
დაქცეულობა თავებში აფხაზურად
28/03/2024 10:17:10 კონფლიქტები
აფხაზეთში, ისევე, როგორც ადამიანთა ნებისმიერ სხვა თანამეგობრობაში, არსებობს უამრავი პრობლემა, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს. მაგრამ ისინი წლობით, ან სულაც ათწლეულობით არ გვარდება, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესახებ ბევრს და დამღლელად საუბრობენ, ტონობით ქაღალდს ხარჯავენ ათასგვარ პროგრამებსა და კონცეფციებზე, უამრავ დროს იმის დასადგენად, როგორ გადაჭრან ეს ყველაფერი.
აფხაზური საზოგადოება საკმაოდ ღიაა, თავისუფალი და პლურალისტური, შესაბამისად, ამა თუ იმ თემაზე გააფთრებული დებატები მისთვის იშვიათობას არ წარმოადგენს. მაგრამ ყველა დისკუსია დაახლოებით ერთსა და იმავე ჩარჩოში მიმდინარეობს და მის მონაწილეთაგან თითქმის არავინ კვეთს „წითელ ხაზებს“, საზოგადოების მიერ არაოფიციალურად, თითქმის ქვეცნობიერად გავლებულს.
დიაგნოზის არარსებობა პირველი წინაღობაა განკურნებისკენ გზაზე. ხოლო თუ არა მარტო არ იცით, რა სენი გჭირთ, არამედ საერთოდაც უარყოფთ მის არსებობას, ვერასდროს განიკურნებით.
მოვიყვან ორ პატარა მაგალითს - ორ პრობლემას, რომელიც აფხაზებს სერიოზულად აშფოთებთ, მაგრამ აქტუალურობას არ კარგავს და ბევრი სხვა რამისგან განსხვავებით, ციფრებში იზომება.
ერთ-ერთი მათგანი მკვლელობებია.
როდესაც ერთი ადამიანი მეორეს რაღაც ეგოისტური მოსაზრებებით ასალმებს სიცოცხლეს, ეს ყოველთვის ტრაგედიაა, მცირე სოციუმში კი, სადაც ყველა ყველას იცნობს და ერის ერთი ნახევარი მეორეს ენათესავება, მსგავსი რამ კიდევ უფრო მძიმედ აღიქმება.
2023 წელს აფხაზეთში 17 მკვლელობა იქნა ჩადენილი. ეს ბევრია თუ ცოტა?
ამ კუთხით საერთაშორისო სტატისტიკა ძალიან მარტივად წარმოებს: 100 000 მოსახლეზე მკვლელობების საშუალო წლიურ რაოდენობას ანგარიშობენ - და ზოგადი სურათიც გასაგები ხდება.
აფხაზეთის მოსახლეობა სადღეისოდ დაახლოებით 240 000 ადამიანს შეადგენს. მარტივი არითმეტიკაა: ვყოფთ 17-ს 2,4-ზე და ვიღებთ 100 000 მოსახლეზე 7 მკვლელობაზე ოდნავ მეტს.
გავიმეორებ კითხვას: ეს ბევრია თუ ცოტა?
გააჩნია, რას შევადარებთ. თუ ლათინურ ამერიკას - რაღაც საშუალოა „ნორმალურსა“ და „მშვენიერს“ შორის. „ნორმალურია“ არგენტინასთან (5), პარაგვაისთან (7,1) და პერუსთან (7,9) შედარებით. „სამოთხეა“, თუ ბრაზილიას (27) და მექსიკას (29) შევადარებთ. სალვადორსა (53) და იამაიკასთან (43) შედარებით საერთოდაც „სხვა პლანეტაა“. რუსეთთან შედარებით, სადაც ყოველ 100 000 მოსახლეზე წელიწადში საშუალოდ 8 მკვლელობა მოდის, ნორმალურია. აი, ენგურსგაღმელების ვითარებასთან შედარებით კი, სადაც წლიურად 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 2,2 მკვლელობა ხდება, აფხაზური მაჩვენებელი აშკარად მოისუსტებს.
და ეს სრულიად ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ენგურსგაღმელებს ევროპეიზაციის გრძელი გზა აქვთ განვლილი და მართალია, ჯერ ამ გზის შუამდეც არ მისულან, მაგრამ ნირი უკვე შეურბილდათ და დაწერილი კანონების უზენაესობა არაფორმალურზე უკვე მეტ-ნაკლებად მკაფიოა.
ევროპასთან შედარებით აფხაზური მაჩვენებელი ცალსახად ცუდია: იქ მაქსიმალური მაჩვენებელი 1,5-ს უტოლდება, მაგრამ არსებობენ ქვეყები, სადაც 1-ზე ნაკლებიც კია (გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი, პორტუგალია, დანია).
