
ოლდენბურგული აფხაზეთი
22/04/2024 15:00:02 კონფლიქტები
აფხაზეთში დიდი წარმატებით გრძელდება ანტიეკონომიკური პოლიტიკის ტრიუმფალური სვლა ლოზუნგით „ყველაფერი, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზეა, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს“. და თუ სხვაგან მსგავსი პოპულისტური ლოზუნგებით უმთავრესად გაუნათლებელი ბრბო გამოირჩევა, აფხაზეთში ეს საყოველთაო „მონაგარია“.
„არა პრივატიზაციას! აფხაზეთის აქტივები აფხაზი ხალხის ხელში უნდა რჩებოდეს!“ - ამ მოწოდებას გაუაზრებლად უერთდება მთელი ინტელექტუალური ფენა, ყველა, ვინც წერა-კითხვა იცის, ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, „დეპუტატი“ და ის უცნაური ადამიანებიც, რომლებიც თავს „ეკონომისტებად“ მიიჩნევენ.
ალბათ, ყველას გვახსოვს ბიჭვინთის აგარაკის ირგვლივ აგორებული სკანდალი, რომელსაც ამასწინათ გაგრძელებაც მოჰყვა. როგორც გაირკვა, აფხაზურმა მხარემ რუსული გააცურა, ცალმხრივად ასახა რა შეთანხმების ტექსტში რამდენიმე დათქმა, მათ შორის - ის, რომ ბიჭვინთის აგარაკის ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილება ობიექტის პრივატიზების ან მესამე პირთათვის გადაცემის უფლებას არ ითვალისწინებს. ანუ, რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაში იყოს, კი ბატონო, მაგრამ კერძო ინვესტორებისთვის გადაცემა - არავითარ შემთხვევაში.
რითაა ინვესტორი უარესი სახელმწიფოზე - კორუმპირებულზე და არაეფექტურზე? გონივრული და დამაჯერებელი პასუხი ამ კითხვაზე არ გაჟღერებულა - არაფერი, გარდა მორიგი სიმღერისა "აფხაზ ხალხზე" იმ უცნაური ადამიანების შესრულებით, რომლებიც თავს“ ეკონომისტებად“ პოზიციონირებენ.
ასეა თუ ისე, ქარიშხალი ჭიქა წყალში ნელ-ნელა ჩაცხრა. „ჭიქა წყალში“ - იმიტომ, რომ არ არსებობს არავითარი ლოგიკური ახსნა იმისა, თუ რატომ არის დაუშვებელი, სასტუმრო კომპლექსი (როგორიც არ უნდა იყოს იგი, მაინც სასტუმროა და მეტი არაფერი) კერძო მფლობელობაში გადავიდეს …
მაგრამ ეს ხომ აფხაზეთია - თავისი მოუსვენრობითა და მჩქეფარე სისხლით. ბიჭვინთის აგარაკის ირგვლივ ვნებათაღელვა ჯერაც არ იყო მილეული - და დაიწყო ახალი ვერბალური ომი, ამჯერად - გაგრაში მდებარე ოლდენბურგის სასახლის ირგვლივ.
ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ეს სასახლეც, ბიჭვინთის აგარაკიცა და არქიტექტურის სხვა ათობით ნიმუშიც, რომელიც აფხაზეთის მთელს სანაპიროზეა მიმოფანტული, უკვე კერძო ინვესტორების ხელში იქნებოდა, შექმნიდა სამუშაო ადგილებს, მიიზიდავდა ასობით ტურისტს, გადასახადებს გადაიხდიდა ბიუჯეტში. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ სტრატეგიული გადამცემი ხაზი არაა ან გაზსადენი, ან, გნებავთ, ასაფრენი ბილიკი - ეს მხოლოდ და მხოლოდ სასტუმრო კომპლექსია, პანსიონატები და სანატორიუმები, თუნდაც ძალიან ლამაზი...
მაგრამ ეს - ნორმალურ ქვეყანაში. ხოლო იქ, სადაც საზოგადოება ნორმად თვლის სხვის ხარჯზე ცხოვრებას, ხელფასების სხვისი ბიუჯეტიდან მიღებას და ამავდროულად საბაზრო ღირებულების მქონე ობიექტების გაყიდვას ეწინააღმდეგება, ყველაფერი სხვაგვარადაა.
არადა, ოლდენბურგის სასახლეს არც კი ყიდიან - იჯარით გაცემას ცდილობენ, მეტი არაფერი.
რაც თავისთავად ნონსენსია, რადგან არც ერთი ნორმალური ინვესტორი ცენტსაც კი არ ჩადებს ობიექტში, რომელიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას, თანაც სრულად, ასივე პროცენტით, ყველა საჭირო ბეჭდითა და ღერბით დამოწმებული დოკუმენტებით. იჯარაზე კი ბებიებს ესაუბრეთ - შესაძლოა, დაგიჯერონ.
მიუხედავად ამისა, მოიძებნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც თანახმანი არიან, ფული ჩადონ არა უბრალოდ აფხაზეთში, სადაც კანონი არ კანონობს, არამედ ობიექტში, რომელიც მათ საკუთრებაში არ იქნება.
