
მედია: მაკრონი ცდილობს, ამერიკელი და გერმანელი კოლეგები რუსეთის მიმართ უფრო ხისტი სტრატეგიის აუცილებლობაში დაარწმუნოს
04/04/2024 07:27:37 მსოფლიო
თებერვალში გამართულ კონფიდენციალურ შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობდა, ამერიკელი და გერმანელი კოლეგები რუსეთის მიმართ უფრო ხისტი სტრატეგიის აუცილებლობაში დაერწმუნებინა,– წერს Wall Street Journal.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მაკრონი მიიჩნევს, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით სტრატეგიული ორაზროვნების პოზიცია უნდა დაიკავონ, რომელიც მაგიდაზე რუსეთის საპასუხო ქმედებების ფართე სპექტრს დატოვებდა, მათ შორის – სამხედროსაც. მაკრონის იდეა ეწინააღმდეგება ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომას, რომელიც სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან რუსეთთან ესკალაციის აღკვეთას ითვალისწინებდა.
წყაროების ცნობით, მაკრონი ცდილობდა მოკავშირეების დარწმუნებას, შეეწყვიტათ დასავლეთის ე.წ. "წითელი ხაზებზე" აქცენტირება, რაც რუსეთს საგონებელში ჩააგდებდა დასავლეთის საპასუხო ქმედებებზე ფიქრისას.
გაზეთის წყაროები ამბობენ, რომ ბაიდენი ვერ დარწმუნდა მიდგომის ცვლილების აუცილებლობაში, რადგანაც ამას შესაძლოა რუსეთთან უფრო მეტი ესკალაცია მოჰყოლოდა. მაკრონის პოზიცია არ გაიზიარა გერმანიის კანცლერმაც. შოლცის აზრით, ამგვარმა მიდგომამ შესაძლოა, გახლიჩოს ნატოს ერთიანი პოზიცია და რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების რისკი შექმნას.
მაკრონის, შოლცისა და ბაიდენის ონლაინ შეხვედრა თებერვალში პარიზში ევროპელი მოკავშირეების დაგეგმილ შეხვედრამდე გაიმართა. წყაროების ცნობით, მაკრონმა ბაიდენი და შოლცი გააფრთხილა, რომ პარიზში დაგეგმილ შეხვედრას რუსეთის მიმართ შეცვლილი გზავნილის გასაჟღერებლად გამოიყენებდა. ხოლო მას შოლცმა განუცხადა, რომ იდეის საჯაროდ გაჟღერების შემთხვევაში იძულებული გახდებოდა, ინიციატივას საჯაროდვე დისტანცირებოდა.
წყაროები მიუთითებენ, რომ ფრანგული სამხედრო დანაყოფების უკრაინაში გაგზავნის იდეამ წარმოშვა სხვა დილემაც: როგორ უნდა ეპასუხათ მოკავშირეებს რუსეთის მიერ ფრანგული დანაყოფებზე შეტევის შემთხვევაში. გაზეთთან საუბარში ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ფრანგული დანაყოფებზე რუსეთის პოტენციური შეტევა საომარ მოქმედებებში სხვა დასავლელი მოკავშირეების ჩართვის რისკს ატარებდა. ხოლო მაკრონმა კოლეგები დაამშვიდა, რომ ასეთ შემთხვევაში აშშ-სა და სხვა მოკავშირეების ჩართვის აუცილებლობა არ იარსებებდა და გაიხსენა, რომ საფრანგეთს ჰქონდა დანაკარგები აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული სამხედრო კამპანიებს დროს, თუმცა დასახმარებლად მოკავშირეებისთვის არ მიუმართავს.
წყაროების ცნობით, დაძაბულობამ პიკს 26 მაისს, ელისეს სასახლეში გამართული შეხვედრის დროს მიაღწია. შეხვედრაზე მაკრონმა მოკავშიირებს საკუთარი იდეები გააცნო და გვერდით მჯდომ შოლც პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. შოლცმა კატეგორიულად უარყო მსგავსი შესაძლებლობა. უარი დააფიქსირეს ნიდერლანდების, პოლონეთის და საბერძნეთის წარმომადგენლებმა. მაკრონის იდეას მხარი დაუჭირა ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმა, რომელმაც განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეებმა უნდა ფოკუსირდნენ არა იმაზე, რას არ გააკეთებენ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, არამედ იმაზე, თუ რას გააკეთებენ.
უმრავლესობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამიტის დასრულების შემდეგ მაკრონმა ჟურნალისტებთან მაინც თქვა, რომ კონსენსუსის არ არსებობის მიუხედავად, არაფერს გამორიცხავდა, მათ შორის, არც ჯარების გაგზავნას.