მუფტის სუს-ის მიერ მართული არჩევნები: «მეტი შეურაცხყოფა რა უნდა მომაყენოს სახელმწიფომ?!"

25-12-2019 21:01:09 მულტიკულტურული საქართველო ,ინტერვიუ

მუფტის არჩევნები, რომელიც იდეაში, მრევლში სიმშვიდის შემტანი უნდა ყოფილიყო, კვლავ დაძაბულობის საფუძვლად იქცა: სრულიად მუსლიმთა სამმართველოში რიგმა წევრებმა თანამდებობები დატოვეს და უკვე ღიად ალაპარაკდნენ იმ მოვლენებზე, რომლებზეც აქამდე არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობდნენ.

კერძოდ, მათი მონათხრობით, დაახლოებით თვენახევარია, სამმართველოს მუფტი არ ჰყავს და კადრს ამ პოზიციისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეძებდა. 25 დეკემბერს საბჭო უნდა შეკრებილიყო, უკვე 24 დეკემბერს კი საბჭოს წევრთა უმრავლესობას სუს–იდან შეეხმიანენ და ადამ შანთაძის (მანამდე სრულიად მუსლიმთა სამმართველოს მუტის მოადგილის თანამდებობას იკავებდა) მუფტად არჩევის „კურთხევა“ მისცეს.

„მეჯლისის 19 წევრიდან 10–ისგან ვიცი, რომ ღამის 01:00 საათისთვის ჩამოურეკეს [სუს–იდან] ყველას და უთხრეს, „ხვალ, 15:00 საათისთვის უნდა მიხვიდე სამმართველოში და ამა და ამ კანდიდატს დაუჭირო მხარი». სუს–ი არჩევდა, ვინ დაენიშნათ. ახალმა მუფტმა თქვა, საზღვარგარეთ ვიყავიო. არსადაც არ ყოფილა და ეს დადასტურებადი ინფორმაციაა. მუსლიმთა სამმართველოს მეჯლისის წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობას ერთადერთი კრიტერიუმით არჩევენ - სუს–ისადმი მორჩილება“,– ამბობს სამუფტოს უკვე ყოფილი თანამშრომელი თემურ გორგაძე.

ანალოგიური პოზიცია აქვს მუსლიმთა სამმართველოს კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელ რეზო მიქელაძეს: „არჩევნები სუს–ის ჩატარებულია. დღეს პროტესტის ნიშნად ვტოვებ დაწესებულებას, რომელსაც მივუძღვენი მთელი ცხოვრება“.

თავად შანთაძეს ბრალდებებზე არაფერი უთქვამს, მან მხოლოდ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ერთ–ერთი პრიორიტეტი განათლების მიმართულება იქნება.

„განათლების მიმართულებით საკმაოდ პროგრესულ ნაბიჯებს გადავდგამთ. ასევე იცით, რომ ბათუმის მეჩეთი გამოწვევაა. იქ ლოცვა აღევლინება და საჭიროა შენობის გაკეთება. სასამართლოშიც არის დავა გადასული“,– თქვა ახალმა მუფტმა.

საქართველოში არსებული უმსხვილესი რელიგიური თემის პრობლემებზე, პროცესებში სუს–ის ჩართულობაზე და ამის მოტივაციაზე „აქცენტი“ საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდმარეს ტარიელ ნაკაიძეს ესაუბრა.

Caption

ტარიელ ნაკაიძე: როდესაც 2011 წელს მუსლიმთა სამმართველო დაფუძნდა, მაშინვე განვაცხადეთ პრეტენზია, რომ იგი მუსლიმების მიერ არ დაფუძნებულა, დააფუძნა იმჟამინდელმა უსაფრთხოების სამსახურმა და საბჭო დაკომპლექტდა ძალოვან უწყებასთან დაახლოებული ადამიანებით...

- ანუ, ეს იმთავითე ხელოვნურად შექმნილი ორგანიზაცია იყო და არა მრევლის მოთხოვნის გამოძახილი?

