მკითხეს, „ვისთან მიდიხარ, დაგვალაპარაკეო“. ვუთხარი, რომ „გიორგი ბესტაუთი იყო ჩემი მასპინძელი [ცნობილი ოსი პოეტი და მთარგმნელი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ ოსურად თარგმნა.], რომ «მას ვერ დავალაპარაკებოდი და თუ სურვილი ჰქონდათ, შეეძლოთ, წამომყოლოდნენ საფლავზე“. არ მითქვამს, რომ სასამართლო პროცესზე მივდიოდი, რადგან არ შემიშვებდნენ. ხმამაღალი საუბარიც გვქონდა. შემდეგ გზა განვაგრძეთ. ცხინვალში, ავტოსადგურთან ერთი სასტუმროა - „ალანია“, 2–3 ნორმალური ნომერია გადარჩენილი და იქ დავბინავდი. დილით ტაქსი გავაჩერე. საბედნიეროდ, მძღოლმა იცოდა, ვინ იყო გიორგი ბესტაუთი და საფლავზე მიმიყვანა. იქ ვიდეო ჩავწერე და გამოვაქვეყნე, რადგან ვიცოდი, რომ მითვალთვალებდნენ.

შემდეგ მივედი პროცესზე. ჯერ შემიშვეს შენობაში, - რომ მოიყვანენ პატიმარს, დაგიშვებთ პროცესზეო. შემდეგ ალბათ, გადარეკ–გადმორეკეს, მითხრეს, «დახურული იქნებაო» და გარეთ გამომიშვეს. სადღაც 15 წუთში მოიყვანეს ვაჟა და უცებ შეიყვანეს შენობაში.

- როგორ გამოიყურებოდა?

- შავი ქურთუკი ეცვა, წვერი აქვს მოშვებული, ისე კი მხნედ გამოიყურებოდა.სასამართლოს წინ ოთხი საათის განმავლობაში ვიდექი, პერიოდულად ბადრაგი გამოდიოდა და მათაც ვკითხე გაფრინდაშვილის მდგომარეობის შესახებ. მითხრეს, „კარგად არისო“. თუმცა ცუდად რომც ყოფილიყო, რა თქმა უნდა, არ მეტყოდნენ. აგრესიულები იყვნენ, „ვეღარ გაიგეთ, ამ ქვეყანას თავისი საზღვარი რომ აქვს? ამ კაცმაც აღიარა, რომ წინასწარი შეცნობით გადმოკვეთა საზღვარი, არსებობს ჩანაწერებიო“. დაინტერესდნენ, ვინ ვიყავი. „არ ვარ ნათესავი, ერთი ქართველი კაცი ვარ და ჩემოვედი, რომ გავიგო რა ხდება»–მეთქი. გაუკვირდათ. ვფიქრობ, სწორედ იმან იმუშავა, რომ არც ცხინვალში, არც ვლადიკავკაზში არავინ მყავს, არც თბილისში მითქვამს ვინმესთვის გამგზავრების შესახებ, მათ შორის - არც ბატონი ვაჟას ოჯახისთვის, ჩემი დაინტერესება აბსოლუტურად უანგარო იყო და ამიტომ შევძელი ჩასვლაც და ჩამოსვლაც. შემდეგ გამოვიდა ადვოკატი [ვლადიმირ ფიდაროვი ჩრდილოეთ ოსეთიდან]. სხვათა შორის, იქ ერთი ჟურნალისტი იყო, მაგრამ უთხრა, „არ მომეკარო, არაფერს გეტყვიო“. მე ვუთხარი, რომ მისი კოლეგა ვიყავი და დამელაპარაკა. ძალიან სიტყვაძუნწი კაცია. მითხრა, „წელიწადი და ცხრა თვე მიუსაჯეს, ამათგან სხვას რას უნდა ელოდო?! წინასასამართლო სხდომაზე რაც თქვა, იგივეს იმეორებს აქაც, დუმილის უფლებას არ იყენებს, ვერაფერს გავხდი. ამბობს, „ცხინვალი ოკუპირებულია, აქ საოკუპაციო ჯარია, მათ დამაკავეს მე და საზღვარი არ დამირღვევიაო“. უხასიათოდ ჩანდა ფიდაროვი.

