
როგორ აღიქვა "ოცნებამ" აშშ–ის მოწოდება შექებად
24/12/2019 11:01:39 საშინაო პოლიტიკა
მმართველმა გუნდმა კვლავ მოახერხა და აშშ–ის მოწოდებები, "გააძლიეროს დემოკრატიული პრინციპების მიმართ ერთგულება, უზრუნველჰყოს სასამართლოს/პროკურატურის სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფლება“... შექებად აღიქვა. ამასთან, გუნდი ხაზს უსვამს, რომ "სრულყოფილება მსოფლიოში არსადაა".
„ეს რეალურად, მხარდამჭერი განცხადებაა. იგი მარტივად ითარგმნება და მარტივად განიმარტება: პოლიტიკურ პროკურატურასა და პოლიტიკურ სასამართლოზე აქ არ არის საუბარი; აშშ საქართველოს მოუწოდებს, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა პროკურატურა და სასამართლო მიკერძოებული არ იყოს; არც იმაზეა საუბარი, რომ დღესაა მიკერძოებული რომელიმე მათგანი და არც რაიმე დაჟინებულ მოთხოვნაზე. ვისაც ამ განცხადების კითხვა შეუძლია, ძალიან კარგად იციან, რომ ეს განცხადება, რეალურად, მხარდამჭერია. რაც შეეხება სასამართლოს და პროკურატურის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებას, ამაზე ჩვენ მთელი ეს პერიოდია, ვსაუბრობთ და ამისთვის განხორციელდა, მათ შორის, სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღა. მოწოდება, რომ სასამართლოს და პროკურატურის შემდგომი დამოუკიდებლობისთვის ძალისხმევა გაძლიერდეს, კრიტიკა არ არის" - გვარწმუნებს მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "ოცნების" მმართველობის მე-8 წელს.
მსგავსი შეფასება მისცა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც:
„მთავარი ამ განცხადებაში იყო ის, რომ დადებითად აფასებენ რეფორმას, რომელიც იყო განხორციელებული სასამართლოს მიმართულებით. ძალიან დადებითად აფასებენ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიის თვალსაზრისით, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ისინი რეალურად ხედავენ და აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე დადებით მოვლენებსო" - ბრძანა და დაამატა, "ყველაფერი საუკეთესო არც ერთ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში არ არის. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთო“.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ კი აშშ-ის განცხადებაში საპროტესტო მოძრაობისადმი მიმართვა ამოიკითხა:
„ჩვენი მთავარი პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება მეოთხე ტალღას, რომელიც სასამართლოს რეფორმაში ხორციელდება და ამასთანავე, მოუწოდებს, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ქუჩაში გადაწყვიტონ თავისი დაპირისპირებული პოზიციები და საბოლოო შეთანხმების საკითხი. ეს არის მთავარი! ახლა ამას როგორი ინტერპრეტაციაც უკეთდება, ეს არის მცდელობა, რომ რაღაცნაირად გამოიყენონ, კვლავ სპეკულაცია მოახდინონ თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციისა. პროკურატურის და სასამართლოს მიმართ გაგრძელდეს რეფორმები - გაგრძელდეს თემა, ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვამბობთ. პროკურატურაც, სასამართლოც და ნებისმიერი სახელმწიფო უწყების საქმიანობაც უნდა დაიხვეწოს, გაგრძელდეს. განსაკუთრებით საინტერესოა პროკურატურის საქმიანობაა. ნდობის თემა საზოგადოებაში პროკურატურას მეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქვს, მაგრამ ახლა მას ეს ნდობა აქვს გაცილებით მეტი, ვიდრე ჰქონდა 2012-მდე და ეს არის ფაქტი. ამ ფაქტის გადაფარვა არის მთავარი ამოცანა, რომელსაც დღეს ემსახურება პროპაგანდა, მათ შორის - გარკვეული მედიასაშუალებების გამოყენებით, ეს არის სამწუხაროდ რეალობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში რომ წაიკითხოთ, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს ყველა ქვეყნის მიმართ, მათ შორის -ევროპული ქვეყნების მიმართ, იქაც წერია გარკვეული შენიშვნები, სურვილები, კეთილი სურვილები და ამაში დასაძრახს მე ვერაფერს ვხედავ, პირიქით, მე ვფიქრობ, რომ მთავარი პარტნიორის წინადადებები, მოსაზრებები, თუნდაც შენიშვნები უნდა გახდეს სახელმძღვანელო ჩვენი მომავალი საქმიანობისა“.