- არა, სამმართველოს შექმნა ჩვენი [მუსლიმი თემის] სურვილი იყო, თუმცა ეს სურვილი ძალოვანმა უწყებამ ჩვენი ჩართულობის გარეშე განახორციელა. ამ თემაზე ბევრი განცხადება გაკეთდა. მათ შორის პირველმა შეიხმა [სრულიად მუსლიმთა სამმართველოს პირველმა მუფტმა] თანამდებობიდან გაშვების შემდეგ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მიმდინარებდა მაშინ პროცესები. ჩვენი პრეტენზია ის კი არაა, რომ მსგავსი ორგანიზაცია არ უნდა არსებობდეს, არამედ ვითხოვთ, ის იყოს დამოუკიდებელი, მოქმედებდეს კანონის ფარგლებში და წარმოდგენილი იყოს, როგორც მუსლიმების ინტერესების დამცველი. ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელიც ითვალისწინებს გადაცდომებისთვის პასუხისგებაში მიცემას და არ არსებობს საჭიროება, პროცესებში სუს–ის თუ სხვა ძალოვანი უწყებების ჩართულობის. პირიქით, ეს ჩარევები შემდეგში ქმნის პრობლემებს. მაგალითად, 10–15 წელიწადია, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი დგას და ამას ითხოვს მრევლი. მუსლიმთა სამმართველოს 2014 წელს ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, თითქოს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საჭიროება არ არსებობს და შემდეგ მათ რეზიდენცია და ა.შ. გადასცეს. ეს წერილი კი პრაქტიკულად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ მოამზადა. ამის შედეგი ის იყო, რომ მრევლმა მუსლიმთა სამმართველოს იგნორირება გაუწია, საინიციატივო ჯგუფის სახელით თვითორგანიზება მოახდინა, შექმნა ახალი - „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი“, იყიდა მიწა, გახსნა მეჩეთი და ამჟამად მიმდინარეობს დავა მეჩეთის მშენებლობის საკითხზე. ანუ, 2011 წლიდან დღემდე მიმდინარე ჩარევებმა მუსლიმი თემისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან გათიშულობა განაპირობა. ამ კონტექსტში დღევანდელი თემაც კრიტიკულია, რადგან წინა მუფტიც მსგავსად აირჩიეს. საბჭოთა კავშირშიც არ ხდებოდა მსგავსი რამ. ორი კანდიდატი მაინც იყო ხოლმე წარმოდგენილი. დღეს ასეც არ გააკეთეს.

- თუ სუს–ი განაგებს საკადრო პოლიტიკას, იდეაში, მოტივატორი პროცესების კონტროლი უნდა იყოს, ანუ, ის წარმოადგენს ავტორიტეტულ სასულიერო პირს, რომელიც ითანამრომლებს მასთან და უწყებას მრევლზე ექნება გავლენა. სადღეისოდ კი ვიღებთ სურათს, რომ ორგანიზაცია, რომელიც მუსლიმი თემის ინტერესებს უნდა იცავდეს, გათიშულია თემისგან: არ აქვს ავტორიტეტი, შესაბამისად, გავლენაც. მაშ სუს-ის მიზანი რა არის?

- სწორედ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან უგუნური ქმედება. მიზანი კი კონტროლია. მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ კონტროლს ვეღარ წევენ, სამმართველოს კიდევ მეტად აშორებენ საზოგადოებას. პლუს ამას, იქმნება ძალიან სერიოზული საფრთხე რადიკალიზმის, დაუმორჩილებლობის, საზოგადოებრივი დამოკიდებულების ცვლილებისა სამმართველოსა და მთლიანად სახელმწიფოს მიმართ, ასევე სხვა ორგანიზაციების გაჩენისა. ამდენად, ეს პროცესები სახიფათოა. საკუთარი მუფტის არჩევის უფლება როგორ არ უნდა გვქონდეს?! ასე უხეშად, როგორც დღეს გააკეთეს, ეს უდიდესი შეურაცხყოფაა მუსლიმებისთვის. მეტი შეურაცხყოფა სახელმწიფომ რა უნდა მომაყენოს?!

- ბრძანეთ, სახელმწიფოს უგუნურ პოლიტიკასთან გვაქვს საქმეო, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ერთგვარად ძალის დემონსტრირებაც არის?

- ბუნებრივია, ეს არის წარმოჩენა იმისა, რომ „როგორც მინდა, მაინც ისე იქნება“. თუმცა დღეს ეს აღარ მოქმედებს და ამას რომ ვერ ხვდებიან, ეს არის უგუნურება. დღეს ადამ შანთაძეს რომ დანიშნავ და მისი სამმართველოს ავტორიტეტს 0%–მდე დაწევ (თავად ადამთან კარგი ურთიერთობა მაქვს), ეს არა მხოლოდ მუსლიმებისთვის, სახელმწიფოსთვის არის წამგებიანი, რადგან სხვა აქტორებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიზიდონ მრევლი. მე გიხსენეთ მეჩეთის საკითხი, თუ რა გააკეთა მაშინ მრევლმა. ამ შემთხვევაში მრევლი სწორი მიმართულებით წავიდა – სამართლებრივი გზით და დაიწყო დავა. წარმოიდგინეთ, რომ მსგავსი ორგანიზაციები რადიკალური მიმართულებით წავიდნენ. ამ შემთხვევაში ადამის ფუნქცია რა იქნება? - არც არაფერი, რადგან მუსლიმთა სამმართველოს ავტორიტეტი არ აქვს.

– მუსლიმები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ცხოვრობენ და იქ რელიგიური ყოფა როგორ მიდის? ანუ ადგილობრივი თემები თუ რელიგიური ჯგუფები თავად ირჩევენ წინამძღოლს და პროცესი ფრაგმენტულია?

სამწუხაროდ, ასე არ არის. სამმართველო, მთავარი მუფტი ნიშნავს მუფტებს როგორც ბათუმში, ისე სხვაგან, ანუ გადაბმული ჯაჭვია და ეს არა მხოლოდ ბათუმელი, არამედ სრულიად საქართველოს მუსლიმების პრობლემაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები