
ქართველების გააფხაზების კანონი ამ დრომდე არ ამოქმედებულა
29/03/2024 12:17:18 კონფლიქტები
"სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ“ კანონის ახალი რედაქცია აფხაზეთში ფორმალურად, მესამე თვეა, ძალაშია შესული, თუმცა რეალურად, ამ დრომდე არ ამოქმედებულა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 7 დეკემბერს აფხაზურმა „პარლამენტმა“ დაჩქარებული წესით, ერთ დღეში დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც „აფხაზური ეროვნული კუთვნილებისა და გვარის აღდგენის სახელმწიფო რეგისტრაციის“ პროცედურას შეეხო. კერძოდ, ბოლო რედაქციის თანახმად, კანონის VIII მუხლი ასე ჟღერს: „აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ, მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ეთნიკური აფხაზები (აბაზა) არიან და პირდაპირი შთამომავლები პირებისა, რომლებმაც საკუთარი აფხაზური ეროვნული კუთვნილება XIХ-ХХ ს.ს. ანტიაფხაზური პოლიტიკის შედეგად დაკარგეს, უფლება აქვთ, აღიდგინონ აფხაზური ეროვნული კუთვნილება და გვარები აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წარდგინებით რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ავთენტური აფხაზური გვარების ჩამონათვალის შესაბამისად“.
„აქცენტი“ უკვე წერდა იმის შესახებ, თუ რა რეალურ მიზნებს ემსახურება სოხუმის მიერ ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. საქმე იმაშია, რომ აფხაზეთში არ არსებობენ აფხაზური „მოქალაქეობის“ არმქონე აფხაზები, ისევე, როგორც აფხაზები, რომელთაც საკუთარი ეთნიკური წარმომავლობა „დაავიწყდათ“. ამდენად, ეჭვგარეშეა, რომ საუბარია მიზანმიმართულ მცდელობაზე, აიძულონ ადგილობრივი ქართველები, საკუთარი ეთნიკური კუთვნილება და გვარები აფხაზურის სასარგებლოდ შეიცვალონ.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 1992-93 წ.წ. ომის დროს აფხაზეთში ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდის მიუხედავად, ქართველები აფხაზების შემდეგ სიდიდით მეორე ეთნოჯგუფად რჩებიან. მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის „ოფიციალური“ სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის მდგომარეობით, აფხაზების რაოდენობა 125 434-ს შეადგენდა. რაც შეეხება ქართველებს, ისინი აფხაზური აღწერით „ქართველებად“ და „მეგრელებად“ არიან დაყოფილები, „რესპუბლიკაში რეგისტრირებულია 43 604 ქართველი და 3 258 მეგრელი“. რიცხოვნობით მესამე ჯგუფი სომხებია, რომელთა რაოდენობა 41 487-ს შეადგენს.
ფორმალურად, აფხაზეთში დეკლარირებულია მოქალაქეთა თანასწორობა, განურჩევლად ეროვნული კუთვნილებისა, მაგრამ რეალურად, ყველა სხვა ეროვნების წარმომდგენლები, ერთეული გამონაკლისების გარდა, რესპუბლიკის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულები არიან. რეგიონის შენარჩუნებული მრავალეროვნულობის მიუხედავად, აფხაზეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სპექტრში აბსოლუტურ უმრავლესობას სწორედ აფხაზები ქმნიან, რომლებიც უმთავრესად საკუთარი ეთნიკური ჯგუფის ვიწრო ინტერესებს ემსახურებიან.
ყველაზე მძიმე ვითარებაში ქართველები არიან. მათ მიმართ „დამნაშავე მოსახლეობის“ თანმიმდევრული პოლიტიკა ტარდება, ამდენად, ქართველები ყველაზე დისკრიმინირებული ეთნიკური ჯგუფია, კოლექტიურად მოკლებული ადამიანის საბაზისო უფლებებსაც კი.
ყველაზე მკაფიოდ ეს იმაში გამოიხატება, რომ პრინციპულად მხოლოდ ქართველებს არ აძლევენ „მოქალაქეობას“, რის გამოც ადამიანები საკუთარ მიწაზე 30 წელია, სრულიად უუფლებოდ არსებობენ: მიწასა და სახლსაც კი ვერ ყიდულობენ - მხოლოდ აფხაზეთის „მოქალაქეს“ შეუძლია შეიძინოს. ქართველები, როგორც აფხაზური „მოქალაქეობის“ არმქონე პირები, ვერანაირი სტატუსით ვერ მონაწილეობენ არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში დაიბადნენ და მთელი ცხოვრება იქ აქვთ გატარებული. მხოლოდ ქართველ ბავშვებს ეკრძალებათ აფხაზეთში განათლების მშობლიურ ენაზე მიღება და ა.შ.