ვის შეედარონ - ბრაზილიელებს, რუსებს, ენგურსგაღმელებს თუ ბერძნებს - აფხაზების არჩევანია. პრიორიტეტებიდან გამომდინარე.
მეორე პუნქტი კი ავტოავარიების შედეგად სიკვდილიანობაა. 2023 წელს აფხაზეთში ავტოკატასტროფების შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა. მივმართოთ კვლავ უმარტივეს მათემატიკას: გავყოთ 57 2,4-ზე - და მივიღებთ წელიწადში დაახლოებით 23 სიკვდილს 100 000 მოსახლეზე.
ტრადიციულად, ვსვამთ კითხვას: ეს ცოტაა თუ ბევრი?
მკვლელობებისგან განსხვავებით, აქ პასუხი ცლსახა შეიძლება, იყოს - ძალიან ბევრი. ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია ევროპულზეც (2-დან 10-მდე ადამიანი) და რუსულზეც (12 ადამიანი 100 000 მოსახლეზე).
ენგურსგაღმა, სადაც ხალხი ასევე არ გამოირჩევა მანქანის მართვაში დიდი დისციპლინირებულობით[U1] , ავარიების შედეგად ყოველწლიურად გაცილებით ნაკლები იღუპება - 12,4 ადამიანი ყოველ 100 000 მოსახლეზე.
ამ რეიტინგში აფხაზეთს შეესაბამება ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გვატემალა, ჯიბუტი, სენეგალი და გაბონი.
ახლა კი - ბუნებრივი კითხვები: რისთვის მოვაწყვე აქ ეს სახალისო მათემატიკა? რატომაა გაერთიანებული მკვლელობები და ავარიები? რაც მთავარია, რისი თქმა მინდა ამით?
პასუხი ცოტა რთული იქნება და არაერთმნიშვნელოვანი: გამიზნულ მკვლელობებსა და ავარიების შედეგად სიკვდილიანობას ის აერთიანებს, რომ ერთიც და მეორეც ერთი და იგივე სენის - მასობრივი უპასუხისმგებლობისა და სრული უდისციპლინობის, ანუ ტრადიციონალიზმისა და საბჭოურობის ტოქსიკური ნაზავის მახასიათებლების მაჩვენებელია.
აფხაზებს რომ ვკითხოთ, რატომაა ეს მაჩვენებლები კატასტროფულად მაღალი, მით უფრო - პატარა ერისთვის, გვიპასუხებენ, „შსს-ს ბრალია, რომელიც არ ებრძვის დანაშაულს, საჭესთან სიმთვრალეს, „ლიხაჩობას“, მოკლედ, ვითარებას არ აკონტროლებსო“... ასე ხომ ყოველთვის უფრო მარტივია - ყველაფერში ხელისუფლება ადანაშაულო. და სხვათა შორის, ესეც რუსულ-საბჭოური მოვლენაა - ყოველთვის ყველაფერში სადღაც ზემოთ მყოფ დიდ ძმას მიენდო.
აფხაზებს ჯიუტად არ სურთ, აღიარონ, რომ ამ და სხვა ათწლეულობით გადაუჭრელი პრობლემის მიზეზი ამჟამინდელი ეროვნული მენტალობაა - ტრადიციული აფსუარისა და ველური საბჭოურობის ნაზავი.
ტრადიციულ-საბჭოური აფხაზობა, რომელიც დიდად არ აფასებს ხანგრძლივ, რუტინულ შრომას, როგორც ყველაფრის საფუძველს, უპირატესობას ანიჭებს სწრაფ და მარტივ შემოსავალს, რის გამოც მუდმივად ისწრაფვის კრიმინალური გაგებისკენ, ქურდული სამყაროსკენ. დაამატეთ ქურდულ კოდექსს კავკასიური თავშეუკავებლობა, ყეყეჩობა - და წელიწადში 17 მკვლელობა დიდ ციფრად აღარ მოგეჩვენებათ.
აფხაზობა შეუძლებელს ხდის სამართალდამცველი ორგანოების, სახელმწიფო აპარატის, საგადასახადო სისტემისა და სხვა იმ ინსტიტუტების სრულფასოვან მუშაობას, რომელთა გარეშეც სოციუმი დაშლისთვისაა განწირული.
როგორც ერთმა აფხაზმა თქვა, „მე, რა თქმა უნდა, წესრიგის დამყარების მომხრე ვარ, მაგრამ მაინცდამაინც ჩემი შვილით რატომ უნდა დაეწყოთო?“.