სხვათა შორის, საინტერესო იქნებოდა მათი ნახვა - ნამდვილები არიან, ორი ხელითა და ორი ფეხით? იქნებ მარსიანელებზეა საუბარი, რომელთაც საკუთრების საკითხი არ ადარდებთ?
მაგრამ აფხაზური საზოგადოება მაინც წინააღმდეგია. ობიექტების პრივატიზაციასა და კერძო საკუთრებაში გადაცემას იგი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. ახლა კი გაირკვა, რომ აფხაზი ხალხისთვის იჯარაც მიუღებელია...
ძვირფასო ამხანაგო აფხაზებო, იჯარას რაღას ერჩით? ობიექტი ხომ „აფხაზი ხალხის“ საკუთრებაში რჩება, ინვესტორი კი მას უბრალოდ გამოიყენებს - თქვენი მაღალაღმატებულების ნებართვით.
მაგრამ არა, არ უნდათ. ურჩევნიათ, აგარაკმა გაპარტახება გააგრძელოს, დაჟანგდეს და ხავსით დაიფაროს - მთავარია, უდავოდ აფხაზ ხალხს ეკუთვნოდეს. და არაუშავს, რომ ამ აფხაზი ხალხისთვის ასე ვერავითარი სარგებელი ვერ მოაქვს.
მორიგი აგარაკის საკითხი არაა ერთადერთი, რაც დღეს აფხაზურ საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას იწვევს. თურმე, სოხუმის აეროპორტის გაფართოებისთვის სოფელ ბაბუშერიდან რამდენიმე ათეული ადამიანის გასახლებაა აუცილებელი.
ერთი შეხედვით, ნორმალური პრაქტიკაა, მთელს მსოფლიოში მიღებული. ინფრასტრუქტურული პროექტები მსხვერპლს მოითხოვს და ამას ვერაფერს უზამ. მთელს მსოფლიოში, მათ შორის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისას დროდადრო მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გასახლება ხდება საჭირო - ეს გარდაუვალია და თუ რაღაცის აშენება გსურთ, ამაზე წასვლა მოგიწევთ.
აეროპორტი აფხაზეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - იმედია, მიზეზები განმარტებას არ საჭიოებს. გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც თავად დებს ფულს, თავად ააშენებს და თავადვე მართავს. აფხაზეთს მსგავსი სირთულის ობიექტის მშენებლობისთვის არც ფული აქვს, არც შესაბამისი დონის მმართველები და ტექნიკური კადრები გააჩნია. შესაბამისად, თუ ახლა აეროპორტს არავინ ააშენებს, იგი აფხაზი ხალხის საკუთრებაში დარჩება - ჟანგითა და სარეველა ბალახით დაფარული…
თუმცა ეს, როგორც ჩანს, არავის აღელვებს - აფხაზური საზოგადოება აეროპორტის გაფართოებასა და ამ მიზნით ადგილობრივთა ნაწილის გასახლებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. "რა აეროპორტი? - მთავარია, ათამდე ოჯახი მეზობელ სოფელში არ გადაასახლონო".
მინდა, ვიკითხო: ამხანაგო აფხაზებო, გსურთ კი, რაიმე გააზრებული აშენოთ, თუ გააგრძელებთ სისულელეების კეთებას? ეგებ ჩამოყალიბდეთ, საერთოდ რა გინდათ? რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ მიხვდეთ: ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მათ შორის - ეკონომიკურ კეთილდღეობასაც? თუ გსურთ, წარსულსა და წინაპრებს მიაგოთ პატივი, ამის საუკეთესო გზა მუშა ეკონომიკა და სამუშაო ადგილების შემქმნელი ობიექტებია. დანგრეული და უპატრონოდ მიტოვებული საკუთრება კი, რომელსაც შეეძლო, სწორედ იმ აფხაზი ხალხის სასიკეთოდ ემუშავა - ეს წინაპრების მიმართ პატივისცემის გამოხატვის საუკეთესო საშუალება ნამდვილად არაა.
გასაგებია აფხაზების არსურვილი, რუსეთს მეტისმეტად ბევრი აქტივი გადასცენ, თუმცა ესეც სიბეცეა იმ პირობებში, როცა რუსები უკონტროლებენ საზღვრებს, უსაფრთხოებას, ფინანსებს და საერთოდ ყველაფერს.
მაშინ უნდა წავიდნენ სხვა გზით - გაეხსნან მსოფლიოს, მოიზიდონ ინვესტორები სხვა, ნაკლებ საშიში და ტოქსიკური ქვეყნებიდან, ვიდრე რუსეთია.
უნდა შეიცვალოს ყველაფერი, საგარეო პოლიტიკური მიდგომების ჩათვლით - სხვა შემთხვევაში ამჟამინდელი მარაზმი მხოლოდ გაღრმავდება.
აფხაზეთს არ გააჩნია არავითარი სხვა პერსპექტივა, ევროპულის გარდა. დღეს ეს თეორიად ჟღერს, თუმცა პრიორიტეტების შეცვლის პირობებში ეს, სირთულის მიუხედავად, სრულიად შესაძლებელი იქნება.
თენგიზ აბლოთია