02-04-2024 16:12:06 ინტერვიუ ,ანალიზი
მიუხედავად იმისა, რომ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს 2028 წლამდე აქვს თურქეთის პრეზიდენტად ყოფნის მადატი და პარლამენტშიც ინარჩუნებს უმრავლესობას, ექსპერტები მას ადგილობრივ არჩევნებში განცდილი მოულოდნელი და დრამატული მარცხის შემდეგ,მთელ რიგ პრობლემებს უწინასწარმეტყველებენ.
ერდოღანის „სამართლიანობის და განვითარების პარტია“ დამარცხდა ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქებში - სტამბოლში, ანკარაში, ბურსაში, იზმირსა და ანტალიაში. მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელისუფლებო პარტიას 35.5%-იანი მაჩვენებელი აქვს, ხოლო „სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“ - 37.7%. კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა აქტივობა 78.5%-ს შეადგენდა.
"31 მარტის არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ჩემს პოლიტიკურ მეგობრებს: 14 - მეგაპოლისი, 21 - ქალაქი, 337 - მუნიციპალიტეტი, 48 - დასახლება - ვულოცავ ყველა არჩეულ მერს", - დაწერა X-ზე სტამბოლის გამარჯვებულმა მერმა ექრემ იმამოღლუმ.
ერდოღანმა აღიარა მარცხი და თქვა, რომ „გაიმარჯვა ხალხის ნებამ, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას“.
მსგავსი შედეგები ბევრისთვის მოულოდნელი იყო ერთი წლის წინ, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის მარცხის ფონზე, როდესაც ვერც ეკონომიკურმა პრობლემებმა და ვერც დამანგრეველმა მიწისძვრამ შეარყია ერდოღანის ძალაუფლება, თუმცა თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე „აქცენტთან“ ამბობს, რომ ამ შემთხვევაში რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი:
ამჯერად რა შეეშალა ერდოღანს?
ბევრი რამ,– გვპასუხობს ბაკურაძე და საკუთარი ხედვის მხარდასაჭერად რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას:
საარჩევნო კამპანია და ოპოზიციის წარმატების ფორმულა
ბაკურაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის წარმატებას, რომელისთვისაც კომფორტული გარემო ხელისუფლებას ნამდვილად არ შეუქმნია, ორი მთავარი საფუძველი ჰქონდა:
ამასთან, ბაკურაძის დაკვირვებით, იყო ოპოზიციისთვის ხელის შეშლის და თავდასხმის ფაქტებიც, მაგრამ ერდოღანს იმდენად სჯეროდა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ვერასდროს გაიმარჯვებდა, რომ რეალურად მისი კანდიდატების წინააღმდეგ რეპრესიების გატარება არც კი უცდია:
„ეს არა დემოკრატიზაციის, არამედ თავად ერდოღანის გონებაში ჩანერგილი სტერეოტიპის შედეგი იყო: ერდოღანის გონებაში ეს კვლავ 2000–იანი წლების დასაწყისის „სახალხო რესპუბლიკური პარტიაა“, სამხედრო რეჟიმთან მოთანამშრომლე, რომელიც ვერასდროს ვერაფერს მოახერხებდა“.
კონტრპროდუქტიული იყო მინისტრების, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჩართვა საარჩევნო კამპანიაში. მაგალითად, „ეროვნული დაზვერვის ყოფილი უფროსი დადიოდა ბაზარში და მოვაჭრეებისგან ხმებს აგროვებდა“:
„მინისტრისგან ბაზარ–ბაზარ სიარული და ხმების თხოვნა, რაც მას არ ეხება, როგორც წესი, თურქი ამომრჩევლის მხრიდან არასერიოზულად აღიქმება“.
ერდოღანი საარჩევნოდ ტრადიციულად ააქტიურებდა ხოლმე რელიგიურ საკითხებს, გამოდიოდა უმცირესობების წინააღმდეგ. ბაკურაძე გვეუბნება, რომ ადგილობრივი არჩევნების შემთხვევაი ორი საინტერესო დეტალი დაფიქსირდა:
რაც შეეხება თურქოლოგის მიერ ნახსენებ კონკურენტს, საუბარია ისლამისტურ „ახალი კეთილდღეობის პარტიაზე“, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანს დაუჭირა მხარი, თუმცა ამჯერად დამოუკიდებლად იყარა კენჭი და როგორც ექსპერტები აფასებენ, ერთ–ერთი ფაქტორად იქცა ერდოღანის მარცხისა.