ტრადიციულ-საბჭოურ აფხაზობაში პოლიციასთან თანამშრომლობა „გრეხია“. ფიქრობთ, მაინერები, რომლებიც აფხაზურ ენერგეტიკას სპობენ, მართლაც სადღაც იატაკქვეშეთში მუშაობენ და მათ შესახებ არავინ იცის?! ყველამ მშვენივრად იცის, მაგრამ ხმას არ იღებს: ამოიღებ - და დამბეზღებლის რეპუტაცია გარანტირებული გაქვს.
ამ ყველაფერს მოაქვს წესრიგის არარსებობა - როგორც სახელმწიფო, ისე საყოფაცხოვრებო დონეზე.
ტრადიციული აფხაზობა, ისევე, როგორც ტრადიციული ქართველობა - ეს ანარქიის, უწესრიგობის, პრინციპის „და მე - რა?“, უნებისყოფობის, შინაგანი ღერძის, დასახული მიზნების მიღწევაზე კონცენტრირების უნარის, რეალური განათლების მიღებისკენ სწრაფვის არარსებობის ტრიუმფია.
ჯონ კენედი, აცხადებდა რა აშშ-ის განზრახვას, ადამიანი მთვარეზე გაეშვა, ამბობდა, „ჩვენ გავაკეთებთ ამას არა იმიტომ, რომ ადვილია, არამედ იმიტომ, რომ რთულიაო“.
ეს თეზისი არ ეხება აფხაზობას (ქართველობას, ჩეჩნობას და ა.შ.). ჩვენში საპირისპირო თეზისი მოქმედებს: გააკეთო არა იმიტომ, რომ ძნელია, არამედ იმიტომ, რომ მარტივია.
და ბოლოს, ისევე, როგორც ქცევის ნებისმიერი შუასაუკუნოვანი კოდექსი, აფხაზობა პრიორიტეტს ანიჭებს დაუწერელ კანონებს: კონსტიტუცია არაფერია, ეროვნული ადათ-წესები - ყველაფერი...
ენგურსგაღმა ტრადიციული მენტალობა მართალია, ბრძოლის შედეგად, მაგრამ მაინც უკან იხევს: ამიტომაც შემცირდა მკვლელობების რაოდენობა 20ო4 წელთან შედარებით. ეს სწორედ ევროპაზე ორიენტაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.
აფხაზეთი კი ორიენტირებულია რუსეთზე, ამდენად, ტრადიციული აფხაზობა, რომელიც რასაც ეხება, ყველაფერს ღუპავს, არათუ არ გადის, არამედ სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს აფხაზური საზოგადოების ცხოვრებაში.
ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ არა მარტო აფხაზეთში, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაშიც რუსეთი ნერგავს აბსოლუტურ არქაიკას, რელიგიურ ფანატიზმს, რაღაც წვრილ, თითიდან გამოწოვილ ტრადიციებს, რომლებიც ხელს უშლიან განათლებასა და პროგრესს.
ზუსტად ასევე სტიმულირებს რუსეთი ენგურსგაღმა ტრადიციონალისტთა ლოზუნგებს - ჩამორჩენილობას, მოჩვენებით მართლმადიდებლობას, განსხვავებული აზრის მიუღებლობას, ჰომოფობიას.
ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს უბრალო შემთვევითობაა. მაგრამ თუ უფრო გულდასმით დავაკვირდებით, ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა. რაც უფრო გაუნათლებელია და ჩამორჩენილი ხალხი, მით უფრო ადვილად სამართავია იგი რელიგიის, ჰომოფობიის, „ტრადიციული ფასეულობების“ გამოყენებით.
განათლებულთა და დამოუკიდებლად მოაზროვნეთა მართვა გაცილებით რთულია - მაშასადამე, იმპერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ასეთები რაც შეიძლება, ცოტანი იყვნენ.
და მაინც, ყოველ ერს, თუ ის რომელიმე სხვა დომინანტი ქვეყნის ნაწილს არ წარმოადგენს, არჩევანის უფლება და შესაძლებლობა გააჩნია. და ეს არჩევანი ყველამ უნდა გააკეთოს.
საბოლოო ჯამში, არ არსებობენ ცუდი მთავრობები და კარგი ხალხები. ყოველ ხალხს ზუსტად ისეთი მთავრობა ჰყავს, როგორსაც იმსახურებს.
დაქცეულობა კი არა მკვლელობებშია, არა ენერგოსისტემაში, არა პარლამენტში. დაქცეულობა თავებშია.
თენგიზ აბლოთია