- თუ გქონდათ საუბარი ადვოკატთან, იცის ბატონმა გაფრინდაშვილმა, მასთან დაკავშირებით რა ხდება საქართველოს დანარჩენ ნაწილში, ან როგორია მისი ემოციური მდგომარეობა?

- რაც შეეხება ემოციურ მდგომარეობას, ბადრაგმა მითხრა, „ერთი, წვერი აქვს მოშვებული და რა ვქნათ, მეც ვუშვებ, როდესაც შვებულებაში ვარ, ხალხს კი ჰგონია, რადგან წვერი აქვს მოშვებული, ცუდად არისო“. ადვოკატთან კი წმინდა პროფესიული საუბარი მქონდა. გასაჩივრების საკითხით დავინტერესდი. თქვა, „აქ სამართალს იპოვი? არ იციო?!“.

- სადღეისოდ არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, რა გზები რჩება ბატონი გაფრინდაშვილის დასახსნელად?

- როგორც რიგითი ადვოკატი, ვიტყვი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გასაჩივრებას აქვს აზრი: იქნებ ცივილურ ქვეყნებს რაღაცნაირად მიბაძონ ამ საკითხში მაინც, აპელაციამ და კასაციამ ცოტა მაინც დაუკლოს [სასჯელის ზომა]. თუმცა არც ისაა გამორიცხული, გაამართლონ, მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს. რაც შეეხება შეწყალებას, ეს მექანიზმი მაშინ მუშაობს, როდესაც ბრალს აღიარებ, მაგრამ არარსებულ, უკანონო «ქვეყანასთან» გვაქვს საქმე და შესაძლოა, ეს ნაბიჯიც გადადგან. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოების წნეხის შედეგი იყო ალბათ, რომ მაქსიმუმი არ მიუსაჯეს. როგორც ადვოკატმა მითხრა, პროკურატურამ მაქსიმალური სასჯელი – ორი წელი მოითხოვაო. ამ სასჯელის მისჯა შეეძლოთ.

- რაიმე სახის უხერხულობა თუ იგრძნობოდა იმის გამო, რომ ექიმი ჰყავთ ტყვეობაში?

- მაგათ ჰყავთ ჟურნალისტები, აქვთ გაზეთები, ტელევიზია, რადიო და ა.შ. არც ერთი წარმომადგენელი არ მინახავს იქ. ერთი კაცი ვიდექი გარეთ. დამკვირვებლის თვალითაც ჩანს, რომ იქ არ არსებობს დამოუკიდებელი, სხვა აზრი.

- ისევ გეგმავთ ვიზიტს?

- არა. ძალიან დიდი სტრესი მივიღე. ეს ორი დღე ჩემთვის ორ თვეს ნიშნავდა. როდესაც უკან ვბრუნდებოდი, ლარსზე ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა საათზე მეტხანს გამაჩერა და დამიწყეს დაკითხვა. უკვე ყველაფერი იცოდნენ ალბათ, მაგრამ ლაპარაკის თავიც აღარ მქონდა. ერთი და იგივეს მეკითხებოდნენ, „გვაჩვენე ვიდეო“ და ა.შ. საზღვარი აქიდან ორ წუთში გავიარე და შემოსვლისას საათსა და 15 წუთს დავყავი საზღვარზე.მე ორ დღეში როგორი სტრესი გავიარე და წარმოიდგინეთ, იზოლატორში რომ იმყოფება ადამიანი, ის როგორ იქნება...

- აქამდე თუ ყოფილხართ ცხინვალში და როგორია თქვენი ახალი შთაბეჭდილება?

- სადღაც 1996 წელს ვიყავი, გორიდან გადავედი მაშინ. ერთი შეხედვით, ძალიან ბევრი სამხედროა ცხინვალში. ძალიან გასამხედროებული ქალაქია. სულ რუსული სამხედრო ფორმებით იყვნენ, მათ შორის - ალბათ, ოსებიც. კვების ობიექტი ვერ ვიპოვე, რომ სადღაც ჩამოვმჯდარიყავი და საკვები მიმეღო. რაღაც-რაღაცეები კია გაკეთებული, გზა ნორმალურია, რაღაცას აშენებენ. არის იური ლიჟკოვის, ვლადიმირ პუტინის, სტალინის ქუჩები...