კიდევ უფრო შორს წავიდა წარმოსახვაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა: მას ამერიკული მხარის განცხადება „საქართველოს ხელისუფლების შექებად“ მიაჩნია:
„ჩვენ ძალიან კარგად წავიკითხეთ ის ტონი, რადგანაც გამოქვეყნდა ეს არა მხოლოდ ინგლისურად, ოფიციალური ვერსია, არამედ ქართულადაც და ყველას შეუძლია, წაიკითხოს და ნახოს და თავად შეაფასოს უკვე, ეს სილის გაწნა არის, თუ პირიქით - შექება. აშკარად შექება არის, აშკარად მხარდაჭერა არის. აქ არის ცალსახად ხაზგასმა იმ პროგრესისა, რომელიც გვაქვს ჩვენ სასამართლოში მხარდაჭერა მეოთხე ტალღად წოდებული სასამართლო რეფორმისა და რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია. სხვათა შორის, იგივე ტონით და იგივე ხაზგასმით განცხადება გააკეთა შაბათს, თუ არ ვცდები, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში. არა მხოლოდ საქართველოში, არც ერთ ქვეყანაში არ არის სრულყოფილი სისტემა“.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, "აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში არსად არის ნათქვამი, რომ პროკურატურა არის პოლიტიკური".
"ნათქვამია, რომ ისინი მიესალმებიან პროგრესს და მხარდაჭერას უცხადებენ ქვეყნის განვითარებას, რომ მოუწოდებენ ჩვენს ხელისუფლებას ერთგულებას იმ პრინციპებისადმი, რაც არის ჩვენი პრინციპები. ანუ, სამართლის უზენაესობას, რაც გულისხმობს დამოუკიდებელ სასამართლოს. თქვენ ნახეთ არაერთი კვლევის შედეგი, რომ ჩვენი რეფორმების წყალობით, საზოგადოების 52 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ რეფორმებმა საქართველოს მოუტანა უფრო დამოუკიდებელი და ნეიტრალური სასამართლო, ვიდრე იყო მანამდე", – განაცხადა წულუკიანმა.
მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიცია თვლის, რომ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყანაში მართლმსაჯულების მიკერძოებულობაზე მიუთითებს.
"[განცხადებაში] პირდაპირაა აღნიშნული, რომ საქართველოში მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა და პროკურატურა არის მიკერძოებული, გამოიყენება პოლიტიკური რეპრესიებისთვის" - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი რომან გოცირიძე.
„ამ განცხადებაში არის უჩვეულოდ მკაფიო და მკაცრი აქცენტი სახელდახელოდ გაკეთებული პროკურატურასთან მიმართებაში, რადგან დღეს პროკურატურას დევნა აქვს დაწყებული თითქმის ყველა პოლიტიკური ძალის სულ მცირე, ერთი ლიდერის მიმართ მაინც. ასევე, კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება თითქმის არ დარჩა ქვეყანაში, რომლის დამფუძნებელს ან ხელმძღვანელს რამე სისხლის სამართლის საქმით არ ედავებოდნენ და ასევე არის არაერთი აქტივისტი თუ პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი. ეს არის კონტექსტი და ამაზე არის სწორედ მინიშნება განცხადებაში. პროკურატურა არ არის პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი და დაჟინებულია მოწოდება იმისა, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. განცხადების ეს ენა ყველასთვის გასაგებია, ვისაც უნდა გულწრფელად ამოიკითხოს გზავნილის შინაარსი. ვისაც უნდა, რომ მორიგ ჯერზე შექმნას პარალელური, გაყალბებული რეალობა, რა თქმა უნდა, ის წაიკითხავს განცხადების მხოლოდ პირველ წინადადებას. ამის გამოცდილებაც არსებობს საქართველოში“ - ამბობს „ლელოს“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის: გუშინ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა:
"შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს თავისი ვალდებულება დემოკრატიის პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა უზრუნველჰყოს, რომ მისი სასამართლო და საპროკურორო სისტემა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებებისგან. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს კანონის უზენაესობა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები“.