ვინ ებრძვის თბილისიდან ჰააგაში საქართველოს პოზიციის დამცველებს

24-12-2019 16:10:48 სამართალი ,ინტერვიუ

ის, რომ 20 დეკემბერს „ფეისბუქმა“ ასეულობით გვერდი და ანგარიში დაბლოკა, რომელიც, მისი დასკვნით, საქართველოს მმართველ გუნდთან იყო კავშირში და დეზინფორმაციას ავრცელებდა, ასევე ისიც, რომ ამ გვერდებისა და ანგარიშების რეკლამირებაში თითქმის 1 მილიონი ლარი დაიხარჯა, ბოლო დღეების განმავლობაში განხილვის ერთ–ერთ მთავარ თემად რჩება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები სკანდალიდან თავის დაძვრენას პასუხისმგებლობის რაღაც გაუგებარ „კეთილ შემომწირველებზე“ გადაკისრებით ცდილობენ. თუმცა ეს არაა სკანდალის დასასრული: ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ (DFRLab) «ფეისბუქის» გამოძიების პარალელურად საკუთარი კვლევა ჩაატარა (DFRLab-ს თავდაპირველად საქართველოში ორგანიზებული საეჭვო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია «ფეისბუქმა» მიაწოდა) და დაადგინა: გაუქმებული ვებგვერდები ქართულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, ავრცელებდნენ "დამაპირისპირებელ სოციო-პოლიტიკურ შინაარსს, რომელიც ივანიშვილსა და მთავრობაში მის მოკავშირეებს უჭერდა მხარს, ცდილობდნენ საქართველოს დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატების დისკრედიტაციას და ამასთანავე, ავრცელებდნენ პრორუსულ ნარატივს, თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო....

რა არის ამ ყველაფრის მიზანი - ალბათ, რთული ამოსაცნობი არ უნდა იყოს: ცნობიერებაზე ზეგავლენა. და ამ მხრივ საქართველოს მოსახლეობას შესაძლოა, მხედველობიდან გამორჩეს ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: საქართველო–რუსეთის განგრძობადი ომის ერთ-ერთი მთავარი „ფრონტის ველი“ სადღეისოდ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოა, რომლის პროკურატურა აგვისტოს ომის მოვლენებს იძიებს... როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ჰააგის სასამართლოს მსგავსი ტიპის საქმის განხილვის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია და შესაბამისად, ამ ომისთვის, რომელიც იდეაში, საქართველოს ყველა მოქალაქის მოსაგებია, საზოგადოების კონსოლიდაციასაც აქვს დიდი მნიშვნელობა. ბუნებრივია, ასევე მნიშვნელოვანია, როგორ პოზიციონირებს პროცესში ოფიციალური თბილისი. შესაბამისი კითხვებით „აქცენტმა“ არასამთავრობო ორგანიზაციის "Justice International" ხელმძღვანელ ნიკა ჯეირანაშვილს მიმართა, რომელიც წლებია, ჰააგაში სწორედ ამ საქმის ფარგლებში საქართველოს პოზიციების დაცვას ცდილობს. მისგან მიღებულმა თავშეკავებულმა ინფორმაციამაც კი მოლოდინს გადააჭარბა და ნამდვილად იძლევა შეშფოთების საფუძველს.

- თქვენი დაკვირვებით, დგას დღეს საქართველო ჰააგაში მოწოდების სიმაღლეზე და დებს მაქსიმალურ რესურსს შედეგის მისაღწევად?