„ახალი კეთილდღეობის პარტიის“ ხელმძღვანელმა ფატიჰ ერბაქანმა, რომელიც ერდოღანის პოლიტიკური მენტორის ნეჯმედდინ ერბაქანის ვაჟიცაა, ძალიან სწორად შეაფასა მის წინ არსებული შესაძლებლობები: მან ძალიან კარგად ივაჭრა სახელისუფლებო პარტიასთან წინა არჩევნებზე და ბოლო მომენტში დაუჭირა მხარი ერდოღანს და როგორც აღმოჩნდა, საკუთარ თავს კარგი საქმეც გაუკეთა – შერეული მესიჯებით გამოიყენა სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა, თუმცა ბოლო მომენტში, იმის მომიზეზებით, რომ ერდოღანთან დაახლოებული არაერთი კომპანია ვაჭრობს ისრაელთან, პალესტინის საკითხში ხელისუფლება არასაკმარისად აქტიურია, პენსიებს არ ზრდიდა (ასევე გამოიყენა მამამისის ფაქტორი, ანუ ის, რომ თავად მამამისის შვილია, ერდოღანი კი მამამისის მოწაფე, რომელმაც მასწავლებელს ბოლო მომენტში უღალატა) და არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ მისი პარტია არ აპირებდა ერდოღანის მხარდაჭერას და დამოუკიდებლად მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნებზე 6,5% მიიღო (ხმების რაოდენობით მესამე პარტია გახდა ქვეყანაში) და რაც მთავარია, მიღებული ხმების უმეტესობა ერდოღანის პარტიიდან წაიღო“.
რა იქნება შემდეგ
ერდოღანის საქმე იმაზე ცუდადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს,– გვეუბნება ბაკურაძე და განმარტავს: „პარლამენტში ერდოღანს კომფორტული უმრავლესობა არ აქვს. ამჟამად უმრავლესობას ფლობს მის პარტნიორ „ნაციონალისტურ მოძრაობასთან ერთად, რომელსაც რეალურად საკუთარი ინტერესები ამოძრავებს და მისი მთავარი პრიორიტეტია, საკმაოდ მცირე ელექტორალური პოტენციალით ერდოღანისგან მაქსიმალური დივიდენდები მიიღოს. მაგრამ თუკი ერდოღანი ნაციონალისტურ პარტიასთან ალიანსს დაასრულებს, არსებულ მოცემულობაში ერდოღანთან ღიად თანამშრომლობას ვერც ერთი პარტია გაბედავს, რადგან ამომრჩეველი მათ სასტიკად დასჯის, ერდოღანი უმრავლესობასაც დაკარგავს და პარლამენტს საშუალება ექნება, რიგი საკითხები მისი გვერდის ავლით გაიტანოს მიუხედავად მისი ეკლექტურობისა და იდეოლოგიური სხვაობებისა“.
„შესაბამისად, ადგილობრივმა არჩევნებმა, პარლამენტში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ერდოღანი კიდევ უფრო მეტად დაასუსტა. მიუხედავად იმისა, რომ არსებული კონსტიტუცია პრეზიდენტს ფაქტობრივად უზარმაზარ ძალაუფლებას აძლევს, მისი გამოყენების არეალი კიდევ უფრო შეეზღუდა ერდოღანს“.
ბაკურაძე ხაზს უსვამს, რომ ბევრი რამაა დამოკიდებული ოპოზიციაზე: რამდენად გამოიჩენენ გამბედაობას (რაც ყოველთვის უჭირდა წამყვან თურქულ ოპოზიციას); რამდენად იაქტიურებენ ისეთ საკითხში, როგორიცაა მაგალითად, ქურთულ რეგიონებში ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობა; რამდენად თამამ ნაბიჯებს გადადგამენ ხელისუფლების წინააღმდეგ და მოახერხებენ საზოგადოებაში არსებული საპროტესტო მუხტის თავიანთ სასარგებლოდ მობილიზებას. თუ არსებულ მოცემულობას ვერ შეაფასებენ, გზას, რომელიც ხელისუფლებისკენ გაეხსნათ, თავადვე დახურავენ,– აჯამებს თურქოლოგი.