
Facebook-ის სკანდალთან დაკავშირებით არასამთავრობოები გამოძიების დაწყებას ითხოვენ
23/12/2019 14:01:39 სამართალი
Facebook-ის სკანდალთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გვერდების უკან მდგომი პირების ქმედებებში, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს. ასევე, ნათქვამია, რომ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა იმ შემთხვევაში უნდა დაიწყოს, თუ დადგინდება, რომ ქმედება დანაშაულის ნიშნების შემცველია.
"20 დეკემბერს Facebook-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ სოციალურ ქსელში არსებული ასობით ყალბი და კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში შემჩნეული გვერდი, ჯგუფი და მომხმარებელი წაშალა, რომლებიც არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის, ოპოზიციისა თუ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტის მადისკრედიტირებელ მასალას აქვეყნებდნენ. ამ ჯგუფების უკან მდგომი პირების ქმედებებში, შესაძლოა, რამდენიმე დანაშაულის ნიშანი იკვეთებოდეს, შესაბამისად, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოძიების პროცესში მკაცრად უნდა იყოს დაცული ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და კონკრეტულ დანაშაულს შორის. პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა იმ შემთხვევაში უნდა დაიწყოს, თუ ნათლად დადგინდება, რომ ქმედება დანაშაულის ნიშნების შემცველია და არ ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში.
Facebook-ის გამოძიების შედეგად ჯამში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გაუქმდა. ამავე გამოძიებით დადგინდა, რომ წაშლილი გვერდები პარტია „ქართულ ოცნებასთან” და სარეკლამო კომპანია "პანდასთან" იყვნენ დაკავშირებულები. ამ გვერდებმა დაახლოებით 316 000 აშშ დოლარი Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში დახარჯეს. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ყალბი ჯგუფების ქმედებები უმეტესად მიმართული იყო საზოგადოებრივად აქტიურ პირებზე ზემოქმედებისა და მათი საქმიანობისათვის ხელშეშლისაკენ.
გავლენებისგან თავისუფალი საგამოძიებო ორგანოების პირობებში, გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო. ობიექტური გამოძიების შემთხვევაში შესაძლოა გამოიკვეთოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანი" - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.
გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.
"ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება", – წერია განცხადებაში.