- საქართველოს აქ [ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში] საერთოდ არ ჰყავდა მუდმივი წარმომადგენელი, ის მხოლოდ წელს დანიშნეს, ანუ გამოძიების დაწყებიდან 3-წლიანი დაგვიანებით. შესაბამისად, ბევრ საკითხში ჩართვა დაგვიანდა. ეხლა უკვე მთავრდება გამოძიება და ველოდებით მისი შედეგების განსაჯაროებას. დარჩა ერთი საკითხი - მომავალ წელს სასამართლოში ქართველი მოსამართლის ნომინირება. თუმცა მანამდე ეროვნულ დონეზეა შესაბამისი შერჩევის პროცესი და კრიტერიუმები ჩამოსაყალიბებელი, რაც ამ დრომდე არ ხდება. თანაც, თუ ეს არ იქნება გამჭვირვალე პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური პროფესიონალის შერჩევას, იგი კრახით დასრულდება: საქართველოდან წარდგენილი მოსამართლე არ იქნება დანიშნული.

რაც შეეხება «ტროლინგის» თემას, Facebook-ს ჰააგაში არ იყენებენ, ამიტომ „ტროლინგმა“ ნაკლებად იმოქმედა, თუმცა მცდელობები იყო: მთელი გამოძიების მიმდინარეობისას (უკვე 4 წელი სრულდება) რუსული ნარატივი მასობრივად ვრცელდებოდა. შედეგი კი იყო ის, რომ შარშან შეიქმნა წარმოდგენა, თითქოს საქართველოს მოქალაქეებისთვის მისაღები იქნებოდა ქართველი სამხედროების დაკავება. რომ არა ხალხის აღშფოთება (საპრეზიდენტო არჩევნების დროს) და ადგილზე სასამართლოსთან ძალიან სერიოზული მუშაობა, ეს შეიძლება, ძალიან ცუდად დამთავრებულიყო: მივიღებდით სრულიად განსხვავებულ შედეგს.

- «ადგილზე მუშაობაში» ჰააგა იგულისხმეთ, ხომ? დავაზუსტოთ, ვის რა როლი ჰქონდა პროცესში...

- პირადად მე აქ ვარ, 4 წელია. ასევე ვგულისხმობ ჩვენს პარტნიორებს.

- მსგავსი აქტიურობა, ბუნებრივია, მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ საინტერესოა, სახელმწიფოს რა როლი ჰქონდა ამ პროცესში?

- სახელმწიფოს რა უნდა გაეკეთებინა, - ამაზე ბევრი შეგვიძლია, ვისაუბროთ. მათ შორის, ჩვენ რისი კეთებაც მოგვიწია, ესეც სახელმწიფოს უნდა ეკეთებინა. მინიმუმ, ხელი მაინც არ შეეშალა, კარგი იქნებოდა. აღარაფერს ვამბობ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე, თვალთვალზე, მუქარაზე და სხვა მეთოდებზე, რაც გამოიყენებოდა ჩვენს გასაჩუმებლად. მოვა ალბათ, ამაზე საუბრის დროც, - ეხლა, გამოძიების დასრულებამდე კონფიდენციალურობის გამო ვერ ვისაუბრებ.

- და ამ ყველაფერში შემჩნეულია საქართველოს ხელისუფლება? ეს სერიოზული ბრალდებაა... დეტალებზე თუ არ საუბრობთ, უწყება მაინც თუ შეგიძლიათ, დაგვიკონკრეტოთ? და ის, ეს პროცესი ჰააგაში მიმდინარეობდა?

- როგორც ვთქვი, ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გეტყვით მხოლოდ, რომ ჰააგაში რთულია ამის [თვალთვალის, მუქარის...] განხორციელება. გაცილებით მარტივია უშიშროების სამსახურებისთვის საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებზე "მუშაობა".

- მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ახლა დუმილისთვის სწორი დროა?

- გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე. ეხლა ესაა პრიორიტეტი და ამაზე საუბარი ხელს შეუშლის ჩვენს პოზიციებს. სწორედ ამიტომ უკვე ერთი წელია, ხმას არ ვიღებ.

- კეთილი. ამ მიმართულებით მხოლოდ ერთ კითხვას დავსვამ: ამ "მუშაობის" მიზანი რა არის?