ახალი კანონით, ქართველებს, რომლებიც ეროვნებასა და გვარს აფხაზურის სასარგებლოდ შეიცვლიან, შეუძლიათ, „მოქალაქეობისა“ და მის კვალდაკვალ „პასპორტის“ მიღების იმედი იქონიონ, რაც ბევრს თუნდაც ამ ფასად რეალურად შეუმსუბუქებდა ყოფას. თუმცა გავიდა სამი თვე, კანონი კი ამ დრომდე ქაღალდზე რჩება.
ორიოდ დღის წინ გალის რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ ინტერვიუში განაცხადა, რომ „აფხაზური ეროვნული კუთვნილებისა და გვარის აღდგენის პროცედურა ჯერ არ ამოქმედებულა“, რადგან „იუსტიციის სამინისტროს ჯერ შესაბამისი ინსტრუქციები არ შეუმუშავებია“. მისივე თქმით, ზოგადად, პროცედურა ასეთი იქნება: დაინტერესებული პირი მიმართავს სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ორგანოს, საიდანაც განაცხადი აფხაზეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს გადაეგზავნება და მეცნიერები „გვარის აფხაზურ ძირძველობას“ დაადგენენ. იქნება თუ არა პროცედურით გათვალისწინებული რაიმე დამატებითი მოთხოვნები, ფილიას თქმით, ჯერ გაურკვეველია, თუმცა „იუსტიციის სამინისტრო ინსტრუქციებს უახლოეს ხანებში წარმოადგენს და პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძვრება“.
ფილიას სიტყვები რომც ახდეს, ეს ადგილობრივი ქართველების დისკრიმინაციის პრობლემას ვერ გადაჭრის. უპირველესად, გააფხაზების მსურველთა რიგში ყველა არ ჩადგება. მეორეც, აფხაზებმა უკვე მონიშნეს ქართველების გააფხაზების მასშტაბების მაქსიმალური ჩარჩოები: იგივე ფილიას ცოტა ხნით ადრე ნათქვამი აქვს, რომ გალის რაიონში ცხოვრობს 6 ათასამდე „ისტორიული აფხაზი“, რომელიც ახალი კანონის საფუძველზე აფხაზად ჩაწერასა და „მოქალაქეობის“ მიღებას შეძლებს. ზოგიერთებმა დაასახელეს ციფრი 10 ათასი - ამჟამინდელი ქართული მოსახლეობის თითქმის მეოთხედი და სავარაუდოდ, სწორედ ესაა ის რაოდენობა, რომლის „მონელებასაც“, აფხაზების გათვლით, ისინი ამ ეტაპზე შეძლებენ.
ამგვარად, წინასწარ იყო ცნობილი, რომ ქართველების ყველა შესაძლო განაცხადის დაკმაყოფილებას არავინ გეგმავდა, გააფხაზების სურვილი ერთიანად ყველა ადგილობრივ ქართველსაც რომ გამოეთქვა. მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ აფხაზებს გალელი ქართველების მდგომარეობა სულ არაფრით გაუუმჯობესებიათ. „აფხაზური ეროვნებისა და გვარის აღდგენის“ შესწორებებთან ერთად იმავე დღეს მიიღეს „უცხოეთის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც ბინადრობის მოწმობის გამარტივებული წესით გაცემას ან მოქმედების ვადის 5-დან 10 წლამდე გახანრძლივებას ითვალისწინებს. როგორც ფილია ირწმუნება, ეს შესწორებები უკვე მოქმედებს და ადგილობრივი ქართველები ამითაც კმაყოფილები არიან.
გალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის უფროსმა კიდევ ერთ პრობლემასთან დაკავშირებით გამოთქვა აზრი. ფილიას თქმით, იგი ყველანაირად ეცდება, მიაღწიოს, რომ აფხაზეთში დაბადებულ და მუდმივად მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც ადგილობრივ სკოლებს ამთავრებენ, ავტომატურად ეძლეოდეთ აფხაზური „მოქალაქეობა“. თუმცა იქვე მან ისიც აღნიშნა, „არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იდეა მხარდაჭერას მოიპოვებს და რეალიზდებაო“.
და აქ წერტილი შეიძლება, დაისვას - ბინადრობის მოწმობის მიღების გამარტივება ის მაქსიმალური შემსუბუქებაა, რომლის იმედიც ადგილობრივ ქართველებს შეიძლება, ჰქონდეთ. ინტერვიუში ქართველებისთვის განკუთვნილ საბუთებზე საუბრისას ფილიამ ეს პირდაპირ თქვა: „დოკუმენტების კუთხით ამას იქით არ წავალთო“.
რაჟდენ ქაჯაია