- გაჩუმება - ჰააგის პროცესებზე დუმილი, სრული იგნორი გამოძიების და პროცესიდან გათიშვა. ჰააგაში სხვა ტიპის "მუშაობა" მიმდინარეობდა, რაც ძირითადად ჩვენს „გაშავებას“ გულისხმობდა და სასამართლოს წარმომადგენელთა თვალში დისკრედიტირებას.

- თქვენი შენიშნვებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაქვთ. ამ ფონზე თუ გავითვალისწინებთ თავად საქმის სირთულეს, მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს, რა გიტოვებთ იმედის საფუძველს, რომ ძიება საქართველოს სასარგებლოდ დასრულდება?

- დაველოდოთ, რას გვეტყვის პროკურორი. არ ვფიქრობ, რომ მთლად ჩვენს სასარგებლოდ დასრულდეს გამოძიება, პირიქით და სწორედ ამ საფრთხეებზე ვსაუბრობდი წლების განმავლობაში. თუმცა, ვფიქრობ, თავიდან ავიცილებთ ქართველების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც ამ მოცემულობაში ძალიან დიდი მიღწევაა. დარჩა 2 მხარე - რუსეთი და ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“. რუსი სამხედროების/პოლიტიკოსების პადუხისმგებლობის საკითხი სავარაუდოდ, ასევე არ დადგება: ძალიან სერიოზულად აქვთ ნამუშევარი, ქართული სპეცსამსახურები გავსებულია რუსული აგენტურით, განადგურებულია უამრავი მასალა, მტკიცებულებები, გარდაცვლილია უამრავი მოწმე; ამ 11 წლის განმავლობაში არ მოხდა მტკიცებულებების გამოძიების შესაბამისად შენახვა და ა.შ. დარჩა „სამხრეთ ოსეთი“ და ვფიქრობ, აქ შეიძლება, მიიღწეს წარმატება იმ კუთხით, რომ ოს(ებ)–ზე გაიცეს დაკავების ორდერ(ებ)ი. საბოლოო ჯამში, შემდეგ უკვე ნარატივი იქნება მნიშვნელოვანი, რომ ჩატარდა საერთაშორისო სასამართლოს ხელმძღვანელობით გამოძიება, არ გამოიკვეთა ქართველების მხრიდან დანაშაულების ჩადენა, მათ შორის - არც სამშვიდობოებზე თავდასხმა (რაც ომის დაწყების არგუმენტად გამოიყენება), მოხდება 28000 დევნილის დაზარალებულად აღიარება, დაიწყება მათთვის სპეციალური დახმარების პროექტები (სასამართლოს მხრიდან), კონკრეტულ პირზე/პირებზე გაიცემა დაკავების ორდერები, შესაბამისად, ყველას ეცოდინება, ვინ არიან ამ პროცესში ეჭვმიტანილები. რუსეთი ამ ხალხს სავარაუდოდ, არ გადასცემს სასამართლოს და შესაბამისად, ისიც ნათელი იქნება, თუ ვინ აფარებს ხელს დამნაშავეებს.

- ბრძანე, "ტროლინგს" არ მოუხდენია ჰააგაში გავლენაო. მიზეზებიც განმარტე, მაგრამ მეორე სამიზნე აუდიტორია საქართველოს მოსახლეობაა, მათ შორის - სავარაუდოდ, ისინი, ვისაც შემდგომში ჰააგაში მოუწევს მოწმის სტატუსით წარდგომა, მანამდე კი გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია მოწმეების შენარჩუნება. ამ მიმართულებით საფრთხეებს ხედავ? უკვე გამოიკვეთა ნეგატიური გავლენის ნიშნები?

- საქართველოში რაც “გასაფუჭებელი” იყო, ყველაფერი გაფუჭდა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ საქმის საჩვენოდ შემოტრიალება. ეხლა უკვე აზრი აღარ აქვს მოწმეთა არც დაშინებას, არც მოსყიდვას. ოსების წინააღმდეგ კი უბრალოდ პროცესი არ გვექნება, რადგან არ გადასცემს რუსეთი ეჭვმიტანილებს.

ავტორი: დიანა მუსელიანი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები